Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა მიგრანტების ნაწილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გააძევა, მათ შორის ქართველებიც არიან - „დოიჩე ველე“

ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

აშშ-მა მიგრანტების ნაწილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გააძევა, მათ შორის არიან ქართველებიც - ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს ტელე-რადიოკორპორაცია „დოიჩე ველე“.

გამოცემის ცნობით, ლუიზიანადან ხუთშაბათს ღამით გაფრენილ თვითმფრინავში დაახლოებით ორი ათეული მიგრანტი იმყოფებოდა, მათ შორის ირანელი - დემოკრატიის მხარდამჭერი აქტივისტი. ამის შესახებ მისი ადვოკატი აცხადებს. თვითმფრინავი პარასკევს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში დაეშვა.

ადვოკატის, ალი რაჰნამას, რომელიც ირანულ-ამერიკული სამართლებრივი დაცვის ფონდის (Iranian American Legal Defense Fund) აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას ასრულებს, ინფორმაციით, რეისზე ასევე იმყოფებოდნენ იორდანიის, სომხეთის, თურქეთის, საქართველოსა და ავღანეთის მოქალაქეები.

რადიო თავისუფლება ინფორმაციის გადამოწმებისა და დეტალების გარკვევის მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირსდა. დავინტერესდით, დასტურდება თუ არა გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ქართული წყაროებით, ინფორმირებულია თუ არა საელჩო და სთავაზობს თუ არა დახმარებას საქართველოს მოქალაქეებს.

საგარეო უწყებაში დაგვპირდნენ, რომ ამ საკითხს მოიკვლევენ და დამატებითი დეტალებით დაგვიბრუნდებიან. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია Human Rights First-ის მიერ მართული ICE Flight Monitor-ის მონაცემებით, დეპორტაციის თვითმფრინავი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:00 საათზე დაეშვა. მანამდე რეისი განას დედაქალაქ აკრაში გაჩერდა.

დოიჩე ველესთვის ჯერჯერობით უცნობია, სად განთავსდებიან დეპორტირებული პირები და რამდენ ხანს დარჩებიან ისინი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

აშშ-ის საელჩოსთან დაახლოებულმა წყარომ სააგენტო Associated Press-ს განუცხადა, რომ მიგრანტების ნაწილი დროებით ბანგიში, მშენებარე საელჩოს კომპლექსის მახლობლად მდებარე მეხანძრეთა ბაზაზე არიან. დანარჩენები კი სხვა ლოკაციებზე უნდა გადაიყვანონ.

წყაროს ინფორმაციით, ჩასვლისთანავე კაცები და ქალები ერთმანეთისგან განცალკევებით გადაიყვანეს.

ირანელი დეპორტირებული აქტივისტის ადვოკატმა, ემილი ტროსტლმა, სააგენტო Reuters-ს განუცხადა:

„ამ ადამიანებს ამ ქვეყანასთან აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვთ. სასამართლოში წარდგენილ ყველა დოკუმენტში დეტალურად ავხსენი და მრავალი მტკიცებულება წარვადგინე იმის შესახებ, რამდენად საშიში იყო მათი აქ გადაყვანა.“

მისი თქმით, დეპორტირებულები აღმოჩნდნენ ქვეყანაში, სადაც მათ არ აქვთ არც სამართლებრივი სტატუსი, არც რაიმე კავშირი და არც მხარდამჭერთა ქსელი.

„ამ ადამიანებს აშშ-დან აძევებენ და ტოვებენ ქვეყანაში, სადაც მათ არ აქვთ სტატუსი, კავშირები ან მხარდაჭერის სისტემა. გვაშფოთებს ის, რომ საბოლოოდ შესაძლოა იძულებული გახდნენ დაბრუნდნენ იმ ქვეყნებში, საიდანაც თავდაპირველად გაიქცნენ,“ - განაცხადა ტროსტლმა.

რა არის ვაშინგტონის დეპორტაციის შეთანხმებები აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან?

ტრამპის ადმინისტრაციამ აფრიკისა და ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანასთან გააფორმა ფართოდ გაკრიტიკებული შეთანხმებები, რომლებიც აშშ-ს საშუალებას აძლევს, მესამე ქვეყნების მოქალაქეები გადაასახლოს იმ სახელმწიფოებში, სადაც ისინი არ არიან მოქალაქეები და სადაც მათ უკან საკუთარ სამშობლოში დაბრუნება არ შეუძლიათ.

ადამიანის უფლებათა ორგანიზაციები ამ შეთანხმებების კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებენ, თუმცა ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ ისინი სამართლებრივად გამართულია.

ეს შეთანხმებები გაფორმდა ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და განა, ასევე სულ მცირე კიდევ შვიდ აფრიკულ სახელმწიფოსთან.

აქტივისტების თქმით, აშშ-მ უკვე ათასობით ადამიანი გადაასახლა თითქმის ორ ათეულ ქვეყანაში, რომლებიც მათ სამშობლოს არ წარმოადგენენ.

იმიგრაციის იურისტები ტრამპის ადმინისტრაციას ადანაშაულებენ იმაში, რომ ეს შეთანხმებები გამოიყენება როგორც სამართლებრივი „ხვრელი“, რათა თავშესაფრის მაძიებლები ირიბად დააბრუნონ მათ ქვეყნებში. ბევრი დეპორტირებული პირი აშშ-ის სასამართლოების მიერ მიღებული დაცვის ქვეშ იმყოფებოდა, რომელიც მათ რეპატრიაციას კრძალავდა.

ეს შეთანხმებები ტრამპის ადმინისტრაციის მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრების ფართო სტრატეგიის ნაწილად განიხილება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG