Accessibility links

ცხინვალში „საკუთარი“ მიწების დასაბრუნებლად კომისია იქმნება


სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტი აპირებს შექმნას კომისია ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხის გამოსაძიებლად. კომისიის შემადგენლობა უახლოეს სხდომაზე განისაზღვრება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ კომისია გეგმავს გამორიცხოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების დაკარგვა საქართველოს სასარგებლოდ.

ეს ჩვენი მიწაა. ყოველი კილომეტრი ოქროს ფასად გვიღირს. მოდით, ამ საკითხზე ვიმუშაოთ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
პეტრე გასიევი

სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერის, რუსლან თედეევის, განცხადებით, ამ საკითხის განხილვის საფუძვლად იქცა ზნაურის საზღვრისპირა სოფელ წნელისის მოსახლეობის საჩივარი, რომლის თანახმად, სოფლის ნაწილი სამხრეთ ოსეთის „საზღვარს“ მიღმა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა. სპიკერ პეტრე გასიევის განცხადებით კი, საუბარია სასარგებლო წიაღისეულის ბუდობებზე, რომლებიც „რაღაც ჯადოსნობით აღმოჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე, თუმც კი ეს არ არის საქართველოსი“.

„ეს ჩვენი მიწაა. ყოველი კილომეტრი ოქროს ფასად გვიღირს. მოდით, ამ საკითხზე ვიმუშაოთ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი ფაქტები კი ძალიან ბევრია“, - აცხადებს გასიევი.

ერთადერთი, რაც დეპუტატებს არ უთქვამთ, თუმცა რაც მათივე განცხადებებს მოჰყვება, ის არის, რომ ისინი გეგმავენ საზღვრის ტრაექტორიის რედაქტირებას და იმ ტერიტორიების დაბრუნებას, რომლებსაც სამხრეთ ოსეთის ნაწილად თვლიან. რაშია პრობლემა? სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვრის დემარკაციის პროცესი 2009 წლიდან მიმდინარეობს. ქართული მხარე ამ პროცესს არ ცნობს და მასში არც მონაწილეობს, თუმცა ქართული მხარის მიერ საკითხის ასეთი იგნორირება, თბილისის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ბრალდებებთან ერთად, კიდევ უფრო მეტ მოტივაციას აძლევს რუსულ მხარეს საზღვრები გაავლოს სამხრეთ ოსეთის ავტონომიის 1984 წლის რუკის მიხედვით. უნდა აღინიშნოს, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში შიდა ადმინისტრაციული საზღვრები არ იყო პრინციპულად მონიშნული რუკებზე და სწორედ ეს წარმოქმნის დღემდე ისეთ კაზუსურ სიტუაციას, როდესაც საზღვარი ერთი მოსახლის საკუთრებას შუაზე ყოფს.

როგორი აბსურდულიც უნდა იყოს ეს საზღვრები, მაინც მათ მიხედვით უნდა მოვახდინოთ დელიმიტაცია, სწორედ ძველი რუკების მიხედვით. ამ რუკების დახვეწა კი უკვე მომავალი პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხია, რასაც რამდენიმე ათეული წელი დასჭირდება.
ვლადიმირ ნოვიკოვი

თუმცა პრობლემის არსი ისაა, რუს პოლიტოლოგ ვლადიმირ ნოვიკოვის აზრით, რომ აღარაფერი რჩება გარდა იმ ტრაექტორიის ბრმად მიყოლისა, რომელიც საბჭოთა პერიოდის რუკებზეა დატანილი.

ვლადიმირ ნოვიკოვი იშველიებს 1990 წელს უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ # 1409-I კანონს, რომელიც საბჭოთა კავშირიდან მისი წევრი რესპუბლიკების გამოსვლის წესებს შეეხება, კონკრეტულად, მე-3 მუხლი კი ამბობს, რომ მოკავშირე რესპუბლიკაში, რომელშიც არის ავტონომია ან რომლის ტერიტორიაზე ცხოვრობს კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური ჯგუფი, საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის რეფერენდუმი ცალკე ტარდება და მისი შედეგებიც ცალკე განისაზღვრება.

ანუ, განმარტავს პოლიტოლოგი, ეს არის საზღვარი, რომლის ფარგლებშიც სამხრეთ ოსეთმა ხმა მისცა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას და მის შემადგენლობაში დარჩენას. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა საჭიროება სახელმწიფო-სამართლებრივი ურთიერთობების დაზუსტებისა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის, ამბობს ნოვიკოვი:

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თუ ყველაფერი მოხდა 1991 წელს მოქმედი საერთაშორისო და საბჭოთა კანონმდებლობის საფუძველზე, მაშინ უნდა ვაღიაროთ ადმინისტრაციული საზღვრები, როგორიც უნდა იყოს ის. როგორი აბსურდულიც უნდა იყოს ეს საზღვრები, მაინც მათ მიხედვით უნდა მოვახდინოთ დელიმიტაცია, სწორედ ძველი რუკების მიხედვით. ამ რუკების დახვეწა კი უკვე მომავალი პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხია, რასაც რამდენიმე ათეული წელი დასჭირდება. თუ ჩვენ ახლა შევეხებით ამ საზღვრებს, ეს ნიშნავს, რომ მათ ლეგიტიმაციას დავარტყამთ, გავაჩენთ ოკუპაციაში ბრალდების საბაბს და ა.შ.“.

ნათელია, რომ საზღვრის დემარკაციის პროცესს ახორციელებს არა სამხრეთ ოსეთი, არამედ რუსეთი. პატარა რესპუბლიკა, მხოლოდ თავისი სამხედრო ძალით და პოლიტიკური ნებით, ამ პროექტის განხორციელებას ვერ შეძლებდა. მაგრამ რუსეთისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საზღვარი ზედმიწევნით ემთხვეოდეს საბჭოთა რუკებს.

როგორც ჩანს, მთელი ამ ხნის განმავლობაში სწორედ ამიტომ არ ესმოდათ რუს მესაზღვრეებს ორივე მხარის საზღვრისპირა მცხოვრებლების საჩივრები - როგორც ქართველების, ისე ოსებისა. თუმცა ჯერჯერობით გაუგებარია, სამხრეთ ოსეთმა მიაგნო თუ არა სხვა მიდგომას, რადგან ამ დრომდე ამ საკითხს პრეზიდენტისგან არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია.

ის, რაც დღეს ხდება, სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი მიზნებისთვის რუსეთით მანიპულირება. სპიკერი გასიევი ამბობს, რომ საზღვარი არასწორად არის გავლებული და საჭიროა მისი გადაწევა საქართველოს ტერიტორიაზე და საკუთარი მიწების დაბრუნება. კომისიამ კი, რომელიც იქმნება, უნდა დაადგინოს, რა რაოდენობის ტერიტორია უნდა დაიბრუნონ. ამ საქმეში რუსეთის როლი სამხრეთ ოსეთის პარლამენტის გადაწყვეტილების შესრულებაა, რადგან ამ მიზანს სამხრეთ ოსეთი საკუთარი ძალებით ვერ მიაღწევს.

ტექსტი შეიცავს იმ ტერმინებსა და ტოპონიმებს, რომლებიც გამოიყენება თვითაღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებში.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG