Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ძირითადმა ფაქტორებმა განაპირობა ჯორჯ ბუშის გამარჯვება?


2 ნოემბერს გამართული არჩევნების შედეგად შეერთებული შტატების პრეზიდენტად კიდევ ოთხი წლით აირჩიეს ვაშინგტონის ადმინისტრაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ჯორჯ ბუში.

მართალია, წლეულს ბუშმა უფრო დიდი უპირატესობით მოუგო თავის მთავარ მეტოქეს, ვიდრე ოთხი წლის წინათ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: პრეზიდენტს ორად გახლეჩილი ქვეყნის მართვა უწევს. ელექტორატის თითქმის ნახევარმა ხომ თავისი ხმა ბუშის მოწინააღმდეგეს, დემოკრატიული პარტიის კანდიდატს ჯონ კერის მისცა. მაინც, რა ფაქტორებმა განაპირობა ჯორჯ ბუშის გამარჯვება?

პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯონ კერი მთელი წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობაში ცდილობდა, თავისი რესპუბლიკელი მეტოქე ისეთ ადამიანად დაეხასიათებინა, რომელმაც ამერიკის საზოგადოებაში ბზარი გააჩინა, მცდარი საშინაო და საგარეო პოლიტიკით, ჯერ ერთი, ერთმანეთს დაუპირისპირა თავად ამერიკელები, და მეორეც, თვით ყოფილ მოკავშირეთა შორისაც კი ჩამოაგდო "განხეთქილების ვაშლი".

მაგრამ ბუშმა გადაწყვიტა, თავის საარჩევნო კამპანიაში აქცენტი სწორედ ერთხელ არჩეული პოლიტიკის ერთგულებაზე გაეკეთებინა და თანამემამულეებისთვის ეჩვენებინა, რომ გეზის შეცვლას არ აპირებს. თავის უმთავრეს ამოცანებს შორის ბუში ასახელებს საგადასახადო სისტემის რეფორმას, ტერორიზმთან ბრძოლას, ერაყსა და ავღანეთში დემოკრატიის განმტკიცებაზე ზრუნვას.

ამავე დროს, ბუშს არ შეიძლება, არ აწუხებდეს ამერიკის საზოგადოებაში გაჩენილი ბზარი. ამის დასტურია ახალ პრეზიდენტად მისი გამოცხადების შემდეგ წარმოთქმული სიტყვები, რომელიც მიმართული იყო არა იმდენად საკუთარი ელექტორატისადმი, რამდენადაც ჯონ კერის მომხრეებისადმი.

[ჯორჯ ბუშის ხმა]: "ახალი ვადა ახალი შანსია იმისთვის, რათა ჩვენი ხმა მთელს ერს მივაწვდინოთ. ჩვენ გვაქვს ერთი ქვეყანა, ერთი კონსტიტუცია და მომავალი, რომელიც გვაერთიანებს. თუ ერთად დავდგებით და ერთად ვიმოქმედებთ, ამერიკის სიდიადეს საზღვარი არ ექნება."

როგორც გამოკვლევები ცხადყოფს, ჯორჯ ბუშს ძირითადად მხარს დაუჭირა სოფლის თეთრკანიანმა, მორწმუნე მოსახლეობამ. კერის კი, პირიქით, ქალაქელები, უმცირესობათა წარმომადგენლები და ნაკლებად რელიგიური ამერიკელები ემხრობოდნენ.

ბოსტონში წარმოთქმულ სიტყვაში, რომელშიც დემოკრატმა სენატორმა თავისი მარცხი აღიარა, კერიმ სწორედ ერის გამთლიანების "სასიცოცხლო აუცილებლობაზე" ისაუბრა.

[ჯონ კერის ხმა]: "მომავალ დღეებში ჩვენ აუცილებლად უნდა ვიპოვოთ საერთო ენა, უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა - გაწბილებისა და ურთიერთდადანაშაულების, ბოღმისა და ბრაზის გარეშე. ამერიკას სჭირდება ერთიანობა და ურთიერთთანაგრძნობის უფრო მაღალი ხარისხი."

ერთ რამეში ამერიკელებმა 2 ნოემბერსვე გამოავლინეს ერთიანობა: როგორც ბუშის, ისე კერის მომხრეები დიდი რაოდენობით მივიდნენ საარჩევნო უბნებზე. ამომრჩეველთა ასეთი მაღალი აქტიურობა ამერიკას 1968 წლიდან არ ახსოვს. ვაშინგტონში მოქმედი კატოს კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლის პატრიკ ბეშამის აზრით, კენჭისყრაში 120 მილიონამდე ამომრჩევლის მონაწილეობა იმას ცხადყოფს, რომ მხარდამჭერთა მობილიზება რესპუბლიკელებმაც შეძლეს და დემოკრატებმაც. რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში ბეშამი დასძენს, რომ ბუშმა დიდი მხარდაჭერა მოიპოვა სოციალური კონსერვატორებისგან და, მეტოქესთან შედარებით, უფრო მეტი ამერიკელი დაარწმუნა, რომ სახელმწიფო უშიშროების საკითხს უმთავრეს ყურადღებას დაუთმობს.

[პატრიკ ბეშამის ხმა] "ჩემი აზრით, ტერორიზმისა და სახელმწიფო უშიშროების საკითხი ბევრი ამომრჩევლისთვის უმთავრესი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში ბუშის პოლიტიკის შეფასებაში აზრთა სხვადასხვაობა სულ უფრო იზრდებოდა. ამავე დროს, მათ კონკრეტულად კერისთვის არ სურდათ სადავეების ჩაბარება და, ვფიქრობ, ისიც ახსოვდათ, რომ ცხენებს შუა მდინარეში არ ცვლიან."

კიდევ ერთი ექსპერტი, რომელსაც რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი რობერტ მაკმეჰონი ესაუბრა, ბრუს ბიუკენანი გახლავთ. იგი ტეხასის უნივერსიტეტის თანამშრომელია და საგანგებოდ შეერთებული შტატების პრეზიდენტობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს. ბიუკენანის თქმით, გამოკითხვებმა გვიჩვენა, რომ ამერიკელი ამომრჩევლისთვის ტერორიზმისა და ეკონომიკის სფეროებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მორალური საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, აბორტის აკრძალვა, კლონირებასთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევა თუ ჰომოსექსუალური ქორწინება. ტეხასელი მკვლევარი ამბობს, რომ ამგვარ საკითხთა მნიშვნელობა დემოკრატებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს.

[ბრუს ბიუკენანის ხმა] "სოციალური საკითხები, რომელთაც დემოკრატები ხშირად საკუთარი ინტერესების საზიანოდ მიიჩნევენ, ძალიან ძლიერი ფაქტორია ამერიკელი ამომრჩევლისთვის. ეს არის ფენომენი, რომელიც უნდა ავხსნათ და გავიგოთ, თუ გვსურს, გვესმოდეს, როგორ მუშაობს ამერიკის პოლიტიკა საპრეზიდენტო დონეზე."

ბრუს ბიუკენანის მიერ ნახსენები ტენდენციის ერთ-ერთ გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს ჰომოსექსუალური ქორწინებების მომხრეთა სასტიკი მარცხი ამერიკის 11 შტატში. ამ შტატებში ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირეს საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც ქორწინებას განმარტავს, როგორც კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის.
XS
SM
MD
LG