მიზნებზე არავინ დავობს, მაგრამ ექსპერტები, რომლებსაც რადიო თავისუფლება ელაპარაკა, ამბობემ, რომ დაგეგმილი ცვლილებები დასახელებულ პრობლემებს ვერ აღმოფხვრის და შესაძლოა ახალი პრობლემებიც წარმოშვას.
რა იგეგმება?
კანონპროექტი უკვე ინიციირებულია. აკრძალვა 1 აპრილიდან ამოქმედდება. ის შეეხება მსუბუქ მანქანებს [M1 კატეგორია - არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილი, მძღოლის გარდა].
არ შეეხება ელექტრომობილებს; ავტომობილების რეექსპორტს, ტრანზიტს, ექსპორტს.
შეზღუდვა არ შეეხება საქართველოში უკვე რეგისტრირებულ ავტომობილებს; ასევე იმ ავტომობილებს, რომელებიც 1 აპრილამდე უკვე ნაყიდია და ტრანსპორტირება დაწყებულია საქართველოს მიმართულებით. ეს ყველაფერი მფლობელმა შესაბამისი დოკუმენტებით უნდა დაადასტუროს.
12 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 6 წელზე ძველი ავტომობილების საქართველოში რეგისტრაციის აკრძალვა აუცილებელია ამ არგუმენტებით:
- 2012 წელს საქართველოში 864 ათასი ავტომობილი იყო რეგისტრირებული, ხოლო წლევანდელი მონაცემებით - რეგისტრირებული მანქანების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა.
- ასეთი ზრდა, ერთი მხრივ, იწვევს საგზაო მოძრაობის გადატვირთვას, ხოლო, მეორე მხრივ, აუარესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას.
“ეს არის მნიშვნელოვანი ეკოლოგიისთვის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის და კომფორტული გადაადგილებისთვის“ - თქვა კობახიძემ.
“არაფერი არ არის იმაზე ძვირფასი, ვიდრე ადამიანების ჯანმრთელობა, რომელზეც პირდაპირ აისახება, მათ შორის - გარემოს მდგომარეობა”, “გარემოს მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება ავტომობილების რაოდენობა, ხარისხი, მათი - ასე ვთქვათ - ცვეთა, გამონაბოლქვი” - თქვა სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პროსახელისუფლებო "იმედის" ეთერში.
ვისაც ჰაერის დაბინძურებაში ეჭვი ეპარება, პაპუაშვილი სთავაზობს შემაღლებული ადგილიდან გადმოხედოს თბილისს.
მიზნები და რეალობა
საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში სულ 1 914 908 ავტომობილი იყო რეგისტრირებული. თუმცა ექსპერტებისთვის ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ეს ავტომობილი გზებზეა გამოსული. სხვადასხვა წყაროს თანახმად, წლების განმავლობაში, ტექნიკურ დათვალიერების გავლას რეგისტრირებული ავტომობილების დაახლოებით ნახევარი ახერხებდა; აქედან მხოლო 30%-ზე მეტი - პირველ ცდაზე ვერ.
ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში რეგისტრირებული საავტომობილო პარკის უდიდეს ნაწილს 10 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილები წარმოადგენს - 1 541 196 ; ხოლო 2-დან 5 წლამდე სეგმენტში - 61 335 ავტომობილია რეგისტრირებული.
“საქართველოში 5.2% ფლობს 5 წლამდე ავტომობილს. ეს ხომ იმით არ არის გამოწვეული, რომ მათ 95%-ს უბრალოდ გადაწყვეტილი აქვთ - ჰყავდეთ ძველი, ვთქვათ - კლასიკური ავტომობილი. ეს უფრო იმას აჩვენებს, რომ მათ ფინანსურად არ შეუძლიათ უფრო ახალი ავტომობილის შეძენა”, - ეუბნება ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ალექსი ნონიაძე რადიო თავისუფლებას. ასეთ პირობებში მისთვის წარმოუდგენელია ავტოპარკის განახლება, რადგან მძღოლების უდიდეს ნაწილს რჩებათ ერთადერთი არჩევანი - “ძველი ატომობილებიდან, შედარებით უკეთეს, მაგრამ ასევე ძველ, ადგილზე ნაყიდ ავტომობილზე გადაჯდნენ”.
“თუ არ განახლდება და გაუმჯობესდება ავტოპარკი, ლოგიკურად - არ გაუმჯობესდება ჰაერის მდგომარეობა. გამოდის, რომ ამ ორ მიზანს [რასაც "ოცნება" აცხადებს] ვერაფრით ვაღწევთ”.
დაგეგმილი ცვლილებების შედეგად, ნონიაძე ვარაუდობს, რომ: შემცირდება იმპორტის მოცულობა; გაძვირდება როგორც მომავალში ჩამოსაყვანი, ასევე საქართველოს ბაზარზე უკვე არსებული ავტომობილები; დაიხურება ლოგისტიკური კომპანიების დიდი ნაწილი და უმუშევრად დარჩება ბევრი დილერი.
დაგეგმილმა ცვლილებებმა დიდწილად უარყოფითი რეაქციების გამოიწვია, ტაქსის მძღოლებში, რომლებსაც ტექნიკური დათვალიერების გავლა წელიწარში ორჯერ უწევთ. მძღოლებმა, რომლებსაც რადიო თავისუფლება დაელაპარაკა, სახელისა და გვარის გამჟღავნება არ ისურვეს:
- “რა დროს ეს არის, ისედაც ისეთი გაძვირებულია ცხოვრება. დღეში 50 და 70 ლარს რომ აკეთებ, 6 წელზე ახალი მანქანა როგორ უნდა ჩამოიყვანო ადამიანმა”.
- “დაჯდებიან მდიდრები ახალ მანქანებზე, ცენტრებიდან გამოიყვანენ. შენ კიდე იძულებული გახდები, მაგათი გამონაცვალი მანქანები იყიდო. 20 ათასები უბრალო ხალხს არ ულაგია სახლში - საყიდლად კრედიტიც უნდა აიღო”.
- “ვითომ ხალხისთვის კეთდება და სინამდვილეში ცდილობენ, რომ კიდევ უფრო დამოკიდებული გაგხადონ, მიგიბან”.
ვისაც სიახლე მოსწონს, სოციალურ ქსელებში ასეთ არგუმენტებს იშველიებენ:
- არ არის აუცილებელი ქართველებმა მაინცდამაინც “მერსედესით” იარონ;
- გაიწმინდება ჰაერი;
- ნორმალურად ვისუნთქოთ;
- ცოტა ჩამოიყვანს მანქანას; ახლებს იყიდიან უფრო.
- თბილისში საცობები აღარ იქნება.
“საქართველო არ არის მარტო თბილისი. რა დისკრიმინაციია” - პასუხობენ სხვები.
გაიზრდება თუ არა საგზაო უსაფრთხოება?
სპეციალისტების აზრით, ახალმა რეგულაციებმა მძღოლებს შესაძლოა კიდევ ერთი, არცთუ სახარბიელო გამოსავლის ძიებისკენ უბიძგოს.
“თუკი ადამიანები დღეს ყიდულობენ ავტომობილებს 10 წლის ფარგლებში - ტექნიკურად გამართულს, არა დაზიანებულს [ნაავარიებს], ამ რეგულაციის შემდეგ, მათ მოუწევთ შეიძინონ შედარებით ახალი ავტომობილი, მაგრამ ტექნიკურად დაზიანებული, ანუ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე. შემდეგ მათ მოუწევთ ამ ავტომობილის აღდგენა, მაგრამ უსაფრთხოების პარამეტრები აღარ იქნება სანდო, როგორც ეს ავარიამდე იქნებოდა”, - საგზაო უსაფრთხოების ექსპერტი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი “ნაციონალური მოძრაობიდან”, ვასო ურუშაძე გვეუბნება, რომ ასეთი მიდგომა დადებით გავლენას ვერ მოახდენს გახშირებული ავარიებისა და მაღალი მსხვერპლის სამწუხარო სტატისტიკაზე.
ალექსი ნონიაძე ფიქრობს, რომ ავტომობილის მდგომარეობა არა ასაკით, არამედ - სწორედ მისი ტექნიკური მდგომარეობით უნდა განისაზღვროს.
“მაშინ რაში გვჭირდება ტექდათვალიერება, თუკი პირდაპირ ასაკით ვსაზღვრავთ და ვაწესებთ ცენზს?! განვითარებულ ქვეყნებში ტექნიკურ მდგომარეობას აქცევენ ყურადღებას…7 წლის “ფერარის” ან “ბენტლის” ყიდვა რომ უნდოდეს ადამიანს - რატომ ვერ უნდა იყიდოს?! აბსურდამდე მივდივართ… მოქალაქეს უფლება აქვს, როგორი ავტომობილიც უნდა, ისეთი შეიძინოს - შენ [მთავრობამ] უნდა უთხრა - რა ტექნიკური პარამეტრები უნდა დააკმაყოფილოს” - ალექსი ნონიაძისთვის ახალი ცვლილებები ნაწილობრივ იმის აღიარებაც არის, რომ - საქართველოში ტექდათვალიერების სისტემამ არ გაამართლა. გვეუბნება, რომ კარგად მოვლილმა 20 წლის მანქანამ შესაძლოა ცუდად მოვლილ, დაბალი კლასის 2 წლის მანქანასაც აჯობოს.
თუმცა ეს საკითხი სადავოდ მიაჩნიათ სხვებს.
ავტო-ინსპექტირება [ტექდათვალიერება] აუცილებელი პროცედურაა, თავის არიდება ჯარიმებს იწვევს. მოქმედი რეგულაციები: M1 კატეგორიის ავტომობილი ტექდათვალიერებას საჭიროებს ოთხი წლის შემდეგ, გამოშვების თარიღიდან; შემდეგ კი - ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. გამოშვების თარიღიდან 8 წლის გასვლის შემდეგ − ყოველ წელიწადს.
ჩინური მანქანები?
“ვფიქრობ მათ მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ ჩინური ავტომობილების ოქროდ გასაღება. ეს კანონი პრობლემას არ და ვერ აღმოფხვრის”.
“ეს შეიძლება ჩინური ავტომობილებისთვის მწვანე შუქის ანთება იყოს” - მწვავე დისკუსიებში, რაც “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ ცვლილებებს მოჰყვა, სოციალურ ქსელებში დომინირებს ვარაუდი, რომ შესაძლოა, ახალმა ცვლილებებმა ქართულ ბაზარზე ჩინური მანქანების მოზღვავება გამოიწვიოს; მით უფრო, რომ - აკრძალვა ელექტრონულ ავტომობილებს არ შეეხება.
“თუ ბოლო წლების ტენდენციას გადავხედავთ, როცა აგრესიული მარკეტინგით შემოვიდნენ ჩინური ავტომობილების მწარმოებლების დილერი კომპანიები საქართველოში, არ არის გამორიცხული, რომ ეს [ცვლილებები] მათ ინტერესებში შედიოდეს, რადგან 6 წლამდე ამერიკული და ევროპული ავტომობილების ღირებულება ფაქტობრივად უტოლდება ახალი თუ შედარებით ახალი ჩინური ავტომობილების ღირებულებას”, - ვასო ურუშაძე არ გამორიცხავს, რომ ეს იყოს "ლობიზმის ან კორუფციული გარიგების" საფუძველზე მიღებული ინიციატივა.
ალექსი ნონიაძე ჩვენთან საუბრისას იხსენებს ჩინელი ბიზნესმენების დელეგაციის სტუმრობას იმპორტიორთა ასოციაციაში და შემდეგ საპასუხო სტუმრობას - ჩინეთში, როცა - მეორადი ავტომობილების ფასებსა და შესყიდვის პირობებს გაეცნენ. გვიხსნის, რომ ჩინურ კომპანიებს ხშირად მეორად ავტომობილებად აქვთ გაფორმებული სულ ახალი, მაგრამ ბაზარზე არამოთხოვნადი ავტომობილები - შედარებით დაბალ ფასად, თუმცა - გარანტიების გარეშე. ასეთი ავტომობილების ყიდვა, მისი თქმით - სარისკო იმიტომაც არის, რომ "ჩაწოლილი" სერიის ავტომობილების წარმოებას ჩინეთში მალევე წყვეტენ და შესაძლოა, ასევე მალევე - მათი სათადარიგო ნაწილების პრობლემა შეიქმნას.
ნონიაძე იხსენებს ასევე, რომ ჩინელმა ბიზნესმენებმა უარი თქვეს ავტომობილების ექსკლუზიურ დაბალ ფასად მიცემაზე საქართველოსთვის - როგორც ჰაბისთვის - რათა მერე ეს ავტომობილები რეგიონის მასშტაბით გაყიდულიყო.
სპეციალისტების შეფასებით, ჩინური ავტომობილები საქართველოში პოპულარობით არ სარგებლობს, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ “ეს მოთხოვნა თანდათან ხელოვნურად შეიქმნას”.
რას ითხოვენ ძირითადად?
2025 წელს საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მოწინავე სამეულშია: TOYOTA, MERCEDES-BENZ და FORD. ამ ბრენდებს მძღოლები ხშირად გამძლეობითა და ნაკლები პრეტენზიებით გამოარჩევენ.
Hoa Auto Import-ს საქართველოში მეორადი ავტომობილები შემოჰყავს. მენეჯერი, გიორგი ხურცილავა გვეუბნება, რომ ძირითადი მოთხოვნა „ბიუჯეტურ ავტომობილებზე მოდის“, რადგან მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია „ეკონომიის გაკეთება“ და ავტომობილის უფრო იაფად შეძენა, „ვიდრე ადგილობრივ ბაზარზე იყიდება“.
„მოთხოვნის ძირითადი წილი მოდის ავტომობილებზე 7-8 ათასი დოლარის ფარგლებში".
და რა შეიცვლება ახალი რეგულაციების შემდეგ, 1 აპრილიდან?
"თუ ავიღებთ 2015 წლიან E კლასის MERCEDES-ს, რომლის საფასური ჩამოყვანის შემთხვევაში მერყეობს 8-9 ათასი დოლარის ფარგლებში, უკვე 2020 წლის MERCEDES-ი 10 ათასი დოლარით მეტი მაინც ეღირება“ - გვეუბნება ხურცილავა; თუმცა იმედი აქვს, რომ მათი კომპანია, ცვლილებების შემდეგაც შეძლებს, მომხმარებლებს იმავე ბიუჯეტით შესთავაზოს სხვა ბრენდების - "კომფორტული", "ენერგოეფექტური", „მაღალი კომპლექტაციის“ ავტომანქანები. მის ჩამონათვალშია, მაგალითად: Hyundai, KIA, Renault.
ასევე გვეუბნება, რომ - კომპანია ამჟამად ყურადღებით სწავლობს სამხრეთ კორეის ბაზარს და ჩინეთიც "აქტუალურია" - მაგრამ ელექტრო მანქანების ყიდვა ნაკლებად პოპულარულია თბილისში - სადაც ადამიანები ძირითადად მრავალსართულიან კორპუსებში ცხოვრობენ და მანქანების ყოველდღიური დამუხტვა დისკომფორტს უქმნის.
იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ცუდ მხარეებთან ერთად, რაზეც ბევრი ლაპარაკობს, ცვლილებებს შეიძლება ჰქონდეს კარგი მხარეც - მაგალითად, "უფრო წახალისდება ადგილობრივი ბაზარი და გაიყიდება უკვე შემოყვანილი ავტომობილები".
რეექსპორტი
როგორც გამოცხადდა, ცვლილებები რეექსპორტს არ შეეხება; თუმცა, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ახალი რეგულაციები პრობლემებს მაინც შეუქმნის რეექსპორტზე მომუშავე ქართველ დილერებს.
“ქართველ დილერს რეექსპორტზე მანქანა რომ შემოჰყავდა, თუ არ გაეყიდებოდა, უკიდურეს შემთხვევაში, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდდა მაინც. ახლა, ამ ცვლილებებით ამას ვეღარ გააკეთებს, თუკი მანქანა 6 წელზე მეტის იქნება. რომ შემოიყვანოს 7 წლის მანქანა და რეექსპორტზე ვერ გაყიდოს, სად უნდა წაიღოს?!”, - გვიხსნის ალექსი ნონიაძე.
ის ხედავს საფრთხეს, რომ ამ მდგომარეობით ისარგებლებენ, ისედაც დომინანტი - ყირგიზი და ყაზახი დილერები და შესაძლოა ბაზარი მთლიანად მათ დარჩეთ, რადგან 6 წელზე ხანდაზმული მანქანების შემოტანას ქართველი დილერები აღარ გარისკავენ და ბაზარს მნიშვნელოვანწილად დაკარგავენ.
- მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში აკრძალულია 2013 წელზე უფრო ძველი ავტომობილების შემოტანა.
- ეს ცვლილება 2024 წლიდან შევიდა ძალაში - 10 წელზე ძველი ავტომობილების შემოყვანა აიკრძალა.
- ახლა ზღვარი 2020 წელზე ივლება - 6 წელზე ძველი ავტომობილები იკრძალება.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება აცხადებს, რომ გაუმჯობესებისკენ "ეტაპობრივი ცვლილებებით" მიდის.
“[დაგაგმილი ცვლილებები] გაუმართლებელია იმ პირობებში, როცა არ არსებობს გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მოსახლეობის დიდი ნაწილი სოციალური სიდუხჭირის გამო მოკლებულია არა თუ ახალი მანქანების შეძენის ფუფუნებას, არამედ ბევრად საბაზისო საყოფაცხოვრებო პრობლემების წინაშეა – კვება, ჯანდაცვა და ა.შ.” - წერს ფეისბუკპოსტში პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი სადავო პარლამენტში - გიორგი შარაშიძე.
ის ყურადღებას ამახვილებს “მორალურ მხარეზეც” და წერს, რომ - “ამ ინიციატივით გამოდის კორუმპირებული ოცნება, რომლის მთავრობისა და პარლამენტის წევრთა უმრავლესობა ძვირადღირებული, ხშირ შემთხვევაში 200 ათას ლარზე მეტი ღირებულების, მაღალი კლასის მანქანებით გადაადგილდება და მათი პირადი საოჯახო ავტოპარკის ჯამური ღირებულება მათივე დეკლარაციების თანახმად ხშირად რამდენიმე მილიონია”.
ფორუმი