„საქართველოს პოლიციისგან გარდაცვალების შესახებ შეტყობინება არ მიგვიღია - ამის შესახებ პირველად ინფორმაცია მხოლოდ 29 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მივიღეთ“, - წერს ტაილანდის სამეფოს საელჩო ანკარაში და ამის დასადასტურებლად აქვეყნებს დოკუმენტებს, სადაც ჩანს, რომ ოფიციალური შეტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან 29 ივლისს გაიგზავნა.
იქამდე ქართული მხარე აცხადებდა, რომ იუტუბერი თბილისის ერთ-ერთი სასტუმროს თანამშრომლებმა 14 ივლისს საკუთარ ნომერში იპოვეს გარდაცვლილი და ამის შესახებ პოლიციას შეატყობინეს. შსს-ს თქმით, მას შემდეგ, რაც გარდაცვლილის ვინაობა დაადგინეს, დაუყოვნებლივ აცნობეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
ტაილანდს საქართველოში საელჩო არ აქვს. საქართველოსთან დაკავშირებულ დიპლომატიურ და საკონსულო საკითხებზე პასუხისმგებელია ტაილანდის სამეფოს საელჩო ანკარაში.
ანკარაში ტაილანდის საელჩოს ინფორმაციით, 29 ივლისს - იმავე დღეს, როცა მათ საქართველოს მხარისგან ჰლუნ სოლოს გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მიიღეს - საელჩოს თანამშრომლები დაახლოებით 20:30 საათზე საქართველოში ჩამოვიდნენ და შეხვდნენ საქმეზე მომუშავე გამომძიებლებს.
„პასუხისმგებელი ქართველი პოლიციელებისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ პოლიციამ 14 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა ელ.ფოსტა ტაილანდის მხარისთვის ინფორმაციის გადასაცემად. მანამდე საელჩოს საქართველოს პოლიციისგან პირდაპირი გზით არანაირი ინფორმაცია არ მიუღია.“
ტაილანდის საელჩო ქართული მხარისგან მოითხოვს, გაარკვიონ, რატომ შეიტყო ტაილანდმა საკუთარი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ორი კვირის დაგვიანებით - მაშინ, როცა, საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, მისი ცხედარი უკვე 14 ივლისს იყო ნაპოვნი და იდენტიფიცირებული.
„საქართველოს მხარეს ვთხოვეთ, გამოიძიონ, რატომ გამოგვიგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური წერილი მხოლოდ 29 ივლისს, მაშინ როცა ჩვენ სამინისტროს უკვე 28 ივლისს დავუკავშირდით, მას შემდეგ, რაც ბატონი ბოვორნრატის გაუჩინარების შესახებ შევიტყვეთ.“
რადიო თავისუფლებამ შესაბამისი კითხვებით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
რა ვიცით ამ ამბის შესახებ?
ბოვორნრატ პენგსუკი, რომელსაც სოციალურ ქსელებში „ჰულუნ სოლოს“ სახელით იცნობდნენ, ტაილანდში ცნობილი იუტუბერი და კონტენტკრეატორი იყო. ის ძირითადად მოგზაურობის შესახებ აქვეყნებდა ვიდეოებს და მილიონზე მეტ გამომწერს თავის ისტორიებს უზიარებდა სხვადასხვა ქვეყნიდან. ტაილანდური მედიის ცნობით, საქართველოშიც სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა, ის ქვეყანაში მარტო მოგზაურობდა.
ოჯახმა 27 წლის იუტუბერთან კავშირი 13 ივლისს დაკარგა. ამის შემდეგ მისი ძმა, რომელიც სოციალურ ქსელში Klose Mos-ის სახელით წერს, ავრცელებდა ინფორმაციას ძმის გაუჩინარების შესახებ და დახმარებას სთხოვდა ყველას, ვისაც მის შესახებ შეიძლებოდა ჰქონოდა რამე ინფორმაცია.
ჰლუნ სოლო ძმის პოვნაში დახმარებას ითხოვდა 28 ივლისსაც. წერდა, რომ ოჯახიდან ისევ ვერავინ ახერხებდა მასთან დაკავშირებას - ვერც ტელეფონით და ვერც ინტერნეტით - და რომ ძალიან ღელავდნენ მასზე.
„თუ ვინმე საქართველოში იმყოფებით, გაქვთ რაიმე ინფორმაცია, გინახავთ ის ან შეგიძლიათ მის შესახებ რაიმე გვითხრათ, რაც არ უნდა მცირე დეტალი იყოს, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დამიკავშირდით პირადად ან დატოვეთ კომენტარი ამ პოსტზე“ - წერდა მისი ძმა.
ჰლუნ სოლოს გაუჩინარება რამდენიმე დღის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ტაილანდურ მედიაშიც.
29 ივლისს გავრცელდა ჰლუნ სოლოს ბებიის ვიდეოც - სადაც ის შვილიშვილის დაბრუნებისთვის ლოცულობდა და იმედს გამოთქვამდა, რომ მალე გამოჩნდებოდა - ამ დროს ტურისტი უკვე 2 კვირის გარდაცვლილია, თუმცა ამის შესახებ ოჯახმა არ იცის.
რას ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტრო?
რადიო თავისუფლებას შსს-ში განუცხადეს, რომ ტაილანდის მოქალაქე, 27 წლის ბავორნტატ პენგსუკი 14 ივლისს სასტუმროს თანამშრომლებმა საკუთარ ნომერში იპოვეს გარდაცვლილი და ამის შესახებ პოლიციას შეატყობინეს. „მას პირველადი დათვალიერებით დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებოდა.“
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს, რომ ტაილანდელი ტურისტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის დაგვიანებით გადასცეს. უწყების თქმით, მას შემდეგ, რაც გარდაცვლილის ვინაობა დაადგინეს და გაირკვა, რომ ის უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
რას ამბობს საგარეო საქმეთა სამინისტრო?
რადიო თავისუფლება ამ საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყებას გავუზიარეთ ტაილანდის საელჩოს განცხადებები, რომლებშიც საელჩო ინფორმაციის დაგვიანებით გადაცემაზე პასუხისმგებლობას ქართულ მხარეს აკისრებს და საქმის გამოძიებას ითხოვს.
უწყებაში ამ დრომდე ვერ პასუხობენ ჩვენს კითხვებს. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
ტაილანდურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ჰლუნ სოლოს შესაძლო თვითმკვლელობის შესახებაც, რაც, სავარაუდოდ, უკავშირდება იმ ფაქტს, რომ შსს-მ გამოძიება „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით დაიწყო.
გამოძიების დაწყება ამ მუხლით არ ნიშნავს, რომ ადამიანმა თავი მოიკლა. გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ადამიანის პოვნის შემთხვევაში ეს ერთ-ერთი მუხლია, რომლითაც სამართალდამცველები, როგორც წესი, იწყებენ გამოძიებას და შემდეგ ადგენენ, რა მოხდა სინამდვილეში - იყო ეს თვითმკვლელობა, უბედური შემთხვევა თუ სხვა რამ.
ოჯახი ამ ვერსიას არ ეთანხმება. მათი თქმით, ჰლუნს სამომავლო გეგმები ჰქონდა - „ის აგროვებდა ფულს სახლის გასარემონტებლად ან თავიდან ასაშენებლად“ და გეგმავდა სხვა მოგზაურობებსაც.
ტაილანდური მედიის ცნობით, უკვე დაიწყო გარდაცვლილი მოგზაურის სამშობლოში გადასვენების პროცესი - მისმა ოჯახმა ხელი მოაწერა მინდობილობას, რომლის საფუძველზეც ტაილანდის ხელისუფლება საქართველოდან მისი ცხედრისა და პირადი ნივთების გადმოსვენებას შეძლებს.
ფორუმი