აფგან სადიგოვის სავარაუდო დაკავების შესახებ 8 ივნისს საღამოს ექვსი საათისთვის გაავრცელა ინფორმაცია მისმა მეუღლემ, სევინჯ სადიგოვამ.
„ნიღბიანებმა წაიყვანეს“
მისი თქმით, იგი სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილმა რამდენიმე ნიღბიანმა პირმა წაიყვანა, თუმცა არაფერი განუმარტავთ.
მოგვიანებით, 8 ივნისს, გვიან საღამოს გაირკვა, აზერბაიჯანში რაიონულმა სასამართლომ სადიგოვის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო.
9 ივნისს მისი ინტერესების დამცველმა, თამთა მიქელაძემ დაწერა, რომ აფგან სადიგოვის დაპატიმრება ოფიციალურად დადასტურდა.
ვინ არის აფგან სადიგოვი
აფგან სადიგოვი არის აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი, რომელიც მწვავედ აკრიტიკებს როგორც ილჰამ ალიევის, ასევე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. დაფუძნებული ჰქონდა ონლაინ ტელევიზია Azel TV.
იგი ცოლსა და ორ არასრულწლოვან შვილთან, 10 და 15 წლის გოგოებთან ერთად, საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბერს ჩამოვიდა. მას შემდეგ თბილისში ცხოვრობდა.
მას საქართველოს დატოვების უფლებას არ აძლევდნენ, აზერბაიჯანი კი მის გადაცემას - ექსტრადიციას - მოითხოვდა.
აზერბაიჯანში დაპატიმრებული იყო
სადიგოვი აზერბაიჯანში 2020 წლის 13 მაისს დააკავეს, 14 მაისს კი ბრალი დასდეს ჩინოვნიკისთვის ფულის გამოძალვაში - რომ თითქოს, ქრთამის სანაცვლოდ, უარს იტყოდა ჩინოვნიკის შესახებ არსებული მაკომპრომეტირებელი მასალების გამოქვეყნებაზე.
იგი ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა. საერთაშორისო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ მაშინკ აღნიშნავდა:
„ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს სადიგოვის დევნა თავისი რეპორტაჟების გამო და დართოს ნება მას და სხვა დამოუკიდებელ ჟურნალისტებს აზერბაიჯანში შეასრულონ თავიანთი საქმე, დაბრკოლებებისა და სიცოცხლის საფრთხის გარეშე“.
სადიგოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აზერბაიჯანში ჯამში, 242 დღის განმავლობაში იშიმშილა.
2022 წლის მაისში სადიგოვმა საპატიმრო შეწყალების გზით დატოვა.
რატომ ითხოვდა ბაქო ექსტრადიციას
თუმცა 2024 წელს მის წინააღმდეგ სხვა, მსგავსი საქმე აღძრეს აზერბაიჯანში - სწორედ ამის გამო ითხოვდა ბაქო მის ექსტრადიციას საქართველოდან.
ბრალდების თანახმად, სადიგოვი აშანტაჟებდა და ფულს სძალავდა ერთ-ერთ რაიონში სხვადასხვა სოფლის ორ წარმომადგენელს.
აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, 2024 წლის 3 აგვისტოს, აფგან სადიგოვი ცენტრალურ თბილისში, ოჯახის თვალწინ დააკავეს.
ექსტრადიციის აკრძალვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2024 წლის 4 აგვისტოს მას სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს ვადა მოგვიანებით გაახანგრძლივა.
სადიგოვი საქართველოში პატიმრობისას 141 დღის განმავლობაში შიმშილობდა, რასაც მისი წონის რადიკალური კლება მოჰყვა. იყო სამედიცინო დაწესებულებაშიც.
და მანამ, სანამ საქართველო სადიგოვს აზერბაიჯანს გადასცემდა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჟურნალისტის ექსტრადიცია აკრძალა.
აფგან სადიგოვმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მისი აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა.
მან საპატიმრო 2025 წლის 17 აპრილს დატოვა - ექსტრადიციის მიზნით პატიმრობის მაქსიმალური ვადა 9 თვეს შეადგენს. ეს ვადა იწურებოდა, ამიტომ პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიება შეცვლა მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გულისხმობდა, რომ მანამ, სანამ ევროპული სასამართლო საქმის არსებით განხილვას არ დაასრულებდა, სადიგოვის ექსტრადიცია არ უნდა მომხდარიყო.
რა მოხდა საქართველოში
ციხიდან გამოსვლის შემდეგ სადიგოვმა განაგრძო თბილისში ცხოვრება, - თუმცა ოჯახი ევროპაში გადავიდა.
სადიგოვი კვლავ აკრიტიკებდა როგორც აზერბაიჯანის, ისე საქართველოს ხელისუფლებას.
2025-26 წლებში იგი თბილისში ორჯერ დააკავეს კიდეც ადმინისტრაციული წესით საპროტესტო აქციაზე „გზის გადაკეტვის“ საფუძვლით.
რატომ გააძევეს საქართველოდან
2026 წლის 4 აპრილს, საღამოს 10-დან 11 საათამდე შუალედში აფგან სადიგოვი ქართველმა სამართალდამცავებმა მორიგ ჯერზე დააკავეს.
ნაშუაღამევს გამართულ სასამართლოზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაირკვა, რომ:
- „აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა”;
- „შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები“;
- „ამავდროულად, სადიგოვმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას“.
- ეს „ადმინისტრაციული სამართალდარღვევა“ იყო სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფა.
გადაწყვეტილება დილის 4 საათზე
მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 5 აპრილს, გამთენიისას, 04:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიიღო გადაწყვეტილება:
- აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევების შესახებ;
- დააკისრა 2000-ლარიანი ჯარიმა ფეისბუკში გამოქვეყნებული სტატუსის გამო, რადგან მიიჩნია, რომ ამით ჟურნალისტი ქართულ პოლიციას შეურაცხყოფდა;
- სამი წლის განმავლობაში აუკრძალა საქართველოში შემოსვლა.
- ის დაუყოვნებლივ გააძევეს ქვეყნიდან.
აზერბაიჯანში იგი არ დაუპატიმრებიათ, - რამდენჯერმე გადაიყვანეს პოლიციაში, ასევე მისცეს საერთაშორისო პასპორტიც - თუმცა ქვეყნის დატოვების უფლება არ მიუციათ.
რა მოხდა ახლა?
აფგან სადიგოვის ინტერესების დამცველის, თამთა მიქელაძის ცნობით, „იმავე საქმეზე, რომლის საფუძველზეც აზერბაიჯანი მის ექსტრადიციას ბაქოში ითხოვდა“, აზერბაიჯანმა 2026 წლის ივნისის დასაწყისში გამოძიება და დევნა განაახლა.
ამას ადასტურებს რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ცნობები: სადიგოვს ბინაგადის რაიონულმა სასამართლომ სულ მცირე 30 ივლისამდე „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა - 2024 წელს დაწყებულ და ხელახლა აღძრული საქმის ფარგლებში.
„აპრილის დასაწყისში აზერბაიჯანის ოფიციალური პოზიცია იყო, რომ ამ საქმეზე ჟურნალისტის მიმართ გამოძიება და დევნა შეწყვეტილი იყო და, შესაბამისად, ექსტრადიციის მოთხოვნაც შეჩერდა, რადგან ამის სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობდა. ახლა კი, აზერბაიჯანში დეპორტაციიდან 65 დღეში, ის იმავე საქმეზე, იმავე საფუძვლით დააკავეს“, - დაწერა ფეისბუკზე თამთა მიქელაძემ.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, - წერს რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახური, - საქმეში დაზარალებულად ცნობილმა პირებმა სასამართლოს მიმართეს სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.
სასამართლომ კი 8 ივნისს ეს გადაწყვეტილება დააკმაყოფილა, რასაც მოჰყვა სადიგოვის დაკავება.
„წინასწარ დაგეგმილი სპეცოპერაცია“
თამთა მიქელაძის შეფასებით, გარემოებები აჩვენებს, რომ „ეს პროცესი წინასწარ დაგეგმილი, კოორდინირებული და ფაბრიკაციული სპეცოპერაცია იყო, რომელშიც „ქართული ოცნების“ რეჟიმიც ღიად მონაწილეობდა“.
„შეგახსენებთ, რომ მანამდეც აფგან სადიგოვი ამ საქმეზე არაერთხელ შეაჩერა აზერბაიჯანის პოლიციამ და ყოველ ჯერზე ჰპირდებოდნენ, რომ ეს ტექნიკური პრობლემა იყო და მისი შეჩერების მიზეზი მხოლოდ ის გახლდათ, რომ ბაზებში მონაცემები უნდა განახლებულიყო“, - წერს მიქელაძე.
26 მაისს, ნაშუაღამევს აფგან სადიგოვმა, რომელიც ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა, ფეისბუკზე დაწერა, რომ ქვეყნის დატოვების საშუალება არ მისცეს:
„ქვეყნის დატოვება აკრძალული მაქვს. საბაჟოზე მითხრეს, რომ ეს აკრძალვა რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არის დაწესებული“, - დაწერა მან.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ ყოფილა
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის დალოდებაც კი არ მოინდომა აზერბაიჯანმა“, - წერს მიქელაძე. სადიგოვის საქმე კვლავ განიხილება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრესასთან ურთიერთობის სამსახურმა რადიო თავისუფლებას 8 აპრილს განუცხადა, რომ 2025 წელს საქართველოს მთავრობას აცნობეს, - აზერბაიჯანელი დისიდენტი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი საქართველოდან აზერბაიჯანში არ უნდა გაიყვანონ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე.
9 ივნისს რადიო თავისუფლება კვლავ დაუკავშირდა სასამართლოს ბოლოს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით უფრო ცხადი პოზიციის მისაღებად. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
განახლება: ინფორმაცია რამდენჯერმე განახლდა კონტექსტის დაზუსტებისა და დამატებითი დეტალების დამატების მიზნით.
ფორუმი