Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვეყნის მთავარი მებაჟე შენიშვნას ამჯერად პრემიერისგან იღებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საბაჟო დეპარტამენტის შეფი გიორგი გოდაბრელიძე პრეზიდენტის შემდეგ შენიშვნას პრემიერ-მინისტრისგანაც იღებს. ჟვანია გოდაბრელიძეს აეროპორტში

საბჭოთადროინდელი საბაჟო კონტროლის მექანიზმებს უწუნებს და ამ წესის სასწრაფო გამარტივებას ითხოვს. რა არ მოსწონს პრემიერს საბაჟოზე?

მას შემდეგ, რაც საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელს პრეზიდენტმა აეროპორტში გამცილებელთა რაოდენობისა და იქ გაშლილი სუფრის გამო მისცა შენიშვნა, ბევრი ვარაუდობდა, რომ გიორგი გოდაბრელიძე თანამდებობას გამოეთხოვებოდა, მაგრამ საბაჟოს შეფს სააკაშვილმა იქვე ულტიმატუმი წაუყენა და, სექტემბრის თვის საგეგმო მაჩვენებელზე 30 მილიონი ლარით მეტი თანხის მობილიზების შემთხვევაში, მას პოსტზე დარჩენის ვადის გახანგრძლივებაც აღუთქვა. გოდაბრელიძემ ეს პირობა პირნათლად შეასრულა, უფრო მეტიც, საბაჟომ პრეზიდენტის ულტიმატუმს კიდევ 5 მილიონი წაუმატა, რითაც ქვეყნის ამჟამინდელ მთავარ მებაჟეს სავარძელი შეუნარჩუნდა. თუმცა გოდაბრელიძის მიმართ პრეტენზიები ამ ინციდენტით არ შემოფარგლულა. პრეზიდენტის შემდეგ მას შენიშვნებს მთავრობის სხდომაზე უკვე პრემიერ-მინისტრი აძლევს. ალბათ, ბედის ირონიაა, რომ ეს შენიშვნაც ისევ და ისევ აეროპორტს უკავშირდება. ზურაბ ჟვანია თბილისის აეროპორტში საბაჟო კონტროლის მეთოდებით უკმაყოფილოა და გოდაბრელიძეს იმ ბარბაროსული კონტროლის სასწრაფოდ შეცვლას სთხოვს, რომელიც იქ საბჭოთა პერიოდის შემდეგ, პრაქტიკულად, არ შეცვლილა.

[ზურაბ ჟვანიას ხმა] „ თუ ახერხებენ უფრო მკაცრი საბაჟო ადმინისტრირების მქონე ქვეყნები, ვიდრე საქართველოა, რომ არ ჰქონდეს ასეთი ბარბაროსული სახე და ხალხი არ იდგეს ჩანთებით და იქ არ ვიქექებოდეთ და ასე შემდეგ, მით უფრო, გაფრენისას ადამიანს არ უნდა ჰქონდეს განცდა.“

გიორგი გოდაბრელიძე ამ შენიშვნას იღებს, თუმცა ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით ოპერირებს და აცხადებს, რომ კონტროლის გამარტივების შემთხვევაში, იგი, შესაძლოა, კანონდარღვევაშიც კი დაადანაშაულონ:

[გიორგი გოდაბრელიძის ხმა] „დღეს არსებული კანონმდებლობით, არ შეიძლება, რომ იქ მებაჟე არ იყოს. თუ გვინდა, რომ არ იყოს, უნდა შევცვალოთ ეს კანონმდებლობა და გამოვალთ ამ ინიციატივით, სამინისტროში განვიხილავთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ზუსტად, რომ ინფრასტრუქტურა არ არის, იგივე სკანერები, ბუნებრივია, ჩანთა არ უნდა გაუხსნა ადამიანს, მაგრამ თუ არა გაქვს იმის საშუალება, რომ შეხედო, რა არის, რა წონაა, თვალით ამას ვერ განსაზღვრავ. შეიძლება შენ თვალით განსაზღვრო და ვიღაცამ თქვას, რომ მებაჟემ ქრთამი აიღო, 20 კილოზე მეტი ჰქონდა ბარგი და შემოატანინაო.“ (სტილი დაცულია)

ამდენად, გიორგი გოდაბრელიძე დილემის წინაშეა: ერთი მხრივ, საბაჟო კონტროლის მყისიერი გამარტივების საშუალებას მას არსებული კანონი არ აძლევს, მეორე მხრივ, ამჟამად აეროპორტში არსებული ტექნიკური საშუალებები მოძველებულია და მებაჟეებსაც, „მამაპაპურად“, ბარგისა და ადამიანების ჩხრეკა უწევთ. აქედან, ალბათ, ერთადერთი გამოსავალი არსებობს: გოდაბრელიძე კანონის შეცვლის ინიციატივით უნდა გამოვიდეს. თუ მის მიერ ერთი თვის წინ პრეზიდენტის „დირექტივის“ ზედმიწევნით შესრულებას გავითვალისწინებთ, სავარაუდოა, რომ არც პრემიერ-მინისტრის შენიშვნა დარჩება რეაგირების გარეშე და საბაჟოზე „ბარბაროსულ“ კონტროლსაც ბოლო მოეღება.
XS
SM
MD
LG