Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იეჰოვას მოწმეების დარბევა გრძელდება. ბასილ მკალავიშვილის მრველი იეჰოვას მოწმეებს კასპის რაიონშიც ებრძვის


16 აგვისტოს კასპში იეჰოვას მოწმეთა სამდღიანი კონგრესი უნდა გახსნილიყო. მაგრამ ბასილ მკალავიშვილის მრევლისა და საზოგადოება “ჯვრის” წევრების გაძლიერებული რეიდების გამო

იეჰოვას მოწმეებმა კასპში თავმოყრა ვერ მოახერხეს. კასპში დაგეგმილი ღონისძიება ჩაიშალა. ამის მიზეზი 15 აგვისტოს ღამით იეჰოველთა შეკრების ადგილის დარბევაც გახდა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში ხელისუფლებას იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთა მოუწოდა.
იეჰოვას მოწმეებზე იერიში კასპის გარდა, გორის მიმართულებითაც განხორციელდა.
15 აგვისტოს, ღამით, დაუდგენელმა პირებმა კასპში დაწვეს და დაარბიეს იეჰოვას ერთ-ერთი მოწმის, უშანგი ბუნტურის ოჯახში მოწყობილი სცენა და იქ დამონტაჟებული აპარატურა. იეჰოვას მოწმეთა კონგრესი სწორედ ბუნტურების ოჯახში უნდა გახსნილიყო. თავდამსხმელებმა იქ ნაპოვნი ლიტერატურა და საოჯახო ნივთებიც დაწვეს. ძალადობის ეს აქტი ნაცნობ ხელწერას ატარებდა. უშანგი ბუნტურმა თავდამსხმელთა შორის ბასილ მკალავიშვილის მომხრეები და საზოგადოება “ჯვრის’ წევრები ამოიცნო.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე კასპის რაიონის პოლიციის საგამოძიებო ქვეგანყოფილებაში აღიძრა, სისხლის სამართლის კოდექსის ასმესამოცე მუხლით, რომელიც სხვისი ქონების უკანონო განადგურებას გულისხმობს. აღნიშნულის მიუხედავად, საეჭვოა, მომხდარის გამო ვინმემ პასუხი აგოს. როგორც ყოველთვის, პოლიციისთვის თავდამსხმელთა ვინაობა უცნობია. იეჰოვას ერთ-ერთი სხვა მოწმის ოჯახზე თავდასხმა გორის რაიონშიც მოხდა. ამ შემთხვევაში უცნობმა პირებმა იეჰოვას მოწმე სცემეს. როგორც ჩანს, რელიგიური ნიშით ძალადობის მორიგი ესკალაცია იეჰოვას მოწმეების მიერ 16 აგვისტოს დაგეგმილ ღონისძიებას დაუკავშირდა, – იეჰოველთა კონგრესს, რომელსაც უშანგი ბუნტურის ოჯახში იეჰოვას რვაასამდე მოწმე უნდა დასწრებოდა. ამ თავყრილობაზე სტუმრის სტატუსით სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლებიც იყვნენ მიწვეულნი. კონგრესს უნდა დასწრებოდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელიც, თუმცა, ადგილზე ჩასულ ელჩის პოლიტიკურ მრჩეველს 15 აგვისტოს თავდასხმის შედეგად დანგრეული და განადგურებული კერძო სახლის მონახულება მოუხდა.

იეჰოვას მოწმეთა კონგრესის ჩაშლასთან დაკავშირებით ამ უკანასკნელთა იურისტმა მანუჩარ ციმენტიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კასპისკენ მიმავლ გზას ბასილ მკალავიშვილის მომხრეები აკონტროლებდნენ, აჩერებდნენ მანქანებს და ვინც პირჯვარს არ გადაიწერდა, გზაზე არ ატარებდნენ. პოლიციის წარმომადგენლებმა მკალავიშვილის მომხრეეების ავტოსაგზაო რეიდების შესახებ ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს. ასეა თუ ისე, იეჰოვას მოწმეთა კონგრესი არ შედგა, სანაცვლოდ კასპში დეპუტატ გურამ შარაძის მხარდამჭერი ორგანიზაციის “ნაციონალური მოძრაობა – ჩვენი საქართველოს” კასპის ადგილობრივი ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. გურამ შარაძემ მხარდამჭერებთან შეხვედრაზე მთავრი აქცენტი ისევ და ისევ რელიგიური სექტების მავნებლობაზე გააკეთა. იქვე უარყო რაიმე კავშირი თავდასხმასთან, რომელიც უშანგი ბუნტურის ოჯახზე მოხდა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რიჩარდ მაილსის მოღვაწეობა გააკრიტიკა. შარაძემ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება მოითხოვა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ კი კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ ძალადობის გამო და კიდევ ერთხელ მოსთხოვა საქართველოს უმაღლეს ხელისუფლებას ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება. ეს მოწოდება არის ერთ-ერთი სხვა უამრავ ამდაგვარ მოწოდებთა შორის. ხელისუფლება კი არ ჩქარობს იმის გააზრებას, რომ რელიგიური ფანატიზმი დამღუპველია.
XS
SM
MD
LG