Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ შიმშილობს 17 წლის დემეტრე ჩიქოვანის დედა? - გიგა ავალიანის საქმე


გიგა ავალიანის საქმეზე ოთხი არასრულწლოვანია დაკავებული, მათგან ერთ-ერთი 17 წლის დემეტრე ჩიქოვანია.
გიგა ავალიანის საქმეზე ოთხი არასრულწლოვანია დაკავებული, მათგან ერთ-ერთი 17 წლის დემეტრე ჩიქოვანია.

დანაშაულის დაფარვის მუხლით დაკავებული 17 წლის დემეტრე ჩიქოვანისთვის ბრალის დამძიმება ძალადობის შედეგად გარდაცვლილი გიგა ავალიანის ოჯახისთვის პროკურატურის „სწორ რელსებზე დაბრუნებაა“, დემეტრე ჩიქოვანის ოჯახისთვის კი - უსამართლობა, რის ფასადაც პროკურატურა სახელისა და იმიჯის გადარჩენას ცდილობს. 

ამ სტატიაში დემეტრე ჩიქოვანის დედა სოფო ძნელაძე ჰყვება, რა არგუმენტებს ეყრდნობა, როცა ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. მისი თქმით, უკვე მე-7 დღეა, რაც პროკურატურის წინ შიმშილობს.

უკვე მეოთხე დღეა, საპატიმროდან გამოგზავნილი წერილის თანახმად, ციხეში შიმშილობა დაიწყო მისმა არასრულწლოვანმა შვილმაც.

სტატიაში დემეტრე ჩიქოვანის სახელი და გვარი მშობლის თანხმობითაა დაწერილი.

გიგა ავალიანის საქმეზე დემეტრე ჩიქოვანი პროკურატურამ 20 დეკემბერს დააკავა, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. ამავე მუხლით დააკავეს კიდევ ერთი არასრულწლოვანი - ა.ნ. აქედან ერთ თვეში კი პროკურატურამ ორივეს ბრალი დაუმძიმა.

დემეტრე ჩიქოვანს ბრალად დასდო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება ჯგუფურად, ა.ნ.-ს - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.

დემეტრე ჩიქოვანის დედა სოფო ძნელაძე ამბობს, რომ პროკურატურას მტკიცებულებები თავიდანვე არ ჰქონია, არც გამოძიებას არ დაუმატებია რაიმე და მოზარდს ბრალი უსაფუძვლოდ დაუმძიმეს.

„დემეტრე ჩიქოვანი გაწირეს, რათა დაემშვიდებინათ გიგა ავალიანის ოჯახი“ და ამით „მთავარ პროკურორს საკუთარი სკამი გადაერჩინა“, - გვეუბნება სოფო ძნელაძე.

ამ ვიდეოში სოფო ძნელაძე ჰყვება, რა მოთხოვნები აქვს და რამ გადააწყვეტინა შიმშილობა.

ბრალის დამძიმებას წინ უსწრებს 8 იანვარს გიგა ავალიანის ოჯახის საპროტესტო აქცია პროკურატურასთან, მთავარი პროკურორის, გიორგი გვარაკიძის გადადგომის მოთხოვნით და გიგა ავალიანის დედის ულტიმატუმით, რომ შიმშილობას დაიწყებდა.

რადიო თავისუფლებამ ბრალდებულ ა.გ.-ს ოჯახის წევრებისგან შეიტყო, რომ პროკურატურა გეგმავს დემეტრე ჩიქოვანის შემდეგ ბრალდება გიგა ავალიანის საქმეზე მთავარ ბრალდებულებს, ა.გ.-სა და გ.რ.-საც, დაუმძიმოს. მორიგი სასამართლო სხდომა 4 თებერვალსაა დანიშნული.

  • ა.გ.-ს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელსაც მოჰყვა სიკვდილი;
  • გ.რ.-ს კი - დანაშაულის შეუტყობინებლობა. ის 1 სექტემბერს გიგა ავალიანის სახლის სადარბაზოსთან მომხდარს ტელეფონით იღებდა.


ბრალის დამძიმების შემთხვევაში სავარაუდოა, რომ ა.გ.-ს და გ.რ.-ს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით გაასამართლებენ.

რადიო თავისუფლება ინფორმაციის დადასტურების თხოვნით პროკურატურას დაუკავშირდა. უწყების პასუხი მიღებისთანავე სტატიაში აისახება.

28 წლის მასწავლებელი გიგა ავალიანი თბილისში, თემქის დასახლებაში, არასრულწლოვანების ძალადობის შემდეგ გარდაიცვალა; ამ საქმეზე სხვადასხვა მუხლით ოთხი მოზარდი დააკავეს. მათგან ერთს ახალგაზრდა კაცისთვის ისეთი მძიმე დაზიანების მიყენებას ედავებიან, რომელსაც სიკვდილი მოჰყვა.

გიგა ავალიანის ოჯახის მთავარი მოთხოვნაა, რომ პროკურატურამ საქმე ჯგუფური დანაშაულის მუხლით გამოიძიოს და დასაჯოს ყველა, ვინც 28 წლის მასწავლებლის საქმესთანაა დაკავშირებული, მათ შორის ისინიც, ვინც იცოდა და პოლიციას არ შეატყობინა. ეკა კუპატაძეს, მიაჩნია, რომ მოზარდებმა ჯგუფურად დაგეგმეს გიგა ავალიანის მკვლელობა. პროკურატურას ამ საქმეში მკვლელობის მუხლი არ გამოუკვეთია.

17 წლის დემეტრე ჩიქოვანი ა.გ.-სა და გ.რ.-ს უბნელი და მეგობარია. ბრალდების თანახმად, დემეტრე ჩიქოვანი ა.გ.-სთან და გ.რ-სთან ერთად „მივიდა სასწავლებელთან და ჩაუსაფრდა გიგა ავალიანს, იმისათვის, რომ თავს დასხმოდა და დაეზიანებინა“.

„დაახლოებით 20:00 საათიდან 22:00 საათამდე ელოდებოდნენ ცენტრიდან გიგა ავალიანის გამოსვლას, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს“, - წერია ბრალის დადგენილებაში.

დემეტრე ჩიქოვანის დედის, სოფო ძნელაძის თქმით, პროკურატურას მისი შვილის წინააღმდეგ ამ სიტყვების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ აქვს. ძნელაძე ადასტურებს, რომ 29 ოქტომბერს მისი შვილი ნამდვილად იყო თემქაზე მეგობრებთან ერთად, თუმცა თავდასხმა არ ჰქონია ჩაფიქრებული.

„ის იყო თავის მეგობრებთან ერთად. დემეტრესთვის ეს იყო ერთი ჩვეულებრივი დღე … ა.გ.-მ სთხოვა თემქაზე გაყოლა…ამ ასაკში, მეგობარი ბიჭი რომ მეგობარ ბიჭს ამას ეტყვის, ვერ იქნებოდა უცნაურობა, თუნდაც იმიტომ, რომ მან იცოდა, რომ ა.გ.-ს შეყვარებული ჰყავდა, რომელიც ცხოვრობდა თემქაზე. დემეტრეს არავითარი ინტერესი, რომ დანაშაული მოემზადებინა, ვერ ექნებოდა“, - ამბობს ის.

საქმის მასალების თანახმად, დემეტრე ჩიქოვანი გამოკითხვის ოქმში ადასტურებს, რომ სექტემბრის ბოლოს, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, დიდ დიღომში შეხვდა ორ მეგობარს და ა.გ.-მ მას გაყოლა სთხოვა.

„მე ვკითხე თუ სად, რაზეც ა.გ.-მ მითხრა, რომ სანახავი ყავდა ვიღაც პიროვნება თემქაზე… ჩემთვის არ უთქვამთ, რა საქმეზე, ვინ უნდა ენახათ, ჩემს შეკითხვაზე ა.გ.-მ მიპასუხა, რომ სალაპარაკოდ უნდა ენახა ვიღაც, ხოლო თუ რა საკითხზე ან ვინ, აღარ უთქვამს და არც მე დამისვამს მეტი შეკითხვა მისთვის. ვინაიდან მქონდა თავისუფალი დრო განვუცხადე თანხმობა...

...გარკვეული დროის შემდეგ ა.გ.-მ თქვა, რომ ვეღარ ნახავდა იმას, ვისაც უნდა შეხვედროდა და გვითხრა, რომ წავსულიყავით სახლებში“.

სოფო ძნელაძის თქმით, ამ დღის შემდეგ დემეტრე ჩიქოვანს სიცხემ აუწია და ერთი კვირა სახლიდანაც აღარ გასულა.

საქმის მასალებში დევს 30 სექტემბრით დათარიღებული მიმოწერა ა.გ.-სა და გ.რ.-ს შორის, რომელშიც ა.გ. ატყობინებს მეგობარს, რომ დემეტრე ჩიქოვანი „დღეს ვერ მოდის“.

ა.გ.: დემე ვერ მოდის დღეს, მარტო მე და შენ გავდივართ და რაც არ უნდა მოხდეს, მაგ *ლ**შვილს დედას ვუ**ნავთ

გ.რ.: ხარაშო

სოფო ძნელაძე არც მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის შესახებ ბრალს არ ეთანხმებოდა. მისივე თქმით, არც ამ ბრალის დასამტკიცებლად არ ჰქონია პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები.

ის აცხადებს, რომ პროკურატურა რეაგირებს საზოგადოებრივ აზრზე, პროტესტისა და უკმაყოფილების ჩასახშობად კი უკანონო ნაბიჯებს დგამს.

სოფო ძნელაძე მოითხოვს, შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია პარლამენტში, რომელიც პროკურატურის მიერ ამ საქმეზე გადადგმულ ნაბიჯებს შეაფასებს. ასეთ შემთხვევაში, ის დარწმუნებულია, რომ გენერალურ პროკურორს თანამდებობის დატოვება მოუწევს.

„თქვენი სკამისთვის გაწირეთ ჩემი უდანაშაულო შვილი, ციხეში ცოცხლად კლავთ და იმეტებთ იმისთვის, რომ თქვენი თბილი სკამი შეინარჩუნოთ.. ყველაფერი აოხრდა იმიტომ, რომ დაზარალებულის ოჯახი გააჩუმოთ… სწორედ პროტესტმა, იმან, რომ ეკა კუპატაძე მებრძოლი დედა აღმოჩნდა, გამოიწვია ის შედეგი, რომ ჩემს შვილს არასწორი ბრალი დაუწერეს. ხვალ რომ ვინმეს შეემთხვეს იგივე, რაც ეკა კუპატაძის ოჯახს შეემთხვა, მაგრამ ვერ იყვიროს ეკა კუპატაძესავით, ასეთი უსამართლო პროკურორის ხელში ხომ დაიჩაგრება?“ - ამბობს მოშიმშილე ქალი.

სოფო ძნელაძის თქმით, მისი შვილი ორი დღით ადრე დააკავეს, მანამდე, სანამ ეკა კუპატაძე აქციას გამართავდა, ამბობს, რომ ამ შემთხვევაშიც პროკურატურის მიზანი არა სამართლიანობის აღდგენა, არამედ დაზარალებული მხარის გაჩუმება იყო. ბრალი კი 14 იანვარს დაუმძიმეს, მას შემდეგ, რაც ეკა კუპატაძემ გენპროკურორის გადადგომა მოითხოვა და შიმშილობის დაწყება დააანონსა.

მისივე ცნობით, საქმე მკვლელობების დეპარტამენტს გადაეცა, შეიცვალა საქმის პროკურორიც.

„ოჯახი თავიდანვე მოითხოვდა ჯგუფურ კვალიფიკაციას, მაგრამ გამოძიებამ ამ საქმეს ჯგუფური კვალიფიკაცია ვერ მისცა … სწორედ ამიტომ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია. დემეტრე საერთოდ არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე, რომელ ჯგუფზეა საუბარი?“ - ამბობს ის.

დემეტრე ჩიქოვანის დედის თქმით, მისმა შვილმა დანაშაულის შესახებ 17 ოქტომბერს შეიტყო, იმ დღეს, როცა დიდ დიღომში პოლიცია გ.რ.-სთვის უწყების ჩასაბარებლად მივიდა, თუმცა საქმის მასალებში დევს ფარული მიყურადებით მოპოვებული 15 ოქტომბრით დათარიღებული საუბარი გ.რ.-სა და უცნობ გოგონას შორის, რომელშიც გ.რ. დემეტრე ჩიქოვანსაც ახსენებს:

გ.რ.: ტელეფონი მე მიჯდება. თუ რაღაცა შვიდზე მაქვს და რაღაცა. ჯერ არ ვიცი, როდის დავტენი და სად დავტენი და "ვაფშე" რას ვიზამ "კაროჩე". ეხლა მამაჩემთან ვიყავით ბიჭები ასულები, მე, საშკა და დემე. მამაჩემის ძმაკაციც მანდ იყო და "კაროჩე" მაგეებზე არ მინდა ეხლა თქმა, რა. ვილაპარაკეთ "კაროჩე".

უცნობი: მერე?

გ.რ.: და ის, რა ქვია, "იტოგში" "ხოდი" არის, რომ ყველაფერი რიგზე იყოს რა.

სოფო ძნელაძეს საქმის მასალებიდან ამოღებული ეს დიალოგი წავუკითხეთ. ის ამბობს:

„ჩემი დემეტრე იქ არ ყოფილა, მე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით, დემე იქ არ ყოფილა“.

საქმის მასალებში გ.რ.-სა და დემეტრე ჩიქოვანს შორის საუბრის სხვა ჩანაწერებიცაა.

18 ოქტომბერი:

გ.რ: ამო უნდა დაგებაზრო, ყველაფერი კიდე სხვანაირად გაიჩითა

ჩიქოვანი: კაი მაცადე, ამოვიდე

ჩიქოვანი: ბიჭო წამოვალ მე ხვალე უეჭველი, დედაჩემმაც მითხრა...

გ.რ: შეჩემა რავი, რამე შარში არ გაეხვე რა, მანდ არ გიცნონ

ჩიქოვანი: რა შარში?

გ.რ.: კამერებში დაგინახეს ხო გახსოვს?

ჩიქოვანი: რა შუაში ვარ შეჩემა მეკაიფები? რა იცი, რომ დამინახეს?

გ.რ.: ბიჭო რავი დემე ვნერვიულობ რა, ყველაფერს ვვარაუდობ იმენა...აბა შეჩემა ხომ არ მოეჩვენებოდათ მესამე კაცი პირველ დღეს?

ჩიქოვანი: რა თქვეს ჩემზე?

გ.რ.: ის მესამე რომ იყო მესამეო

ჩიქოვანი: როდის, როდის, როდის

გ.რ: და კაი არა ეგ ჯერ არ გვაინტერესებს კაცო, მთავარი ეს დღეებიაო, არ ვიცი, საშკამ უკეთესად იცის, როგორც მახსოვს მასე მომიყვა...

ჩიქოვანი: მაშინ ჩემზე გკითხავენ უეჭველი ძმა

გ.რ: ხოდა ჯერ შენზე არაფერს ვამბობთ თუ შეგვეკითხეს ვიძახით არ ვიცით, უბრალოდ გამოვიყოლეთ უბნელია რამე რუმე ხვალე დილით უკეთესაად

ჩიქოვანი: ხვალე დამირეკე მე პირველი რომ გამოხვალ

გ.რ: ხვალე გნახავ იმედია რა.. ჩემი ძმა ხარ, თუ ჩავვარდი იცოდე

ჩიქოვანი: რომ დაგტოვონ ეხლა გამოვ*ლევდები

გ.რ: არ გამოვრიცხავ შეგუებული ვარ

ჩიქოვანი: დაფიქრდი საშკას თუ ტოვებენ, შენ ვინ გამოგიშვებს?

გ.რ.: მაგ აზრზე ვარ მეც

ჩიქოვანი: აუ კაროჩე *ლეები ხართ ორივე ისეთი გაბრაზებული ვარ, გული მერევა მაგაზე, ისეთ ნერვებზე ვარ რიკა, ისეთ ნერვებზე, დალეწვა მინდა ყველარის

აი, როგორ ხსნის ამ საუბარს გამოკითხვის ოქმიდან 17 წლის ბიჭი:

„დაბარებულები იყვნენ პოლიციაში და ვაპირებდი გაყოლას თანადგომისთვის, მე ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა სიტყვებში „შარში არ გავეხვე“ ვინაიდან მე რაიმე სახის დანაშაული არ ჩამიდენია. ხოლო სიტყვებში „კამერებში გამოჩენა“ მან სავარაუდოდ იგულისხმა ის, რომ სექტემბრის თვის ბოლოს ა.გ.-ს თხოვნით, ვიმყოფებოდი თემქაზე“.

დემეტრე ჩიქოვანის შესახებ ინფორმაცია საქმის მასალებში გამომძიებელ გიორგი ჯვარშეიშვილის პატაკით ჩნდება. ამ პატაკის თანახმად, ბრალდებულები ა.გ. და გ.რ. დანაშაულის ჩადენამდე დღეებით ადრე ა.ნ.-სა და დემეტრე ჩიქოვანს ეკონტაქტებოდნენ.

ამ ვიდეოში სოფო ძნელაძეს დემეტრე ჩიქოვანსა და გ.რ.-ს შორის გამოძიების მიერ მოპოვებული სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების ამონაწერები წავუკითხეთ. ეს დიალოგები პროკურატურის მტკიცებულებებს შორისაა.

საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, დადგინდა, რომ ა.გ.-ს დანაშაულის ჩადენამდე გ.რ.-ს გარდა, მიმოწერა სწორედ ამ ორ მეგობართან ჰქონდა. გამოძიებამ ა.ნ.-ს და დემეტრე ჩიქოვანის სახლები გაჩხრიკა და ტელეფონები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები ექსპერტიზაზე გააგზავნა.

მას შემდეგ, რაც დემეტრე ჩიქოვანს ბრალი მძიმე დანაშაულის ჯგუფურად მომზადებით დაუმძიმეს, ცალკე გამოიყო საქმე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად [აქ არა მომზადება, არამედ უკვე მომზადებულის განხორციელება იგულისხმება].

პროკურატურა იმ ბრალის დადგენილებაში, რომელიც ა.გ.-სა და გ.რ.-ს წინააღმდეგ ახალი ბრალის წარდგენის საფუძველი შეიძლება გახდეს, წერს:

„2025 წლის 1 ოქტომბერს ა.გ.-ს გ.რ-ს და დემეტრე ჩიქოვანის შემუშავებული გეგმის მიხედვით, ა.გ,- და გ.რ.-მ სისრულეში მოიყვანეს განზრახვა, კერძოდ, დაახლოებით 22:20 ... კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც თავდასხმის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. აღნიშნულის შედეგად გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა“.

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი დარეჯან სულაშვილი არ ეთანხმება სოფო ძნელაძეს და მიაჩნია, რომ მტკიცებულებები აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ დემეტრე ჩიქოვანმა დანაშაული მოამზადა, დანარჩენი კი სასამართლოს განსახილველია.

„დანაშაულის მომზადება სისხლის სამართლის ენით ითვლება დაუმთავრებელ დანაშაულად და ნიშნავს დანაშაულის ჩადენისთვის პირობების შექმნას.

გიგა ავალიანის მიმართ დანაშაულის ჩადენისთვის პირობების შექმნაა მასზე 29 სექტემბერს, 30 სექტემბერს და 01 ოქტომბერს ჩასაფრება (დანაშაულის დასრულებამდე).

29 სექტემბერს დ.ჩ. ნამდვილად იმყოფებოდა თემქაზე გიგა ავალიანის სასწავლო ცენტრთან, მის მეგობრებთან ა.გ,-სთან და გ.რ.-სთან ერთად, რომლებიც გიგა ავალიანის ცენტრიდან გამოსვლას ელოდებოდნენ მასზე თავდასხმის მიზნით (ა.გ.-სა გ.რ.-ს მიმართ უტყუარად დასტურდება, რომ ეს ანგარიშსწორების განზრახვა არსებობდა).

ამდენად, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებაში დ.ჩ.-ს მონაწილეობა დასტურდება მისი ჩვენებითაც, გ.რ.-სთან მიმოწერითაც და სატელეფონო ანძების ადგილმდებარეობის ჩანაწერებითაც.

რაც შეეხება იმ ნაწილს, იცოდა თუ არა დ.ჩ.-მ, რა დანაშაულის ჩადენას აპირებდნენ გ.რ. და ა.გ., როცა მას 29 სექტემბერს თემქაზე გაყოლა სთხოვეს, ეს ცხადი გახდება სასამართლო პროცესზე შესაბამისი პირების, მათ შორის გ.რ.-ს და ა.გ.-ს გამოკითხვებით და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით“, - ამბობს ის.

დემეტრე ჩიქოვანის ოჯახის ადვოკატს, გიორგი გამხიტაშვილს, გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი. მიუხედავად იმისა, რომ საჯაროობის მომხრეა, კანონი მედიასთან საქმის დეტალებზე საუბარს უკრძალავს.

„მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გამოძიებას არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები დემეტრე ჩიქოვანის წინააღმდეგ. ჩვენი მიზანია საქმის ობიექტური, მიუკერძოებელი და სამართლებრივად სწორი განხილვა. სწორედ ამიტომ, თავიდანვე გვქონდა და დღესაც გვაქვს სურვილი, საქმე განხილულ იქნას მაქსიმალური საჯაროობის პირობებში“, - ამბობს ის.

რადიო თავისუფლებამ პროკურატურას კითხვები 22 იანვარს გაუგზავნა. პასუხის შემთხვევაში, უწყების პოზიცია სტატიაში აისახება.

კითხვები, რომლებიც რადიო თავისუფლებამ საქართველოს პროკურატურას გაუგზავნა:
1. თუ დემეტრე ჩიქოვანის კვალიფიკაცია გახდა ჯგუფური, არის ეს პროკურატურის მხრიდან აღიარება, რომ თავიდან არასწორი კვალიფიკაციით დაიწყო გამოძიება? ვის შეეშალა, რა და რა გააკეთეთ რეაგირებისთვის?

2. აპირებთ მუხლის დამძიმებას იმ ადამიანებისთვის, რომელთა საქმეც უკვე სასამართლოშია, რა გზით?

3. რა ახალი მტკიცებულებებია საქმეში, რის საფუძველზეც ბრალი დამძიმდა/დამძიმდება? თუ არაა ახალი მტკიცებულებები, მაშინ რის საფუძველზე მძიმდება ბრალი?

4. თქვენ წინ [პროკურატურის შენობა] შიმშილობს ჩიქოვანის დედა, მეექვსე დღეა, გაქვთ/გქონდათ თუ არა კომუნიკაცია ამ ოჯახთან? ისინი პროკურატურას შეკვეთილ ბრალში ადანაშაულებენ, რათა დაგეცხროთ ხალხის პროტესტი.

გიგა ავალიანის ოჯახი კმაყოფილია პროკურატურის ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯებით; „თუმცა გამადიდებელი ლუპით ვუყურებ მათ სვლებს, ახლა ვეღარავინ გამაცურებს, საქმის მასალები ხელში მაქვს!!! არ დავნებდები, ვიდრე ყველას შესაბამისი მუხლით არ დავაჯენ საბრალდებო სკამზე!“ - ამბობს ეკა კუპატაძე.

ამ ვიდეოში მოისმენთ, რა პრეტენზიები და მოთხოვნები აქვს გამოძიებასთან გიგა ავალიანის დედას, ეკა კუპატაძეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG