Accessibility links

ჯარი, თავდაცვა და რიტორიკა რუსეთის ოკუპაციის ფონზე


შეტევა ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანება „გირჩზე“ და ინიციატივები - ჯარის ყველა ოჯახში შესვლასთან, მილიონამდე მომზადებულ მამაკაცთან და შეიარაღების წარმოებასთან დაკავშირებით - 5 სექტემბერს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.

რა მოლოდინებს ქმნის ირაკლი ღარიბაშვილის ძველი თუ ახალი განცხადებები მათ შორის რუსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებით?

ჯარის თემა ყველა ოჯახში და "ტყვიის" წარმოება

„მე ვარ უაღრესად მოტივირებული, რომ ბოლომდე დავიხარჯო“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა საკომიტეტო მოსმენაზე და გაამხილა, რომ მანამდე, მინისტრობისა და პრემიერ-მინისტრობის „ძალიან მოკლე პერიოდში“ დარჩა „უკმარისობის განცდა“, ჯარისთვის ბოლომდე ვერდახარჯვის გამო - „ამ სამინისტროსთვის და ჯარისკაცებისთვის ვერ გავაკეთე იმდენი, რამდენიც მე მქონდა მოაზრებული“.

„ერთ-ერთ მთავარ, პირველ საზრუნავად“ მომავალი თავდაცვის მინისტრი სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის დასრულებას თვლის. ძირითადი გამოსვლისას, თუ კითხვა-პასუხის რეჟიმში ღარიბაშვილმა თქვა:

  • 18-დან 50 წლამდე ასაკის 785 ათასი მამაკაცის სახით საქართველოს აქვს რეზერვისტების მომზადების „უზარმაზარი პოტენციალი და რესურსი“;
  • წლების განმავლობაში „ჩვენ მივიღებთ მილიონამდე მომზადებულ ადამიანს და მამაკაცს“ - ვთქვათ, 10-წლიანი პროგრამით, 6-9 თვიანი ან ეტაპობრივი გადამზადების კურსების საშუალებით;
  • „ჯარის თემა უნდა შევიდეს ყველა ოჯახში“;
  • ჯარის პოპულარიზაციის თემა „უნდა დავიწყოთ ბაღიდან, სკოლებიდან“;
  • „მაქსიმალურად უნდა შევძლოთ ეროვნული, პატრიოტული სულისკვეთების ამოწევა“.

სწორედ სამხედრო სამსახურზე ლაპარაკისას შეუტია ღარიბაშვილმა პოლიტიკურ გაერთიანება „გირჩს“ - მას „სექტა“, ხოლო მის საქმიანობას „ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი“ უწოდა.

ლაპარაკია „გირჩის“ ინიციატივით შექმნილი რელიგიურ ორგანიზაციაზე "ბიბლიური თავისუფლება", რომლის წევრობა ახალგაზრდებს ათავისუფლებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან.

„გირჩის“ გაფუჭებული საქმის გამოსწორებას ირაკლი ღარიბაშვილი „რაც შეიძლება მოკლე ვადებში“ აპირებს. „გირჩში“ კი ამბობენ, რომ ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი თავის პირველ გამოსვლას მათზე საუბრით არ უნდა იწყებდეს.

„ქართულ პოლიტიკურ არენაზე ღარიბაშვილის გაცოცხლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ისიც არის, რომ ივანიშვილმა მოიგოს ბნელი ელექტორატის გული“, - უთხრა „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პირველს“.

გავლილი აქვს თუ არა თავად ღარიბაშვილს სავალდებულო სამხედრო სამსახური?

ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არა აქვს გავლილი იმ ტიპის სამხედრო სამსახური, რომლის გავლაც საქართველოში სხვებს მოეთხოვებათ. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს რადიო თავისუფლებას:

  • „ირაკლი ღარიბაშვილს, თსუ-ში სწავლისას, იმ დროს არსებული კანონის შესაბამისად, გავლილი აქვს 2-წლიანი კურსი სამხედრო კათედრაზე და პრაქტიკული სწავლება“;
  • „შესაბამისად, სრულად ჩაეთვალა სამხედრო სამსახური და აქვს სამხედრო ბილეთი“.

ჯარისკაცებზე მაქსიმალური ზრუნვის გარდა, კიდევ ერთი დაპირება, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილმა "ოცნებაც" უწოდა, სამხედრო მრეწველობის აღორძინებასა და განვითარებას შეეხება. უფრო კონკრეტულად, მან ილაპარაკა ავტომატების, პისტოლეტების, რაკეტების, სამხედრო თვითმფირნავებისა და ტყვიის წარმოებაზე. მისმა მსმენელებმა მხოლოდ ივარაუდეს, რომ ტყვიაში ღარიბაშვილი იარაღის ვაზნებს გულისხმობდა.

სამხედრო მრეწველობის თემა მან ოკუპაციას დაუკავშირა:

  • „ჩვენ გვაქვს უდიდესი გამოწვევა, ეს არის ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, ბუნებრივია - ჩვენი ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული, მეგობრებო. ეს არის პირველი კატეგორიის გამოწვევა“...
  • „ამ ფონზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ჯარი იყოს ძლიერი... მე, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი ჯარის გაძლიერება ვინმეს ან რაიმეს წინააღმდეგ არის მიმართული“....
  • „ჩემი მინისტრობის დროს ჯერ კიდევ და შემდეგ, პრემიერობის დროს, ერთ-ერთი მთავარი პროექტი, რაც მქონდა, ეს იყო ტყვიის საწარმოს მშენებლობა საქართველოში“.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ „ეს უნდა დავიწყოთ დღესვე“ და ("ნაციონალური მოძრაობის" დროს შექმნილ) "დელტაში" მუშაობა უნდა გაათმაგდეს. თუმცა არ აკონკრეტებს, რატომ ვერ მოხერხდა "ტყვიის საწარმოს" აშენება პრემიერ-მინისტრის პოსტიდან მის მოულოდნელ წასვლამდე.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სამხედრო მრეწველობის „დელტას“ ბაზაზე განვითარება ძალიან კარგი იდეაა და, თუკი ეს მოხდება, აუცილებლად წაადგება საქართველოს ჯარსა და თავდაცვისუნარიანობას, ისევე, როგორც სავალდებულო სამხედრო სამსახურისა და რეზერვის სისტემის სრულყოფა.

თუმცა თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილ თანაგუნდელს, თინა ხიდაშელს არ სჯერა, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის ერთგულების ნიშნით დაკომპლექტებული მთავრობის თავდაცვის მინისტრი რეალურად რაიმეს გაკეთებას შეძლებს.

  • „თავდაცვის მინისტრი ღარიბაშვილი იქნებოდა თუ სხვა, მე არ ველოდები განსაკუთრებულ გარღვევებს რეფორმების კუთხით“;
  • „ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოთავაზებულ სისტემაში უმთავრესი იყო ის, თუ ვინ იქნებოდა პრემიერი, ანუ, ასე ვთქვათ - საარჩევნო შტაბის უფროსი... ყველაფერი აწყობილი იყო გიორგი გახარიას პერსონაზე“;
  • „ეს იქნება მთავრობა, რომელიც მაქსიმუმ 5-6 თვე შეძლებს მუშაობას და შემდეგ უკვე სრული ძალით გადაერთვება წინასაარჩევნო რეჟიმზე... მათ რჩებათ ერთადერთი ამოცანა და საზრუნავი, რომ ქვეყანაში უზრუნველყონ სამოქალაქო მშვიდობა“.

საგარეო კურსი, ოკუპაცია და რუსეთი

„შემიძლია დავიწყო... დავამთავრო... და თქვენ შეგიძლიათ მთელი დღე ისაუბროთ მაგაზე“, - ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ყოფილი წევრის, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის შენიშვნას, რომ ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი თავის გამოსვლას სწორედ ოკუპაციის ხაზგასმით უნდა იწყებდეს.

„მარტო საუბრით თქვენ ვერაფერს ვერ შეცვლით... ამას სჭირდება ქმედება, მეგობარო. ამას სჭირდება ძალიან დიდი, მშვიდი და გონივრული მუშაობა და არა მხოლოდ ბრტყელ-ბრტყელი საუბრები. ის, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, არ არის ახალი ამბავი და ყველამ კარგად ვიცით“, - ასე დაასრულა თავისი განმარტება ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა 5 სექტემბერს არაერთხელ ახსენა საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა, მასთან თავსებადობის გაძლიერება და შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის გაღრმავება. მაგალითად, მან თქვა, რომ:

  • „ჩვენ ვაგრძელებთ ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებებისა და რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას პრინციპით - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“;
  • ამერიკასთან, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც 2020 წლის ჩათვლით მომზადდება და აღიჭურვება თავდაცვის ძალების ქვეითი ბატალიონები.

თუმცა ბევრმა შენიშნა ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილს 5 სექტემბრის გამოსვლაში თითქმის არაფერი უთქვამს ოკუპანტ რუსეთზე.

მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად დასახელდა, ანალიტიკოსებმა მისი არაერთი ძველი განცხადებაც გაიხსენეს:

  • „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელი სიტუაციის ყირიმთან შედარება, ვფიქრობ, დიდი შეცდომაა... ჩემი ცოდნითა და ანალიზით, რუსეთი არ არის დაინტერესებული ამ ორი დე ფაქტო ტერიტორიის ანექსიით“ (2014 წელი);
  • ოკუპაციას ჰყავს თანაავტორი "ნაციონალური მოძრაობის" სახით“;
  • „როგორ აღმოჩნდა რუსეთის ჯარი, გაყვანილი, ჩვენ მიერ, ქართველი ხალხის მიერ – გაყვანილი ჯარი როგორ შემოაბრუნეს მათ აფხაზეთში, როგორ ჩააბარეს კოდორი, ცხინვალი და ასე შემდეგ“.

ირაკლი აბესაძე ირაკლი ღარიბაშვილზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:07 0:00

თინა ხიდაშელი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ღარიბაშვილის განცხადებები სრულად შეესაბამება მთავარსარდლისა (საქართველოს პრეზიდენტის) და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო შტოს ლიდერების ერთიან მიდგომებს, რაც „არა წინასწარი გეგმით“, მაგრამ საბოლოო ჯამში, რუსეთის ინტერესების წისქვილზე ასხამს წყალს.

„მთავარი პრობლემა ის არის, რომ ისინი მუშაობენ რუსული ნარატივით. საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ხედვის ამბიცია არა აქვთ. მათი ერთადერთი ხედვა დაფუძნებულია მოსკოვიდან მომავალ საფრთხეზე. ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებენ იმის მიხედვით, რა რეაქცია ექნება ამაზე მოსკოვს. როგორც კი ასე იწყებ ფიქრს, ხდები იმავე მიზნის განმახორციელებელი, რაც მოსკოვზე პირდაპირი მიბმის შემთხვევაში დადგებოდა“.

ირაკლი ღარიბაშვილის, როგორც „კომიკური ფიგურის“ ქმედებებზე და განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებს საქართველოში ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ბათუ ქუთელია. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის უფრო დიდი სურათის აღწერას ცდილობს:

  • „სახეზეა სახელმწიფოს სრულმასშტაბიანი მიტაცება რუსეთის მიერ „ქართული ოცნების“ ხელშეწყობით და მათი ინსტრუმენტალიზაციით“;
  • „ის ნარატივი, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ჩვენ ოკუპაციის თანამონაწილეები ვართ და ასეთი სისულელეები... მწყობრი და თანმიმდევრულია 2012 წლის შემდეგ და ეს უადვილებს რუსეთს ამოცანას“;
  • „აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეს პრობლემას შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“.

ამ ვითარებიდან ბათუ ქუთელია ერთადერთ გამოსავალს ხედავს - „სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით დაჩქარებულად მოხდეს საქართველოს ნატოში გაწევრიანება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG