Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შუა საუკუნეები საზოგადოებრივ მაუწყებელში“


საზოგადოებრივი მაუწყებლის 150 თანამშრომელი შესაძლოა სამსახურიდან გაათავისუფლონ. ტელევიზიის პროფკავშირი ვარაუდობს, რომ ადმინისტრაციის დაუსაბუთებელი შეთავაზება, შეიცვალოს დასაქმებულების სამუშაო რეჟიმი და შრომის ანაზღაურების ფორმა, სხვა არაფერია თუ არა სამსახურიდან გათავისუფლების მცდელობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები 3 სექტემბერს საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელი გენერალური დირექტორი და მენეჯმენტი შუასაუკუნეების მეთოდებით მუშაობენ. მათი ტონი, კომუნიკაციის ფორმები სრულიად მიუღებელია და ჩვენ მათ შევეწინააღმდეგებით ყველა კანონიერი მეთოდით“, უთხრა რადიო თავისუფლებას საზოგადოებივი მაუწყებლის პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ ნინო ზაუტაშვილმა .

ნინო ზაუტაშვილის თქმით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ტელევიზიის თანამშრომლებს მოჭრილი ყოველთვიური ხელფასის ნაცვალად სთავაზობენ გამოძახების პრინციპით მუშაობას და ანაზღაურებას, რომელიც შესრულებული სამუშაოს მიხედვით განისაზღვრება, თუმცა ადმინისტრაცია არ იძლევა იმის გარანტიას, რომ გამოიძახებს რომელიმე თანამშრომელს სამსახურში.

გადმოწერა

„ეს არის თანამშრომლების აბუჩად აგდება, რადგანაც შეთავაზება მხოლოდ ასეთ არჩევანს იძლევა: „ან წახვალ, ან წახვალ!“ არ არის განმარტებული, რა ვალდებულებას იღებს დამსაქმებელი დასაქმებულის წინაშე. წერია მხოლოდ, თქვენ იყავით ამა და ამ პროექტის პროდიუსერი, ახლა კი გადადიხართ ჰონორარზეო, ეს იმას ნიშნავს, რომ როცა ჩვენ დაგვჭირდება, მობრძანდებით და გადაგიხდით ჰონორარსო. კითხვაზე, თუ არ დაგჭირდით, მაშინ რა ვქნათ? გვიპასუხეს, კი ბატონო, თუ არ დაგვჭირდებით, არ დაგიძახებთ!“ - ამბობს ნინო ზაუტაშვილი, რომელიც ასევე უსამართლობად მიიჩნევს იმას, რომ ტელევიზიის ადმინისტრაცია შრომისა და ანაზღაურების პირობებს უცვლის მხოლოდ ძველ თანამშრომლებს.

„ცვლილება არ ეხება არც ერთ ახალ თანამშრომელს, რომლებმაც ორი-სამი წლის წინ დაიწყეს მუშაობა საზმაუზე. მათთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, ყველას პროფესიონალიზმს პატივს ვცემ, მაგრამ რატომ მოხდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანები იღებენ შეთავაზებას, რომლებიც დიდი ხანია არხზე მუშაობენ?“ - კითხულობს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირის ხელმძღვანელი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციის მიერ თანამშრომლებისთვის გაკეთებულ შეთავაზებას (დოკუმენტს) იცნობენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც, რომლის ხელმძღვანელის სულხან სალაძის თქმით, საქმე გვაქვს გვაქვს პრობლემურ დოკუმენტთან, ვინაიდან თანამშრომლებს პრაქტიკულად არ უტოვებს არჩევნის უფლებას.

„უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ დრომდე არ აქვს საშტატო განრიგი, არ აქვს განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოები და ა.შ. - შესაბამისად გაურკვეველია რა პრინციპით იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, რატომ დაეგზავნა შეტყობინებები ამ 150 ადამიანს და არა სხვებს. როგორ მოხდა გამორჩევა? - ეს ის კითხვებია, რომლებსაც მენეჯმენტმა უნდა გასცეს პასუხი“, - უთხრა სულხან სალაძემ რადიო თავისუფლებას.

გადმოწერა

პასუხის მისაღებად რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საზმაუს ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორს გიორგი გვიმრაძე, რომლის თქმითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაცია 3 სექტემბერს აპირებს დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიული კავშირი კი ტელევიზიის ადმინისტრაციასთან (როგორც გენერალურ დირექტორთან, ასევე სამეურვეო საბჭოსთან) ღია, საჯარო შეხვედრის გამართვას მოითხოვს და მასში მონაწილეობის მისაღებად ეპატიჟება სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს, ომბუდსმენს, პარლამენტს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

„ვიწვევთ ყველას, რადგანაც საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საზოგადოებრივი სიკეთე, რომლითაც უნდა ისარგებლოს საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ“, - ამბობს ნინო ზაუტაშვილი.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG