Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა

ფოტოილუსტრაცია: ირაკლი კობახიძე და მოჯთაბა ხამენეი
ფოტოილუსტრაცია: ირაკლი კობახიძე და მოჯთაბა ხამენეი

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მოჯთაბა ხამენეის ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერად არჩევას ულოცავს.

მილოცვის წერილის ტექსტი მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე გამოქვეყნდა.

„საქართველოს მთავრობის სახელით, გილოცავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევას. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას და ხალხს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პარტნიორულ ურთიერთობებს. ირანელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას", - წერია კობახიძის მილოცვაში.

2026 წლის 8 მარტს ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოჯთაბა ხამენეი. ის „ექსპერტთა ასამბლეამ“ აირჩია, მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის მუქარისა, რომ წინ აღუდგებიან მის დანიშვნას. მოჯთაბა ხამენეი ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად მოკლული აიათოლა ალი ხამენეის მეორე ვაჟია.

კიდევ ვინ და როგორ მიულოცა მოჯთაბა ხამენეის ირანის ეზენაეს ლიდერად არჩევა?

ირაკლი კობახიძემდე, 10 მარტისთვის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევა მოჯთაბა ხამენეის მიულოცეს: რუსეთის, ბელარუსის, ტაჯიკეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა, ერაყის პრემიერმინისტრმა, ომანის სულთანმა, აგრეთვე - იემენელმა ჰუთებმა და ლიბანის ჰეზბოლამ. ეს უკანასკნელი აცხადებს, რომ მოჯთაბა ხამენეის არჩევის გადაწყვეტილება არის „სწრაფი და ბრძნული“ და რომ ეს იყო გადამჭრელი პასუხი ირანის მტრებისთვის - „ისლამურ რესპუბლიკას, მის ლიდერსა და ხალხს არ ეშინია საფრთხეების“.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ასე მიმართავს ირანის ახალ უმაღლეს ლიდერს:

„ახლა, როცა ირანი უპირისპირდება შეიარაღებულ აგრესიას, თქვენი მოღვაწეობა ამ მაღალ თანამდებობაზე, უდაოდ, მოითხოვს დიდ სიმამაცესა და თავდადებას“

პუტინმა გამოხატა რწმენა, რომ მოჯთაბა ხამენეი ღირსეულად გააგრძელებს მამის საქმეს. რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერი შეაკავშირებს ისლამური რესპუბლიკის ხალხს „მკაცრი განსაცდელის წინაშე“.

რუსეთის პრეზიდენტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მოსკოვის მხარდაჭერა და სოლიდარულობა თეირანის მიმართ უცვლელია. რუსეთი არის და იქნება ირანის სანდრო პარტნიორი.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო უწყების სპიკერმა 9 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოჯთაბა ხამენეის არჩევა „არის ირანის მიერ ამ ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება“ და რომ „ჩინეთი სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევის წინააღმდეგია, ნებისმიერი მიზეზით. ირანის სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს. ჩინეთი გამოდის სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტის, რაც შეიძლება მალე დიალოგსა და მოლაპარაკებებთან დაბრუნებისა და შემდგომი ესკალაციისა და დაძაბულობის თავიდან აცილებისკენ მოწოდებით“.

სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მისალოც გზავნილში მილოცვის შემდეგ აღნიშნულია:

„დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთსა და ირანს შორის ძლიერი კავშირების განვითარება გაგრძელდება, მიაღწევს ახალ წარმატებას.

ვიყენებ ამ შესაძლებლობას და ვუსურვებ ირანის მეგობარ ხალხს კეთილდღეობასა და ხანგრძლივ მშვიდობას“.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოჯთაბა ხამენეისთვის გაგზავნილ მისალოც წერილში განაცხადა:

„გილოცავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს სასულიერო ლიდერად არჩევას.

მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო თანაგრძნობა მამათქვენის - მისი უწმინდესობა აიათოლა სეიდ ალი ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლესი სულიერი ლიდერის ტრაგიკული გარდაცვალების გამო

აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთობები ჩვენი ხალხების ნებიდან იღებს სათავეს, რომლებიც ისტორიულად ცხოვრობენ კეთილმეზობლურად და მეგობრულად. გამოვთქვამ იმედს, რომ მივმართავთ ერთობლივ ძალისხმევას ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გასავითარებლად, ურთიერთპატივისცემისა და ნდობის სულისკვეთებით, ჩვენი ხალხების ინტერესების შესაბამისად“. აზერბაიჯანის ლიდერი „მოძმე ირანის ხალხს“ უსურვებს „მშვიდობასა და სიმშვიდეს“.

ბელარუსის პრეზიდენტი ალიაკსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა სამართლიანად იკავებს განსაკუთრებულ ადგილს კაცობრიობის ცივილიზაციურ მემკვიდრეობაში:

„ირანის ხალხის ერთგულება ტრადიციების მიმართ, ნებისმიერი განსაცდელის მიმართ მედეგობა და დამოუკიდებელი განვითარებისკენ სწრაფვა იწვევს გულწრფელ პატივისცემასა და აღიარებას“. ლუკაშენკა მიმართავ მოჯთაბა ხამენეის: „თქვენ ქვეყანას სათავეში ჩაუდექით განსაკუთრებით რთულ მომენტში. ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით ირანი გააგრძელებს დამოუკიდებლობის დაცვის, სტაბილური ზრდის უზრუნველყოფის, სულიერი მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და საერთაშორისო ასპარეზზე თავისი როლის განმტკიცების გზით სვლას.

ლუკაშენკას სიტყვებით, ბელარუსი და ირანი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინარჩუნებენ მტკიცე მეგობრულ კავშირებს, რომლებიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და ნდობას.

„ძალიან ვაფასებთ პარტნიორულ ურთიერთობებს თეირანთან და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ყველა დონეზე კონტაქტების შემდგომ გაფართოებას“

ლუკაშენკამ ხამენეის უსურვა ჯანმრთელობა, სიბრძნე და წარმატებები, ირანის ხალხს კი - მშვიდობა, სიმამაცე და ერთიანობა.

ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი აცხადებს, რომ „მაღალ შეფასებას“ აძლევს „ირანის კონსტრუქციულ როლს რეგიონსა და მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის გაძლიერებაში“.

საქართველოს მთავრობის პოზიცია

ისრაელისა და შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ [2026 წლის 28 თებერვალი] „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიუსამძიმრა ირანსაც და ისრაელსაც და სოლიდარობა გამოუცხადა სპარსეთის ყურის ქვეყნებს.

2 მარტის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ეს კონფლიქტი საფრთხეს უქმნის რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.

საქართველოში, ირანის საელჩოში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ [არაა დაზუსტებული, რომელმა] სამძიმრის წიგნში ჩანაწერიც დატოვა.

მანამდე საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "ყურადღებით” და “ღრმა შეშფოთებით” ადევნებს თვალს ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას.

56 წლის ხამენეის - შიიტ სასულიერო პირს, რომელსაც გავლენები აქვს უშიშროების ძალებზე და მათ უზარმაზარ ბიზნესიმპერიაზე - მიუღებლად მიიჩნევს ტრამპი, რომელიც ირანისგან უპირობო დანებებას მოითხოვს. მედიასთან საუბარში ტრამპმა "დიდი შეცდომა" უწოდა ხამენეის არჩევას.

ისრაელი აცხადებდა, რომ მოკლავს ნებისმიერ პირს, რომელსაც უფროსი ხამენეის შემცვლელად დაასახელებდნენ, თუ ირანი არ შეწყვეტს მტრული ნაბიჯების გადადგმას.

ირანის გავლენიანმა ძალამ, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ (IRGC) ახალ უზენაეს ლიდერს, მოჯთაბა ხამენეის, დაუყოვნებლივ გამოუცხადა ერთგულება. ხამენეის არჩევას ასევე მიესალმა რეგულარული არმიის ხელმძღვანელი. ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს კადრებს არაერთი ქალაქიდან - დემონსტრანტები ახალ უზენაეს ლიდერს ერთგულებას აღუთქვამენ, აფრიალებენ ირანის დროშებს, ხელში უჭირავთ ახალი ლიდერის მამის, ალი ხამენეის ფოტოები.

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების პირველივე დღეს მოკლეს.

ბოლო მოვლენები - ირანი

  • ირანმა 8 მარტს განაგრძო საპასუხო თავდასხმები სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებზე, რომლებშიც აშშ-ის ბაზებია განთავსებული, რა დროსაც სამიზნე გახდა ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტი და ბაჰრეინში მდებარე მტკნარი წყლის ქარხანა.
  • ისრაელის არმიამ 8 მარტს განაცხადა, რომ წინა დღით ისპაანის აეროპორტში ირანული F-14 ტიპის გამანადგურებლები ამოიღო მიზანში.
  • აშშ-ის საგანგებო რწმუნებულმა სტივ უიტკოფმა 7 მარტს განაცხადა, რომ მოსკოვს მიეცა მითითება, არ მიაწოდოს ირანს სამიზნეების შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია.
  • აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეირანთან არ დადებს სხვა გარიგებას, გარდა "უპირობო კაპიტულაციისა".


რა ხდება

ახლო აღმოსავლეთში 2026 წლის 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები და ვითარება უკიდურესად დაძაბულია;

28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს;

ოპერაციის შედეგად მოკლულია ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი;

ირანმა საპასუხო შეტევა მიიტანა ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა ირანში საპროტესტო დემონსტრაციების სისხლში ჩახშობა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ათასობით დემონსტრანტი დახოცეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG