Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გადასახადების შემცირების ინიციატივით გამოდის საქართველოს მთავრობა


საქართველოს მთავრობამ თავის ბოლო სხდომაზე მოიწონა კანონპროექტი საგადასახადო კოდექსის ცვლილებების შესახებ. პროექტის მიხედვით, მცირდება სამი ტიპის გადასახადის განაკვეთი.

ეს ინიციატივა უკვე გადაეგზავნა პარლამენტს და მასზე საკანონმდებლო ორგანოს ბიურო მომავალი კვირის ორშაბათს იმსჯელებს. რა გადასახადები მცირდება, რა მოცულობით და, საერთოდ, რატომ გადაწყვიტა მთავრობამ მათი შემცირება?

საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და გადასახადების შემცირების ინიციატივა ოფიციალურად პრეზიდენტს ეკუთვნის, პროექტი კი ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა და მთავრობას 23 მაისს გააცნო.

შემუშავებული ცვლილებების მიხედვით, მოგების გადასახადის განაკვეთი 20 პროცენტიდან 15 პროცენტამდე შემცირდება. სოციალური და საშემოსავლო გადასახადები კი გაერთიანდება და მათი განაკვეთი, საერთო ჯამში, ამჟამინდელი 32 პროცენტის ნაცვლად, 25 პროცენტი გახდება. სწორედ ეს გაერთიანება არის სპეციალისტთა და პოლიტიკოსთა ეჭვებისა და სკეპტიციზმის მიზეზი. მათ შორისაა პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი ირაკლი იაშვილიც:

[ირაკლი იაშვილის ხმა] ”ჯობია, რომ ორივე შემცირდეს - ერთი იყოს 10 და მეორე 15 და ეს იქნება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანდება, მაშინ ისმის კითხვა: რომელი რომელში გადადის? ორივე შემთხვევაში პრობლემაა...”

ირაკლი იაშვილის განმარტებით, ის, თუ რა დაერქმევა 25 პროცენტიან გადასახადს იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ გაირკვეს, ვინ უნდა გადაიხადოს ის, დამქირავებელმა თუ დაქირავებულმა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადს დაქირავებული მოქალაქე იხდის, ის, ვინც ხელფასს იღებს ან კიდევ ინდივიდუალური მეწარმეა. სოციალური გადასახადი კი დამქირავებელს, ანუ კომპანიას, შეაქვს სახელმწიფო ბიუჯეტში. ჯერჯერობით ამ პრობლემაზე პროექტის ინიციატორთა ნათელი პასუხი არ არსებობს. ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე ირწმუნება, რომ 25 პროცენტიანი გადასახადის დასახელება უკვე განსაზღვრულია:

[გიორგი გოდაბრელიძის ხმა] ”განსაზღვრულია, შემოვა ბიუროზე და შემდეგ, იქეთა კვირაში, დაიწყება ამაზე კონსულტაციები.”

გიორგი გოდაბრელიძეს ისიც ვკითხე, რა გადასახადი და რა მოცულობით უნდა გადაიხადონ იმ ორგანიზაციის თანამშრომლებმა, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. აქამდე უცხოეთის კომპანიების ფილიალებში დასაქმებული საქართველოს მოქალაქენი მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს იხდიდნენ. გიორგი გოდაბრელიძის კომენტარი:

[გიორგი გოდაბრელიძის ხმა] ”ჩვენი მოსაზრებით, მათ მინიმუმ 3 წლით შეღავათი დაუწესდებათ, რომ მათი ტვირთი არ გაიზარდოს, ვინც ისედაც არ იხდიდა სოციალურს და მხოლოდ საშემოსავლოთი იბეგრებოდა.”

სოციალური და საშემოსავლო გადასახადის გაერთიანებისა და შემცირების გარდა, მთავრობაში მომზადებული პროექტი მოგების გადასახადის შემცირებასაც ითვალისწინებს. ამჟამინდელი 20 პროცენტის ნაცვლად, იმ კომპანიებისა თუ აქციების მფლობელებმა, რომლებიც მოგებას იღებენ, 15 პროცენტი უნდა გადაიხადონ. ამ ცვლილების მიმართ ოპოზიციაც დადებითადაა განწყობილი. ირაკლი იაშვილს მოვუსმინოთ:

[ირაკლი იაშვილის ხმა] ” მე რომ ვიყო, ამ გადასახადს საერთოდ გავაუქმებდი, იმიტომ რომ აბსოლუტურად უაზრო, რთულად ადმინისტრირებადი გადასახადია. მისი გაუქმება სტიმულს მისცემს წარმოებას.”

საქართველოს მთავრობა დარწმუნებულია, რომ ამჟამად მომზადებული საგადასახადო ცვლილებებიც მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს ბიზნესის განვითარებას. ფინანსთა სამინისტროს გაანგარიშებით, გადასახადების შემცირებით საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 200 მილიონი ლარი რჩება შემდეგი რეინვესტირებისა და კაპიტალდაბანდებებისთვის.
XS
SM
MD
LG