Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოჯთაბა ხამენეის უმაღლეს სასულიერო ლიდერად არჩევა - „დაუმორჩილებლობის“ გზავნილი ირანიდან

ქალს უჭირავს ირანის ახალი სასულიერო ლიდერის - მოჯთაბა ხამენეის პორტრეტი. 9 მარტი, 2026. თეირანი. აშშ-ისრაელის ირანის წინააღმდეგ ომის ფონზე მოჯთაბა ხამენეის დანიშვნის მხარდამჭერი შეკრება.
ქალს უჭირავს ირანის ახალი სასულიერო ლიდერის - მოჯთაბა ხამენეის პორტრეტი. 9 მარტი, 2026. თეირანი. აშშ-ისრაელის ირანის წინააღმდეგ ომის ფონზე მოჯთაბა ხამენეის დანიშვნის მხარდამჭერი შეკრება.

ქვეყნის უმაღლეს სასულიერო ლიდერად მოჯთაბა ხამენეის არჩევა არის მკაფიო გზავნილი აშშ-ისა და ისრაელისთვის. ექსპერტები ფიქრობენ, რომ გარე ზეწოლა, ლიდერის მოშორების ჩათვლით, კი არ შეცვლის, არამედ უფრო მეტად განამტკიცებს ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებას.

მოჯთაბა ხამენეი ირანის ყოფილი უმაღლესი სულიერი ლიდერის - 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად მოკლული აიათოლა ალი ხამენეის მეორე ვაჟია.

ახალგაზრდა ხამენეი მკაცრი ხაზის მიმდევარ სასულიერო ფრთას წარმოადგენს და 8 მარტს „ექსპერტთა ასამბლეის“ მიერ მისი არჩევა ნიშნავს განგრძობადობას.

„თეირანიდან გზავნილი აჩვენებს დაუმორჩილებლობას: მოკლავ ერთ ხამენეის, მოგართმევთ მეორეს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ალი ალფონეჰი, ვაშინგტონში მოქმედი „სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი.

ამავდროულად, ეს არჩევანი წარმოაჩენს აგრეთვე ირანის მმართველი სისტემაში მწვავე დაძაბულობას, რომელშიც, ექსპერტთა თქმით, ლიდერის განსაზღვრისას, ირანის შეიარაღებული ძალების ელიტურმა ფრთამ და ქვეყნის თეოკრატიული მმართველობის ხერხემალმა - „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ (IRGC) გვერდზე გაწია სასულიერო პირების დომინაცია ირანის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში.

"მემკვიდრეობითი მმართველობა“

აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების სამიზნედ ქცევის შიშით, 88 წევრისგან შემდგარი „ექსპერტთა ასამბლეა“ იძულებული გახდა დისტანციურად „შეკრებილიყო“ ახალი სულიერი ლიდერის ასარჩევად. მისი ვინაობის გამოცხადებაც იმის შიშით დაყოვნდა, რომ ის მყისიერ სამიზნედ არ ქცეულიყო.

არსებული ცნობებით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი კულისებს მიღმა ზეწოლას ახორციელებდა ასამბლეის წევრებზე, რომ მათ ხამენეისთვის დაეჭირათ მხარი, რაც შიდა შეუთანხმებლობას უსვამს ხაზს. „ექსპერტთა ასამბლეის“ თავდაპირველი ონლაინ შეკრება ბევრმა დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ, პროცედურული მიზეზებით. კენჭისყრის დასასრულებლად საჭირო გახდა მეორე სხდომის ჩატარება.

ხამენეის არჩევა ქმნის შიდა უკმაყოფილების საფრთხეს, განსაკუთრებით - ისლამური რესპუბლიკის ყველაზე ერთგულ მომხრეთა შორის. ზოგიერთი მათგანი კენჭისყრამდე ირწმუნებოდა, რომ „მემკვიდრეობითი მმართველობისკენ“ ნაბიჯის გადადგმა იქნებოდა 1979 წლის ისლამური რესპუბლიკის ანტი-მონარქისტული ფესვების ღალატი.

„ქვეყანაში, სადაც რევოლუცია მონარქიის წინააღმდეგ მოხდა, ახლა მთავრობა იქცა მემკვიდრეობითად“, - ამბობს მეჰრზად ბორუჯერდი, მისურის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიდან - „ამდენად, ეს ქმნის უხერხულობას ისლამურ რესპუბლიკაში“.

ლიდერი - სახელით, პრაქტიკაში - საბჭო

56 წლის მოჯთაბა ხამენეი არასდროს ყოფილა არჩევით თანამდებობაზე. დავის საგანია მისი სასულიერო უფლებამოსილებები: მას აქვს ჰოჯათოლისლამის სასულიერო წოდება, რომელიც აიათოლასგან განსხვავებით საშუალო დონის სასულიერო ტიტულია. თუმცა, დანიშვნის შემდეგ, ოფიციალური სახელდებით, მოჯთაბა ხამენეიმ სწრაფი სასულიერო დაწინაურება განიცადა - სახელმწიფო მედია მას ახლა აიათოლას წოდებით მოიხსენიებს.

ბორუჯერდის თქმით, ახალგაზრდა ხამენეის გამოუცდელობა მას სრულად დამოკიდებულს ხდის ირანის ე.წ. დიპ სტეიტზე, რომელშიც დომინირებს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC).

„ის არასდროს ყოფილა არჩევით თანამდებობაზე, რომ შეესრულებინა მმართველობითი ამოცანები. მის დანიშვნას ხელი შეუწყო მხოლოდ მისმა ახლო ურთიერთობებმა უშიშროებისა და დაზვერვის უწყებებთან“, - ამბობს ბორუჯერდი.

მოჯთაბა ხამენეიმ ორი ათწლეული დაყო მამის საძალაუფლებო აპარატის - ბეითის ცენტრში, სადაც ასრულებდა სასულიერო ისტებლიშმენტსა და IRGC-ს შორის მაკოორდინირებელ ფუნქციას.

ალფონეჰი ამბობს, რომ, მამის მსგავსად, მოჯთაბა ხამენეისაც წლები დასჭირდება ძალაუფლების განმტკიცებისთვის. მანამდე კი, ის მოელის, რომ იქნება „არაფორმალური მმართველობა საბჭოსი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს სახელმწიფო საქმეებს და რომელშიც მოიაზრებიან: პრეზიდენტი, პარლამენტის სპიკერი, სასამართლოს ხელმძღვანელი, გუშაგთა კორპუსისა და რეგულარული არმიის წარმომადგენლები“.

ალფონეჰის სიტყვებით, ეროვნული უშიშროების ძლევამოსილი ხელმძღვანელი ალი ლარიჯანი იქნება ერთ-ერთი „არაფორმალურ ლიდერთა საბჭოში“. ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობაზე მყოფი ლარიჯანი წამყვან საძალაუფლებო შუამავლად იქცა 2025 წლის ივნისში ისრაელთან 12-დღიანი ომის შემდეგ.

გზავნილი

ახალ სულიერ ლიდერად მოჯთაბა ხამენეის არჩევას მყისიერად მოჰყვა ისრაელის მუქარა. ისრაელის თავდაცვის ძალები აიათოლა ალი ხამენეის „ყველა მემკვიდრის დევნით“ დაიმუქრა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაპირველად განაცხადა, რომ ახალგაზრდა ხამენეის არჩევა იქნებოდა „მიუღებელი“ და დაიმუქრა, რომ ამერიკისგან თანხმობის გარეშე, ირანის ახალი ლიდერი „დიდხანს ვერ გასტანდა“.

ბორუჯერდი ამბობს, რომ ტრამპის მიმართ დაუმორჩილებლობით, თეირანი თეთრ სახლს უგზავნის სიგნალს:

„ისინი ეუბნებიან ტრამპს: „არა, ვენესუელისგან განსხვავებით, ჩვენ განვსაზღვრავთ ვინ იქნება შემდეგი ამ თანამდებობაზე, არა - თქვენ“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG