Accessibility links

ჯაშუშთა სამმხრივი გაცვლა


ფრუდე ბერგი. 30 იანვარი, 2019 წ.

15 ნოემბერს, ორწლიანი პატიმრობის შემდეგ რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნდა ნორვეგიელი ფრუდე ბერგი, რომელსაც რუსეთში 14 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ჯაშუშობის ბრალდებით.

ნორვეგიელი „ჯაშუში“, ალბათ, დიდხანს იჯდებოდა ლეფორტოვოს ცნობილ ციხეში, საქმეში რომ არ ჩარეულიყო ლიეტუვა, რომელმაც 14 ნოემბერს სპეციალური კანონიც კი მიიღო ჯაშუშების გაცვლის თაობაზე, რამაც ქვეყნის პრეზიდენტ გიტნას ნაუსედას შესაძლებლობა მისცა, შეეწყალებინა ჯაშუშობისათვის მსჯავრდებული ორი რუსი მოქალაქე, ნიკოლაი ფილიპჩენკო და სერგეი მოისეენკო.

ჩვენ თანამიმდევრულად ვმუშაობდით ფრუდე ბერგის სახლში დასაბრუნებლად მისი დაპატიმრების მომენტიდან და მოხარულები ვართ, რომ ის ბრუნდება.
ერნა სულბერგი

ამას მალევე მოჰყვა, როგორც რუსეთს უყვარს თქმა, „სარკისებური პასუხი“ და კრემლმა და ლიეტუვამ 15 ნოემბერს გაცვალეს ჯაშუშები. უფრო სწორად, ეს იყო ჯაშუშთა „სამმხრივი გაცვლა“.

ზემოხსენებული ნიკოლაი ფილიპჩენკოსა და სერგეი მოისეენკოს სანაცლოდ, კრემლი დათანხმდა, ლიეტუვასთვის გადაეცა ჯაშუშობისა და სახელმწიფოს ღალატისათვის მსჯავრდებულები, ევგენი მატაიტისი და არსტიდას ტამოშაიტისი, და, ასევე, ნორვეგიელი ფრუდე ბერგი, რომელიც სწორედ ვილნიუსის გავლით დაბრუნდა ოსლოში.

ეს სამმხრივი გაცვლა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო ინტერესი არასოდეს აკლდა ფრუდე ბერგის საქმეს.

გაზეთ „კომერსანტის“ თანახმად, აპრილში ბერგის ბედზე იმსჯელეს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის, ერნა სულბერგისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრაზე სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე ფორუმ „არქტიკა - დიალოგის ტერიტორიის“ ფარგლებში.

ბერგის გათავისუფლება იმდენად მნიშვნელოვანი იყო ნორვეგიისათვის, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, კრემლის პოლიტიკის მიმართ შეურიგებელი კრიტიკით გამორჩეული ერნა სულბერგი, რუსეთში ჩავიდა.

„ჩვენ თანამიმდევრულად ვმუშაობდით ფრუდე ბერგის სახლში დასაბრუნებლად მისი დაპატიმრების მომენტიდან და მოხარულები ვართ, რომ ის ბრუნდება, როგორც თავისუფალი ადამიანი“, - განაცხადა ერნა სულბერგმა.

ნორვეგიელი ჯაშუშის საქმე

ვიდრე რუსეთში დააპატირებდნენ, 63 წლის პენსიონერი ფრუდე ბერგი ნორვეგიის პატარა ქალაქ კირკენესში ცხოვრობდა, რუსეთის მურმანსკის ოლქს სულ რაღაც 8 კილომეტრი რომ აშორებს. პენსიაში გასვლამდე ბერგი მუშაობდა ფინმარკის სასაზღვრო კომისარიატში და პასუხს აგებდა საზღვარზე მომხდარი კონფლიქტებისა და ინციდენტების მოგვარებაზე.

ნორვეგიელს აღმოუჩინეს კონვერტი, რომელშიც ჯაშუშის ინსტრუქცია და რუსი მოქალაქისათვის განკუთვნილი ფული იდო.
ილია ნოვიკოვი


ნატოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყნის, ნორვეგიის, პატარა ქალაქ კირკენესს „ცივი ომის“ პერიოდშიც კი, ტრადიციულად, კარგი ურთიერთობა ჰქონდა მეზობელ რუსეთთან. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსული გემები თევზეულსა და ნავთობპროდუქტებს ეზიდებოდნენ კირკენესში, სადაც მრავალი შერეული ოჯახი ცხოვრობს. 2012 წელს ორმა ქვეყანამ უვიზოდ გადაადგილების საშუალება მისცა მოსაზღვრე კირკენესსა და მურმანსკის ოლქში მცხოვრებ ადამიანებს.

ცნობილი იყო, რომ ფრუდე ბერგი ხშირად მოგზაურობდა მოსაზღვრე რუსეთში და იქ გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში დებდა. 2017 წლის 5 დეკემბერს ნორვეგიელი მოსკოვში, სასტუმრო „მეტროპოლთან“, დააპატიმრეს და, სასამართლოს დადგენილებით,, საგამოძიებო იზოლატორ „ლეფორტოვოში“ მოათავსეს.

გამოძიების ვერსიით, რუსეთში ბერგი მივლინებით იმყოფებოდა ნორვეგიის სამხედრო დაზვერვის დავალებით და აგროვებდა ინფორმაციას რუსეთის ატომურ წყალქვეშა ნავებზე, გემების შესახებ მონაცემებს კი ნორვეგიელი „ჯაშუში“ რუსეთის სამხედრო წარმოების თანამშრომლისგან იღებდა.

ბრალდების მხარე ამტკიცებდა, ასევე, რომ ბერგი ჩატარებული სამუშაოსათვის იღებდა ფულად ჯილდოს. რუსეთის კგბ-ს ოპერატიულმა მუშაკებმა ნორვეგიის მოქალაქეს, რომელიც სასტუმრო „მეტროპოლიდან“ გამოდიოდა, კონვერტში 3 000 ევრო უპოვეს.

დაპატიმრების შემდეგ მალევე ფრუდე ბერგმა აღიარა, რომ ასრულდებდა ნორვეგიის სპეცსამსახურების დავალებას. მაგრამ უარყო ბრალდება, თითქოს აგროვებდა საიდუმლო მასალებს რუსული ატომური წყალქვეშა ნავების შესახებ.

„ნორვეგიელს აღმოუჩინეს კონვერტი, რომელშიც ჯაშუშის ინსტრუქცია და რუსი მოქალაქისათვის განკუთვნილი ფული იდო“, - განაცხადა ბერგის ადვოკატმა, ილია ნოვიკოვმა.

ჩვენებაში ბერგმა აღნიშნა, რომ კონვერტის გადაცემა მას სთხოვა „ოსლოელმა ნაცნობმა, რომელმაც უთხრა, რომ ეს ფული ძალიან სჭირდებოდა ერთ კაცს, ვისთვისაც კონვერტი იყო განკუთვნილი“.

ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ფრუდე ბერგმა რუსეთს შეწყალებისთვის მიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG