საქართველოს კანონმდებლობით, საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად აუცილებელია ბრალდებულმა ბრალი აღიაროს, პირობებზე შეთანხმება კი ამის შემდეგ ხდება.
„ზიანის ანაზღაურების საჭიროება თუ იქნება, აანაზღაურებს. დეტალებზე არ მინდა ვისაუბრო... [ბრალის აღიარებას] ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ... პირობითით ითხოვს გათავისუფლებას...“ - თქვა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა, ხათუნა ხურცილავამ.
პროკურორი ანი ლეკიაშვილი ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილს დიდი ხანია გამოთქვამენ. მისი თქმით, ამ შეთანხმებისთვის აუცილებელია ორი პირობის დაკმაყოფილება: ბრალის აღიარება და სასჯელზე შეთანხმება.
„რა თქმა უნდა, ზიანი უნდა იყოს სრულად ანაზღაურებული და დაზარალებულს არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია... შესაძლებელია ზიანიც ანაზღაურებული იყოს, ბრალდებულიც აღიარებდეს, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ და არ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება“, - თქვა პროკურორმა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროსთვის მიყენებული ზიანის მოცულობა 7 მილიონ ლარამდეა.
რას ედავებიან ჯუანშერ ბურჭულაძეს?
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაშია ბრალდებული. ის 2025 წლის 11 სექტემბერს სუსის ანტიკორუფციულმა სამსახურმა დააკავა.
ბრალდების თანახმად, 2023 წელს ჯუანშერ ბურჭულაძემ თავისი მოადგილის [გიორგი ხაინდრავა - რ.თ.], ნათესავისა [ვასილ მხეიძე - რ.თ.] და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის [ვლადიმერ ღუდუშაური - რ.თ.] დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატურა 2 606 272 ლარის ნაცვლად 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
გამოძიების თანახმად, ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ბურჭულაძის ოჯახმა 2025 წლის იანვარში 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგის პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი.
- ბურჭულაძის გარდა პატიმრობაში არიან მისი ცოლისძმა ვასილ მხეიძე და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა;
- ბურჭულაძეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედება.
რას ამბობს ბურჭულაძე?
2025 წლის 25 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მან მისთვის წაყენებულ ბრალზე საუბრის დროს ახსენა სიტყვა „აბსურდული“. მისი თქმით, ის „ირიბი და თან შეცვლილი ჩვენების“ საფუძველზეა დაკავებული.
ფორუმი