Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ იცავენ საქართველოში მოქალაქეთა შრომით უფლებებს


საქართველოში კვლავ მწვავე პრობლემად დგას ადამიანის უფლებების - მათ შორის, შრომითი უფლების - დაცვის საკითხები. არადა, ეგრეთ წოდებული “ვარდების

რევოლუციისგან”, რომლის 2 წლისთავი რამდენიმე დღეში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება, მოსახლეობა ელემენტარული უფლებების დაცვის გარანტიებს მოელოდა. შევეცდები ერთი კონკრეტული მაგალითის საფუძველზე გაჩვენოთ, თუ როგორ ხდება სახელმწიფო დაწესებულებაში თუ კერძო კომპანიაში კანონის უგულებელყოფა, რის შედეგადაც უმოწყალოდ ირღვევა უბრალო მოქალაქეთა შრომითი უფლებები.

ამ რამდენიმე დღის წინ საჯარო სამსახურში მუშაობის დამწყების მსურველი ერთი მოქალაქის უფლებების დარღვევაზე გესაუბრეთ. ამჯერად იმ მოქალაქეებზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას, რომელთა უფლებები სახელმწიფო კომპანიაში მუშაობისას დაირღვა. ლაპარაკია თბილისის მუნიციპალურ საკუთრება ”თბილგაზზე”, რომლის ხელმძღვანელობამ რამდენიმე თვის წინ 500-მდე თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა.

[თამარ კორძაიას ხმა] ” ’თბილგაზი’ არ არის ჩვეულებრივი მეწარმე სუბიექტი, მას მონოპოლიური მდგომარეობა აქვს - ერთადერთი მომწოდებელია და განსაკუთრებული ვალდებულებები აქვს საზოგადოების წინაშე როგორც გამჭვირვალობის მხრივ, ასევე კანონის დაცვის მხრივ და, მეორეც, მათ, ამ თავიანთი ქმედებით, 500 ადამიანი დატოვეს უმუშევრად. ჩვენ გადავამოწმეთ გათავისუფლების პროცედურები და ეს ყველაფერი დაცულია, მაგრამ საფუძველია უკანონო.”

ეს არის თამარ კორძაია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი. სწორედ მას მიმართეს დახმარებისთვის “თბილგაზიდან” გათავისუფლებულთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა. ისინი ამტკიცებენ, რომ “თბილგაზის” დირექტორს გიორგი გვიჩიანს თანამშრომელთა გათავისუფლების უფლება არ ჰქონდა. საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, უჩა ჩილაჩავას, მოვუსმინოთ.

[უჩა ჩილაჩავას ხმა] ”თვითონ დირექტორი არ არის დანიშნული კაცი. იმიტომ რომ სამეთვალყურეო საბჭო არ არსებობდა, არარსებულმა წევრებმა მოაწერეს დირექტორის დანიშვნაზე ხელი.”

ახალგაზრდა იურისტებმა გაარკვიეს, რომ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული “თბილგაზის” სამეთვალყურეო საბჭოს სამი წევრიდან ერთ-ერთის ხელმოწერა არ ფიგურირებს “თბილგაზის” დირექტორის დანიშვნის გადაწყვეტილებაზე. ამ იურიდიულ შეუსაბამობას თამარ კორძაია ასე განმარტავს:

[თამარ კორძაიას ხმა] ”ამ არაუფლებამოსილი სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობით არჩეულ იქნა ამჟამინდელი დირექტორი გიორგი გვიჩიანი და ეს დანიშვნა უკანონოა და, შესაბამისად, მის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ღონისძიება უკვე არის უკანონო და გაბათილებას ექვემდებარება.”(სტილი დაცულია)

მე ამ დარღვევების კომენტირება, რომელთა გამო 500-მდე მოქალაქე უკანონოდ დარჩა სამსახურის გარეშე, “თბილგაზის” ოფიციალურ წარმომადგენელს, ეკა სარიას, ვთხოვე. შეგახსენებთ, რომ “თბილგაზი” უკვე გაკოტრებულადაა გამოცხადებული.

[ეკა სარიას ხმა] ”ახლა გაკოტრების მმართველია გვიჩიანი და აქვს სრული უფლებამოსილება გაატაროს ის ცვლილებები, რასაც მიიჩნევს საჭიროდ. რაც შეეხება ძველ საკითხებს, ამაზე ჩვენ კომენტარს არ გავაკეთებთ.”

იურისტების განმარტებით კი, თუ სასამართლომ ობიექტურად იმსჯელა, “თბილგაზიდან” გათავისუფლებულ იმ თანამშრომლებს, რომლებმაც სასამართლოს მიმართეს, დიდი შანსი აქვთ უკან დაიბრუნონ დაკარგული სამუშაო ადგილები.
XS
SM
MD
LG