Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ღმერთი დავითისკენაა და არა გოლიათისკენ - უკრაინა დაამარცხებს რუსეთს!“ - პატრიარქი ფილარეტი


უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი

„პირველ რიგში, ყველა მართლმადიდებელ ხალხს შევთხოვთ, ჩვენთვის ილოცონ, რათა ჩვენთან მშვიდობა სუფევდეს, რათა სიმართლემ გაიმარჯვოს, რაც უკრაინის გამარჯვებაც იქნება“, - ეუბნება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი რადიო თავისუფლებას. ვაჟა თავბერიძე კიევის საპატრიარქოს მეთაურს, პატრიარქ ფილარეტს (ერისკაცობაში მიხაილო დენისენკო) პრაღიდან ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: თავდაპირველად, მინდა პაპი ფრანცისკეს ბოლოდროინდელ განცხადებებზე გკითხოთ. მისი თქმით, „შესაძლოა, ნატოს ყეფამ რუსეთის კართან“ უბიძგა კრემლის მმართველს მწვავედ რეაგირებისა და კონფლიქტის დაწყებისკენ“... რას იტყოდით ამაზე?

პატრიარქი ფილარეტი: ვიტყვი, რომ ნატო არ ესხმის თავს რუსეთს, და რუსეთს არ უნდა ეშინოდეს ამისა. ისევე, როგორც უკრაინა არ აპირებს რუსეთზე თავდასხმას - ეს რუსეთი ესხმის თავს უკრაინას და შესაძლოა, თავს დაესხას სხვა მეზობელ სახელმწიფოებსაც.

[რომის]პაპი ცდილობს, მოსკოვს აამოს, ამიტომ გადაწყვიტა, ჯერ მოსკოვში ჩავიდეს და შემდეგ უკრაინაში.

არის თუ არა დღეს ომი უკრაინაში? არის. ვინ გააჩაღა ეს ომი? უკრაინა დაესხა თავს რუსეთს? არა, რუსეთი დაესხა თავს უკრაინას. ომი რუსეთის ტერიტორიაზეა დღეს? არა, ის უკრაინის ტერიტორიაზეა. შესაბამისად, ვის მიუძღვის ბრალი ამაში? რუსეთს, რამეთუ სწორედ რუსეთია აგრესორი ქვეყანა, რომელსაც საკუთარი მეზობლების დაპყრობა სწადია.

რადიო თავისუფლება: პაპი ასევე უარს ამბობს, ესტუმროს კიევს, სანამ მოსკოვში არ ჩავა და პუტინს არ შეხვდება... ამაზე რას იტყოდით?

პატრიარქი ფილარეტი: ვფიქრობ, პაპი ცდილობს, მოსკოვს აამოს, ამიტომ გადაწყვიტა, ჯერ მოსკოვში ჩავიდეს და შემდეგ უკრაინაში. ჩვენთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან, საერთო ჯამში, პაპიც მშვიდობას უჭერს მხარს და უკრაინასაც მშვიდობა სურს. აქ ვატიკანის და კიევის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა - ჩვენ მშვიდობისკენ ვართ, აი, რუსეთი კი ომისკენაა.

პატრიარქი კირილე სიყალბის გზას დაადგა და რასაც ის [ამ ომზე] ამბობს, ყველაფერი სიცრუეა.

რადიო თავისუფლება: მინდა ასევე გკითხოთ მოსკოვის პატრიარქ კირილეზე და მის მიერ ამ ომის გამართლების მცდელობებზე. კირილე, რომელიც ახლახან პაპმა „პუტინის საკურთხევლის ბიჭად“ მოიხსენია, ამბობს, რომ ეს ომი „მეტაფიზიკური ჭიდილია“ და რომ ამ ომში ღმერთი რუსეთის მხარეზეა. მისი თქმით, „რუსეთი არასოდეს არავის დასხმია თავს - გასაოცარია, რომ ეს დიდი და ძლევამოსილი ქვეყანა არასოდეს არავის დასხმია თავს, ყოველთვის მხოლოდ საკუთარ საზღვრებს იცავდა“...

პატრიარქი ფილარეტი: მოკლედ გეტყვით: პატრიარქი კირილე შავს თეთრად ასაღებს და თეთრს კი შავად. რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ის კი ამბობს, რომ ეს ასე არაა. სიმართლეა ეს? ყველასთვის ცხადია, რომ ეს სიმართლე არაა. პატრიარქი კირილე სიყალბის გზას დაადგა და რასაც ის [ამ ომზე] ამბობს, ყველაფერი სიცრუეა. მაგრამ ჩვენ - ჩვენ სიმართლის გზით უნდა ვიაროთ, რადგან ღმერთია სიმართლეში. და სადაც ღმერთია, იქ გამარჯვებაცაა. - ამიტომ ღრმად გვწამს, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს და რუსეთს დააამარცხებს. ღმერთი დავითთანაა და არა გოლიათისკენ! უკრაინა დღეს დავითია და მისი გამარჯვება დღეს არა მხოლოდ უკრაინის გამარჯვებაა, არამედ ესაა გამარჯვება მთელი ევროპისა და ყველა მშვიდობისმოყვარე ერისა.

ვიცი, რომ პატრიარქი ილია მეორე უკრაინის ავტოკეფალიის მხარდამჭერია.

რადიო თავისუფლება: როგორც ვიცი, სულ უფრო იზრდება უკრაინაში იმ ეკლესიათა რიცხვი, რომლებიც ფორმალურად მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებიან, მაგრამ აღარ სურთ, მას ემორჩილებოდნენ. რა ბედი ეწევათ მათ?

პატრიარქი ფილარეტი: მოხდება ის, რომ მათთან ერთად შევქმნით ერთიან, დამოუკიდებელ უკრაინულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. მომავალში, უკრაინაში მხოლოდ ერთი მართლმადიდებელი ეკლესია იქნება - დღეს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ეკლესიები კი მას შეუერთდებიან. ესაა გარდაუვალი მომავალი, რომლის მომსწრეც გავხდებით. რატომ ვარ ასე დარწმუნებული ამაში? იმიტომ, რომ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, დამოუკიდებელ სახელმწიფოს კი ეკლესიაც დამოუკიდებელი უნდა ჰყავდეს, როგორც საბერძნეთს, რუმინეთს, სერბეთს, ბულგარეთს. ეს ერთადერთი გზაა.

რადიო თავისუფლება: რამდენად დიდ როლს თამაშობს ზიარი რწმენა ამ კონფლიქტში? ეს და კიდევ ის, რომ ბევრს დღემდე, განსაკუთრებით დასავლეთში, რუსები და უკრაინელები [ერთმანეთის] მოძმე ერებად მიაჩნია?

ძმებივით უნდა ვცხოვრობდეთ. მაგრამ ნოესაც სამი ვაჟი ჰყავდა და ერთ-ერთი მათგანი ქამი იყო. რუსეთი დღევანდელობის ქამია - სლავი ერია, მაგრამ უტიფრად (по-хамски) იქცევა.

პატრიარქი ფილარეტი: ასე გეტყვით - ჭეშმარიტებაა, რომ უკრაინელები, ბელარუსები, რუსები, პოლონელები, ბულგარელები და სერბები სლავი ხალხია. და ძმებივით უნდა ვცხოვრობდეთ. მაგრამ ნოესაც სამი ვაჟი ჰყავდა, სამი ძმა, ერთი მამის შვილები და ერთ-ერთი მათგანი ქამი იყო. რუსეთი დღევანდელობის ქამია - სლავი ერია, მაგრამ უტიფრად ((по-хамски)) იქცევა. როგორც ქამს არ უნდა დაეცინა საკუთარი მამისათვის, ისევე რუსეთი, სლავი ქვეყანა, არ უნდა დასხმოდა თავს უკრაინას. მაგრამ ქამია და კიდეც მოიქცა ქამივით.

რადიო თავისუფლება: რა მხარდაჭერის იმედი გაქვთ დანარჩენი მართლმადიდებელი სამყაროსგან? როგორი იქნებოდა თქვენი გზავნილი მათდამი?

პატრიარქი ფილარეტი: პირველ რიგში, ყველა მართლმადიდებელ ხალხს შევთხოვთ, ჩვენთვის ილოცონ, რათა ჩვენთან მშვიდობა სუფევდეს, რათა სიმართლემ გაიმარჯვოს, რაც უკრაინის გამარჯვებაც იქნება. ლოცვის გარდა, შევთხოვდი მათ, დაგვეხმარონ, რითაც შეუძლიათ, რამეთუ დღეს უკრაინა, რომელიც რუსეთს ებრძვის, არა მარტო თავის თავს იცავს - ის იცავს მთელ ევროპასა და იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს ემეზობლებიან, რადგან მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, რუსეთს არაფერი უკეთებია, გარდა მიწების მომხვეჭელობისა. თუნდ საქართველო აიღეთ და თუნდაც ცენტრალური აზია - მათთვის სულერთია, ეს მათთვის „რუსული, რუსეთის მიწაა“, მათ ეკუთვნის. ასე რომ, როდესაც უკრაინას ეხმარებით, თქვენს თავსაც ეხმარებით.

რადიო თავისუფლება: დაბოლოს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზეც მინდა გკითხოთ: რის მოსმენას ისურვებდით მათგან? ისევ არსებობს მოლოდინი ე.წ. ტომოსთან დაკავშირებით?

პატრიარქი ფილარეტი: საქართველომ გადაიტანა ის, რისი გადატანაც დღეს უკრაინას უწევს, ამიტომ მათი თანაგრძნობისა და მხარდაჭერის იმედი გვაქვს. უკრაინისთვის გაწეული დახმარება დღეს საქართველოს დახმარებაცაა. ღმერთი ამას არ დაუშვებს, მაგრამ რუსეთის გამარჯვება უკრაინაში მოასწავებს იმას, რომ რუსეთი შემდეგ საქართველოზეც გამოიწევს.

მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, რუსეთს არაფერი უკეთებია, გარდა მიწების მომხვეჭელობისა. თუნდ საქართველო აიღეთ და თუნდაც ცენტრალური აზია - მათთვის სულერთია, ეს მათთვის [რუსეთისთვის] „რუსული, რუსეთის მიწაა“. ასე რომ, როდესაც უკრაინას ეხმარებით, თქვენს თავსაც ეხმარებით.

რაც შეეხება ტომოსს - ის ტომოსი, რაც ჩვენ კონსტანტინოპოლიდან მოგვცეს, არასრულფასოვანი ტომოსი იყო. ჩვენ გვჭირდება ტომოსი, რომელიც უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას დამოუკიდებელ, სრულუფლებიან ეკლესიად ცნობს, რომლის მიხედვითაც, უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას ექნებოდა ისეთივე ავტოკეფალია, როგორიც აქვს ბერძნულ, ბულგარულ, ქართულ ეკლესიებს. ეს ჯერ ვერ მივიღეთ, რაც მივიღეთ, იმ ტომოსით უკრაინის ეკლესია უშუალოდ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, მაგალითად, არ შეუძლია, ეკლესიები ჰქონდეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ. რაც შეეხება ქართულ მხარეს - მათ მიერ ტომოსის ცნობას აქვს ის დატვირთვა, რომ საქართველო ამით იტყვის, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიას უჭერს მხარს. ჩვენი თხოვნა იქნებოდა, მათ უკრაინის ეკლესიის სრულ ავტოკეფალიას დაუჭირონ მხარი - პატრიარქ ილია მეორესთან ამ თემაზე არ მისაუბრია, მაგრამ მე ვიცი, რომ ის მხარს უჭერს უკრაინის სრულ ავტოკეფალიას, ისეთივე ფორმით, როგორიც ქართულ ეკლესიას აქვს.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG