Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს დროებით ბინადრებს გამორჩეული დღე ჰქონდათ


საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარესთან, სულხან მოლაშვილთან, დღეს ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დეპუტატი დავით

გამყრელიძე და ოჯახის წევრები შეუშვეს. დეპუტატმა გამყრელიძემ ეს უფლება, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გაკეთებული მოთხოვნის საფუძველზე, ქალბატონ ნინო ბურჯანაძისაგან მიიღო. რაც შეეხება თათია ბახტურიძეს, მან გენერალური პროკურორისგან წინასწარ პატიმრობაში მყოფი მეუღლის ნახვის ნებართვა ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ამასწინანდელი ვიზიტის შედეგად მოიპოვა.

სულხან მოლაშვილის უფროსმა ვაჟმა, 10 წლის ბაკურმა, წინასწარ პატიმრობაში მყოფი მამის ნახვაზე უარი განაცხადა. იგი დედას და და-ძმას ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არ გაჰყვა. ბავშვს არ შეეძლო მამა იმ მდგომარეობაში ენახა, როგორშიც იმყოფება.

[თათია ბახტურიძის ხმა]

მეუღლემ და შვილებმა ექვსი თვის უნახავი სულხან მოლაშვილი 29 ოქტომბერს ნაშუადღევს მოინახულეს. მანამდე კი ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა დეპუტატი დავით გამყრელიძე, რომელიც, სულხან მოლაშვილის გარდა, შეხვდა და ესაუბრა სათბობ-ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს დავით მირცხულავას:

[დავით გამყრელიძის ხმა]”მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღე, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები მივიღე. რაღაც საკითხების გამჟღავნების უფლება მე ჯერჯერობით არა მაქვს მათთან შეთანხმების გარეშე, იმიტომ რომ შეიძლება თავად აპირებენ. გააჩნია, რა სიტუაცია იქნება. მეც ამას შემოვინახავ შემდგომი პერიოდისთვის, თუ კიდევ რაიმე შეცდომები დაუშვა ხელისუფლებამ.”

როგორც მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერმა დავით გამყრელიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, მოლაშვილსა და მირცხულავასთან მისი საუბრის საიდუმლო დეტალები შეეხება დაკავებულების ხელთ არსებულ მასალებს მოქმედი ხელისუფლების ზოგიერთ მაღალჩინოსან წარმომადგენელზე. დავით გამყრელიძის თქმით, საუბარი საგნობრივი იყო: მოლაშვილმა და მირცხულავამ დეპუტატს დაუსახელეს კონკრეტული გვარები; აუხსნეს, რატომ ხდება შურისძიება და ვინ არის დაინტერესებული ანგარიშსწორებით და, ბოლოს, ვინ მონაწილეობდა სულხან მოლაშვილის წამებაში.

[მაია ნიკოლეიშვილის ხმა]” მე გავაკეთე ექსპერტიზა. ის ფოტოები, რაც ვრცელდება, ყველა ესენი მე ვნახე და ფოტოებიც ჩემი გაკეთებულია პირადად. საკმაოდ ბევრი შემთხვევა ატარებს შურისძიების ელემენტებს და ეს ჩანს, როდესაც ეს ადამიანები ამბობენ, რომ აი ამას, ამას, ამას მეუბნებოდნენ, როდესაც დაზიანებებს მაყენებდნენ. და მოლაშვილის შემთხვევაშიც შურისძიების ელემენტი რომ დევს, აქ ორი აზრი არ არის.”(სტილი დაცულია)

დავით მირცხულავას დაცვის მხარეს დამოუკიდებელი ექსპერტისთვის არ მიუმართავს. შესაბამისად, არ დასტურდება გავრცელებული ინფორმაცია მისი წამების შესახებ, თუმცა

[ეკა ბესელიას ხმა] “წამება არა, მაგრამ ის დამოკიდებულება, რომელიც მის მიმართ იყო, არის, კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის ენაზე, სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გვაქვს მხედველობაში, როდესაც ინფარქტგადატანილი და ინსულტგადატანილი ადამიანი წაიყვანეს საპყრობილეში; მერე, როდესაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანა და მეორე დღეს ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანეს საპყრობილეში და ოპერაციიდან მეორე დღეს - ისევ საპყრობილეში. ეს არის კონვენციის ენაზე, რა თქმა უნდა, სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა და ამას იხილავს ზუსტად ევროპის სასამართლო.”

დავით მირცხულავას ადვოკატის ეკა ბესელიას თქმით, ექს-მინისტრის საქმეზე გადაწყვეტილებას დაცვის მხარე ევროპის სასამართლოდან უახლოეს ხანში მიიღებს. ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 29 ოქტომბერს საგანგებოდ მისული დეპუტატი გამყრელიძე კი აპირებს გაეცნოს ექს-მინისტრისადმი წარდგენილ საბრალდებო დასკვნას, დაესწროს სასამართლო პროცესებს და ინფორმაცია პერმანენტულად მიაწოდოს საქართველოს მეგობარი ქვეყნების საელჩოებს, საკანონმდებლო ორგანოებს, ცნობილ უფლებათდამცავებს, რათა საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახადოს ჰუმანურად და ობიექტურად მოეპყრას თავის მოქალაქეებს. სულხან მოლაშვილისა და დავით მირცხულავას მონახულებით გაჩენილ პირველ მძიმე შთაბეჭდილებებს დეპუტატი უახლოეს დღეებში გაუზიარებს გავლენიან საერთაშორისო ინსტიტუტებს.
XS
SM
MD
LG