Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში სამამულო წარმოების პროდუქციის გამოფენა გაიმართა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი სამრეწველო-სავაჭრო პალატის ინიციატივით, ამ დღეებში გაიმართა ქართველი მწარმოებლების გამოფენა, დევიზით - „წარმოებულია საქართველოში“. გამოფენა, რომელზეც,

ძირითადად, აგრარული პროდუქცია დომინირებდა, სხვა ექსპონატებს შორის თბილისში წარმოებული კომპიუტერებიც იყო წარმოდგენილი.

„წარმოებულია საქართველოში“ – ამ დევიზით უმასპინძლა „შერატონ-მეტეხი პალასმა“ ქართველი ბიზნესმენების პროდუქციის გამოფენას, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა გახლდათ. ეს გამოფენა ორგანიზატორებმა საგანგებოდ „ვარდების რევოლუციის“ წლისთავს დაამთხვიეს, თუმცა იქ გამოფენილი ექსპონატებიდან უმრავლესობა ჯერ კიდევ რევოლუციამდე იწარმოებოდა.

ეროვნული წარმოების გამოფენას სტუმრობდნენ პრეზიდენტი და მინისტრთა კაბინეტის წამომადგენლებიც, რომელთაც იქვე სხვადასხვა პროდუქცია დააჭაშნიკეს, მათ შორის - ქართული ჩაი, ხილის გადამამუშავებელი მრეწველობისა და ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელთა მწარმოებელი კომპანიების ნაწარმი. გამოფენაზე პრეზიდენტმა დიზაინერ თათა ვარდანაშვილისგან თბილისში დამზადებული ფეხსაცმელიც მიიღო საჩუქრად.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია სამრეწველო პალატის ინიციატივას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და იმედოვნებს, რომ მომავალში ამგვარი გამოფენა კიდევ უფრო ფართო, ხოლო ქართული პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი იქნება:

[ზურაბ ჟვანიას ხმა ] „სხვათა შორის, ძალიან მცირე ნაწილი არის წარმოდგენილი ჩვენი სიმძლავრეების, რაც იწარმოება საქართველოში, მაგრამ რაც არის, ნამდვილად ძალიან მაღალი ხარისხის არის, შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად რაც არის აქ გამოტანილი, საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ კონკურენტუნარიანი არის. მე მიხარია, რომ სამრეწველო-სავაჭრო პალატამ ასეთ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი.“(სტილი დაცულია)

მიუხედავად იმისა, რომ გამოფენაზე ექსპონირებული პროდუქციის დიდი ნაწილი, ძირითადად, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის, ასევე ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების სფეროდან იყო წარმოდგენილი, ქართველმა ბიზნესმენებმა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების შექმნაც შეძლეს. მაგალითად, „შერატონ-მეტეხი პალასში“ ქართული კომპიუტერიც გამოიფინა.

საქართველოს მიერ ექსპორტირებული საქონლის ოდენობა ჯერჯერობით უმნიშვნელოა და ჩვენ, არსებული პოტენციის მიუხედავად, ჯერ კიდევ იმპორტზე ორიენტირებულ ქვეყნად ვრჩებით, მაგრამ ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მომავალში, სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებისა და საგადასახადო პოლიტიკის ლიბერალიზაციის კვალობაზე, კონკურენტუნარიანი მაღალხარისხიანი პროდუქცია ჩვენთანაც ბევრი შეიქმნება და ამ პროდუქციაზე წარწერა „წარმოებულია საქართველოში“ ხარისხის აღმნიშვნელ ბრენდად დამკვიდრდება. თავად ამ ტიპის გამოფენები კი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის თქმით, ყოველწლიურად გაიმართება, რაც წლის შედეგების შეჯამების ერთგვარ ტრადიციად დამკვიდრდება.
XS
SM
MD
LG