Accessibility links

წავიდეს?


ამბობენ, წავაო...

თუ უთხრეს, ცხადია, წავა... და წავა განა იმიტომ, რომ არაუფლებამოსოილი პირის უკანონო მოთხოვნას დაემორჩილება?!

არა, “ჯიგრულ პონტში” არ იტყვის უარს!

წავაო, კი ამბობენ, მაგრამ, ისიც ვიკითხოთ, უნდა წავიდეს?

არ უნდა წავიდეს იმიტომ, რომ ლაშა ნაცვლიშვილს დაწყდება გული, რადგან ახლა ყველაზე მეტი ბიძინა ივანიშვილი არა რიგით პოლიციელებსა და ექიმებში, არამედ გიორგი გახარიაშია. ცხადია, არავინ გაატანს თან, დაატოვებინებენ, მაგრამ სულ უდანაკარგოდაც არ გამოვა საქმე. ბუნების კანონია. რაღაც ნაწილი მაინც ჩარჩება შიგნით, როგორც ჩარჩათ წინა პრემიერ-მინისტრებს...

არ უნდა წავიდეს იმიტომ, რომ პანდემიის პირველი ტალღა გამოცდილი სერფერივით მართა და, ტალღის მილევის შემდეგაც, დიდხანს არ ჩამოვიდა დაფიდან!

არ უნდა წავიდეს იმიტომ, რომ მისი, როგორც დიდი პოლიტიკური ფიგურის ჩრდილში, თუ არ ცივა და არ ჰყინავს, ნამდვილად გრილა, კარზე კი მდუღარე ზაფხულია მომდგარი...

არ უნდა წავიდეს იმიტომ, რომ ფეტიშისტები დაგვირჩებიან უკმაყოფილო. მოგეხსენებათ, ადამიანის სხეული და გონება როგორ კვალს ამჩნევს უსულო საგნებს! ალბათ, ამიტომაც გვიყვარს ძვირფასი ადამიანის ყოველი ნახელავი, განსაკუთრებით გამოჩენილი ხალხის ნივთები, თუნდაც:

გოეთეს კალამი
თამარ მეფის ქოში
აკაკის აკვანი
გალაკტიონის პორტფელი
სტალინის ლურსმანი
ღარიბაშვილის საათი
ამხანაგ კამოს დანა-ჩანგალი
სესიაშვილის უწყლო აუზი
სააკაშვილის საფერფლე
ბიძინას ხეები და ვინ მოთვლის, კიდევ ვისი რა და რა...

ახლა რომ რომ წავიდეს, რა დაგვრჩება მისგან?
თვალის ჩაპაჭუნება?
ვირტუალური „წერტილი“?
სამედიცინო პირბადეც კი არა!
ამიტომ არ უნდა წავიდეს...

არ უნდა წავიდეს თუნდაც იმიტომ, რომ სირცხვილია, როცა დაუმსახურებლად გაწინაურებენ, მაგრამ ორჯერ უფრო სირცხვილია, როცა უმიზეზოდ გათავისუფლებენ და საერთოდაც, სირცხვილია, როცა პრემიერ-მინისტრი ხარ და სხვა გაწინაურებს და გათავისუფლებს...

არ უნდა წავიდეს იმიტომ, რომ 20 ივნისი მოდის - ჟამი ტყვიების სროლისა და ჟამი დათხრილი თვალების შეგროვებისა...

არ უნდა წავიდეს თუნდაც იმიტომ, რომ პოეტმა უთხრა, ყოველი ნერვით საქართველო უნდა გტკიოდეს, თავი გადადო, მსახურება თუ დაივალეო…

არ უნდა წავიდეს იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ ხუთი პრემიერ-მინისტრიდან ყველაზე დღემოკლე გამოდგება და არც ეგ იქნება ბოლომდე სამართლიანი, განსაკუთრებით მეორე და მეოთხე პრმეირ-მინისტრების ფონზე...

არ უნდა წავიდეს იმიტომ, რომ დღეს, ვიდრე გადაწყვეტილება მიღებული (ან გამოცხადებული) არ არის, ბევრი „მისიანი“ გამოუთქვამდა რამეს ამ ლექსის მაგვარს:

ალბათ ვარსკვლავმა ეშხი გაგიყო -
ეცილებოდი მას ხომ ტოლივით,
ნუთუ თბილისი ღირსი არ იყო,
ენახე ნაზად თმებდათოვლოლი...

კიდევ ბევრი მიზეზია, რომ არ უნდა წავიდეს...
ბევრი არგუმენტია, რატომ არ უნდა წავიდეს...
ბევრი ხერხია, როგორ არ უნდა წავიდეს...

...ანდა წავიდეს!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG