Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი საგადასახადო კოდექსი გადამხდელის ”უდანაშაულობის პრეზუმფციას” არღვევს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ახალ საგადასახადო კოდექსზე დიდ იმედებს ამყარებს და ეს კანონი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ დოკუმენტად მიაჩნია,

მის მიმართ პრეტენზიები მაინც არსებობს. ექსპერტების უკმაყოფილება, ძირითადად, ადმინისტრირების მეთოდებსა და სასამართლო დავის წესთან არის დაკავშირებული. რას უწუნებენ ექსპერტები ახლად მიღებულ საგადასახადო კოდექსს?

ახალი საგადასახადო კოდექსი 1 იანვრიდან უკვე შევიდა ძალაში და მის პირველ შედეგებს ქართული ეკონომიკა და ბიზნესი უახლოეს თვეებში „მოიმკის“, მანამდე კი ახლად მიღებული დოკუმენტის მიმართ პრეტენზიები არ წყდება, თუმცა, ძნელი სავარაუდოა, ხელისუფლება უახლოეს მომავალში კანონში შესწორებების შეტანაზე დათანხმდეს. ექსპერტთა უკმაყოფილებას, ძირითადად, ზედმეტად გამკაცრებული ადმინისტრირება და სახელმწიფო აპარატისაგან სამეწარმეო სუბიექტის დაუცველობა იწვევს.

თავის დროზე, კანონპროექტის განხილვის პროცესში, კოდექსზე მომუშავე ექსპერტებმა ვერაფრით შეძლეს ფინანსთა სამინისტრო დაერწმუნებინათ, რომ დოკუმენტში გადამხდელის “უდანაშაულობის პრეზუმპფცია” უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. შედეგად, იმის ნაცვლად, რომ საგადასახადო ორგანომ გადამხდელს დანაშაული დაუმტკიცოს, მას თავად მოუწევს თავისი უდანაშაულობის მტკიცება, - უკმაყოფილოდ აღნიშნავს ექსპერტთა ჯგუფის წევრი ვახტანგ ხმალაძე:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] „მას კი არ უნდა სჭირდებოდეს თავისი კეთილსინდისიერების მტკიცება, არამედ სახელმწიფომ უნდა დაუმტკიცოს, რომ მან რაღაც დაარღვია. ზუსტად ისე, როგორც არის სისხლის სამართლის დანაშაულის შემთხვევაში. სახელმწიფო ეჭვმიტანილ პირს, ვისაც ბრალდებას წაუყენებს, უნდა დაუმტკიცოს, რომ მან დანაშაული ჩაიდინა. ეს პირი არ არის ვალდებული საკუთარი უდანაშაულობა ამტკიცოს. ანალოგიური ვითარება უნდა იყოს გადასახადის გადამხდელებთან დამოკიდებულებაშიც, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს აზრი ხელისუფლებამ არ გაიზიარა.“

საინტერესოა, რომ სახელმწიფოს მხრიდან გადასახადის გადამხდელის დადანაშაულების შემთხვევაში სწორედ გადამხდელმა უნდა შეიტანოს სარჩელი და არა ბრალდების წამყენებელმა, ანუ სახელმწიფომ.

ხმალაძე დადებით მომენტად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ახალ კოდექსში, ძველისგან განსხვავებით, არის თავი “საგადასახადო დავა”, რომელშიც ჩამოწერილია მისი განხილვის პროცედურები, შესაბამისი ვადების მითითებით. როგორც მან აღნიშნა, ეს საკითხი, ბოლოს და ბოლოს, სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა. თუმცა აქაც არსებობს ხარვეზები.

კერძოდ, საგადასახადო სამსახურმა 15 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მიაწოდოს ინფორმაცია გადასახადის გადამხდელს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც უკავშირდება მის მოთხოვნას ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხების უკან დაბრუნების ან სანქციების მოხსნის შესახებ. თუმცა კოდექსში ნაჩვენებია, რომ დადგენილ ვადაში შესაგებლის გაუგზავნებლობა ნიშნავს უარს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შესრულებაზე. ექსპერტი ირონიულად აღნიშნავს, რომ “სიჩუმე ყოველთვის თანხმობის ნიშანი იყო, თუმცა, როგორც ჩანს, საგადასახადო ორგანოებისათვის ეს პირიქითაა.”
XS
SM
MD
LG