Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულომ მერი აირჩია - გიგი უგულავა დედაქალაქის მთავრობას უხელმძღვანელებს


თბილისის საკრებულოს ახალმა შემადგენლობამ პირველივე სხდომაზე დედაქალაქის მერი და საკრებულოს ხელმძღვანელობა აირჩია.



როგორც მოსალოდნელი იყო, თბილისის მთავრობას უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში გიგი უგულავა, ხოლო საკრებულოს ზაზა ბეგაშვილი უხელმძღვანელებს. დედაქალაქის თვითმმართველობის ორგანომ 12 ოქტომბრის სხდომაზე ასევე აირჩია საკრებულოს მდივანი. თემურ ქურხული არჩევნებამდე, წლების განმავლობაში, თბილისის პრემიერად მუშაობდა. როგორ ჩაიარა ახალი მოწვევის საკრებულოს პირველმა სხდომამ და რას ელიან რიგითი თბილისელები არჩეული მერისგან?

პრეზიდენტის მიერ დანიშნული პირველი სხდომის გახსნის პატივი ცენტრალური საარჩევნო კიმისიის თავმჯდომარეს ერგო. გურამ ჩალაგაშვილმა საკრებულოს სიითი შემადგენლობა ერთი ამოსუნთქვით ჩაიკითხა და მერიის ოვალურ დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას მიმართა:

[გურამ ჩალაგაშვილის ხმა] „ბატონებო და ქალბატონებო, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელით, გილოცავთ გამარჯვებას, გისურვებთ წარმატებას ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. სხდომა გახსნილია.“

საარჩევნო კოდექსის თანახმად, პირველ სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი თამარ ნუცუბიძე გაუძღვა. არჩეული იქნა სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიები. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის წინ ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ გამოუცდელ კოლეგებს ყოველი შემთხვევისთვის შეახსენა:

[ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარის ხმა] „ვიწყებთ კენჭისყრის პროცედურებს, დაგირიგდებათ სახელობითი ბიულეტენები, რომელიც უნდა შემოხაზოთ. აიღებთ კონვერტებს, ჩაუშვებთ ამ კონვერტებს ყუთში. შემდეგ ხმებს დავითვლით და მივულოცავთ გამარჯვებას ერთ-ერთ, უფრო სწორად, ერთადერთ საკრებულოს თავმჯდომარეს...“

სხდომის მსვლელობისას ფარული კენჭისყრა სამჯერ ჩატარდა, თუმცა გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი არაფერი მომხდარა. ზაზა ბეგაშვილი და თემურ ქურხული საკრებულოს წევრებმა ერთხმად აირჩიეს. მოგვიანებით მათი ბედი გიგი უგულავამაც გაიზიარა.

[ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარის ხმა] „ხმების დათვლის პროცედურა დასრულდა. ხმების დათვლის შედეგად, ყუთში აღმოჩნდა 33 ბიულეტენი. გიორგი უგულავა მერად ერთხმად იქნა არჩეული...“

ოვაციების დაცხრომის შემდეგ საკრებულოს წევრებსა და თბილისელ ამომრჩევლებს აწ უკვე დედაქალაქის არჩეულმა მერმა მიმართა. გიგი უგულავა ამბობს, რომ მერიისა და საკრებულოს ახალ შემადგენლობას ერთადერთი მიზანი ამოძრავებს:

[გიგი უგულავას ხმა] „თითოეული მოქალაქე თავს უნდა გრძნობდეს დაცულად და კომფორტულად. ყველა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა უნდა იყოს გადაწყვეტილი მეტ-ნაკლებად. უნდა ხედავდეს, რომ მისი ცხოვრება დღეს არის უკეთესი იმასთან შედარებით, რაც იყო გუშინ. ეს არის ჩვენი ამოცანა. ამისთვის დაგვიჭირა მხარი ხალხმა და ამ გადმოსახედიდან ვიწყებთ მუშაობას.“

თბილისის უმაღლესი თანამდებობის პირი დაპირებას საკრებულოს უმრავლესობის, 34 წევრის, სახელით იძლევა. საინტერესოა რას ფიქრობენ თავად თბილისელები ახალ მერზე და რას ელიან ისინი გიგი უგულავასგან:

[ქალბატონის ხმა] „მთავარია სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, რომ ადამიანებმა შეძლონ საკუთარი პენსიით ცხოვრება. სხვა მხრივ, გიგი უგულავა მორალურად და ფიზიკურად ყველანაირად შეეფერება თანამდებობას.“

[მამაკაცის ხმა] „მე პირადად გეტყვი, რომ პატრონი არ ჰყავს საქართველოს. ღმერთმა ქნას, რომ პატრონი გამოუჩნდეს. დახმარება ხალხამდე უნდა მივიდეს და თვითონ ხელისუფლებამ კი არ უნდა შეჭამოს.“

[ქალბატონის ხმა] „მერმა უნდა გააგრძელოს დაწყებული საქმე და თბილისი გაალამაზოს. პრობლემები ბევრია, მაგრამ გიგი უგულავა ყველაფერს მიხედავს.“

თბილისელთა ამგვარი განწყობის გამო გაღიზიანებას ვერ მალავს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი, რომელიც, კობა დავითაშვილისა და გოგი თოფაძის მსგავსად, საკრებულოს პირველ სხდომას არ დასწრებია:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] „ვინც შემოხაზა ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილი, მათ ერთი გვარი აქვთ, მეგობრებო: ბერბიჭაშვილი!“

თუმცა საკრებულოს უმრავლესობას ოპოზიციონერი კოლეგის შეურაცხმყოფელი სიტყვებისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია. საკრებულომ პირველ სხდომაზე დაამტკიცა მერიის ახალი დებულება, ხოლო უახლოეს სხდომაზე თბილისელთა რჩეულები განიხილავენ მერის ახალ ინიციატივას, რომლის თანახმადაც თბილისის ძველი უბნები ერთ, ცალკე გამგეობაში გაერთიანდებიან.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG