მას შემდეგ, რაც თითქმის სამი წლის წინ რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, დასავლეთის ქვეყნებმა დაადანაშაულეს ჩინეთი მოსკოვის მიკროჩიპებითა და სხვა კრიტიკული ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებით მომარაგებაში, რაც რუსეთს შესაძლებლობას აძლევს „სასტიკი აგრესიული ომი“ აწარმოოს.
საპასუხოდ, ვაშინგტონმა და ბრიუსელმა ასობით ჩინურ კომპანიას და ინდივიდს დაუწესეს სანქციები, რათა კრემლის ომის მანქანის ტექნოლოგიებით გამოკვება შეაფერხონ.
თუმცა, დასავლური სანქციები არ შეხებია ოცზე მეტ ჩინურ კომპანიას, რომლებიც რუსეთს აწვდიან გალიუმს, გერმანიუმსა და სტიბიუმს. ეს ნივთიერებები აუცილებელი კომპონენტებია რუსული უპილოტო თვითმფრინავებისა და რაკეტებისათვის.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის საგამოძიებო განყოფილების „სხემის“ გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩინური კომპანიები ამ კრიტიკულ მინერალებს აწვდიან რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსს, მათ შორის, სახელმწიფო კონგლომერატ „როსტეკს“, რომელიც აცხადებს, რომ უზრუნველყოფს კრემლის მიერ უკრაინაში გამოყენებული იარაღის თითქმის 80 პროცენტს.
„ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის“ (OCCRP) მიერ მოპოვებული ჩანაწერები, რომლებსაც „სხემიც“ გაეცნო, აჩვენებს, რომ ამ მინერალების მიმწოდებელი კომპანიების სულ მცირე მესამედს ნაწილობრივ მაინც ფლობს ჩინეთის მთავრობა, რომელიც საჯაროდ უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში ომის „ცეცხლის გაღვივებაში“ ეხმარება.
ამ ჩინური ლითონების მიმღებთა შორის არის იაპონურ საკუთრებაში არსებული რუსული ფირმა, რომელმაც იარაღისათვის საჭირო მიკროელექტრონიკის მწარმოებელ რუსულ კომპანიას მიჰყიდა სილიკონის ფირფიტები. ამაზე მეტყველებს საბაჟო და საგადასახადო ჩანაწერები, რომლებიც „სხემიმ“ მოიპოვა. იაპონია ვაშინგტონსა და ბრიუსელთან კოორდინაციაშია და შესაბამის საკუთარ სანქციებსაც აწესებს რუსეთის აგრესიის საპასუხოდ.
2022 წლის თებერვალში, რუსეთის წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომის საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დააწესეს შეზღუდვები გალიუმის, გერმანიუმისა და სტიბიუმის ექსპორტზე რუსეთში. თუმცა, ჩინეთი დასავლეთის სანქციების მხარეს არ წარმოადგენს და ამიტომ ამ სანქციების ეფექტიანობა შეზღუდულია.
„თუ ჩინური და რუსული კომპანიები პირდაპირ თანამშრომლობენ, მაშინ დასავლელი პარტნიორების სანქციები ამაზე პირდაპირ გავლენას ვერ მოახდენს. ერთმანეთში რასაც მოუნდებათ იმას გააკეთებენ“, - განუცხადა „სხემის“ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სანქციების პოლიტიკის კომისარმა ვლადისლავ ვლასიუკმა.
თუმცა, ვლასიუკმა დასძინა, რომ სანქციები მაინც მნიშვნელოვან როლს თამაშობს რუსეთის სამხედრო მიწოდების ჯაჭვის გართულებაში.
კონვენციური და ბირთვული იარაღი
მსოფლიოს მრავალი ქვეყანა - მათ შორის, შეერთებული შტატები და ევროკავშირის წევრი ქვეყნები - ინახავენ გალიუმის, გერმანიუმისა და სტიბიუმის მარაგს მიკროელექტრონიკასა და სამხედრო პროგრამებში მათი მნიშვნელობის გამო.
„ეს ელემენტები ნებისმიერი ელექტრონული სისტემის ნაწილს შეადგენს… და მით უმეტეს ომის ზონაში, სამხედრო ობიექტებში, ნებისმიერი სახის თავდაცვის სისტემაში“, განუცხადა „სხემის“ ტეტიანა სოლომახამ, კიევის საავიაციო ინსტიტუტის საავიაციო ელექტრონიკის უფროსმა ლექტორმა.
ამ მინერალებს იყენებენ ბირთვულ იარაღში, ღამის ხედვის სათვალეებში, ლაზერული მართვის სისტემებში, დრონებში და სამხედრო გემების, თვითმფრინავების, რაკეტებისა და ტანკების ინფრაწითელ სენსორებში.
„ეს ლითონები გამოიყენება მიკროპროცესორებში. დრონი ფრენის კონტროლისა და ამ მიკროპროცესორის გარეშე უბრალოდ ვერ იფრენს“, - განუცხადა „სხემის“ ანტონ პობუტამ, უკრაინული კომპანია Lab 418-ის დამფუძნებელმა, რომელიც თვითმფრინავებს აწარმოებს.
ჩინეთმა, გალიუმის, გერმანიუმისა და სტიბიუმის უმსხვილესმა მწარმოებელმა მსოფლიოში, ერთი თვის წინ თავის კომპანიებს აუკრძალა ამ სამი მინერალის მიწოდება შეერთებული შტატებისათვის, აშშ-ის ახალი ექსპორტის კონტროლის საპასუხოდ. მიზეზად ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა კონკრეტულად დაასახელეს მათი სამხედრო გამოყენება.
თუმცა პეკინი ამ წიაღისეულს აწვდის რუსეთს. მყიდველებს შორისაა მრავალი კომპანია, რომლებსაც აშშ-მა სანქციები დაუწესა.
დასავლეთის სანქციების რეჟიმის ფონზე, ჩინეთი გახდა გალიუმის და გერმანიუმის ერთადერთი უცხოელი მიმწოდებელი რუსეთში 2023 წელს და რჩება სტიბიუმის უმსხვილეს მიმწოდებლად. ამაზე მეტყველებს რუსეთის საბაჟო მონაცემები, რომლებსაც „სხემი“ გაეცნო.
„როსტეკთან“ დაკავშირებული კომპანიები, რომელთა მეშვეობითაც ჩინური იშვიათი მინერალები რუსეთის თავდაცვის სექტორში ხვდება, მოიცავს Germanium JSC-ს, „როსტეკის“ შვილობილ კომპანიას და კერძო კომპანია Germanium and Applications-ს, რომელიც აქტიურად აწარმოებს ბიზნესს „როსტეკთან“.
„სხემის“ მიერ შესწავლილი ჩანაწერები აჩვენებს, რომ Germanium and Applications-ი შემდეგ ჩინურ იშვიათ ლითონებს სხვა კომპანიებს აწვდის, მათ შორის - ურალის ოპტიკურ და მექანიკურ ქარხანას, რუსული სამხედრო თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების ოპტიკური აღჭურვილობის მწარმოებელს.
ურალის ოპტიკური და მექანიკური ქარხანა, რომელსაც სანქციები დაუწესა როგორც აშშ-მა, ასევე ევროკავშირმა, საკუთარ თავს უწოდებს რუსული ჯარის „ოპტიკური სისტემების მთავარ მიმწოდებელს“.
ჩინეთის იშვიათი მინერალების სხვა რუს იმპორტიორებს შორისაა აშშ-ის მიერ სანქცირებული Enkor Grupp-ი, ელექტრონიკის მწარმოებელი, რომლის ქარხანა შარშან რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოინახულა, და ვაშინგტონის მიერ სანქცირებული კიდევ ერთი კომპანია Cryotrade Engineering-ი, რომელიც თანამშრომლობს „როსტეკსა“ და რუსეთის სამხედრო ინდუსტრიის სხვა ფირმებთან.
სახელმწიფო შესყიდვების ჩანაწერები აჩვენებს, რომ Cryotrade Engineering-ი, ჩინური გალიუმის იმპორტიორი, აწარმოებს ბიზნესს აშშ-ის მიერ სანქცირებულ რუსულ კვლევით ინსტიტუტებთან, მათ შორის - კურჩატოვის ინსტიტუტთან, ბირთვული იარაღის შემქმნელთან, რომელსაც პუტინის ახლო თანამოაზრე ხელმძღვანელობს. გალიუმი გამოიყენება ატომურ ბომბებში პლუტონიუმის სტაბილიზაციისთვის.
გალიუმი და გერმანიუმი არაერთი რუსული იარაღის აუცილებელი კომპონენტებია. მათ შორისაა ლაზერული მართვის სისტემები, რომელსაც კრემლი იყენებს უკრაინაში განთავსებული უპილოტო სადაზვერვო აპარატის, Orlan-30-ის მართვისთვის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ნოემბერში დაიკვეხნა, რომ Orlan-30-ის დამიზნების ლაზერული სისტემა „შესაძლებელს ხდის მართვადი საბრძოლო მასალის ზუსტად დამიზნებას, იქნება ეს საჰაერო ბომბი თუ საარტილერიო ჭურვი“.
იაპონიის მიწოდების ჯაჭვის რგოლი
„სხემის“ მიერ მოპოვებული ჩანაწერები ასევე აჩვენებს, რომ იაპონური კომპანია Ferrotec-ის რუსულმა ფილიალმა, რომელიც აწარმოებს სილიკონის ნაწილებს მიკროჩიპებისთვის, ჩინეთში სტიბიუმი შეიძინა და მიჰყიდა სილიკონის ფირფიტები სამხედრო მიკროელექტრონული მოწყობილობების რუს მწარმოებლებს.
შვილობილი კომპანია, მოსკოვში დაფუძნებული Ferrotec Nord-ი, ახორციელებდა სტიბიუმის იმპორტს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში VITAL Technology Group-ის კომპანიებისგან. ესაა ჩინური კონგლომერატი, რომლის დაახლოებით 25 პროცენტს ჩინეთის სახელმწიფო ფლობს.
„სხემის“ მიერ მოპოვებული საბაჟო ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ბოლო ტვირთი კომპანიამ 2024 წლის თებერვალში მიიღო, რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის წამოწყებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ.
გასულ წელს Ferrotec Nord-მა მიჰყიდა სილიკონის ფირფიტები მოსკოვთან მდებარე ქარხანას სახელად Epiel. ამაზე „სხემის“ მიერ მოპოვებული საგადასახადო ჩანაწერები მეტყველებს.
Epiel-ი „როსტეკის“ კუთვნილი ფირმა „ანგსტრემისათვის“ მიკროჩიპების კომპონენტების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. ეს კომპანია ღიად აცხადებს, რომ თანამშრომლობს იარაღის რუს მწარმოებლებთან.
რუსეთის სამოქალაქო დავის ფარგლები, 2023 წლის ნოემბერში, „ანგსტრემმა“ განაცხადა, რომ ის აწვდის მიკროჩიპებს და ნახევარგამტარ მოწყობილობებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო კოსმოსურ სააგენტო „როსკოსმოსს“, რუსული იარაღის სანქცირებულ მწარმოებელ „ურალვაგონზავოდსა“ და იარაღის სხვა მწარმოებლებს.
კომპანიამ დაამატა, რომ მისი შეკვეთების მოცულობა გაოთხმაგდა რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გამო - კრემლი ოფიციალურად ასე იხსენიებს უკრაინის ომს.
„სხემიმ“ კომენტარი სთხოვა იაპონურ ჰოლდინგ Ferrotec-ს იშვიათი მინერალების ჩინეთიდან იმპორტთან და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მიმწოდებლებთან მუშაობასთან დაკავშირებით.
კომპანიას გამოქვეყნების დროისათვის არ უპასუხია.