Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-რუსეთის ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის პერსპექტივა ჯერჯერობით ბუნდოვანია


საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული მოლაპარაკება

უახლოეს ხანში უნდა განაგრძონ. ეს საკითხი მოსკოვში შეხვედრისას შეათანხმეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა,
თუმცა მათი განცხადებების შინაარსი ერთმანეთისგან განსხვავებული აღმოჩნდა: სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრი რუსეთის სამხედრო ბაზების დახურვის შემდეგ ამოქმედდება, სერგეი ლავროვი კი ამ პროცესებს პარალელურს უწოდებს.
თბილისის მიერ მოსკოვისთვის შეთავაზებულ იდეას ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის თაობაზე დამოუკიდებელი ექსპერტები ფსიქოლოგიურ მომენტად აფასებენ, ხელისუფლების წარმომადგენლები კი - სერიოზული მოლაპარაკების აუცილებლობაზე საუბრობენ.

საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გარკვევასთან დაკავშირებულ მრავალწლიან მოლაპარაკებას ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის იდეა, თბილისის ინიციატივით, ერთ-ერთ ბოლო საკითხად შეემატა.
გასული წლის თებერვალში, მოსკოვში ვიზიტისას, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც რუსული ბაზების დახურვის აუცილებლობაზე საუბრობდა, განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია საკუთარი ტერიტორიიდან რუსეთს უსაფრთხოების მეთვალყურეობის სხვა საშუალებები შესთავაზოს. მოგვიანებით ერთ-ერთ ასეთ საშუალებად ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრი დასახელდა. მშვიდობისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ცენტრის ხელმძღვანელს ირაკლი მჭედლიშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს იდეა ერთგვარად ხელოვნურია და მისი ძირითადი მიზანი ტერორიზმთან ბრძოლის ეფექტურობის გაზრდა არ არის:

[ირაკლი მჭედლიშვილის ხმა] ,,უფრო ალბათ, ის დატვირთვა აქვს, რომ რუსებისთვის ბაზების გაყვანა იყოს ფსიქოლოგიურად უფრო ადვილი, იმ აზრით, რომ სულ უარაფროდ არ რჩებიან.” (სტილი დაცულია)

ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის პერსპექტივა სხვადასხვა დონეზე რამდენჯერმე განიხილებოდა. იანვარში, ერთსა და იმავე დღეს, ამ საკითხზე სტრასბურგში, ევროპის საბჭოში, იმსჯელეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა და რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა, მოსკოვში კი უშიშროების საბჭოთა მდივნებმა ბეჟუაშვილმა და ივანოვმა. შეხვედრების შემდეგ რუსული მხარე აცხადებდა, რომ ცენტრი სამხედრო ბაზების ტერიტორიაზე შეიქმნებოდა, რასაც ქართული მხარე კატეგორიულად უარყოფდა. რომელიმე რუსული სამხედრო ბაზის ნაცვლად ტერორიზმთან მებრძოლი ერთობლივი ცენტრის შექმნას გამორიცხავს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა რურუა:

[ნიკა რურუას ხმა] ,,შინაარსობრივად უნდა იყოს განსხვავებული სამხედრო ბაზისგან. ეს უნდა იყოს უფრო ანალიტიკური ცენტრისმაგვარი სტრუქტურა, სადაც ინფორმაცია მოვა, გადამუშავდება და მიეწოდება აღმასრულებელ ხელისუფლებას ჩვენი ქვეყნისა თუ მეზობელი ქვეყნის. ყოველგვარ ბაზაზე ლაპარაკი ზედმეტია, ამაზე საქართველო არ წავა. ეს, უბრალოდ, გამოვა სახელის გადარქმევა და ასეთ თავის მოტყუებას ჩვენი მხარე არ დაუშვებს.” (სტილი დაცულია)

სულ ბოლო შეხვედრა, რომელზეც ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის საკითხი განიხილეს, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკება იყო. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ცენტრი სამხედრო ბაზების გაუქმების შემდეგ ამოქმედდება, ლავროვი კი პარალელურ პროცესზე საუბრობს. ამ ტიპის სინქრონულობას ნიკა რურუა კატეგორიულად გამორიცხავს:

[ნიკა რურუას ხმა] ,,ბაზები უნდა გავიდნენ და ანტიტერორისტული ცენტრი უნდა შეიქმნას ამის მერე, არანაირად ერთდროულად. ბაზები თუ არ გავიდა, რა თქმა უნდა, ეს არ გაიხსნება. მაგრამ ბაზები რომც გავიდეს, ამის გახსნაზე სალაპარაკოა ჯერ ისევ.” (სტილი დაცულია)

მოლაპარაკების განახლება საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს დაევალათ.
იმის გათვალისწინებით, რომ კავკასიისთვის ტერორიზმი სრულიად რეალური საფრთხეა, ერთობლივმა ანტიტერორისტულმა ცენტრმა, რომელიც ანალიტიკური საქმიანობით უნდა შემოიფარგლებოდეს, შესაძლოა, გარკვეული ფუნქცია მართლაც შეასრულოს, - ამბობს ირაკლი მჭედლიშვილი:

[ირაკლი მჭედლიშვილის ხმა] ,,თუმცა ტერორიზმთან ბრძოლა ეს არ არის მხოლოდ რუსულ-ქართული ორმხრივი პრობლემა. ეს არის საერთაშორისო პრობლემა და საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგში დგას. ამდენად, როგორ ჩაჯდება თვითონ ეს ორმხრივი ინიციატივა საერთო ანტიტერორისტული ბრძოლის კონტექსტში, არ არის ცნობილი. მაგრამ ესეც საინტერესო ამოცანაა, რომელიც უნდა გაირკვეს უახლოეს მომავალში.” (სტილი დაცულია)

ექსპერტი ამბობს, რომ საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის იდეას მიესალმა აშშ-იც, რომელიც, ამავდროულად, უმთავრეს საკითხად რუსული სამხედრო ბაზების დახურვას მიიჩნევს.
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ერთობლივი ანტიტერორისტული სტრუქტურა, შესაძლოა, უკრაინის, აშშ-ისა და სხვა სტრატეგიული მოკავშირეების მონაწილეობითაც შეიქმნას და რომ ამ მხრივ რუსეთისთვის ექსკლუზიური უფლების მინიჭებას არავინ აპირებს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG