Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ დარჩა 100 000 მოლდოველი რუმინული პირადობის მოწმობის გარეშე ყალბი მისამართების სქემის გამო

რუმინეთმა 160 000 ათასი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გააუქმა, მათ შორის 100 000 ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოლდოველს ეკუთვნოდა. საქმე წლების განმავლობაში არსებულ ყალბი მისამართების თაღლითურ სქემას ეხება.

ორი მოლდოველი იურისტი შეხვდა ერთმანეთს, დამეგობრდნენ, დაქორწინდნენ და აღმოაჩინეს, რომ ორივე ერთსა და იმავე ფიქციურ მისამართზეა რეგისტრირებული.

ალინასა და ვადიმ გნაციუკების ამბავი ასახავს, თუ როგორ მიიღო მოლდოვის 3-მილიონიანი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საბუთები მეზობელ რუმინეთში, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში.

რუმინეთის სახელმწიფო წლების განმავლობაში თვალს ხუჭავდა ყველასთვის ცნობილ საიდუმლოზე: მოლდოვაში დაბადებული ათიათასობით მოქალაქე ფიქციურად რეგისტრირდებოდა ერთსა და იმავე მისამართზე რუმინული დოკუმენტების მისაღებად.

პლასტმასის თხელი ფირფიტა წარწერით „პირადობის მოწმობა“, ევროკავშირში შესასვლელი ბილეთიც იყო და შეღავათების ან პენსიების მისაღებად საჭირო საბუთიც.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუმინეთის ხელისუფლებამ სწრაფად გააცნობიერა, რომ ამ ხვრელის გამოყენება „პრუტის გადაღმა მცხოვრები მათი ძმების“ გარდა სხვებსაც შეეძლოთ.

ბუქარესტმა ერთბაშად გააუქმა 160 000-ზე მეტი პირადობის მოწმობა, რომელთა უმეტესობა მოლდოვის მოქალაქეებს ეკუთვნოდათ.

ამჟამად ალინა და ვადიმი, სხვა 100 000 მოლდოველთან ერთად, 2023 წელს, რუმინეთის მთავრობის მიერ გამოვლენილი მოქალაქეთა საიდენტიფიკაციო სისტემის სერიოზული ხარვეზის მოგვარების მცდელობის თანმხლებ მსხვერპლად იქცნენ.

რუმინეთსა და მოლდოვას ღრმა ისტორიული, კულტურული და ენობრივი კავშირები აქვთ.

მოლდოვა მეორე მსოფლიო ომამდე რუმინეთის ნაწილი იყო, 1945 წელს საბჭოთა კავშირში გაერთიანდა და შემდეგ, 1991 წელს, დამოუკიდებელი გახდა.

რუმინეთის მოქალაქეობის შესახებ კანონი საშუალებას აძლევს ყოფილ მოქალაქეებს, რომლებმაც „დაკარგეს მოქალაქეობა მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ან რომელთაც მოქალაქეობა ჩამოერთვათ თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ, ასევე მათ მესამე თაობის შთამომავლებს, აღიდგინონ იგი.

1991 წლიდან შემოღებული ამ პროცედურის მეშვეობით, ასობით ათასმა მოლდოველმა მიიღო რუმინეთის მოქალაქეობა.

მეზობლები სარგებლებით

მას შემდეგ, რაც რუმინეთი 2007 წელს ევროკავშირში შევიდა, მკვეთრად გაიზარდა იმ მოლდოველთა რიცხვი, რომლებიც სარგებლობენ რუმინეთის კანონმდებლობით, მოქალაქეობის მარტივი გზით მიღების შესახებ.

დაახლოებით 900 ათას მოლდოველს სრულიად კანონიერად აქვს მიღებული რუმინეთის მოქალაქეობა; მაგრამ მოქალაქეობა საკმარისი არაა, დამატებით სარგებელი, როგორიცაა რუმინეთის საბანკო მომსახურებაზე წვდომა, მართვის მოწმობა ან ბავშვის გამო დახმარების მიღება პირადობის მოწმობას მოაქვს. პირადობის მოწმობის მისაღებად კი საჭიროა მისამართი რუმინეთში -- და ეს მისამართი ხშირად, სავსებით კანონიერად, შუამავლების მიერ იყო მოპოვებული.

22 000 ადამიანი ერთ საერთო ბინაში

გამოყენებული მისამართებიდან ზოგიერთი დაუსახლებელი, დანგრეული ადგილები იყო, ზოგი კი რეალური სახლები, მაგრამ ვერასდროს დაიტევდა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც დოკუმენტების მიხედვით, იქ ცხოვრობენ.

რუმინეთის მოსახლეობის რეგისტრაციის გენერალური დირექტორატის (GDPR) ხელმძღვანელმა, აურელ-კატალინ გიულესკუმ, განაცხადა, რომ ათობით მისამართზე 50 ათასზე მეტი ადამიანი იყო რეგისტრირებული. ერთ-ერთ შენობაში, რომელსაც „ფიქციური სახლების ქარხანას“ უწოდებენ, 10 ათასზე მეტი მოლდოველი იყო ჩაწერილი.

ისეთი შემთხვევაც კი იყო, როდესაც ერთსა და იმავე მისამართზე 22 000 ადამიანი იყო რეგისტრირებული. რუმინეთის კანონმდებლობა არანაირ შეზღუდვას არ ითვალისწინებს.

„მესაკუთრის თანხმობა არსებობდა და მესაკუთრემ საჯარო მოხელის თანდასწრებით მისცა თანხმობა სივრცეში შეყვანილ თითოეულ პირზე“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას სპირიდონ მოკანუმ, მოლდოველმა ადვოკატმა, რომელიც შუამავლის მომსახურებას უზრუნველყოფს.

ეს დანგრეული სახლი იყო ერთ-ერთი მისამართი, რომელსაც ჩასაწერად ყალბად იყენებდნენ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, რუმინეთის პირადობის მოწმობის მისაღებად.
ეს დანგრეული სახლი იყო ერთ-ერთი მისამართი, რომელსაც ჩასაწერად ყალბად იყენებდნენ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, რუმინეთის პირადობის მოწმობის მისაღებად.

ალინა გნაციუკი სხვა შუამავლის მომსახურებას იყენებდა, თუმცა ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად, რეალურად არ ცხოვრობდა იმ საცხოვრებელ მისამართზე, რომელიც მის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში იყო მითითებული.

„ცნობილი იყო, რომ ერთ მისამართზე რამდენიმე ადამიანი ვიმყოფებოდით და ეს უკანონო არ იყო“, -უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

ალინა და მისი მეუღლე პარიზში ცხოვრობენ. სწორედ იქ დახვდათ უსიამოვნო სიურპრიზი 2025 წლის მარტში, როდესაც რუმინეთის საკონსულოში შვილისთვის რუმინეთის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მოთხოვნის მიზნით მივიდნენ, თუმცა შეიტყვეს, რომ მათი რუმინული დოკუმენტები გაუქმებული იყო.

ისინი რუმინეთის კანონმდებლობაში 2023 წელს შეტანილი ცვლილების მსხვერპლი გახდნენ. ამ ცვლილების მიხედვით, ერთ მისამართზე აღარ არის დაშვებული 10 ერთმანეთთან კავშირის არმქონე პირის რეგისტრაცია. საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა იმ შიშის ფონზე, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუმინეთში ჯაშუშებისა და დივერსანტების შეღწევის საფრთხე გაიზრდებოდა.

თუმცა რუმინეთის ხელისუფლებამ ახალი წესების სერიოზულად აღსრულება მხოლოდ გასულ წელს დაიწყო, იმ სკანდალის შემდეგ, რომლის დროსაც დამნაშავეების ჯგუფი, სავარაუდოდ, ათასობით ადამიანს არეგისტრირებდა არა მხოლოდ მოლდოვიდან, არამედ რუსეთიდანაც. სასამართლო პროცესი ამ საქმეზე კვლავ მიმდინარეობს.

რამდენი რუსია?

ამ ამბავზე ადგილობრივი მედიის ყურადღების გამახვილების შემდეგ, ბუქარესტის ხელისუფლებამ უარი თქვა გაემჟღავნებინა, რუსეთის რამდენმა მოქალაქემ მიიღო რუმინეთის მოქალაქეობა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. რადიო თავისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ, მოქალაქეობის ეროვნულმა ორგანომ მხოლოდ ის განაცხადა, რომ 2010-დან 2025 წლამდე „ყოფილი საბჭოთა სივრციდან“ - მოლდოვის გამოკლებით - 100 000-მა ადამიანმა მიიღო რუმინეთის პასპორტი.

წესების ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემა ის არის, რომ ადამიანები ბიუროკრატიული ბარიერების წინაშე აღმოჩნდნენ. 38 წლის მარია კირტოაგამ 2020 წელს მოქალაქეობის მიღების შემდეგ, ბუქარესტში სახლი შეიძინა. გასული წლის დეკემბერში, ახალი მისამართის საფუძველზე ახალი პირადობის მოწმობა მოითხოვა.

ჯერ კიდევ ველოდები... მარია კირტოაგა, რომელიც ამჟამად ბუქარესტში ცხოვრობს.
ჯერ კიდევ ველოდები... მარია კირტოაგა, რომელიც ამჟამად ბუქარესტში ცხოვრობს.

„მე მაქვს საკუთარი სახლი, რომელიც ერთი წლის წინ ვიყიდე და ვთქვი, ჩემს პირადობის მოწმობას ახალ მისამართზე ავიღებ მეთქი“, - განუცხადა მან რადიო თავისუფლებას. მისი თქმით, ხელისუფლება ჯერ კიდევ ამოწმებს, სად ცხოვრობს ის. „რამდენად რთული უნდა იყოს იმის დადგენა დიგიტალიზებულ ქვეყანაში, თუ სად ცხოვრობს ადამიანი?"

ხელისუფლების ცნობით, არავის გაუუქმებია რუმინეთის მოქალაქეობა ან პასპორტი პირადობის მოწმობის დაკარგვის გამო. ეს არც მართვის მოწმობას შეხებია.
მართვის მოწმობა არ წარმოადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, არამედ უბრალოდ ადასტურებს საზოგადოებრივ გზებზე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას.

მართვის მოწმობებისა და რეგისტრაციის გენერალურმა დირექტორატმა (DGPCI) განაცხადა, რომ მართვის მოწმობა, თუ კანონიერად არის მიღებული, ძალაში რჩება მაშინაც კი, თუ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ის გაიცა, მოგვიანებით გაუქმდება.

რუმინეთის სახელმწიფოსგან ბავშვის შემწეობის მიღების შესაძლებლობა ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მოლდოვის რესპუბლიკაში მყოფ მოქალაქეებს სურთ პირადობის მოწმობის მიღება რუმინეთში ფიქციური საცხოვრებელი ადგილით.

რადიო თავისუფლებას შრომის, ოჯახის, ახალგაზრდობისა და სოციალური სოლიდარობის სამინისტრომ განუცხადა, რომ არ იცის, რამდენი ასეთი რუმინელი მოქალაქე იღებს ბავშვის შემწეობას.

გადახდებისა და სოციალური შემოწმების ეროვნულმა სააგენტომ (ANISP), რომელიც პასუხისმგებელია შემწეობის გადახდაზე, განმარტა, რომ სოციალური შემწეობები გაიცემა რუმინეთის მოქალაქეობისა და რუმინეთში ფაქტობრივი რეზიდენტობის საფუძველზე, რაც დადასტურებულია პირადობის მოწმობით და არა დაბადების ადგილის ან სხვა მოქალაქეობის საფუძველზე.

ANPIS-ი აკონკრეტებს, რომ ბავშვის შემწეობა გაიცემა 18 წლამდე ასაკის ყველა ბავშვზე, რომლებსაც აქვთ რუმინეთის მოქალაქეობა, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბავშვების შემთხვევაში, უფლება გაიცემა მხოლოდ მათი, როგორც რუმინეთის მოქალაქის, სტატუსის საფუძველზე.

როდესაც მშობლების პირადობის მოწმობა გაუქმებულია, ბავშვი არ კარგავს შემწეობის უფლებას - მაგრამ მშობელს დროებით არ შეუძლია თანხის აღება.

პენსიონერებისთვის სოციალური დახმარების (გარანტირებული მინიმალური პენსია ამჟამად 1 281 ლეის (300 დოლარი) ოდენობით) გაცემის შესახებ სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ეს არის არა პენსია, არამედ „სოციალური დაცვის ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს რუმინეთში მცხოვრები პენსიონერებისთვის მინიმალური საარსებო შემოსავლის უზრუნველყოფას“. ამ დახმარებით მხოლოდ იმ პენსიონერებს შეუძლიათ ისარგებლონ, რომელთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი რუმინეთშია. სამინისტრო ვერ აკონკრეტებს, რამდენი ბენეფიციარი დაიბადა მოლდოვის რესპუბლიკაში, რადგან მოქალაქეობა ან დაბადების ადგილი „არ არის მნიშვნელოვანი პენსიის უფლების მინიჭებისას“.

რას ამბობენ რუმინეთის უწყებები

ყველა ამ ამბავს - ალინას და მის მსგავსებს - თავიანთი სპეციფიკური მახასიათებლების გარდა, ერთი საერთოც აქვთ: ისინი სახელმწიფოს რეაქციის შედეგია - რუმინეთის სახელმწიფოსი, რომელიც ცდილობს იმ ვითარების გამოსწორებას, რომელზეც წლების განმავლობაში თვითონ ხუჭავდა თვალს.

რა ხდება არა მხოლოდ პირადობის მოწმობასთან, არამედ რუმინეთის იმ მოქალაქეების პასპორტებთან, ნებართვებთან, შეღავათებსა და პენსიებთან დაკავშირებითაც, რომლებიც წარმოშობით მოლდოვის რესპუბლიკიდან არიან?

პირთა რეგისტრაციის გენერალურმა დირექტორატმა (DGEP) რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ ერთ მისამართზე მაცხოვრებელთა რაოდენობის შეზღუდვის შესახებ No162/2023 კანონის ძალაში შესვლიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე, 162 036 პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გაუქმდა.

ზუსტად ორი მესამედი, ანუ 100 000-ზე მეტი, მოლდოვის რესპუბლიკაში დაბადებული მოქალაქეები იყვნენ.

გაუქმებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებიდან ყველა არ ეკუთვნოდა ფიქციური მისამართების მქონე მოლდოველებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში დაზარალებულთა შორის იყვნენ რუმინეთში დაბადებული მოქალაქეებიც - არანაკლებ 17%-სა - სხვადასხვა ჩვეულებრივი ადმინისტრაციული მიზეზის გამო.

DGEP-ის განმარტებით, გაუქმების შემთხვევების უმეტესობა ბუქარესტის მე-3 სექტორში რეგისტრირებულ პირადობის მოწმობებზე მოდიოდა, იქ იყვნენ რეგისტრირებული ალინა და ვადიმიც.

ბუქარესტში დემოგრაფიული ჩანაწერების მთავარი სამმართველოს ცნობით, იმ პირთა დაახლოებით 20%-მა, რომელთაც 2023 წლის 31 მაისიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე გაუუქმდათ პირადობის მოწმობები, უკვე განაახლეს ისინი ახალი პირობების შესაბამისად. თუმცა ეს ადვილი არ არის.

ზოგიერთი, მაგალითად, აკმაყოფილებს ყველა ახალ მოთხოვნას, მაგრამ შემოწმების ნელი პროცესის გამო საქმე მაინც ურთულდება.

სხვები აღარ თვლიან, რომ ეს ამად ღირს. ისეთები კი, როგორიც ალინა გორინჩოია პარიზიდან, უარს ამბობენ ახალი რუმინული დოკუმენტის აღებაზე.

XS
SM
MD
LG