Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში, შესაძლოა, ატომური ელექტროსადგური აშენდეს


პარიზში სტუმრად ყოფნისას საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგასთან, ბევრ სხვა საკითხთან ერთად, ბირთვული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობაც განიხილა.

ლაპარაკია სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის სფეროში შესაძლო თანამშრომლობის დაწყებაზე. საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მამუკა კუდავას განმარტებით, განიხილება საქართველოს ტერიტორიაზე ატომური ელექტროსადგურის აშენების პერსპექტივა, რისთვისაც უახლოეს მომავალში ფრანგი და ქართველი ექსპერტები ერთმანეთს შეხვდებიან.

საქართველოში ატომის ბირთვის ენერგიას მეცნიერული კვლევებისთვის გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იყენებდნენ. სწორედ 1960 წელს შევიდა ექსპლუატაციაში „მცხეთის რეაქტორად“ ცნობილი „მუხათგვერდის გამოყენებითი კვლევების ცენტრი“, რომლის დირექტორი შუქრი აბრამიძე დარწმუნებულია, რომ 21-ე საუკუნეში, ნახშირწყალბადის საბადოების დაწრეტის პარალელურად, ბირთვული ენერგეტიკის როლი ერთიათად გაიზრდება. სჭირდება თუ არა საქართველოს ატომური ელექტროსადგური? ამ კითხვას ფიზიკოსი შუქრი აბრამიძე ასე უპასუხებს:

[შუქრი აბრამიძის ხმა] „როგორ არ სჭირდება! ეს არის ელექტროენერგიის უნიკალური წყარო. თუმცა საქართველოში ამ წყაროს მიმართ გარკვეული ნეგატიური დამოკიდებულება არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვინაიდან ისეთი ქვეყანა, როგორიცაა საფრანგეთი, სთავაზობს ჩვენ სახელმწიფოს, არ შეიძლება ეს წინადადება აიღო და უკუაგდო, პირიქით...“ (სტილი დაცულია)

წინადადების უკუგდებას არ აპირებს საქართველოს ხელისუფლება. საფრანგეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის მამუკა კუდავას თქმით, საკითხის წინ წაწევით ორივე ქვეყანაა დაინტერესებული:

[მამუკა კუდავას ხმა] „განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, რომლებიც ეხება ბირთვული სადგურის მშენებლობის პერსპექტივებს, და შევთანხმდით, რომ ეს საკითხი ჩვენს ინტერესებშიც შედის და სამომავლოდ ექსპერტების დონეზე დავიწყებთ ამ საკითხის განხილვას.“(სტილი დაცულია)

კონსულტაციების დაწყებამდე პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა არ ჩქარობს და გადაწყვეტილებას სომხეთის მთავრობასთან შეთანხმების შემდეგ მიიღებს. ცნობილია, რომ სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი - მეწამორის - ატომური ელექტროსადგური სწორედ რომ სომხეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] „დღეს საუბარი იმაზე, რომ ეს იქნება სომხეთში ან იქნება საქართველოში, ძველი შეიცვლება ახლით თუ არა, ნაადრევია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სომხეთი.“(სტილი დაცულია)

იმის განჭვრეტა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სომხეთის მთავრობა და როგორ მოიქცევა ოფიციალური თბილისი, უჭირთ საქართველოს მწვანეთა პარტიის წევრებს, თუმცა გიორგი გაჩეჩილაძე, პარტიის თავმჯდომარე, დარწმუნებულია, რომ საქართველოს ატომური ელექტროსადგური არ სჭირდება:

[გიორგი გაჩეჩილაძის ხმა] „რაში გვჭირდება ჩვენ თავის ატკივება ეკოლოგიური თვალსაზრისით, უსაფრთხოების თვალსაზრისით და კიდევ საერთაშორისო არენაზე პრობლემების შექმნით. ამდაგვარი საფრთხის შემცველი ობიექტების მშენებლობა საქართველოში გამორიცხულია. ეს არის საქართველოს მოსახლეობის გენოციდის საფრთხის წინაშე დაყენება. როდესაც 1986 წელს ჩერნობილის კატასტროფა მოხდა, საქართველო ძალიან დაზიანდა, მაშინ როცა ავარია 2500 კილომეტრის დაშორებით მოხდა.” (სტილი დაცულია)

გიორგი გაჩეჩილაძის თქმით, საქართველოს აქვს ჰიდროენერგორესურსების უდიდესი მარაგი, რომელიც, ზერელე გაანგარიშებითაც კი, 3-4-ჯერ აღემატება ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნილებას. ამ აზრს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი გია ხუხაშვილიც იზიარებს:

[გია ხუხაშვილის ხმა] „ატომური ელექტროსადგურის საქართველოში მშენებლობის მოტივი არანაირად არ შეიძლება გახდეს ენერგეტიკული უსაფრთხოება. იმიტომ რომ, უსაფრთხოება, რომელიც წარმოშობს სხვა ათას რისკებსა და საფრთხეებს, ასეთი უსაფრთხოება არავის არ სჭირდება.“(სტილი დაცულია)

საქართველოში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის პერსპექტივა აშინებთ რიგით თბილისელებსაც. აი, რას ფიქრობენ ის მოქალაქეები, რომლებსაც მე რუსთაველის გამზირზე გამოველაპარაკე:

[ქალბატონის ხმა] „მე, მაგალითად, არ ვისურვებდი, რომ აშენდეს. კაცმა არ იცის, რა იქნება - იქნებ აფეთქდეს? ეკოლოგიური თვალსაზრისითაც არ იქნება გამართლებული.“

[მამაკაცის ხმა] „ატომური ელექტროსადგური ნაღდად არ გვჭირდება. სხვა წყაროებია... მთის მდინარეები გვაქვს უამრავი. ავაშენოთ ჰესები, უსაფრთხოც არის. რადიაქტივობაა... ჩერნობილი არ გახსოვთ? რამე რომ მოხდეს!“

თბილისელების დაწყნარებას ცდილობს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი ჯემალ მებონია, რომელიც წლების განმავლობაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბირთვული და ატომური ფიზიკის კურსს კითხულობდა:

[ჯემალ მებონიას ხმა] „ასე არ შეიძლება. შიშით ცხოვრება გაგონილა? რა მოხდება, ენგურის კაშხალი ანდა ჟინვალის კაშხალი რომ დაინგრეს? შიშით ცხოვრება არ შეიძლება... თუ ჩვენ გვინდა, რომ მომავალში მხოლოდ სინათლე გვქონდეს, ნათურა ენთოს, ტელევიზორი ვამუშაოთ, მაშინ ატომური ელექტროსადგური არაა საჭირო, მაგრამ თუ ჩვენ მომავალში გვინდა სამრეწველო სიმძლავრეები, მაშინ ბირთვულ ენერგიას გვერდს ვერ ავუვლით.“

ჯემალ მებონიას თქმით, ფრანგი სპეციალისტების მიერ აგებული სადგურები უსაფრთხოების მაღალი დონით გამოირჩევიან. მცხეთის რეაქტორის - ანუ მუხათგვერდის გამოყენებითი კვლევების ცენტრის - დირექტორი შუქრი აბრამიძე კი ამბობს, რომ საფრანგეთი ბირთვული ენერგიის გამოყენების მხრივ ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში:

[შუქრი აბრამიძის ხმა] „არანაირი რისკი არ არსებობს! საფრანგეთში არის 59 ატომურ-ენერგეტიკული დანადგარი, მათი ჯამური სიმძლავრე კი არის 64 ათასი მეგავატი.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG