Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე დააკავეს

ელისო კილაძე დააკავეს. ფოტო არქივიდან
ელისო კილაძე დააკავეს. ფოტო არქივიდან

ელისო კილაძე, - გამოცემების, „ქრონიკა პლუსის“ და „სინიუსის“ მთავარი რედაქტორი დააკავეს. იგი ბრალდებებს უარყოფს და ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.

11:15 - განახლება: პროკურატურის ცნობით, ელისო კილაძეს, - რომელიც დღეს დილას დააკავეს, - ედავებიან ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებთან ერთად თაღლითობასა და ფულის გათეთრებას - „ქოლცენტრების საქმეს“.

ინფორმაცია კილაძის დაკავების შესახებ თავდაპირველად „ტვ პირველმა“ გაავრცელა, - ჟურნალისტი დღეს, ოთხშაბათ დილას, 18 თებერვალს, სპეცდანიშნულების რაზმმა დააკავა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან.

დაკავება, სავარაუდოდ, დილის 9-დან 10 საათამდე პერიოდში მოხდა - კილაძეს ფეისბუკზე ბოლო პოსტი დღეს დილას 8:53 საათზე აქვს გამოქვეყნებული და შესაძლო დაკავების შესახებ არაფერი დაუწერია.

სოციალურ ქსელებში ასევე გავრცელდა დაკავების ამსახველი ვიდეოკადრებიც, სადაც ჩანს რომ „ქრონიკა პლუსის“ და „სინიუსის“ მთავარ რედაქტორს მისი საცხოვრებელი კორპუსის წინ აკავებენ. ეკიპირებული სამართალდამცველების უმეტესობას უკეთია ნიღბები და ამოსაცნობ ნიშნად აწერია "საგამოძიებო სამსახური".

პროკურატურაში 11:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ელისო კილაძეს ედავებიან „ფარცხალაძე-მიქაძეების ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას“.

კილაძის უფლებადამცველს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

  • ელისო კილაძე ბოლო პერიოდში აქტიურად აშუქებდა კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ მიმდინარე გამოძიებასა და სასამართლო პროცესებს.
  • ის ამბობდა, რომ არის ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებისთვის ბრალდებული დავით მიქაძის მეგობარი.

კილაძე: „ცხადია, ბრალს არ ვაღიარებ“

დაკავების შემდეგ რამდენიმე საათში გავრცელდა ელისო კილაძის ხელნაწერი, ფურცელი, სადაც იგი ბრალდებას მოგონილს უწოდებს და თავის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.

„რაც შეეხება ბრალს, ცხადია, არ ვაღიარებ“, - წერია კილაძის მიერ მედიის წარმომადგენლებისთვის ადვოკატის საშუალებით გაგზავნილ წერილში.

„ბრალი მედება [თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით] კეზერაშვილის ქოლცენტრების მხილებაში, კონკურენტებს ანადგურებსო“, - ასეთია კილაძის ინტერპრეტაცია ბრალდებასთან დაკავშირებით.

კილაძე ასევე წერს, რომ „ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე ჩამოიშალა“ და მან „ყველა შეკერილი ბრალი ამხილა“, რის გამოც „საჭირო ახალი ბრალი, რათა საზოგადოებამ ვერ გაიგოს სიმართლე“.

„ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ, არც მიშა ჩოხელს. გიორგი მიქაძე პროცესზე გავიცანი, დავით მიქაძის მეგობრობა აღიარებული მაქვს“, - წერს კილაძე.

„არანაირი დანაშაულებრივი ჯგუფი არ არსებობდა, არც შენობაში ქოლცენტრების არსებობა ვიცოდი“, - აცხადებს იგი.

ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად „ტვ პირველს“ ეყრდნობოდა, რამდენჯერმე განახლდა დამატებითი ცნობებით პროკურატურის ბრალდების შესახებ, ასევე, ელისო კილაძის საპასუხო წერილის დეტალებით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG