Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ბრალი და დამძიმებული მუხლები - რა შეიცვალა გიგა ავალიანის საქმეში?

ილუსტრირებული ფოტო
ილუსტრირებული ფოტო

ბრალის დამძიმებას პროცედურულ ჩიხში შეჰყავს გიგა ავალიანის საქმე - ამტკიცებენ ბრალდებული არასრულწლოვნების ადვოკატები. ერთი მხრივ, პროკურატურა ამ შეფასებას არ ეთანხმება, მეორე მხრივ კი - გამოსავალს ეძებს. არ არის გამორიცხული გამოძიებამ საქმე სასამართლოდან უკან გაიხმოს.

რატომ - ამ სტატიაში ვეცდებით ავხსნათ.

მოზარდი - ჯანმრთელობისთვის ისეთი მძიმე დაზიანების მიყენებაში ბრალდებული, რომელმაც სიკვდილი გამოიწვია, ცნობილი ინიციალებით - ა.გ.

მოზარდის მეგობარი - მოზარდი, რომელიც ავალიანზე ძალადობას ტელეფონით იღებდა.

მოზარდის მეორე მეგობარი - ჯერ შეუტყობინებლობით, შემდეგ კი ჯანმრთელობის დაზიანების მომზადების მუხლით დაკავებული დ.ჩ.

მოზარდის შეყვარებული - გიგა ავალიანის მოსწავლე ნ.ი.


29 წლის მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე გასული წლის ოქტომბრიდან ამტკიცებს, რომ მის შვილზე ძალადობა, რასაც გარდაცვალება მოჰყვა, არასრულწლოვნების მიერ დაგეგმილი ჯგუფური დანაშაული იყო.

პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში, სასწავლო ცენტრიდან გამოსულ ახალგაზრდა მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ და სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ავალიანმა 23 დღე იცოცხლა და 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.

პროკურატურა ჯგუფურ დანაშაულს იძიებდა, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც საქმე სასამართლოში მოხვდა. არასრულწლოვნებს ჯგუფურის ნაცვლად ინდივიდუალური ბრალი წარუდგინეს - ერთ მოზარდს ჯანმრთელობის გაზრახ მძიმე დაზიანებაში დასდეს ბრალი, რასაც გარდაცვალება მოჰყვა, მოზარდის მეგობარს კი, რომელიც ძალადობას ტელეფონით იღებდა - დანაშაულის შეუტყობინებლობაში.

საქმის ასეთმა განვითარებამ გიგა ავალიანის ოჯახისა და მხარდამჭერების აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია. საპროტესტო აქციებს მოჰყვა პროკურატურის კრიტიკა და ღია პრეტენზიები, რომ გამოძიება არაეფექტური, არაკვალიფიციური და არაობიექტური იყო. მაშინ პროკურატურა განმარტავდა, რომ ბრალდება მტკიცებულებებს ეყრდნობოდა, ეს მტკიცებულებები კი ჯგუფურობას არ ადასტურებდა.

საქმე ახლა არსებითი განხილვის ეტაპზეა. მხარეები მტკიცებულებებს იკვლევენ, უსმენენ მოწმეებს. ყველა ინფორმირებულია, მათ შორის გიგა ავალიანის ოჯახიც, რომ ამ ეტაპზე პროკურატურას მუხლის დამძიმების უფლება არ აქვს.

ახალი საქმე და დამძიმებული ბრალი

გიგა ავალიანზე თავდასხმიდან მეექვსე თვეს, 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ თქვა, რომ ორ არასრულწლოვანს [მოზარდსა და მოზარდის მეგობარს] გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა და კიდევ ერთ მეგობართან ერთად, ძალადობის ოთხ სხვა, ავალიანის საქმესთან დაუკავშირებელ ეპიზოდზეც წარედგინათ ახალი ბრალი.

პროკურატურა ამბობს, რომ მოზარდი [ა.გ.] მოზარდის მეგობარი [გ.რ.] და მოზარდის მეორე მეგობარი [დ.ჩ.] , ასევე სხვებიც „კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით თავად, თითქოსდა გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს და გარეთ იტყუებდნენ, ითანხმებდნენ წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილას შეხვედრაზე, უსაფრდებოდნენ და ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ. სცემდნენ მსხვერპლს უმოწყალოდ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ“.

ძალადობის სცენებს იღებდნენ, ინახავდნენ მობილურ ტელეფონებში და ავრცელებდნენ „მიზნობრივ ჯგუფებში“.

ძალადობის ოთხი ახალი ეპიზოდი - გამოძიების ვერსია

  1. პროკურატურის მტკიცებით, მოზარდმა [ა.გ.], მოზარდის ორმა მეგობარმა [გ.რ. და დ.ჩ.] 2025 წლის ზამთარში უფრო დიდ ჯგუფთან ერთად, 30 წლამდე კაცის დასჯა და დაშინება გადაწყვიტეს, იმ მოტივით, რომ კაცი ერთ-ერთი მათგანის ახლობელ გოგონას სოციალური ქსელში ეკონტაქტებოდა.

ამ მიზნით 2025 წლის თებერვალში, ღამის საათებში სამივე ბრალდებულმა, სხვებთან ერთად, მსხვერპლი მიიტყუეს თბილისში, დიდ დიღომში, ერთ-ერთ კორპუსთან და გაუსწორდნენ მას. ხელ-ფესი ურტყეს სახესა და სხეულში. ძალადობა მობილური ტელეფონით გადაიღეს.

2. მეორე ეპიზოდიც დიდ დიღომში, 2025 წლის ზაფხულში მოხდა. პროკურატურის ვერსიით სამივე მოზარდი, კვლავ სხვებთან ერთად, იგივე მეთოდით, უმოწყალოდ გაუსწორდა წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს. აქაც ძალადობა ტელეფონითაა გადაღებული.

3. მესამე ეპიზოდი 2025 წლის თებერვალში მომხდარს აღწერს. პროკურატურის მტკიცებით, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში, დასჯისა და დაშინების მიზნით სამი მოზარდი, სხვებთან ერთად თავს დაესხა წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს, ურტყეს ხელ-ფეხი, აგინეს და ესეც ტელეფონით გადაიღეს.

4. მეოთხე ამბავი 2025 წლის სექტემბრის დასაწყისში მოხდა. პროკურატურის ბრიფინგზე ითქვა, რომ ღამის 9-10 საათის შუალედში, დიდი დიღმის ახალ სკვერში მოზარდის მეორე მეგობარი ჯგუფთან ერთად თავს დაესხა ახალგაზრდებს.

ამ ისტორიებს რამდენიმე რამე აქვს საერთო:

  • ძალადობის ოთხივე შემთხვევა დიდ დიღომში მოხდა;
  • მოძალადეები სავარაუდოდ არასრუწლოვნები არიან;
  • ძალადობის პროცესს მობილურით იღებენ.

„ცალსახად შემიძლია გიპასუხოთ, რომ ის ბრალდებულები, რომელთა სხდომაზეც დღეს ვიმყოფებოდით, ნამდვილად მონაწილეობდნენ კარგად ჩამოყალიბებულ, ორგანიზებულ, ძალადობრივ ჯგუფებში, თუმცა მათ რამდენად აქვთ კავშირი ე.წ. ნეონაცისტურ ორგანიზაციებთან და რამდენად გააჩნიათ საკუთარი სიმბოლიკა და იდეოლოგია, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ისევ გამოძიება და შესაძლებელია ახალი დეტალები დადგინდეს“, - უთხრა ახალი სისხლის სამართლის საქმის პროკურორმა ქეთი სონიძე რადიო თავისუფლებას და არც ბრალდებულთა წრის გაფართოება გამორიცხა.

ქეთი სონიძე, პროკურორი
ქეთი სონიძე, პროკურორი

გიგა ავალიანზე ძალადობის ეპიზოდი

გიგა ავალიანზე თავდასხმას პროკურატურა ამ სამი არასრუწლოვნის დაგეგმილი ჯგუფური ძალადობის მეხუთე ეპიზოდად მიიჩნევს და მიუხედავად იმისა, რომ საქმეს უკვე სასამართლო იხილავს, ამ ოთხ ეპიზოდთან ერთად თავიდან იძიებს.

ბრალის ახალი დადგენილების თანახმად, „2025 წლის სექტემბერში, მოზარდმა შეყვარებულისგან შეიტყო, რომ მან მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან, რომელიც მისივე გადმოცემით ზედმეტ ყურადღებას იჩენდა. მოზარდი დაუკავშირდა მეგობრებს [გ.რ.-ს და დ.ჩ.-ს] რომელთაც მოუყვა მომხდარის შესახებ, რის შემდგომაც მათ ერთად გადაწყვიტეს გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა და მისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება“.

გამოძიების თანახმად, მოზრდებმა დაადგინეს გიგა ავალიანის ვინაობა, შეამოწმეს მისი სოციალური ქსელი, გადმოტვირთეს მასწავლებლის ფოტო იმისათვის, რომ ეცნოთ. გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, მოძრაობის ტრაექტორია. „შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი“.

2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში მოზარდი თავის ორ მეგობართან ერთად ანგარიშსწორების მიზნით მივიდა თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან.

„ჩაუსაფრდნენ და შექმნილი ჰქონდათ ყველა პირობა იმისთვის, რომ გიგა ავალიანს თავს დასხმოდნენ და მიეყენებინათ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. ... თუმცა იმ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს“. - ასე აღწერს უშუალოდ ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე განვითარებულ მოვლენებს პროკურატურა.

პროკურატურის მტკიცებით, ორ დღეში დაგეგმილი სისრულეში მოიყვანეს მოზარდმა და მისმა მეგობარმა, მესამე ამხანაგის გარეშე.

ვის რას ედავებიან

საბოლოოდ, მოზარდს, რომელიც ავალიანის საქმეში მთავარი ბრალდებულია, ამ დანაშაულებებში ადანაშაულებენ:

1. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა (გიგა ავალიანის ეპიზოდი);

2. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხი ეპიზოდი).

მას 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მოზარდის მეგობარს [გ.რ], რომელიც ავალიანზე ძალადობას მობილურით იღებდა, ბრალად ედება:

1. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა (გიგა ავალიანის ეპიზოდი);

2. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხი ეპიზოდი).

მოზარდის მეორე მეგობარს [დ.ჩ.] კი ბრალად ედება:

1. ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა (გიგა ავალიანის ეპიზოდი);

2. ჯგუფური ძალადობის ორგანიზება (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხის ეპიზოდი).

მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ბრალის ასე დამძიმებით, პროკურატურა ამბობს, რომ გიგა ავალიანზე თავდასხმა იყო წინასწარ მომზადებული ჯგუფური დანაშაული, ანუ ის, რასაც გიგა ავალიანის ოჯახი პროტესტის პირველივე დღიდან მოითხოვდა და ამტკიცებდა.

  • არის ეს აღიარება პროკურატურის მხრიდან, რომ თავიდან ჩატარებული გამოძიება აარაკვალიფიციური და ხარვეზიანი იყო


არა, ამბობს ახალი სისხლის სამართლის საქმის პროკურორი ქეთი სონიძე რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად.

„ეს არავითარ შემთხვევაში არ არის აღიარება პროკურატურის მხრიდან არასრულფასოვნად ჩატარებული გამოძიების. მას შემდეგ, რაც გიგა ავალიანის საქმე წამოვიდა სასამართლოში, მას გამოეყო სხვა სისხლის სამართლის საქმე. გამოყოფილ საქმეში კანონმდებლობა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას არ კრძალავს ...

ჩვენ ეს გადაწყვეტილება ერთი და იგივე ფაქტზე, ერთი და იგივე მტკიცებულებებით არ მიგვიღია, დღევანდელ გადაწყვეტილებებს საფუძვლად დაედო გამოყოფილ საქმეზე სრულყოფილად ჩატარებული გამოძიება და მის შედეგად მოპოვებული ახალი მტკიცებულებები“.

  • და როდის იყო პროკურატურა მართალი, მაშინ როცა მიაჩნდა, რომ გიგა ავალიანზე თავდასხმა ჯგუფური დანაშაული არ იყო, თუ მაშინ როცა ჯგუფურ დანაშაულად მიიჩნია?


პროკურატურა ბრალმდებელია, განაჩენი სასამართლოს გამოაქვს, ანუ საბოლოო სიტყვას მოსამართლე ამბობს. იქამდე სანამ სასამართლო განხილვა არ დასრულდება, არასრულწლოვნებს უდანაშაულობის პრეზუმფცია იცავს. პროკურატურამ მტკიცებულებებით უნდა გაამყაროს ბრალი.

სწორედ ამიტომ ვიკითხეთ:

  • რა ახალი მტკიცებულება მოიპოვა გამოძიებამ გიგა ავალიანის საქმეზე, რომლითაც ჯგუფურობას დაადასტურებს და თუ არაფერი ახალი მოუპოვებია, მაშინ რატომ არ დაიწყეს თავიდანვე გამოძიება მძიმე მუხლით?

საქმის პროკურორები ლევან ვეფხვაძე და ქეთი სონიძე ამბობენ, რომ ახალი მტკიცებულებები ნამდვილად მოიპოვეს, თუმცა, რადიო თავისუფლება ვერ ახერხებს იმის გადამოწმებას, ახალი მტკიცებულებები გიგა ავალიანის ეპიზოდს ეხება, თუ დანარჩენ ოთხ შემთხვევას.

ლევან ვეფხვაძე, პროკურორი
ლევან ვეფხვაძე, პროკურორი

საქმეზე ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან, სხდომები დახურულია, საქმის მასალებზე წვდომის შესაძლებლობა მხოლოდ მხარეებს აქვთ, მათ კი ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს.

თუ გიგა ავალიანზე ძალადობის ეპიზოდი ახალი საქმის ნაწილიცაა და ეს ეპიზოდი დამოუკიდებლადაც განიხილება სასამართლოში, გამოდის, რომ ერთსა და იმავე საქმეზე ერთსა და იმავე ბრალდებულებს ერთდროულად მსუბუქ და მძიმე მუხლებს ედავებიან?

- მხარეები თანხმდებიან, რომ დიახ. ადვოკატების მტკიცებით, ეს კანონდარღვევაა, პროკურატურა საპირისპიროს ამტკიცებს, თუმცა აქვე ადასტურებს, რომ „ეს საკითხი პროცედურულად დასალაგებელი აქვთ“.

რა არის კანონდარღვევა ადვოკატების თქმით?

მოზარდის მეგობრის ადვოკატის, კახა წერეთელის თქმით, პროკურატურას არ აქვს უფლება ბრალი დაამძიმოს იმ საქმეზე, რომელიც უკვე სასამართლოში განიხილება და ის რაც ამ საქმეში ხდება, "საშიშია".

„მსგავს მექანიზმს, - როდესაც საქმე სასამართლოში არსებითად განიხილება, უეცრად იწყება პარალელური წარმოება და თან პარალელურად ხდება იმ საქმის დამძიმება, რომელიც უკვე განიხილება, - ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს“, - ამბობს წერეთელი.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის თანახმად, ბრალდების მხარეს უფლება აქვს, ზემდგომი პროკურორის თანხმობით უარი თქვას ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე, ან არსებული ბრალდება შეცვალოს უფრო მსუბუქი ბრალდებით. ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე პროკურორის მიერ უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას ბრალდებაში ან ბრალდების ნაწილში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

პროკურორი ლევან ვეფხვაძე კითხვაზე, თუ ჰქონია პრაქტიკაში მიმდინარე საქმეზე ბრალის დამძიმების შემთხვევა, რადიო თავისუფლებას არ პასუხობს, თუმცა ამბობს, რომ არ ეთანხმება ადვოკატის მტკიცებას, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დარღვეულია.

ლევან ვეფხვაძის განმარტებით ბრალი გამოყოფილ საქმეზე დამძიმდა და არა სასამართლოში მიმდინარეზე.

  • და რა ბედი ეწევა გიგა ავალიანის იმ საქმეს, რომელიც სასამართლოში განიხილება?

პროკურორი, ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ ახლა პროკურატურა პროცედურულ საკითხებს აგვარებს და მოსალოდნელია, რომ მომავალ სხდომაზე ისინი გიგა ავალიანის საქმეს სასამართლოდან გამოითხოვენ.

ამ ეპიზოდის განხილვა კი კიდევ ოთხ სხვა ეპიზოდთან ერთად თავიდან დაიწყება.

ბრალდებულების მშობლების პოზიცია

ბრალდებული მოზარდები არც პირველ ბრალს აღიარებდნენ, არც ახალს და არც დამძიმებულს.

მოზარდის მამა, ალექსანდრე გაბაშვილი ამბობს, რომ მის შვილს გიგა ავალიანის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია;

ალექსანდრე გაბაშვილი, არასრულწლოვნის [ა.გ.] მამა
ალექსანდრე გაბაშვილი, არასრულწლოვნის [ა.გ.] მამა

მოზარდის მეგობრის დედა, თინათინ პაპასკირი ამტკიცებს, რომ მისი ვაჟი ავალიანს არ შეხებია, ის მხოლოდ იღებდა და „მეგობარს თემქაზე სალაპარაკოდ გაჰყვა“;

მოზარდის მეორე მეგობრის დედის, სოფო ძნელაძის თქმით, მისი ვაჟი ჯგუფური თავდასხმის მომზადებაში ჩართული არ ყოფილა, კითხვაზე, რა უნდოდა სხვა მოზარდებტან ერთად თემქაზე თავდასხმამდე ორი დღით ადრე, პასუხობს, რომ „ სალაპარაკოდ გაყოლაზე მეგობრის თხოვნას დაეთანხმა“.

არასრულწლოვნები ძალადობის არც სხვა ეპიზოდებში მიიჩნევენ თავს დამნაშავედ.

მოზარდის მამა ალექსანდრე გაბაშვილი ამბობს, რომ მისი შვილი მხოლოდ „ლიფტში დანით გადაღებულ მოზარდში ამოიცნო“, ცემისა და ძალადობის ამსახველ კადრებში კი ვერა.

ვიდეოში მოზარდს შავტარიანი დანა უჭირავს და კამერაში, - რომელიც სავარაუდოდ მეორე ხელით თავად უჭირავს, - ამბობს: „ამას რომ დავითრევ და იმენა მოვ***ავ, უჰ“.

მოზარდის მეორე მეგობრის დედა სოფო ძნელაძე ამბობს, რომ მისი შვილი ახალი ვიდეოებიდან მხოლოდ ერთგან - „სკვერის საყოფაცხოვრებო ჩხუბში“ ჩანს;

„მე თვითონაც შოკირებული დავრჩი, იმით კი არა რომ სკვერში ბიჭებმა იჩხუბეს, ამითიც თავისთავად, მაგრამ რომ გამომეპარა, რომ ვერ გავიგე, იქვე რომ ვცხოვრობ.. როგორც ჩანს მოხდა ეს ამბავი და ვერ გავიგე... დანარჩენი, ვიღაცებს რომ ცემენ, არც აღნაგობით არც სიმართლით არც ჩაცმულობით, არც ერთი დეტალით დემეტრე არ არის“, - ამბობს ის.

„ვიდეოებში ჩემი შვილი ვერ ამოვიცანიო“, - ამტკიცებს გიორგი რიკაძის დედა, თინათინ პაპასკირიც.

ახალი საქმის გამოძიების დეტალები

სასამართლოსთვის მშობლების ვარაუდი არაფერს ნიშნავს, მთავარია, რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში.

„ამ ვიდეოკამერის ჩანაწერებთან დაკავშირებით დანიშნული იყო და მიღებული გვაქვს ხმის და გამოსახულების ექსპერტიზები და ცალსახად დადგინდა, რომ ამ ვიდეოკადრებში სწორედ ის არასრულწლოვნები მოწილეობდნენ, რომელთა დანაშაულებრივ ქმედებების გამორიცხვასაც ცდილობენ მათი მშობლები“, - თქვა პროკურორმა ქეთი სონიძემ.

მისივე თქმით, გამოკითხულია 100-ზე მეტი მოწმე, მათი და ბრალდებულების ტელეფონებში ნანახია მიმოწერები და ვიდეოები. დანიშნულია ექსპერტიზა წაშლილი და დაზიანებული ფაილებისა და შეტყობინების აღდგენაზე. გამოძიებამ წერილით „მეტასაც“ მიმართა.

„ბევრი მოწმეა, მთელი უბანი რიგრიგობით დაიბარეს. იბარებენ პატარა გოგოებს, ეუბნებიან აქედან ვერ გახვალ თუ არ დაწერ ასე და ასე, აშინებენ და აწერინებენ ჩვენებებს, 100 ადამიანამდე იყო დაბარებული და ტელეფონები ამოღებული“, - ასეთი გამოძიება ტარდება ალექსანდრე გაბაშვილის აზრით.

იგივეს ამბობს მოზარდის მეგობრის დედაც: „ვიცით, რომ დაზარალებული არ ჰყავთ, არ ვიცით რომელი ტელეფონებიდანაა კადრები ამოღებული, არსებობენ ბავშვები,რომლებიც დაკითხვაზე ჰყავდათ. [ისისნი] ამბობენ, რომ დაგვიდეს სხვადასხვა ვიდეოები და გვითხრეს, რომ ამოიცანით რომ ესენი არიან. ჩვენ ამოვიცანით, რო ეს ვიდეოები ტიკტოკ პლატფორმიდან იყო ჩამოტვირთული და ვუთხარით გამომძიებელსო“.

პროკურორიც ადასტურებს, რომ ახალ საქმეს დაზარალებული არ ჰყავს. თუმცა ამტკიცებს, რომ ძალადობის მსხვერპლების იდენტიფიცირებაზე მუშაობენ.

„საზოგადოებაში მუსირებდა აზრი, თითქოს პოლიცია არ აძლევდა სათანადო რეაგირებას და ეს ძალადობრივი ჯგუფები საზოგადოებაში თარეშობდნენ, ასე არ არის არავის მხრიდან არ ყოფილა მომართვა. რომ ყოფილიყო, ამას მიეცემოდა სათანადო სამართლებრივი რეაგირება. სამწუხაროდ, არავის მოუმართავს მსგავს ძალადობასთან დაკავშირებით, თორემ შესაძლოა, ამ შედეგების წინაშე არ აღმოვჩენილიყავით“, - განაცხადა ქეთი სონიძემ.

ვიცოდი, რომ გიგას მკვლელობაში ბრალდებულები დიდ დიღომში დიდი დაჯგუფების წევრები იყვნენ. სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა. იმ დალეწილი ხალხის მშობლებო, რატომ გეძინათ?“ - ასე გამოეხმაურა 10 თებერვალს გავრცელებულ სიახლეებს გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე.

ის ფიქრობს, რომ გამოძიება სწორ გზას დაადგა, თუმცა აქვე ამატებს, რომ „ყურადღების მოდუნებას არ აპირებს“, რადგან „პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვისაც მისი შვილის მკვლელობასთან აქვს კავშირი“.

ეკა კუპატაძე მოზარდის შეყვარებულის დაკავებასაც მოითხოვს. მან პროკურატურას განცხადებით მიმართა, დაიწყოს გამოძიება გიგა ავალიანის საქმის გამომძიებლების წინააღმდეგ, გლდან-ნაძალადევის პოლიციიდან.

ჩაეტევა პროკურატურა ვადებში?

როცა საბრალდებო სკამზე არასრულწლოვნები სხედან, პროკურატურას გამოძიების ეტაპზე და სასართლოშიც შემჭიდროვებული ვადები აქვს. მაგალითად, წინასწარ პატიმრობაში არასრულწლოვნების დაყოვნების მაქსიმალური ვადა 6 თვეა. თუ ამ დროში საქმის განხილვა არ დასრულდება, ბრალდებულები უნდა გათავისუფლდნენ და განხილვა ისე გაგრძელდეს.

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულების შემთხვევაში წინასწარი პატიმრობის ვადა ერთმანეთს რამდენიმე კვირით სცდება და საშუალოდ ოთხი თვეა. მოასწრებს პროკურატურა გამოძიების ჩატარებას და შემდეგ ხუთეპიზოდიანი საქმის განხილვას დარჩენილ ოთხ თვეში?

პროკურატურის განმარტებით, სასამართლომ პატიმრობის ვადის ათვლა ხელახლა იმ მომენტიდან დაიწყო, როცა არასრუწლოვნებს ახალ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

კითხვაზე, „წინა ოთხი თვე სად წავა სამართლებრივად?“ პროკურორი ქეთი სონიძე პასუხობს, რომ „ეს გასული ოთხი თვე უკავშირდება იმ სხვა კვალიფიკაციას, რომელზეც არსებითი განხილვა მიმდინარეობს და თუ მოხდება იმ საქმეზე სხვა გადაწყვეტილების მიღება [გულიხმობს შეჩერებას, უკან გამოხმობას - რ.თ.] ამ შემთხვევაში პატიმრობაც უნდა გაუქმდეს“.

ბრალდებული არასრულწლოვნებს უფლებების დამცველებისთვის ეს მიდგომაც არასამართლიანია.

ახალ საქმეში 25 ტომია, აქედან 11 გიგა ავალიანის შესახებ. წინა სასამართლოზე პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ ახალი მტკიცებულება მიიიტანა - სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა.

რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში?

რადიო თავისუფლებამ ინფორმირებული წყაროსგან შეიტყო ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი. დასკვნაში წერია, რომ ასფალტზე კეფის დარტყმა შუბლის ძვალს ვერ გატეხავდა და რომ გიგა ავალიანს შუბლი ბლაგვი საგნით დაუზიანდა. მუშტიც ბლაგვი საგანია - მტკიცებულების ამ შინაარს ადასტურებენ ბრალდებულების ოჯახის წევრებიც და ამტკიცებენ, რო „მისი შინაარსი გაყალბებულია“.

„ეს დასკვნა ფალსიფიცირებულია, გუგლშიც რომ დასერჩოთ ან ხელოვნურ ინტელექტს კითხოთ, იმითაც კი მიხვდებით, რომ ექსპერტები ტყუიან. შესაძლებელია, თავი ასფალტს დარტყა და შუბლის ძვალი უკნიდან წინ პრინციპი გატყდეს“, - ამბობს ალექსანდრე გაბაშვილი.

  • თუ დარტყმა არა, მაშ რა შეიძლება სიკვდილის მიზეზი გამხდარიყო?

ამ კითხვაზე მოზარდის მამის პასუხისთვის წაიკითხეთ რადიო თავისუფლების სტატია: „განაჩენი სოციალურ ქსელში გამოგვიტანეს“ - ინტერვიუ გიგა ავალიანის საქმის მთავარი ბრალდებულის მამასთან

გიგა ავალიანის მიმდინარე საქმეზე სასამართლო სხდომა 19 თებერვალს გადაუდო, ახალ საქმეზე კი წინასასამართლო სხდომა 13 თებერვალს გაიმართება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG