Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თუ რუსეთი „დაპირებულ ინვესტიციებს“ არ ჩადებს, სომხეთმა შესაძლოა რკინიგზის სექციები დაიბრუნოს და თავად განაახლოს - ფაშინიანი


ნიკოლ ფაშინიანი და ვლადიმერ პუტინი, ფოტო 2024 წლის არქივიდან.
ნიკოლ ფაშინიანი და ვლადიმერ პუტინი, ფოტო 2024 წლის არქივიდან.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ თუკი რუსეთის რკინიგზა სომხეთის რკინიგზაში დაპირებულ ინვესტიციებს დროულად არ ჩადებს, შესაძლოა, სომხეთის სახელმწიფომ სომხეთის რკინიგზის ის სექციები, რომელსაც ახლა რუსული სახელმწიფო კომპანია აკონტროლებს, დაიბრუნოს.

ხუთშაბათს, 25 დეკემბერს მთავრობის სხდომის შემდეგ ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა სომხეთის საბიუჯეტო სახსრებით აღადგინოს რკინიგზის საკვანძო ინფრასტრუქტურა, თუ რუსული მხარე გონივრულ ვადაში ვერ შეასრულებს სახელშეკრულებო ვალდებულებებს.

მისი თქმით, ეს საკითხი განიხილეს 22 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს.

რა თქვა ფაშინიანმა

ფაშინიანმა დააკონკრეტა რუსეთის დაქვემდებარებაში არსებული რამდენიმე სარკინიგზო მონაკვეთი, რომლებსაც მისი მთავრობა მიიჩნევს, რომ სარეაბილიტაციოა და პრიორიტეტულია.

საუბარია რკინიგზის იმ მონაკვეთებზე, რომლებიც აზერბაიჯანის საზღვრისკენაა, ასევე, აკავშირებს აზერბაიჯანს თავის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, ნახიჩევანთან.

„ჩვენ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ ამ მონაკვეთებზე აღდგენითი სამუშაოები რაც შეიძლება მალე დაიწყოს“, - თქვა ფაშინიანმა და დასძინა, რომ ერევანი იმედოვნებს, რომ რუსეთი სწრაფად იმოქმედებს საჭირო სამუშაოების განსახორციელებლად.

სომხეთის რკინიგზის მონაკვეთები რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანიას კონცესიის ხელშეკრულებით აქვს გადაცემული [ზოგადად, კონცესიის ხელშეკრულება არის გრძელვადიანი ხელშეკრულება სახელმწიფოსა და მესამე მხარეს შორის].

„თუ აღმოჩნდება, რომ რუსეთის ფედერაციას ამ სამუშაოების შესაბამის ვადებში განხორციელება უჭირს, სომხეთის მთავრობას შეუძლია ეს მონაკვეთები კონცესიიდან დაიბრუნოს და მათი აღდგენა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსოს“, - თქვა ფაშინიანმა.

რას ამბობს ხელშეკრულება

  • 2008 წლის კონცესიის ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის რკინიგზამ (RZD), თავისი შვილობილი კომპანიის, „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ მეშვეობით, 30 წლის განმავლობაში აიღო ვალდებულება, რომ სომხეთის რკინიგზის სისტემა მართოს და მისი მოდერნიზება უზრუნველყოს.
  • კონტრაქტში წერია, რომ ვადის გასვლის შემდეგ იგი შესაძლოა კიდევ 10 წლით გახანგრძლივდეს მხარეთა შეთანხმებით.
  • რუსეთის რკინიგზამ აიღო ვალდებულება, რომ დაახლოებით 570 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაედო ინფრასტრუქტურაში, მათ შორის ლიანდაგების, ხიდების და სადგურების რეაბილიტაციაში, ასევე ლოკომოტივებისა და ვაგონების განახლებაში.
  • გარდა ამისა, კომპანიას დაევალა ოპერაციული უსაფრთხოების გაუმჯობესება, სამუშაო ძალის შენარჩუნება და როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო გადაზიდვების მომსახურების ეფექტურობის გაზრდა.

სომხეთის რკინიგზის ქსელი კვლავ ბლოკირებული და იზოლირებულია გლობალური თუ რეგიონული სარკინიგზო სისტემისგან თურქეთთან და აზერბაიჯანთან საზღვრების ჩაკეტვის გამო.

დღეს ნიკოლ ფაშინიანს არ დაუკონკრეტებია რეაბილიტაციის პროექტების სავარაუდო ღირებულება. თუმცა ზაფხულში, როდესაც ვაშინგტონის შეთანხმებებზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, მან განაცხადა, რომ სომხეთს რკინიგზის ასაშენებლად ფული არ ჰქონდა და ამერიკული ინვესტიციები იყო საჭირო.

პუტინი-ფაშინიანის შეხვედრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის აშშ-ის მედიაციით მიღწეული „ტრამპის მარშრუტის“ პროექტი ითვალისწინებს ისეთ „ნიუანსებსაც“, რომლებიც რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებს უკავშირდება.

ფაშინიანმა და პუტინმა ორშაბათს, 22 დეკემბერს, სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს ქვეყნების ლიდერების სამიტის შემდეგ გამართეს შეხვედრა და ისაუბრეს ინიციატივაზე, რომლის ფარგლებშიც იგეგმება, ამერიკულმა კომპანიებმა აკონტროლონ აზერბაიჯანიდან თავის ანკლავ ნახიჩევანისკენ სომხეთის ტერიტორიაზე გამავალი სატრანზიტო გზა.

„ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი და შინაარსიანი ცვლილებებია ჩვენს რეგიონში და აქ ბევრი ნიუანსია რუსეთის ფედერაციასთან ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ყველა ამ საკითხის განსახილველად“, - განაცხადა სომხეთის ლიდერმა.

რას ამბობენ მოსკოვსა და ერევანში

  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა, მიხაილ კალუგინმა, გასულ კვირას განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა ითამაშოს როლი ამ შეთანხმებაში. კალუგინი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორია.
  • მან განაცხადა, რომ სომხეთის რკინიგზის ქსელს რუსეთის სახელმწიფო კომპანია „რუსეთის რკინიგზა“ მართავს და რომ მარშრუტი გაივლის „ჩვენი სასაზღვრო დაცვის პასუხისმგებლობის ზონას“.
  • პასუხად ერევანში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ TRIPP-ში რუსეთის შესაძლო მონაწილეობის შესახებ არანაირი განხილვა არ ყოფილა. სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა რუბენ რუბინიანმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხად განაცხადა:
  • „ჩვენ მოხარული ვართ, რომ მათ [რუსეთს] მზადყოფნა აქვთ, რომ ვისაუბროთ ამ საკითხზე. თუ გნებავთ, 160-ჯერ გაგიმეორებთ: ამჟამად ასეთი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. მე არ ვპასუხობ ჰიპოთეზურ კითხვებს“.

სომხეთის ოპოზიციაში ფაშინიანის ინიციატივა გააკრიტიკეს.

„აშკარაა, რომ აქაური ხელისუფლება ნაბიჯებს დგამს რუსული კაპიტალის სომხეთიდან გასადევნად“, - განაცხადა ოპოზიციური ფრაქცია „სომხეთის“ წევრმა არტურ ხაჩატურიანმა.

მან გაიხსენა სომხეთის მთავრობის მიერ სომხეთის ეროვნული ელექტროსისტემის „ნაციონალიზაციის“ დაწყება - ელექტროსისტემა დაპატიმრებულ რუს-სომეხ ბიზნესმენს, მილიარდერ სამველ კარაპეტიანს ეკუთვნოდა.

სომხეთის მთავრობამ აგვისტოს ბოლოს შეცვალა იურიდიული ფირმა, რომელიც ერევანს საერთაშორისო საარბიტრაჟო დავაში წარმოადგენს დაპატიმრებული ბიზნესმენის, „ტაშირ ჯგუფის“ დამფუძნებლის, რუსეთთან კავშირების მქონე სამველ კარაპეტიანის წინააღმდეგ - „სომხეთის ელექტროსისტემის“ ნაციონალიზაციის საქმეზე. დავა გრძელდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG