Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელისო კილაძეს და 5 ბრალდებულს „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდეს, - ზოგიერთს დაუსწრებლად

სასამართლო სხდომა დაიხურა - ადვოკატებს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი
სასამართლო სხდომა დაიხურა - ადვოკატებს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი

„ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელ ელისო კილაძეს, ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, ბიზნესმენ ძმებ მიქაძეებსა და „ქოლცენტრების საქმეზე“ სხვა ბრალდებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა.

გადაწყვეტილება დღეს საღამოს, 19 თებერვალს დახურულ სხდომაზე გამოაცხადა მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ.

პროკურატურის მოთხოვნით და მოსამართლის დასტურით, საქმის დეტალები საზოგადოებისთვის უცნობი რჩება.

ამ საქმეს ათი ბრალდებული ჰყავს. პროკურატურამ 6 მათგანისთვის მოითხოვა „წინასწარი პატიმრობა“ - 4-მა გამოძიებასთან ითანამშრომლაო.

პატიმრობა მიესაჯათ:

  • ელისო კილაძეს - რომელიც 18 თებერვალს დააკავეს;
  • ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს - დაუსწრებლად; მისთვის აქამდეც ჰქონდათ დაუსწრებლად პატიმრობა შეფარდებული „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით;
  • გიორგი მიქაძეს - თუმცა ის უკვე არის რუსთავის ციხეში, „წინასწარ პატიმრობაში“ - ისიც ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით;
  • დავით (დათუნა) მიქაძეს - ასევე დაუსწრებლად; იგივე ბრალდება აქვს, რაც მის ძმას (აქვს დამატებით ორი ბრალდებაც);
  • მიხეილ ჩოხელს - ფარცხალაძის დიდი ხნის მეგობარს, ფინანსური პოლიციის ყოფილ უფროსსა და საბაჟოს ყოფილ მაღალჩინოსანს, რომლის ქონებიდანაც ოქტომბერში 2.9 მილიონი აშშ დოლარი „ამოიღეს“;
  • ირაკლი სეხნიაშვილს - პროკურატურის ცნობით, მათთან დაკავშირებული პირს.

ოთარ ფარცხალაძე, დათუნა მიქაძე, მიხეილ (მიშა) ჩოხელი და ირაკლი სეხნიაშვილი მიმალვაში არიან.

დახურული სხდომა და „გაუთქმელობა“

მანამდე სასამართლო სხდომა დაიხურა.

შუამდგომლობა სხდომის დახურვის შესახებ პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა დააყენა, რაც მოსამართლე ბარბაქაძემ, დაცვის მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად, დააკმაყოფილა.

შესაბამისად, სხდომაზე განვითარებული მოვლენები და საქმის დეტალები საზოგადოების უცნობი რჩება - არ დაიშვება არც მედია.

ამასთან, ბრალდებულების ადვოკატებს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი - რაც ნიშნავს რომ საჯაროდ საქმის დეტალებზე საუბარი აეკრძალათ.

პროკურორმა ასე დაასაბუთა სხდომის დახურვის მოთხოვნა:

„მოწმეების გამოკითხვით იკვეთება ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების ბრალეულობის საკითხი და მოწმის ჩვენებების გამჟღავნებით შესაძლოა საფრთხე შეექმნათ მათ და ოჯახის წევრებს, - იქამდე სანამ საქმე მიმდინარეა“.

მისი თქმით, „ამ საქმის დეტალები არ უნდა გავრცელდეს ფართოდ, მოწმის ან მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვის მიზნით“.

„მედიაში უკვე გავრცელებულია სახელი და გვარები, მაგრამ ამ საქმეზე სხვა პირებიც არიან გამოკითხულები“, - თქვა პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა.

ელისო კილაძემ სხდომის დახურვის შუამდგომლობას ასე უპასუხა:

„რატომ უნდა დაიხუროს სხდომა? რას ვმალავ ჩემი კოლეგებისგან და ჩემი თანამშრომლებისგან? დარბაზში ჩემი კოლეგები და თანამშრომლები სხედან და მე მინდა რომ ამ ადამიანებს პირდაპირ და ღიად ველაპარაკო“.

„რაც პროკურატურას უნდა, იმაზე საჯაროდ ლაპარაკობს და რაც მას არ უნდა, იმაზე სხვა ადამიანებს ართმევს საუბრის საშუალებას“, - თქვა კილაძემ.

დახურვის შუამდგომლობას არც სხვა ბრალდებულთა ადვოკატები ეთანხმებოდნენ.

რა თქვა ელისო კილაძემ

ელისო კილაძემ გაიმეორა ის, რაც დაკავების დღეს დაწერა ჟურნალისტებისთვის გაგზავნილ წერილში:

„ჩემით დაინტერესებულია სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე“.

კილაძემ ასევე განაცხადა, რომ „გენერალური პროკურორი [გიორგი გვარაკიძე] არის მისი დანიშნული, მისი მეგობარი და კურსელი“.

  • რადიო თავისუფლებას დამოუკიდებლად არ გადაუმოწმებია მდინარაძე-გვარაკიძის ურთიერთობა; მდინარაძის მეგობარია შინაგან საქმეთა მინისტრი გელა (გეკა) გელაძე;
  • გვარაკიძე 2025 წლის 24 ივნისს სადავო პარლამენტმა აირჩია 6 წლის ვადით.

„მესმის ყველაფერი, რომ ეს საჯაროობა თქვენს ინტერესებში არ შედის, მაგრამ საჯაროობა შედის ჩემს ინტერესებში. იმიტომ, რომ მე ამ რეპუტაციით ამ ქვეყანაში ცხოვრებას არ ვაპირებ“, - თქვა ელისო კილაძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ „საპროცესო გარიგებაზე, არანაირ აღიარებაზე და არანაირ კომპრომისზე“ არ არის თანახმა.

„იმიტომ, რომ სასწორზე დევს ჩემი, როგორც ჟურნალისტის სახელი და გვარი და მე ამ ცხოვრებაში არაფერი მეტი არ შემიქმნია“, - განაცხადა მან.

„ჩემი დანაშაულია, რომ ჯანგველაძის მკვლელობას ვაშუქებდი“ - კილაძე

მან ასევე გაიმეორა, რომ არ იცნობს ოთარ ფარცხალაძესა და მიხეილ ჩოხელს; რომ გიორგი ჯოხაძე მისი სხდომების გაშუქებისას გაიცნო, ხოლო დათუნა მიქაძე და ირაკლი სეხნიაშვილი მისი მეგობრები არიან.

„ანუ ჩემი დანაშაული ამ საქმეში არის ის, რომ დათუნა მიქაძის მეგობარი ვარ და [ლევან] ჯანგველაძის მკვლელობას ვაშუქებდი ისე, როგორც ვაშუქებდი“, - თქვა მან.

იგი პროკურატურის ვერსიას ეწინააღმდეგებოდა და აცხადებდა, რომ საქმე „შეკერილი საქმე ჩამოუშალა“, - რასაც პროკურატურა უსაფუძვლო ბრალდებად მიიჩნევდა.

„და მაინც გავაგრძელებ მაგის გაშუქებას როგორმე“, - თქვა დღეს კილაძემ.

კილაძე დაკავების ეპიზოდზე

კილაძე 18 თებერვალს, დილის 9-დან 10 საათამდე შუალედში დააკავეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქუჩაში.

„დამაკავეს ისე, თითქოს ვიღაც კრიმინალური ავტორიტეტი ვიყო, „სპეცრაზმის“ გამოყენებით, ჯავშანჟილეტებით, ჯაჯგურით და ათასი უბედურებით“, - თქვა კილაძემ.

ვინ ითანამშრომლა გამოძიებასთან

პროკურატურას პატიმრობა არ მოუთხოვია ოთხი ბრალდებულის შემთხვევაში. ესენი არიან:

  • ბენ ანორი - ქუთაისელი ბიზნესმენი (ამჟამად ისრაელის მოქალაქე), რომელსაც კილაძესთან საოფისე ფართის გამო დაპირისპირება ჰქონდა;
  • გივი ჯიბლაძე, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე - ისინი სკანდალში გახვეულ დეველოპერულ კომპანია „სვეტთან“ არიან დაკავშირებულები.

რას ედავებიან კილაძეს

18 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ელისო კილაძეს უწოდა „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებით არსებული „ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი“.

პროკურატურის ვერსიით, ამ „ჯგუფის“ მიერ მართული „ქოლცენტრების“ საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, საქმეში ელისო კილაძე ერთვებოდა:

„სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით, ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას“, - განაცხადა სადრაძემ.

„ამავდროულად, იმ კონკურენტი ქოლ-ცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ მათი გავლენის ქვეშ მოქცეული, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით გადმობირებისთვის სათანადო პირობების შექმნა“, - ასეთია პროკურატურის ბრალდება, რასაც დაცვის მხარე უარყოფს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG