Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შუა ომში სამოქალაქო პირი თავდაცვის მინისტრად - რატომ შეცვალა პუტინმა შოიგუ?


ვლადიმირ პუტინი და ანდრეი ბელოუსოვი. 2016 წ.
ვლადიმირ პუტინი და ანდრეი ბელოუსოვი. 2016 წ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მნიშვნელოვანი სამთავრობო ცვლილებები განახორციელა: თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლა სერგეი შოიგუ, რომელიც ჩაანაცვლა რუსეთის მთავრობის ყოფილმა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ანდრეი ბელოუსოვმა. რუსეთის ახალი თავდაცვის მინისტრი სამოქალაქო პირია.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, სერგეი შოიგუ მუშაობას გააგრძელებს უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე. ამ თანამდებობაზე მან პუტინის ყველაზე ძველი და ერთგული თანამებრძოლი ნიკოლაი პატრუშევი შეცვალა.

სერგეი შოიგუ, რომელიც პუტინის ახლო მეგობარი და მმართველი პარტიის „ედინაია როსიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, რუსეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა, მანამდე კი (1994-2012 წწ.) საგანგებო სიტუაციების მინისტრი იყო. შოიგუს მოხსნის შესახებ ხშირად წერდა რუსული მედია 2022 წლის ბოლოსა და 2023 წლის პირველ ნახევარში, როცა, უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობის პარალელურად, მას კორუფციასა და უუნარობაში ამხელდა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი, თუმცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვითარება, ფრონტზეც და პრიგოჟინთან დაკავშირებითაც, შოიგუს სასარგებლოდ შეიცვალა. რუსეთმა წარმატებით მოიგერია უკრაინის კონტრშეტევა, ხოლო ევგენი პრიგოჟინი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა ავიაკატასტროფის დროს.

ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის, BBC-ის ანალიტიკოსი ილია ბარაბანოვი სერგეი შოიგუს დახასიათებისას იხსენებს „პოტიომკინის სოფლებს“, რომლებიც, მისი თქმით, რუსეთის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ააშენა:

„სერგეი შოიგუმ ჯერ კიდევ ბორის ელცინის დროს ააშენა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ნაცვლად დიდი „პოტიომკინის სოფელი“, მან იგივე გააკეთა პუტინის მმართველობის ბოლო წლებში თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით. „კიევი სამ დღეში“, „მსოფლიოს მეორე არმია“, „სატანკო ბიათლონი“, „პატრიოტთა“ პარკები, „ახალგაზრდული არმია“ და ა.შ. - შოიგუს პირმშო ამ ძვირადღირებულ PR-პროექტებს რუსეთის არმიისათვის არანაირი სარგებელი არ მოუტანია. როგორც 2022 წლის 24 თებერვალმა და შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, რუსეთის არმია არ ყოფილა მზად სრულმასშტაბიანი ომისთვის და დღემდე ასეთად რჩება. შესაძლებელია ათიათასობით პატიმრის, ღატაკის ან მაღალ სამხედრო ხელფასს დახარბებული ადამიანის გაწვევა ფრონტზე, მაგრამ ეს ყველაფერი ვერ გახდის არმიას უფრო ქმედითსა და პროფესიონალურს“.

ვლადიმირ პუტინი და სერგეი შოიგუ, ტუვა. 2017 წ.
ვლადიმირ პუტინი და სერგეი შოიგუ, ტუვა. 2017 წ.

ნიკოლაი პატრუშევი - ასევე ითვლება ვლადიმირ პუტინის უახლოეს თანამებრძოლად, რომელსაც უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა 16 წლის განმავლობაში (2008-2024 წწ.) ეკავა, მანამდე კი - პუტინის პრეზიდენტობის პირველი ორი ვადის განმავლობაში - ხელმძღვანელობდა უშიშროების ფედერალურ სამსახურს. პუტინის განკარგულებაში პატრუშევის განთავისუფლების მიზეზად დასახელებულია „სხვა სამსახურში გადასვლა“. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განმარტებით, დამატებითი დეტალები ნიკოლაი პატრუშევის ახალი სამსახურის შესახებ მოგვიანებით გაცხადდება.

რუსეთი მესამე წელია ომობს, თუმცა, როგორც სამხედრო ექსპერტები შენიშნავენ, ბრძოლები, როგორც წესი, მიმდინარეობს ძირითადად სოფლებისა და დაბებისათვის, რომელთა მისადგომებთან იხოცება ათასობით ადამიანი.

ანალიტიკოსებისთვის გასაგები გახდა თავდაცვის მინისტრის მოადგილის ტიმურ ივანოვის დაპატიმრებაც, თუმცა, მათივე შენიშვნით, ცვლილება პიროვნულ ფაქტორებზე მეტად ომის მსვლელობის ხასიათმა განაპირობა.

ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშის მიხედვით, რუსეთის თავდაცვის მინისტრად ანდრეი ბელოუსოვის დანიშვნა იმის ნიშანია, რომ პუტინი ემზადება უკრაინაში ომის გახანგრძლივებისა და შესაძლოა, ნატოსთან დაპირისპირებისთვისაც:

„2024 წელს 100 მილიარდ ევროზე მეტი - რუსეთის ბიუჯეტის თითქმის 30% - ეროვნული თავდაცვის შენარჩუნებას უნდა მოხმარდეს. კრემლი ამ ფულს დებს ტანკების, თვითმფრინავების და საბრძოლო მასალის წარმოებაში, რაც მაღალი კორუფციული რისკების შემცველია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელს, ანდრეი ბელოუსოვს, როგორც ჩანს, მოუწევს შეამციროს სახელმწიფო ფულის ქურდობის შესაძლებლობები“.

ილია ბარაბანოვის თქმითაც, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადადის, როდესაც თავდაცვის ინდუსტრია ხდება საერთაშორისო სანქციების პირობებში ეკონომიკის კოლაფსის შეკავების მთავარი ფაქტორი, თავდაცვის ახალ მინისტრად ანდრეი ბელოუსოვის დანიშვნა ნამდვილად ლოგიკურ ნაბიჯად მოჩანს, რომელიც გვეუბნება, რომ ომი დიდხანს გაგრძელდება და, რომ პუტინი არანაირ მშვიდობიან მომავალს არ გეგმავს.

ანდრეი ბელოუსოვი
ანდრეი ბელოუსოვი

„ამავდროულად, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ თავდაცვის მინისტრი არის ადმინისტრაციული თანამდებობა, მაგრამ საომარი მოქმედებების შემდგომი მიმდინარეობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ დაინიშნება გენერალური შტაბის ხელმძღვანელად. ჯერჯერობით კრემლი ამბობს, რომ გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი თავის თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას, თუმცა საკითხავია. როგორ იმუშავებს მასთან და მთელ ამჟამინდელ სამხედრო ვერტიკალთან კონფლიქტურობით ცნობილი ბელოუსოვი“, - წერს BBC-ის ანალიტიკოსი.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით თანამდებობებზე დარჩნენ:

  • საგარეო საქმეთა მინისტრი - სერგეი ლავროვი
  • შინაგან საქმეთა მინისტრი - ვლადიმირ კოლოკოლცევი
  • საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი - სერგეი ნარიშკინი
  • უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) დირექტორი - ალექსანდრ ბორტნიკოვი
  • რუსეთის გვარდიის უფროსი - ვიქტორ ზოლოტოვი
  • რუსეთის ფედერაციის დაცვის (ФСО) დირექტორი - დმიტრი კოჩნევი
  • იუსტიციის მინისტრი - კონსტანტინ ჩუიჩენკო
  • საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი - ალექსანდრა კურენკოვა

ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დაინიშნა დმიტრი პატრუშევი, ნიკოლაი პატრუშევის ვაჟი, რომელიც მანამდე რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო. გარდა ამისა, საკადრო ცვლილებებია მთელ რიგ სამინისტროებში:

  • რუსეთის საკონტროლო პალატის უფროსი - ბორის კოვალჩუკი, პუტინის ძველი თანამებრძოლის იური კოვალჩუკის ვაჟი
  • რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტრო - სერგეი ცივილიოვი, კემეროვოს მხარის ყოფილი გუბერნატორი
  • სამრეწველო ვაჭრობის სამინისტრო - ანტონ ალიხანოვი, კალინინგრადის ოლქის ყოფილი გუბერნატორი
  • ტრანსპორტის სამინისტრო - რომან სტარავოიტი, კურსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი

რატომ იგორ ბელოუსოვი?

უკრაინასთან შუა ომის დროს თავდაცვის მინისტრის შეცვლის აუცილებლობა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ასე ახსნა:

„თავდაცვის სამინისტრო აბსოლუტურად ღია უნდა იყოს ინოვაციებისთვის, ყველა მოწინავე იდეის დანერგვისთვის, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის პირობების შექმნისთვის. დღეს ბრძოლის ველზე იმარჯვებს ის, ვინც უფრო ღიაა ინოვაციებისთვის, უფრო სწრაფად ახერხებს სიახლეების დანერგვას. ამიტომ, ბუნებრივია, რომ მოცემულ ეტაპზე პრეზიდენტმა გადაწყვიტა, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ხელმძღვანელი ჰყავდეს“.

პუტინის პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ბელოუსოვი არის „არა მხოლოდ სამოქალაქო პირი“, არამედ ჩინოვნიკი, რომელიც ხელმძღვანელობდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, იყო ვლადიმირ პუტინის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში და მუშაობდა მთავრობაში, როგორც პირველი ვიცე-პრემიერი.

დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

პესკოვის თქმით, ბელოუსოვის დანიშვნა არ შეცვლის „სამხედრო კომპონენტს“ - ეს საკითხი დარჩება გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის უფლებამოსილებად: „ამ კუთხით ცვლილებები ჯერ არ არის გათვალისწინებული“.

პესკოვის თქმით, სერგეი შოიგუ, უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშვნის გარდა, ასევე დაიკავებს პუტინის მოადგილის თანამდებობას სამხედრო-სამრეწველო კომისიაში და უხელმძღვანელებს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალურ სამსახურს.

იგორ ბელოუსოვი - შთამომავლობით ეკონომისტი. მისი მამა, ეკონომიკის დოქტორი, რემ ბელოუსოვი მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, ნ. კოსიგინის ეკონომიკური რეფორმების შემუშავებაში, რომლის მიზანი იყო საბჭოთა ეკონომიკაში საბაზრო მექანიზმების ელემენტების დანერგვა. იგორ ბელოუსოვი მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და პროგნოზირების სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროგრესის ინსტიტუტში, სადაც 1991-2006 წლებში ხელმძღვანელობდა ლაბორატორიას. „კომერსანტის“ ინფორმაციით, ბელოუსოვი 1998 წლიდან კონსულტაციებს უწევდა რუსეთის პრემიერ-მინისტრებს: ევგენი პრიმაკოვს, სერგეი სტეპაშინს, მიხაილ კასიანოვსა და მიხაილ ფრადკოვს. 2006 წელს ეკონომიკის მინისტრმა გერმან გრეფმა დანიშნა თავის მოადგილედ, ხოლო 2008 წელს, როდესაც ვლადიმირ პუტინი პრემიერ-მინისტრი გახდა, ბელოუსოვი დაინიშნა მთავრობის აპარატში - ეკონომიკისა და ფინანსების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე. „ვლადიმირ პუტინის რუსეთის პრემიერ-მინისტრად მუშაობის პერიოდში (2008-2012 წწ.), მთავრობის როლი გაიზარდა და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრისათვის ხელმოსაწერად წარდგენილ დოკუმენტებსა და გადაწყვეტილებებს „რეალური ძალა უნდა ჰქონოდა“, - წერდა „კომერსანტი“ 2020 წელს, როცა ბელოუსოვი რუსეთის მთავრობის პირველ ვიცე-პრემიერად დაინიშნა.

გამოცემა „ვედომოსტის“ ცნობით, 2018 წელს სწორედ იგორ ბელოუსოვს ეკუთვნოდა საგადასახადო ტვირთის გაზრდის, მათ შორის - დღგ-ს 18%-დან 20%-მდე გაზრდის ინიციატივა, რასაც მოგვიანებით, 2020 წელს შეესხა კიდეც ხორცი.

„მედუზას“ შენიშვნით, იგორ ბელოუსოვი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან რუს ჩინოვნიკებს შორის, რომლებიც ოცი წლის განმავლობაში იცავენ ერთსა და იმავე ეკონომიკურ და იდეოლოგიურ დოქტრინას. ბელოუსოვის ხედვით, სახელმწიფოს შეუძლია ეკონომიკის მართვა, თუ იხელმძღვანელებს სექტორთაშორისი ბალანსის პრინციპით და გაანაწილებს რესურსებს სექტორებს შორის.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ანდრეი ბელოუსოვს საერთო არაფერი აქვს ჯართან, თავდაცვასთან ან რაიმე სხვა სამხედრო სფეროსთან. ბელოუსოვი, რუსეთის მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მრავალი სხვა წარმომადგენლისგან განსხვავებით, შორსაა ლიბერალური შეხედულებებისგან. ის მხარს უჭერს ეკონომიკაში სახელმწიფოს ფართო მონაწილეობას და ეკონომიკის მკაცრ რეგულირებას. მისთვის უპირატესია მთავრობის ინტერესები და არა ბიზნესისა. გამოცემა The Bell-მა მას უწოდა ერთადერთი ეკონომისტი პუტინის გუნდში, რომელსაც „სჯერა რუსეთის გარშემო მტრების რკალის არსებობისა“.

2021 წლისთვის, რუსეთის ეკონომიკაში სახელმწიფო სექტორის წილი 55%-ს შეადგენდა, რუსეთის ეროვნული ეკონომიკისა და საჯარო ადმინისტრირების აკადემიის კვლევის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე.

2021 წელს ბელოუსოვმა სცადა ფოლადის ინდუსტრიიდან „ზემოგების“ ამოღება. საუბარი იყო 100 მლრდ რუბლზე.

2018 წელს, როდესაც ბელოუსოვი ჯერ კიდევ პრეზიდენტის თანაშემწე იყო, მისმა წერილმა (რომლის შინაარსმაც სოციალურ ქსელებში გაჟონა), ფაქტობრივად, ჩამოშალა საფონდო ბაზარი და ნიადაგი გამოაცალა მთავრობასა და ბიზნესს შორის თვეობით მიმდინარე მოლაპარაკებებს.

2020 წელს ბელოუსოვის მთავრობაში დანიშვნა დაუკავშირეს ე.წ. ეროვნული მასშტაბის პროექტების განხორციელებას, რაც ჩადებული იყო პუტინის 2018 წლის წინასაარჩევნო დაპირებებში.

იგორ ბელოუსოვის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის მიზეზად ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ასევე დაასახელა თავდაცვის სამინისტროსა და ძალოვანი ბლოკის ბიუჯეტის განუხრელი ზრდა.

„სულ ცოტა ხნის წინ ამ სფეროების წილი ბიუჯეტში დაახლოებით 3% იყო, შემდეგ გაიზარდა 3.4% მდე, ბოლოს კი 6.7% გახდა. საუბარია ყველა სამართალდამცავი უწყების ბიუჯეტზე, რომელშიც წამყვანი როლი თავდაცვის სამინისტროს უკავია, რადგან სწორედ თავდაცვის სამინისტროა პასუხისმგებელი მრეწველობაში ყველა შეკვეთის მიცემაზე. სამხედრო ბიუჯეტი უკვე უახლოვდება 1980-იანი წლების დონეს, რაც არ არის კრიტიკული, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია“, - ამბობს დმიტრი პესკოვი, რომლის სიტყვებიდან გამომდინარე, ე.წ. ძალოვანი უწყებების დანახარჯების წილი კვლავ გაიზრდება.

ომის დაწყებიდან რუსეთის ხელისუფლება უზარმაზარ თანხებს „ასხამს“ ეკონომიკაში, რომელიც მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს სტაბილურობა, თუმცა სულ უფრო რთული ხდება ნეგატიური პროცესების მართვა, რადგან:

  • მეტი ფული მიდის თავდაცვის სექტორებში
  • თვალშისაცემია კვალიფიციური პერსონალის დეფიციტი
  • რთული ხდება ინფლაციის (ფასების ზრდის) მოთოკვა

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG