Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბჭოთა პატრიარქიდან მეამბოხემდე - შტრიხები ფილარეტის პორტრეტისთვის

საპატიო პატრიარქი ფილარეტი
საპატიო პატრიარქი ფილარეტი

20 მარტს 97 წლის ასაკში გარდაიცვალა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი.

ფილარეტის ცხოვრება დრამატული და წინააღმდეგობრივი მოვლენებით იყო დახუნძლული. ის ჯერ თითქოს შეეგუა საბჭოთა რეალობას, მერე კი დინების საწინააღმდეგოდ წავიდა და წლების განმავლობაში უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის იღვწოდა. მოსკოვმა ამის გამო დასაჯა, თუმცა ვერ გატეხა. „უკრაინა გაიმარჯვებს, რადგან ღმერთი ჩვენთანაა. ღმერთი იქ არის, სადაც სიმართლეა“ - მისი ეს სიტყვები დღეს ყველამ იცის.

„ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება პატრიარქ ფილარეტის მოწოდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, უკრაინის ეკლესია კიევის საყდრის გარშემო იყოს გაერთიანებული. გვემახსოვრება და შევასრულებთ მის დარიგებებს ერთობის; ღვთისა და ეკლესიის მორჩილების; უფლის, ქრისტეს ეკლესიისა და უკრაინელი ხალხისადმი მსახურების შესახებ. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მუდამ ილოცებს მისთვის და არასოდეს დაივიწყებს“, - დაწერა სოციალურ ქსელებში ფილარეტის მოწაფემ და სულიერმა შვილმა მიტროპოლიტმა ეპიფანემ. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საპატიო პატრიარქის გარდაცვალების შესახებ აუწყა.

უკრაინა საპატიო პატრიარქ ფილარეტს ემშვიდობება.
უკრაინა საპატიო პატრიარქ ფილარეტს ემშვიდობება.

ბიოგრაფია

პატრიარქი ფილარეტი, ერისკაცობაში მიხაილო დენისენკო, 1929 წლის 23 იანვარს, დონეცკის რეგიონში დაიბადა. რწმენასთან დაკავშირებული საკითხები ბავშვობიდანვე აინტერესებდა. როდესაც ამაში რამე საეჭვოს შენიშნავდნენ, ამბობდა, მამაჩემი ფრონტზე იბრძოდაო. მისი მამა ანტონი „მამულისა და სტალინისთვის“ დაიღუპა, ბაბუა - ჰოლოდომორმა იმსხვერპლა.

პატრიარქი ფილარეტი ახალგაზრდობაში.
პატრიარქი ფილარეტი ახალგაზრდობაში.

მომავალმა მღვდელმთავარმა ჯერ ოდესის სასულიერო სემინარია დაამთავრა, შემდეგ - მოსკოვის სასულიერო აკადემია.

1966 წელს ფილარეტი აირჩიეს სრულიად უკრაინის ეგზარქოსად რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში. ამ თანამდებობაზე 1990 წლამდე დარჩა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ პიმენის გარდაცვალების შემდეგ ის პატრიარქის ტახტის მოსაყდრე გახდა. პატრიარქობის რეალურ კანდიდატადაც განიხილებოდა, არჩევნები რომ არ წაეგო. მაშინ მოსკოვი რუსეთის ეკლესიის სათავეში უკრაინელს ვერაფრით დააყენებდა, რადგან უკრაინა უკვე დამოუკიდებლობისკენ მიილტვოდა.

1990 წელს ფილარეტმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეგზარქატს სახელი შეუცვალა და მას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (მოსკოვის საპატრიარქო) უწოდა. მიტროპოლიტად თავადვე დარჩა.

ბრძოლა ავტოკეფალიისთვის

1991 წლის აგვისტოში უკრაინამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ფილარეტს კარგად ესმოდა, რომ ამას ეკლესიური და სულიერი დამოუკიდებლობაც უნდა მოჰყოლოდა. ჯერ კიდევ 1990 წლიდან მუშაობდა უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიაზე. უკრაინელი მღვდელმთავრებიც ემხრობოდნენ. თუმცა მოსკოვს მხოლოდ მმართველობაში დამოუკიდებლობასა და არასრულ ავტონომიას გამორჩა.

მოსკოვი მალე მიხვდა, ფილარეტი დამოუკიდებლობისკენ რომ ისწრაფოდა და მისი დისკრედიტაცია დაიწყო.

საპატიო პატრიაქი ფილარეტი, 2019 წელი.
საპატიო პატრიაქი ფილარეტი, 2019 წელი.

1992 წელს ხარკოვის კრებაზე, რუსეთის ზეწოლით, უკრაინელი ეპისკოპოსების ნაწილმა ის ფაქტობრივად ჩამოაშორა ეკლესიის მართვას. მაგრამ ფილარეტი არ გატყდა და რამდენიმე ეპისკოპოსთან ერთად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია დააარსა (კიევის საპატრიარქო).

„რატომ არ აქვს უკრაინას უფლება საკუთარი ავტოკეფალიური ეკლესია ჰქონდეს, როცა ამის უფლება აქვს ბულგარეთს, რუმინეთს, სერბეთს? უკრაინა რით არის ნაკლები?“ - ამბობდა ის.

ანათემა და წინააღმდეგობა

„არაკანონიკური“, „განხეთქილება“ - ეს იარლიყები მიაკერა რუსულმა პროპაგანდამ კიევის პატრიარქატს. ფილარეტი კი რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ანათემას გადასცა. ანათემა მას 20 წლის შემდეგ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე I-მა მოხსნა.

ფილარეტი აქტიურად უჭერდა მხარს ევრომაიდანს, ლოცულობდა იქ დაღუპულთა სულებისთვის, უკრაინელი სამხედროებისთვის. ბევრ სხვა ისეთ რამესაც აკეთებდა, რაც სახელმწიფოებრიობასა და საეკლესიო დამოუკიდებლობას წაადგებოდა.

2014 წელს საჯაროდ განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეშმაკის გავლენის ქვეშ მოექცაო და ის ორ დიდ ცოდვაში - მკვლელობასა და სიცრუეში - დაადანაშაულა.

გზა ტომოსამდე… და ახალი დაპირისპირება

ფილარეტის ძალისხმევით შექმნილი ეკლესიური სტრუქტურა (კიევის საპატრიარქო) უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ჩამოყალიბების საფუძველი გახდა. 2019 წელს ამ ეკლესიამ მსოფლიო პატრიარქისგან ტომოსი მიიღო. ანუ ეს გადაწყვეტილება ეხებოდა არა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას (УПЦ. კიევის საპატრიარქო) არამედ ახალ მართლმადიდებელ ეკლესიას (ПЦУ), რომლის შემადგენლობაშიც შევიდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიაც (კიევის საპატრიარქო).

საპატიო პატრიარქი ფილარეტი
საპატიო პატრიარქი ფილარეტი

ფილარეტი იმედოვნებდა, რომ ახალ ეკლესიას თავად ჩაუდგებოდა სათავეში, მაგრამ მსოფლიო პატრიარქმა სხვაგვარად გადაწყვიტა. წინამძღვრად ეპიფანე აირჩიეს.

2022 წელს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ფილარეტი ამბობს:

„ის ტომოსი, რაც ჩვენ კონსტანტინოპოლიდან მოგვცეს, არასრულფასოვანი ტომოსი იყო. ჩვენ გვჭირდება ტომოსი, რომელიც უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას დამოუკიდებელ, სრულუფლებიან ეკლესიად ცნობს, რომლის მიხედვითაც, უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას ექნებოდა ისეთივე ავტოკეფალია, როგორიც აქვს ბერძნულ, ბულგარულ, ქართულ ეკლესიებს. ეს ჯერ ვერ მივიღეთ, რაც მივიღეთ, იმ ტომოსით უკრაინის ეკლესია უშუალოდ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, მაგალითად, არ შეუძლია, ეკლესიები ჰქონდეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ“.

საქართველოს დღემდე არ უცნია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა. 2018 წელს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ფილარეტმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ის დრო შეახსენა, როდესაც საქართველოსაც დაკარგული ჰქონდა ავტოკეფალია და რუსი ეგზარქოსებისგან იმართებოდა. იმედი გამოთქვა, რომ ადრე თუ გვიან საქართველოს ეკლესია მხარს დაუჭერს უკრაინის ეკლესიას.

2018 წლის დეკემბერში უკრაინის ავტოკეფალიურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ (ПЦУ) ფილარეტი თავის საპატიო პატრიარქად გამოაცხადა. თუმცა მოგვიანებით ის კვლავ დაუპირისპირდა ეკლესიის ახალ ხელმძღვანელობას. გააკრიტიკა მისი ზოგიერთი გადაწყვეტილება და საპატრიარქო სტატუსი მოითხოვა.

პატრიარქმა ფილარეტმა გრძელი და დრამატული ცხოვრება განვლო. იგი დარჩა თავისი ეპოქის შვილად, იყო წინააღმდეგობებით სავსე, მაგრამ ისტორიულად უმნიშვნელოვანესი ფიგურა.

მისი მმართველობის სტილი ხშირად ფასდებოდა, როგორც ავტორიტარული. მას „საბჭოთა პატრიარქსაც“ კი უწოდებდნენ. ფილარეტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საბჭოთა პერიოდში ეკლესიურ იერარქიაში დაწინაურება უშიშროების ორგანოების თანხმობის გარეშე შეუძლებელი იყო. თუმცა თავად ამტკიცებდა, რომ არასოდეს უღალატია არც ღმერთისთვის, არც - ადამიანებისთვის.

როგორც რელიგიათმცოდნე სერგი შუმილო აღნიშნავს: „მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგობრივი პიროვნება იყო, ფილარეტი სამუდამოდ დარჩება უკრაინისა და ეკლესიის ისტორიაში“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG