Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალასი: სადაც უთანასწორობა და დისკრიმინაცია გრძელდება, დემოკრატია ვერ აყვავდება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი

ევროკავშირის სახელით, უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აცხადებს, რომ სადაც ლგბტ ადამიანების მიმართ უთანასწორობა და დისკრიმინაციაა იქ „დემოკრატია ვერ აყვავდება“.

„სადაც უთანასწორობა და დისკრიმინაცია გრძელდება, დემოკრატია ვერ აყვავდება. თანასწორობა არ არის არჩევითი, ის თავისუფალი და მდგრადი საზოგადოებების საფუძველია...

ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOT), ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე ვალდებულებას, დაიცვას ლგბტ პირების მიერ ყველა ადამიანის უფლებით სრულად და თანასწორად სარგებლობა“, - აცხადებს კალასი.

მისი თქმით, 65 ქვეყანაში კვლავ კრიმინალიზებულია ​ერთნაირსქესიანთა ურთიერთობა. ის აღნიშნავს, რომ ყველა ქვეყანამ უნდა გადადგას ნაბიჯი, რომლითაც ადამიანებს ექნებათ უფლება, იცხოვრონ ისე, როგორც არიჩევენ, შიშია და დავენის გარეშე:

„ევროკავშირი მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, გააუქმოს კანონები, რომლებიც ადანაშაულებს თანხმობით ერთსქესიან ურთიერთობებს და შეაჩეროს ლგბტ პირების წინააღმდეგ მიმართული ახალი დისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება“.

17 მაისი

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კი, ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ ხელშეწყობით, ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს.

ხალხი ქუჩაში გამოვიდა დღეს, 2026 წლის 17 მაისსაც. დაგეგმილია მსვლელობის გამართვა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი პატრიარქი შიო III სამების ტაძარში აღავლებს წირვას, რის შემდეგაც დაგეგმილია მსვლელობები დედაქალაქის ქუჩებში.

„ოჯახის სიწმინდის დღე“ 2024 წელს დაარსდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივით, იმდროინდელი პატრიარქის, ილია II-ის გადაწყვეტილებით.

ძალადობრივმა ჯგუფებმა, რომლებიც 2013 წლის 17 მაისს, ლგბტ ჯგუფისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქუჩაში, იძალადეს არაერთ ადამიანზე.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უპრეცედენტო“ უწოდა 2013 წლის 17 მაისს თბილისში ლგბტქ+ დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას და 193 500 ევროს გადახდა დააკისრა საქართველოს, რომლის „ხელისუფლების მდუმარე თანხმობითაც“ მოხდა აღნიშნული ძალადობა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს.

ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნება“ იღებს კანონებს, რომელიც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. მათ შორის, ლგბტ ჯგუფის წინააღმდეგ. ამ კანონით:

  • არასრულწლოვნის შვილად აყვანა შეუძლია მხოლოდ ქორწინებაში მყოფ ოჯახს (ქალსა და კაცს) ან ჰეტეროსექსუალ ადამიანს;
  • აიკრძალა სქესის შეცვლასთან დაკავშირებით ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა;
  • აიკრძალა იმგვარი შეკრებები და პროგრამების ან მასალების გავრცელება, რომლებიც ერთნაირსქესიანი წყვილის ან სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის „პოპულარიზაციისკენ არის მიმართული“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG