რუსეთის ინტერესების ქომაგმა პოლიტიკურმა ძალამ 2021 წლის შედეგი თითქმის გაიორმაგა და ამომრჩევლების დიდი ნაწილი წაართვა კანცლერ ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“ (CDU).
ბოლო მონაცემებით, არჩევნების შედეგი ასე გადანაწილდა: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) - 43.8%; კანცლერ ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU) - 17.2%; მმართველ კოალიციის კიდევ ერთი პარტია - „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ (SPD) -9.3%. AfD-მ აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვა, თუმცა არსებობს კოალიციის შეკვრის ალბათობა - მემარცხენე-პოპულისტური პოლიტიკური პარტია BSW- სთან.
კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა დამარცხება აღიარა, შეშფოთება გამოხატა და თქვა, რომ მთავრობის პოლიტიკა გერმანიაში ძველებურად ვეღარ გაგრძელდება.
AfD-ს სავიზიტო ბარათია: ევროსკეპტიციზმი, მიგრანტების მასობრივად გაძევება გერმანიიდან, “ტრადიციული ღირებულებების” დაცვა და სექსუალური უმცირესობების მიმართ ხისტი დამოკიდებულება. ბევრში ეს გაორებას იწვევს, რადგან პარტიის თავმჯდომარე ღიად ლესბოსელი ქალია, რომელიც შვილებს პარტნიორ ქალთან ერთად ზრდის.
გერმანელი ულტრამემარჯვენეების გამარჯვებას კმაყოფილებით შეხვდნენ - “ქართული ოცნების” ხელისუფლების რიგებში. თქვეს, რომ “დიპ სტეიტის” ინტერესების მიუხედავად, გერმანელი ერი იღვიძებს და სწორი გზით მოდის.
AfD ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას.
“ისტორიული გამარჯვება”
„ეს არ ეხება მხოლოდ საქსონია-ანჰალტს, ეს გერმანიას ეხება“, „ჩვენ გვსურს დავიბრუნოთ ჩვენი ძველი, უსაფრთხო გერმანია“, - განაცხადა 7 სექტემბერს 35 წლის პოლიტიკოსმა - ულრიხ ზიგმუნდმა, რომელიც AfD-ს საქსონია-ანჰალტის მიწაზე უძღვება. ის ბოლო გამარჯვების მთავარ გმირად არის დასახელებული.
პრესკონფერენციაზე ზიგმუნდს მადლობა გადაუხადეს AfD-ის თანათავმჯდომარეებმა, ალის ვაიდელმა და თინო ხრუპალამ. ვაიდელმა გამარჯვებას “ისტორიული ” და დემოკრატიის განვითარებისთვის სასარგებლო უწოდა.
“საქსონია-ანჰალტის არჩევნებმა აჩვენა, რომ ხალხმა პოლიტიკის შევლა სურს” - ალის ვაიდელმა თქვა, რომ დღევანდელმა მმართველმა ძალამ გერმანიაში ხალხის ნდობა დაკარგა, რადგან კანცლერ ფრიდრიხ მერცის მიერ არჩევნების წინ შეპირებული საკითხები არჩევნების შემდეგ არ შესრულდა. მწვავე პრობლემებს შორის მან კვლავ დაასახელა:
- მიგრაცია,
- ქვეყნის ღია საზღვრები,
- მიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაული,
- ფასების ზრდა,
- ენერგეტიკული პოლიტიკისპრობლემები,
- მაღალი გადასახადები და მოსაკრებლები
არჩევნების წინ პარტია ამომრჩევლებს სკოლებში და კულტურულ ინსტიტუციებში "ტრადიციული ღირებულებების" გაძლიერებას, იმიგრანტების მარგინალიზებასა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის სისტემის სიღრმისეულ რეფორმას ჰპირდებოდა.
უკვე წლებია, ევროსკეპტიციზმი, მიგრანტების მასობრივად გაძევება გერმანიიდან და სექსუალური უმცირესობების მიმართ ხისტი დამოკიდებულება AfD-ს სავიზიტო ბარათია. ალის ვაიდელიც ამ პრინციპებს ქადეგებს, თუმცა ის თავად ემიგრანტი და ღიად ლესბოსელი ქალია.
ვაიდელი შვეიცარიაში ცხოვრობს - ორ ვაჟთან და შრი-ლანკელ პარტნიორ ქალთან ერთად. გერმანული მედიის თანახმად, ეს სამოქალაქო ქორწინების მსგავსი კავშირია.
