„მიმდინარეობს სამუშაოები კავკასიაში ყველა დაზიანებული მარშრუტის განსაბლოკად, მათ შორის განიხილება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის, აფხაზეთის ტერიტორიის გავლით, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა“, - განაცხადა მან.
რა სურს მოსკოვს
რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული „ტასის“ თანახმად, ვიცე-პრემიერმა თქვა, რომ ამ მარშრუტის აღდგენა აუცილებელია „ძირითადი ამოცანის“ გადასაჭრელად.
ეს „ამოცანა“ კი, მისი თქმითვე, არის „კავკასიაში სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირის გაძლიერება“, რაც „კრიტიკულად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, ირანის, თურქეთისა და რუსეთის ხალხთა მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“.
„ჩვენ ამ მნიშვნელოვანი, საერთო ამოცანის გადაჭრაში რეგიონის ყველა სახელმწიფოს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის იმედი გვაქვს“, - განაცხადა მან.
- რადიო თავისუფლება 12 თებერვალს, საღამოს დაუკავშირდა საქართველოს საგარეო უწყების პრესცენტრს საპასუხო კომენტარის თხოვნით, ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, რაიმე ფორმატში თუ ჰქონიათ მოლაპარაკებები მოსკოვთან.
- პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება. საგარეო უწყებას ჯერ არც სხვა საჯარო კომენტარი გაუკეთებია ოვერჩუკის ნათქვამზე.
რკინიგზის აღდგენის სურვილი
საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენის სურვილზე ხშირად საუბრობენ მოსკოვსა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში.
2023 წლის შემოდგომაზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ მათთან ჩასული იყო „რუსეთის რკინიგზის“ სპეციალისტების წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელიც სავარაუდო ხარჯებს ითვლიდა.
„ოჩამჩირის იქით რკინიგზა ან სრულადაა მოშლილი, ან ავარიულ მდგომარეობაში იმყოფება საინჟინრო ინფრასტრუქტურა - საკუთრივ გზა, ხიდები, ელექტროგაყვანილობა, გვირაბები და ა.შ. ეს ყველაფერი აღსადგენია. კომისიის სტუმრობის შემდეგ მიმდინარეობს გაანგარიშება, რა შეიძლება დაჯდეს ამ მონაკვეთის აღდგენა“, - განაცხადა მაშინ ბჟანიამ.
მან ასევე თქვა, რომ საკითხი გადაიჭრება, „თუ მზადყოფნას გამოავლენს ქართული მხარე“.
- მანამდე, 2023 წლის აგვისტოში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ორგანიზაციის მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა განაცხადა, რომ მოსკოვი შესაძლებლად მიიჩნევს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით საქართველოსთან საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლის დაწყებას.
- ოფიციალური თბილისი ტრადიციულად ამ იდეის წინააღმდეგ გამოდის.
- მაგალითად, 2023 წლის ივნისში, პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენა არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე და საქართველოს მთავრობის მთავარი მიზანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.
ოვერჩუკი სომხეთის რკინიგზაზე
ოვერჩუკმა დღეს ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი და ერევანი გეგმავენ მოლაპარაკებებს სომხეთის რკინიგზის ორი მონაკვეთის აღდგენაზე.
საუბარია იმ მონაკვეთებზე, რომლებიც სომხეთს აზერბაიჯანთან და თურქეთთან აკავშირებს.
სომხეთის რკინიგზის მონაკვეთები რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანიას კონცესიის ხელშეკრულებით აქვს გადაცემული
მანამდე, 2025 წლის 25 დეკემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ თუკი რუსეთის რკინიგზა სომხეთის რკინიგზაში დაპირებულ ინვესტიციებს დროულად არ ჩადებს, შესაძლოა, სომხეთის სახელმწიფომ სომხეთის რკინიგზის ის სექციები, რომელსაც ახლა რუსული სახელმწიფო კომპანია აკონტროლებს, დაიბრუნოს.
ცვლილებები რეგიონში
25 დეკემბერს სომხეთის მთავრობის სხდომის შემდეგ ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა სომხეთის საბიუჯეტო სახსრებით აღადგინოს რკინიგზის საკვანძო ინფრასტრუქტურა, თუ რუსული მხარე გონივრულ ვადაში ვერ შეასრულებს სახელშეკრულებო ვალდებულებებს.
- ერევანმა ეს საკითხი გაააქტიურა მას შემდეგ, რაც ახალ სიმაღლეზე აიყვანა მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან და თურქეთთან, რომელთანაც სატვირთო გადაზიდვები ათწლეულების განმავლობაში შეწყვეტილი ჰქონდა.
- ამჟამად სომხეთის მთავრობა ავითარებს კონცეფციას, რომელსაც უწოდებს „მშვიდობის გზაჯვარედინს“, რის საფუძველზეც დაიწყო აშშ-სა და აზერბაიჯანთან ერთად „ტრამპის მარშრუტზე“ მუშაობა.
- რეგიონში გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, ექსპერტების ნაწილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ საქართველო „განზე“ რჩება.
მაგალითად, 11 თებერვალს აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში ბრიფინგისას კლერ კაისერმა, ვაჭრობის საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმის, McLarty Associates-ის უფროსმა მმართველმა დირექტორმა განაცხადა:
„საქართველოს მთავრობამ, ფაქტობრივად, თავი აარიდა რეგიონში მიმდინარე ღრმა და პოზიტიურ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ტრანსფორმაციას“.
ფორუმი