„წელს პირველად ვხვდებით [ილია მეორის გარეშე] ამ დღეს, მაგრამ დღესასწაულის აღნიშვნით კვლავ ცხოვრობს მისი დიდი სულიერი მემკვიდრეობა. ის სიყვარული, ერთობა და ოჯახური სიწმინდისადმი პატივისცემა, რომელსაც იგი მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ამკვიდრებდა ჩვენს ხალხში.
რა თქმა უნდა, ასევე გაგრძელდება მის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიციაც, რომელიც ჩვენი ერის დემოგრაფიული წინსვლის და სულიერი განმტკიცების ხელშემწყობად იქცა“, - თქვა მან.
შიო მესამის თქმით, ეკლესიამ და სახელმწიფომ ერთად უნდა იზრუნონ მომავალ თაობებზე:
„დღეს, თანამედროვე გამოწვევებით სავსე სამყაროში, მართლმადიდებელ ეკლესიას უმნიშვნელოვანესი მისია ეკისრება - ის, როგორც ზნეობრივი ფასეულობების ორიენტირი და საფუძველი, ერის გამაერთიანებელი, ხალხში ქრისტიანული ღირებულებების განმამტკიცებელია. ამიტომ აუცილებელია ეკლესიაც და სახელმწიფოც ერთად ვზრუნავდეთ მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდისთვის, ოჯახური სიწმინდისა და სიყვარულის დაცვისთვის. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ოჯახი არამარტო პირადი სივრცე, არამედ ეროვნული იდენტობის საძირკველია“.
საყოველთაო ნათლობების ტრადიცია ილია მეორემ 2008 წელს დააარსა. დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მშობლების სურვილის შემთხვევაში, პატრიარქი ნათლავდა ოჯახში დაბადებულ მესამე და შემდეგ შვილს.
17 მაისი
- 17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, თუმცა ამ დღეს საქართველოში ლგბტ უფლებების ინტერესები განსაკუთრებულად ილახება.
- დღევანდელ დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ ხელშეწყობით, ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს.
- ხალხი ქუჩაში გამოვიდა დღეს, 2026 წლის 17 მაისსაც. გაიმართა მსვლელობაც, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალმა პატრიარქმა შიო III-მ სამების ტაძარში აღავლინა წირვა.
- „ოჯახის სიწმინდის დღე“ 2024 წელს დაარსდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივით, იმდროინდელი პატრიარქის, ილია II-ის გადაწყვეტილებით.
- ძალადობრივმა ჯგუფებმა, რომლებიც 2013 წლის 17 მაისს, ლგბტ ჯგუფისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქუჩაში, იძალადეს არაერთ ადამიანზე.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უპრეცედენტო“ უწოდა 2013 წლის 17 მაისს თბილისში ლგბტქ+ დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას და 193 500 ევროს გადახდა დააკისრა საქართველოს, რომლის „ხელისუფლების მდუმარე თანხმობითაც“ მოხდა აღნიშნული ძალადობა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს.
ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნება“ იღებს კანონებს, რომელიც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. მათ შორის, ლგბტ ჯგუფის წინააღმდეგ. ამ კანონით:
- არასრულწლოვნის შვილად აყვანა შეუძლია მხოლოდ ქორწინებაში მყოფ ოჯახს (ქალსა და კაცს) ან ჰეტეროსექსუალ ადამიანს;
- აიკრძალა სქესის შეცვლასთან დაკავშირებით ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა;
- აიკრძალა იმგვარი შეკრებები და პროგრამების ან მასალების გავრცელება, რომლებიც ერთნაირსქესიანი წყვილის ან სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის „პოპულარიზაციისკენ არის მიმართული“.
საქართველოს გაცხადებული მიზანია, გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის სახელით, უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აცხადებს, რომ სადაც ლგბტ ადამიანების მიმართ უთანასწორობა და დისკრიმინაციაა იქ „დემოკრატია ვერ აყვავდება“.
ფორუმი