Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში იქმნება პატრიოტული აღზრდის სამინისტრო


რუსეთის "საყმაწვილო არმიის" (იუნარმია) მსვლელობა
რუსეთის "საყმაწვილო არმიის" (იუნარმია) მსვლელობა

რუსეთის მთავრობაში შესაძლოა გაჩნდეს ახალი სამინისტრო, რომლის ფუნქციაც ახალგაზრდების „პატრიოტული აღზრდა“ იქნება.

ინტერნეტგამოცემა „ვედომოსტი“ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ახალი სამთავრობო უწყება, სავარაუდოდ, დაფუძნდება ახალგაზრდობის ფედერალური სააგენტოს, „როსმოლოდიოჟის“ ბაზაზე. უწყება ასევე გადაიბარებს თავდაცვისა და განათლების სამინისტროების ახალგაზრდული პროექტების მნიშვნელოვან ნაწილს, დაკავშირებულს პროპაგანდასთან სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის.

„როსმოლოდიოჟი“: ფორუმები, ომის პროპაგანდა და მეომრები სკოლებში

როგორც რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი რუსულენოვანი პროექტი The Current Time-ი წერს, ოფიციალურად, „როსმოლოდიოჟი“ ახლა დაკავებულია „ახალგაზრდული პოლიტიკის კოორდინაციით“ - ატარებს პატრიოტული მიმართულების თემატურ ფორუმებს, აწყობს შეხვედრებს უკრაინის ომიდან დაბრუნებულებთან და გასცემს გრანტებს ახალგაზრდების „პატრიოტული ინიციატივებისთვის“.

„როსმოლოდიოჟს“ აქვს დიდი გამოცდილება პროპაგანდისტული ღონისძიებების ორგანიზებაში. პირველი ასეთი ღონისძიება იყო „სელიგერის“ ფორუმი - სააგენტო მას ატარებდა პროსამთავრობო ახალგაზრდულ მოძრაობა „ნაშისთან“ („ჩვენები“) ერთად 2000-იანი წლების შუა წლებიდან მოყოლებული.

ამ ფორუმზე რამდენჯერმე იმყოფებოდნენ ვლადიმირ პუტინი, დმიტრი მედვედევი და კრემლის მხარდამჭერი სხვა პოლიტიკოსები თუ საზოგადო მოღვაწეები.

დმიტრი მედვედევი და ვლადიმირ პუტინი (მარჯვენა). 2019 წელი
დმიტრი მედვედევი და ვლადიმირ პუტინი (მარჯვენა). 2019 წელი

ამჟამად რუსეთში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ორმოცზე მეტი ასეთი ფორუმია, რომლებსაც „როსმოლოდიოჟი“ უწევს ზედამხედველობას. ოფიციალურად ითვლება, რომ ეს ფორუმები საგანმანათლებლოა და იყოფიან თემებად: IT, მოგზაურობა; ასევე „მშრომელი ახალგაზრდებისა“ და „ახალგაზრდა კაზაკთა“ ყრილობები. პატრიოტული დღის წესრიგიდან ძალიან შორს რომ არ გადაუხვიონ, ამა თუ იმ დარგის სპეციალისტების გარდა, ღონისძიებებს ხშირად სტუმრობენ სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები, პროსამთავრობო პოლიტიკოსები, ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის (რუსეთ-უკრაინის ომის) მონაწილეები და რუსული ესტრადის კრემლის მეხოტბე ვარსკვლავები.

სააგენტოს აქვს ცალკე პროგრამა - „როსპატრიოტი“, რომლის ამოცანაც პროპაგანდა და „სამოქალაქო-პატრიოტული განათლებაა“: მაგალითად, სკოლის მოსწავლეებისთვის ტარდება სემინარები „ისტორიის გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლაში“.

შარშან, „როსმოლოდიოჟის“ ხელმძღვანელმა ქსენია რაზუვაევამ წარადგინა პროექტი „შენი გმირი“, რომელიც „მიზნად ისახავს ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის (რუსეთ-უკრაინის ომის) მონაწილეების სოციალიზაციას“.

ფრონტიდან დაბრუნებულებს შეუძლიათ „აღზარდონ ახალგაზრდები“ პატრიოტული სახელმწიფო ორგანიზაციის „პირველების“ რეგიონულ ფილიალებში, სკოლებში, სამხედრო-პატრიოტულ კლუბებსა და ბავშვთა ბანაკებში.

პუტინის ბრძანებით შექმნილ „პირველების მოძრაობას“ ამჟამად არ ჰყავს სამთავრობო მაკონტროლებელი ორგანო მსგავსად უფრო მილიტარიზებული „იუნარმიისა“. შესაძლოა, „როსმოლოდიოჟმა“ ამ ორგანიზაციებზეც მიიღოს კონტროლის უფლება, რადგან სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ამგვარ პატრიოტულ მოძრაობებში მონაწილეობა ახლა არჩევითია.

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სკოლებში, პატრიოტული აღზრდის ფარგლებში, რუსული პროპაგანდა ამართლებს ყირიმის ანექსიას.
რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სკოლებში, პატრიოტული აღზრდის ფარგლებში, რუსული პროპაგანდა ამართლებს ყირიმის ანექსიას.

„ვედომოსტის“ ცნობით, თავდაცვის სამინისტროს ზოგიერთი პროექტიც ახალ სამინისტროს გადაეცემა. ამჟამად რუსეთის სამხედრო უწყება, განათლების სამინისტროსთან ერთად, მართავს სამხედრო-პატრიოტული აღზრდის („ავანგარდი“) ცენტრებს, რომლებშიც საშუალო სკოლის მოსწავლეები გადიან საბაზისო სამხედრო წვრთნას (სწავლობენ სროლას, ჯარის წესდებას და სამწყობრო მომზადებას) - რაც 2023 წლიდან სასკოლო სასწავლო გეგმის სავალდებულო ნაწილია.

მთელი რუსეთის ტერიტორიაზე „ავანგარდის“ ფილიალების რაოდენობა ასს აღემატება და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება, იხსნება ახლები - როგორც წესი, სკოლებში ან ბავშვთა საზაფხულო ბანაკების ტერიტორიებზე.

„პატრიოტიზმის სამინისტრო“ და სკოლები

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ახალი სამინისტრო რუსეთის მთავრობაში უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციის შემდეგ (სავარაუდოდ, 2024 წლის 7 მაისი) შეიქმნება. ასეთ შემთხვევაში რუსეთის სკოლებში პატრიოტული აღზრდის მართვა საბოლოოდ გახდება ცენტრალიზებული.

ირიბად, „რუსეთის სკოლის მოსწავლეთა მოძრაობისა“ და „რუსეთის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ მეშვეობით, „როსმოლოდიოჟი“ უკვე მართავს და ხელმძღვანელობს სკოლის დირექტორთა მრჩევლებს აღმზრდელობით საკითხებში. ძირითადად ესენი არიან ახალგაზრდა პედაგოგები, რომლებიც „პიროვნული განვითარების პრობლემებს წყვეტენ სულიერ და მორალურ ღირებულებებზე დაყრდნობით, რისთვისაც ორგანიზებას უკეთებენ საინტერესო და აქტიურ კლასგარეშე აქტივობებს, წარმატებულ სოციალიზაციასა და „რუსეთის ბავშვთა და ახალგაზრდობის მოძრაობისა“ და „იუნარმიის“ (ახალგაზრდული არმიის) ინიციატივებში ჩართვას“.

„რუსეთის მასწავლებელთა ალიანსის“ მოძრაობის ხელმძღვანელი დანიილ კენი ამბობს, რომ რუსი მასწავლებლები ისედაც ძალიან მგრძნობიარენი არიან არალეგალური ადმინისტრაციული გავლენის მიმართ და ჩართულნი არიან პროპაგანდისტულ აქტივობებში: „მასწავლებლებს მოეთხოვებათ ჩაერთონ ომის მხარდაჭერის არაპირდაპირ ფორმებში, გამოხატონ ხელისუფლების მიმართ ლოიალურობა“.

იგულისხმება დროშის აღმართვის საზეიმო ცერემონიალი, „საუბრები მნიშვნელოვანზე“, „გმირთა მერხების“ დადგმა, სამხედროებთან შეხვედრები და ა.შ. „სკოლა არის ბავშვობის მთავარი სოციალური ინსტიტუტი, ახლა სკოლას მინიჭებული აქვს პატრიოტული აღზრდის ფუნქცია და ძნელი წარმოსადგენია, რომ რაიმე სხვა სტრუქტურამ, როგორც ჩართული ადამიანების რაოდენობის, ასევე ხარისხის თვალსაზრისით, ჩაანაცვლოს სკოლა, სადაც ბავშვები დღის უმეტეს ნაწილს ატარებენ“, - ამბობს The Current Time-თან საუბარში კენი.

რუსეთის საყმაწვილო არმიის (იუნარმიის) მებრძოლები
რუსეთის საყმაწვილო არმიის (იუნარმიის) მებრძოლები

მასწავლებელ დიმა ზიცერის თქმით, ცალკეული სამინისტროების მუშაობას ახალგაზრდობასთან შეუძლია მკვეთრად გააუარესოს სიტუაცია: „რა თქმა უნდა, ცალკე სამთავრობო ორგანოს შექმნა დაამძიმებს დეგრადაციის მასშტაბს, გაანადგურებს მორალურ საფუძვლებს. ამგვარი ბიუროკრატიული სისტემა, მიუხედავად მისი მოუხეშაობისა, მართალია ნელა, მაგრამ მაინც წარმატებულად იმუშავებს.

ვერც მასწავლებლები და ვერც მშობლები ვერ აღუდგებიან მას. 1,5 წელია ვამბობ, რომ არსებობს ამ ყველაფრის თავიდან აცილების ერთადერთი გზა: განათლების ოჯახურ ფორმაზე გადასვლა. რა თქმა უნდა, არიან სკოლის დირექტორები და მასწავლებლები, რომლებიც არ დაუბინძურებენ ბავშვებს ტვინებს, მაგრამ პროპაგანდა მაინც თავისას იზამს“.

2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის რუსეთის სკოლები 193,5 ათასმა მასწავლებელმა დატოვა“, - წერს გამოცემა „ვაჟნიე ისტორიი“ განათლების სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით. ეს არის ყველა მასწავლებლის დაახლოებით 14% და მაქსიმუმი 2017 წლის შემდეგ. ზოგიერთ შემთხვევაში, მასწავლებლებს სამსახურიდან წასვლას სკოლის ადმინისტრაცია აიძულებს: ხელმძღვანელობასთან უთანხმოების, მათ შორის, იდეოლოგიური, ომის საწინააღმდეგო პოზიციების ან ოფიციალურ ხელისუფლებასთან „პრობლემების“ გამო.

ახალი სამთავრობო უწყების შექმნის შემდეგ შეიძლება განათლების სამინისტრო კვლავ „გაერთიანდეს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან (2018 წლამდე რუსეთში ცალკე განათლების სამინისტრო არ არსებობდა). იმის გათვალისწინებით, რომ ყველა სკოლის მასწავლებელს აქვს კონტრაქტი განათლების სამინისტროსთან, უცნობია, რა გავლენას მოახდენს ცვლილებები სისტემაში მასწავლებლების მდგომარეობაზე და გამკაცრდება თუ არა ხელისუფლების მხრიდან კონტროლი.

დანიილ კენის თქმით, ცალკე სამთავრობო ორგანოს შექმნა, რომლის მიზანი „პატრიოტული განათლებაა“, დიდწილად, „ბიუროკრატიული ხასიათის“ ინიციატივაა.

„ვფიქრობ, რომ აქ არის ლოგიკა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ, პირველ რიგში, ბიუროკრატია მიდრეკილია საკუთარი თავის რეპროდუცირებაზე და ეს ნორმალურია ისეთი გახევებული სისტემისთვის, როგორიც რუსული სახელმწიფო აპარატია.

დაახლოებით იგივე ხდებოდა, როდესაც აერთიანებდნენ "სკოლის მოსწავლეთა მოძრაობას", "იუნარმიას", "რუსეთის მართვეებს" (პატრიოტული მოძრაობა სკოლამდელი აღზრდისთვის) და სხვა შედარებით მცირე მოძრაობებს - ცდილობდნენ ყველა ეს ორგანიზაცია შეერეკათ "პირველთა მოძრაობაში" და შეექმნათ კიდევ ერთი ბიუროკრატიული ქვესტრუქტურა“.

რუსეთის „მასწავლებელთა ალიანსის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ არსებობს კიდევ ერთი მოტივი „დაკავშირებული იმ ფაქტთან, რომ საკმაოდ დიდია იმ ჩინოვნიკთა რაოდენობა, რომლებიც სხედან და ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ მოახდინონ თავიანთი ლოიალობის დემონსტრირება და გამოიჩინონ ინიციატივა“.

„აშკარაა, რომ სახელმწიფო ახალგაზრდების პატრიოტულ აღზრდაზე კონცენტრირებას ზრდის, რაც ძალიან მოსწონს პუტინს. როგორც ჩანს, ახსენებს მას თავისი საბჭოთა ახალგაზრდობის რაღაც მომენტებს, ან უბრალოდ მიაჩნია, რომ ეს მომგებიანია - ისეთი იდეებით აპელირება, რომლებიც საზოგადოების შესამჩნევ ნაწილში ჰპოვებს მხარდაჭერას. და აშკარაა, რომ ჩინოვნიკებიც ფიქრობენ, როგორ ასიამოვნონ პუტინს“, - ამბობს დანიილ კენი.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG