არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მიერ მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა ყაველაშვილმა შეიწყალა:
- საბა ჯიქია,
- დავით ხომერიკი,
- თორნიკე მჭედლიშვილი,
- ფრიდონ ბუბუტეიშვილი,
- დანიელ მუმლაძე,
- გურამ ხუტაშვილი,
- ავთანდილ თოფჩიშვილი,
- სიმონ მახარაძე.
ინფორმაციას ადასტურებენ მათი ადვოკატები.
ამ ეტაპზე უცნობია, გათავისუფლებული დემონსტრანტებიდან ყველას ჰქონდა თუ არა მიმართული პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით.
- 18 წლის სტუდენტი საბა ჯიქია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციელისთვის წიხლის ჩარტყმას ედავებოდა. 2025 წლის 10 ივლისს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.
- დავით ხომერიკი 2024 წლის 2 დეკემბერს თამარაშვილის ქუჩაზე, ძმასთან, ზუკასთან ერთად დააკავეს. პოლიციის მტკიცებით, ისინი გზას ხელოვნურად კეტავდნენ და მათ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. გამოძიების მასალების თანახმად, ადმინისტრაციული წესით დაკავების შემდეგ დავითი და მისი ძმა გაჩხრიკეს და სწორედ მაშინ იპოვეს დავითის ზურგჩანთაში „მოლოტოვის კოქტეილები“. საქმე გადაკვალიფიცირდა და ის ცეცხლის წაკიდების მომზადებაში დაადანაშაულეს. ხომერიკს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.
- სიმონ მახარაძე და ავთანდილ თოფჩიშვილი 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის საქმეზე დააკავეს. მათ ბრალად სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფური ძალადობა ედებოდათ. მათთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების მიხედვით, სასჯელის სახედ განესაზღვრათ 1 წლით პატიმრობა და 3 წლით პირობითი მსჯავრი.
- თორნიკე მჭედლიშვილს 4 ოქტომბრის საქმეზე 5 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
- დანიელ მუმლაძემ და გურამ ხუტაშვილს - 3-3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს რუსთაველის გამზირზე მდებარე სათვალთვალო კამერების ჯგუფურად დაზიანებისთვის.
- ფრიდონ ბუბუტეიშვილს ბრალად ედებოდა ქვის სროლით მეხანძრე-მაშველის დაშავება და პარლამენტის ჭიშკრის დაზიანება 2024 წლის 1 მაისს, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მიმდინარეობის დროს. მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მიხეილ ყაველაშვილმა 27 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 ადამიანი შეიწყალა. შეწყალების აქტი შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.
პატიმრობაში ამ დროისთვის კვლავ რჩევა 2024-2025 წლის აქციებზე დაკავებული რამდენიმე ათეული დემონსტრანტი. მხარდამჭერები და პროევროპული აქციის მონაწილეები მათ „სინდისის პატიმრებად“ მიიჩნევენ.
ფორუმი