ამ კონტექსტში გერმანიაში ხშირად იხსენებენ ჩანაწერს პარტიის საარჩევნო პროგრამაში, რომ - „ოჯახი, რომელიც შედგება მამის, დედის და შვილებისგან, საზოგადოების ქვაკუთხედია“.
“შოკისმომგვრელი”, “შემაშფოთებელი”
ფრიდრიხ მერცმა კვლავ კატეგორიულად გამორიცხა ულტრამემარჯვენე პოპულისტურ პარტია AfD-სთან სამომავლო თანამშრომლობა, თუმცა პრესკონფერენციაზე აღიარა, რომ შედეგი შოკისმომგვრელი იყო და მთავრობის მუშაობა ძველებურად ვეღარ გაგრძელდება, რადგან ამ არჩევნების შედეგით „რაღაც შეცვალა არა მხოლოდ საქსონია-ანჰალტში, არამედ მთელ გერმანიაში”. კანცლერის თქმით, არჩევნების შედეგს საერთაშორისო რეზონანსიც ექნება.
მერცმა თქვა ასევე, რომ არ მოელოდა ამომრჩევლების ძლიერ მხარდაჭრას პოლიტიკური ძალებისადმი, რომლებიც “ფუნდამენტურად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ დემოკრატიულ თამაშის წესებს”.
„ეს არის ყველაზე მძიმე საარჩევნო დამარცხება, რაც (პარტიას CDU) განუცდია წლების, ათწლეულების განმავლობაში“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, რომელსაც, 7 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, იმედგაცრუება ყოველ სიტყვასა და ემოციაში ეტყობოდა. თუმცა მაინც გეგმავს, რომ რეფორმები ახლებური შემართებით გააგრძელოს.
შეშფოთებაა საფრანგეთშიც.
„ეს აჩვენებს, რომ ჩვენ სერიოზული გამოწვევის წინაშე ვდგავართ პოპულისტური ტალღის ფონზე, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში ვრცელდება და რომელსაც ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ“, - უთხრა საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა როლან ლესკიურმა RTL-ს. AfD-ის გამარჯვება მისთვის „ძალიან შემაშფოთებელი სიგნალია” და არ ფიქრობს, რომ ეს იოლი გამოწვევაა გერმანიისთვის.
მსოფლიოში “ექსტრემსტული საფრთხის” წინსვლის რისკებს ხედავს ესპანეთის სოციალისტი პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესიც.
„პოლონეთში მხოლოდ იდიოტებს ან მოღალატეებს შეუძლიათ გერმანიაში AfD-ის ტრიუმფით გახარება”, - დაწერა სოციალურ პლატფორმა X-ზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.
„საქსონია-ანჰალტის რეგიონი გერმანიის მცირე ნაწილია - 1 ფედერალური მიწა 16-დან”; “პარტიას [AfD] არანაირი რეალური ძალაუფლება არ გააჩნია ბერლინში, სადაც დიდ კოალიციას აშკარა უმრავლესობა აქვს“, - ევრონიუსი გერმანელი ევროპარლამენტარის [EPP] - ანდრეას შვაბის სიტყვებს ციტირებს. დეპუტატი ფიქრობს, რომ ევროკავშირს მეტი მუშაობა მოუწევს - ბიუროკრატიის შესამცირებისა და ეკონომიკური მხარდაჭერის მიმართულებებით. ამ მოსაზრებას ევროპარლამენტში სხვებიც ემხრობიან.
7 სექტემბერს, ერთ-ერთი პრესკონფრენციის მიწურულს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენს, AfD-ს გამარჯვების კონტექსტში, ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა - ხომ არ დადგა დრო ევროკავშირის პოლიტიკური კურსის შესაცვლელად?
„როგორც იცით, კომისიის ოქროს წესია, არასოდეს გააკეთოს კომენტარი ეროვნულ და, შესაბამისად, არც რეგიონულ არჩევნებზე“, - ასეთი იყო ურზულა ფონ დერ ლაიენის პასუხი.
რა იყო და როგორ გამოიყურება მომავალი
ვაიდელს იმედი აქვს და პრესკონფერენციაზეც აღნიშნა, რომ - გერმანიის პარლამენტის 2029 წლის არჩევნებისთვის პარტია თავისი რეიტინგის 40%-მდე გაზრდას გეგმავს. ულრიხ ზიგმუნდმა კი თქვა, რომ გარდამტეხი რეფორმებისთვის საჭიროა „კანცლერი ალის ვაიდელი“.
პოლიტიკოსები და ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დემოკრატიის გადასარჩენად სწრაფად მოქმედებაა საჭირო - 2029 წლის ზაფხულში ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართება.
მართალია - 2024 წლის კენჭისყრის შედეგით - არჩევნები ანტიდასავლური და პრორუსული ძალებისთვის არასასურველი კონფიგურაციით დასრულდა, მაგრამ ულტრამემარჯვენეებმა ევროპარლამენტში პოზიციები გაიუმჯობესეს და მათ შორის - გერმანიაშიც.
- “ალტერნატივა გერმანიისათვის” (AfD) - 15 მანდატით, მეორე ადგილზე გავიდა.
- ქრისტიან-დემოკრატთა კავშირი (CDU) - პირველ ადგილზე 29 მანდატით მოხვდა;
- სულ 14 მანდატით - მესამე ადგილი მაშინდელი კანცლერის, ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) ხვდა წილად.
AfD-მ ასევე მეორე ადგილი აიღო, 2025 წლის თებერვალში - ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში, რითაც თავის ისტორიული რეკორდი დაამყარა.
ფრიდრიხ მერცის მემარჯვენე-ცენტრისტული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ალიანსმა (CDU-CSU) წინასწარვე უარი თქვა AfD-სთან კოალიციაში გაერთიანებაზე და მოკავშირედ მხოლოდ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატიულ პარტია (SPD) აირჩია.
გერმანიის ნაცისტური წარსული მეინსტრიმულ პარტიებს უბიძგებს დისტანციის დაჭერისკენ AfD-სგან, რომელიც მკაცრ პოზიციას იკავებს მიგრაციის საკითხზე და რუსეთთან კავშირს ინარჩუნებს. 2025 წელს, გერმანიის სადაზვერვო სააგენტომ, გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) პროექსტრემისტულ ერთეულად გამოაცხადა. 2025 წლის მაისში ლაპარაკი იყო პარტიის აკრძალვაზეც, თუმცა ეს პროცესი აღარ გაგრძელდა.
2025 წლის ფედერალურ არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობდა. იმ ხანად ბერლინმა მრავალი შენიშვნა მიიღო ვაშინგტონიდან - AfD-ს პროექსტრემისტულ პარტიად გამოცხადების გამო.
AfD მტკიცე მხარდამჭერებს შორის იყო მილიარდერი ილონ მასკიც. გერმანელ ულტრამემარჯვენეებს ესარჩლებოდნენ ევროპის ქვეყნების ულტრამემარჯვენე პოპულისტი ლიდერებიც და მათ შორის უნგრეთის აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რისეთთან დაახლოებული ვიქტორ ორბანი.
რუსეთთან მეგობრობა - რამდენიმე ფაქტი ახლო წარსულიდან
რუსეთთან მჭიდრო კავშირების გამო AfD არაერთხელ მოხვედა ყურადღების ცენტრში.
უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, AfD-ს წარმომადგენლები ღიად გამოდიოდნენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების წინააღმდეგ და მხარს უჭერდნენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას.
2026 წლის ივნისში, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრები ჩავიდნენ პეტერბურგში, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე (ПМЭФ). 2006 წლიდან ეს ფორუმი პუტინის პატრონაჟით იმართება.
პეტერბურგში ჩასული იყო - AfD-ს საგარეო პოლიტიკის ყოფილი სპიკერი, ევროპარლამენტარი AfD-დან პეტრ ბისტრონი (Petr Bystron).
2024 წლის გაზაფხულზე, როდესაც ჩეხეთის სპეცსამსახურებმა პრორუსული მედიის, „Voice of Europe“-ის, გარშემო შექმნილი გავლენების ქსელი გამოავლინეს, გამოძიების ცენტრში სწორედ პეტრ ბისტრონი აღმოჩნდა. გაზეთი Die Zeit-ი წერდა ბრალდებაზე, რომ ბისტრონი იმ პირთა წრეს ეკუთვნოდა, რომლებიც სავარაუდოდ ფინანსურ ანაზღაურებას იღებდნენ „Voice of Europe“-ის საქმიანობის მხარდაჭერისთვის. თავად ბისტრონი ყველა ბრალდებას უარყოფდა.
AfD ხშირად იმეორებს კრემლის პროპაგანდისტულ მესიჯებს - ნატოს ომების პროვოცირებაში ადანაშაულებს და ამ პროცესის თანაზიარად მიიჩნევს გერმანიის მთავრობას.
კმაყოფილება თბილისში
“საქსონია ანჰალტის მიწაზე არჩევნებში გაიმარჯვე პარტიამ, რომელსაც გერმანიაში მმართველი გუნდის პოლიტიკოსები აკრძალვას უპირებდნენ” - იტყობინება ბრიტანეთის მიერ სანქცირებული “იმედი”. ხოლო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა თავის კომენტარში დააზუსტა, რომ AfD-სგან განსხვავებით, “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის გეგმაში “მტკიცებულებებისა და ფაქტების დონეზეა ყველაფერი გამართული”.
"ქართული ოცნება" მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას არ გეგმავს. აკრძალვით ის თითქმის ყველა წამყვან ოპოზიციურ პარტიას ემუქრება.
„ამ პარტიის [AfD] გამარჯვება მეტყველებს იმაზე, რომ გერმანელი ხალხი გამოფხიზლდა და ისინი უარს ამბობენ ულტრამემარცხენე ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიაზე. უარს ამბობენ უკონტროლო მიგრაციაზე, რომელმაც წალეკა ფაქტობრივად ეს ქვეყანა“, - ესეც ლევან მაჭავარიანის სიტყვებია.
2025 წლის 5 მაისს, - მას შემდეგ, რაც AfD გერმანიაში ექსტრემისტულ პარტიად გამოაცხადეს, - „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ „ [AfD] არის ნამდვილად პატრიოტული ძალა და სწორედ ეს არ მოსწონს „დიპ სტეიტს“, იგივე „გლობალური ომის პარტიას“, ვინაიდან ასეთი პატრიოტული ძალები არ ემორჩილებიან „დიპ სტეიტს“ და მოქმედებენ თავიანთი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ისევე, როგორც „ქართული ოცნება“.
AfD-ს გამარჯვების კომენტირებისას, ჟურნალისტებთან, კმაყოფილებას გამოხატავს “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი - კახა კალაძეც.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპაშიც ხალხმა დაიწყო გამოღვიძება”, - კალაძის თქმით, არაფორმალური მმართველობა “ბინძური ხერხებით” ებრძვის ხალხისგან მხარდაჭერილ პარტიებს, როდესაც ხედავენ - “რომ მათი აგენტურა ვერ იმარჯვებს კონკრეტულ ქვეყანაში”.
“ქართული ოცნების” მთავრობის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე გერმანიაში ეკონომიკური თვალსაზრისით “რთულ მდგომარეობას” ხედავ, რაც “აისახება მოსახლეობის განწყობაზე”.
“მთავრობას არ აქვს რესურსი სწორად მართოს პროცესები, მათ არ აქვთ საკმარისი სუვერენიტეტიც ამისათვის”, - თქვა კობახიძემ მედიასთან და დაამატა, რომ - ვერ ჩაერევიან გერმანელი ხალხის არჩევანში და “ზედმეტ კომენტარებსაც” მოერიდებიან.
- AFD გერმანიის ბუნდესტაგში ითხოვდა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას და ემხრობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩატარებას.
- AFD საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. 2025 წელს ჯგუფი ოფიციალურად მოუწოდებდა ევროკავშირს - საქართველოს ევროინტეგრაციის გადახედვისკენ.
AfD-ის წარმომადგენლები არცთუ იშვიათად გამხდარან “ქართული ოცნების” ინტერესების მოკავშირეები. ძირითადად ისინი ექომაგებოდნენ “ქართულ ოცნებას” ევროპარლამენტში - საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიების დროს.
2025 წლის ოქტომბერში, როდესაც მაშინდელი ელჩი, პეტერ ფიშერი გერმანიაში კონსულტაციებისთვის დროებით გაიწვიეს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გამოხატავდა იმედს, რომ ის აღარ დაბრუნდებოდა, ამ ფაქტს სწორედ გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის ქმედებებს უკავშირებდა.
AfD-ს წარმომადგენლებმა ბუნდესტაგში პეტერ ფიშერის შესახებ კითხვებით მიმართეს ქვეყნის მთავრობას. გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ გვერდზე ელჩის საქმიანობის გამოკვლევის მოთხოვნის დოკუმენტი 2025 8 ოქტომბრით არის დათარიღებული.
მოკავშირე გერმანელი პარლამენტარების მიერ დასმული აქცენტები ძირითადად შეესაბამებოდა "ქართული ოცნების" მიერ ელჩის მისამართით გახმაურებულ ბრალდებებს. ამ თემას საჯარო გაგრძელება აღარ მოჰყოლია. ელჩი ფიშერი დაბრუნდა და საქართველოში დარჩა - უფლებამოსიების ვადის ამოწურვამდე.
ფორუმი