Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური მოვლენების მიმოხილვა


საქართველო-რუსეთის ენერგეტიკული დაპირისპირება მიმდინარე კვირას კვლავ გამძაფრდა. "გაზპრომი" სომხეთში

რუსული გაზის ტრანსპორტირების გამო საქართველოსთვის თანხის გადახდას არ აპირებს და საქართველოს არც აქვს საფუძველი მოითხოვოს თანხობრივი გადახდა სომხეთში ტრანსპორტირებული გაზისთვის, ასე გამოეპასუხა რუსული ენერგომონოპოლია ქართული მხარის პრეტენზიას.
რუსული მხარის მტკიცებით, სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების პირობები საქართველოსთვის გარკვეული მოცულობა გაზის მიწოდებას ითვალისწინებს. რუსები არ უარყოფენ, რომ ივნის-ივლისში ქართულ მხარეს ნაკლები გაზი მიეწოდებოდა, ვიდრე დადგენილია, მაგრამ ვინაიდან ტრანზიტის მომსახურების გადახდაზე თანხობრივად ამჟამად არავითარი შეთანხმება არ არსებობს, ისინი არაფრის გადახდას არ აპირებენ.

მანამდე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი ალექსანდრე ხეთაგური აცხადებდა, რომ "გაზპრომს" სომხეთში გატარებული გაზის ტრანზიტისთვის საქართველოს მიმართ დაახლოებით 2 მილიონი დოლარის დავალიანება აქვს. მისივე თქმით, არსებობს დავალიანების დაფარვის 2 მექანიზმი - ბუნებრივი აირით ან ფულით. ამჟამად საქართველოს გაზმომარაგება მთლიანად აზერბაიჯანიდან ხორციელდება.
მიმდინარე კვირის არანაკლებ საინტერესო სიახლე რუსეთიდან ის იყო, რომ რუსული მართლმადიდებლური ტელეკომპანია "ხსნა" საქართველოს ტერიტორიაზე მაუწყებლობას იწყებს.

ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი" იუწყება. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ალექსანდრე ბატანოვის განცხადებით, მიუხედავად რუსეთ-საქართველოს შორის არსებული რთული პოლიტიკური ურთიერთობისა, ამ ქვეყნების ხალხთა მეგობრობა გრძელდება და როგორც რუსებს აქვთ შესაძლებლობა, ნახონ ფილმები საქართველოს შესახებ, ისე ქართველ მაყურებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თანამედროვე რუსეთის სულიერ ცხოვრებას იცნობდეს.

მისი თქმით, გასულ წელს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან, უწმინდეს და უნეტარეს ილია II-სთან, მისი შეხვედრა იმედს აძლევს, რომ ქართველი ხალხი ტელეკომპანიის გადაცემებს კეთილგანწყობით შეხვდება. ალექსანდრე ბატანოვის განცხადებით, მოთხოვნა ისეთ ტელეგადაცემებზე, როგორიც ტელევიზია "ხსნას" აქვს, საქართველოში ძალიან მაღალია.

თუმცა ეს არ არის ერთადერთი რუსული კომპანია, რომელიც ქართულ ტელესივრცეში ექსპანსიას გეგმავს. ფონდი Russian Media Ventures (RMV) საქართველოსა და ყაზახეთში ტელეარხების შესყიდვას აპირებს. აქამდე ფონდის ინტერესები მხოლოდ რუსულ მედიააქტივებს ფარავდა. გარე ბაზრებზე ინტერესის გადატანა კი რუსული ტელესივრცის უკიდეგანო გაძვირებამ გამოიწვია. იგივე ითქმის უკრაინულ ტელეინდუსტრიაზეც, რომელიც რუსულის მსგავსი ტემპებით იწყებს გაძვირებას. ამდენად, მოსაძებნი გახდა დსთ-ს ისეთი ბაზრები, სადაც მანევრირებისთვის გაცილებით მეტი სივრცეა. ამ ეტაპზე ლაპარაკია ყაზახეთის ერთ-ერთ მეორე ეშელონის ტელეკომპანიაზე, ასევე ქართულ ტელეარხზე, რომელიც თბილისს ფარავს. RMV--სთან დაახლოებული წყაროები არ გამორიცხავენ, რომ ეს, სავარაუდოდ, ან `ტელეკომპანია 202~ იქნება, ან `პირველი სტერეო~. რაც შეეხება მესამე მაუწყებელს _ `ევრიკას~, მის სიხშირეს საქართველოს საპატრიარქო განაგებს და მისი გაყიდვა ნაკლებად სავარაუდო ჩანს.
გაყიდვების ახალ კასკადს იწყებს ეკონომიკის სამინისტრო. გასაყიდი ფართების დაკავებულ მოიჯარეთაგან გათავისუფლება კი საკმაოდ მტკივნეული ფორმებით მიმდინარეობს.

რუსთაველის გამზირის №30-ში მდებარე "სონიცენტრი თბილისი", კაფე `რუსთაველი" და სათვალეების მაღაზია `რონიკო~ 200-მდე სამართალდამცავის ალყის თანხლებით დაცალეს. პარალელურად, "რონიკოს" მაღაზიების ქსლის შემოწმება თბილისის საგადასახადო ინსპექციამ დაიწყო.
ეკონომიკის სამინისტროს ანონსით, რუსთაველის №30-ში, სადაც კაფე "რუსთაველი", "სონიცენტრი", `რონიკო~ და იუსტიციის სამინისტროა განთავსებული, `ჰილტონის~ ქსლის სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს, სად განთავსდება აღნიშნული უწყება მომავალში, ჯერჯერობით უცნობია.

არანაკლები ხმაური იყო გამომცემლობა `სამშობლოს~ შენობაში, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ მოიჯარეებს ასევე პოლიციის დახმარებით დააცლევინა. პოლიციელები შენობაში დილის 5 საათზე შევიდნენ და შენობის დაცლა იმ მოტივით მოითხოვეს, თითქოს იქ ბომბი იყო დამონტაჟებული.
შედეგად, გამომცემლობის შენობაში მყოფი 90-მდე ორგანიზაცია უოფისოდ დარჩა - მათ შორის, ტელეკომპანიები "კავკასია" და "მირი", გაზეთები "ასავალ-დასავალი", "საქართველოს რესპუბლიკა", "თბილისი" და სხვ. ეს შენობაც, წინასწარი ინფორმაციით, საპრივატიზებოდ უნდა გავიდეს და მისი საწყისი ფასი 20 მილიონი დოლარი იქნება.
თავისი სვლით მიდის ფოთის პორტში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის იდეის განხორციელებაც.
ამ ეტაპზე ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებით წინადადებებს იღებს. სამინისტროს ინფორმაციით, თუ ერთი თვის წინ ფოთის პორტის განვითარების პროცესში მხოლოდ რამდენიმე კომპანია იყო ჩართული, მათ შორის, საკმაოდ ძლიერი კომპანია დუბაიდან, დღეს უკვე მათ სინგაპურის პორტი "ოსორითი", ჰამბურგის პორტი და სხვა კომპანიები შეუერთდნენ.
გარდა ამისა, უახლოეს მომავალში, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ფოთის აეროპორტს საპრივატიზაციოდ გაიტანს იმ იმედით, რომ ფოთში საერთაშორისო აეროპორტის შექმნა თავისუფალი ეკონომიკური ზონის განვითარებას ხელს შეუწყობს.

სხვა სფეროების პარალელურად, როგორც მიმდინარე კვირას გაირკვა, საექსპორტო პოტენციალი ქართულ შეიარაღებაშიც გამოჩნდა. ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ, შესაძლოა, უხმო ტყვიამფრქვევი, სახელად "მუმუ", შეიძინოს, რომელიც ქართველმა კონსტრუქტორმა გერმანე ხითალიშვილმა შექმნა. ამჟამად ახალი იარაღი საექსპერტო შემოწმებას გადის და, შესაძლოა, ისრაელის სპეცსამსახურის _ ცახალის - შეიარაღებაშიც აღმოჩნდეს.

როგორც სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, "მუმუ" სროლის დაბალი ხმით გამოირჩევა, რაც გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს მოწინააღმდეგის ზურგში ოპერაციების ჩატარების დროს. გარდა ამისა, წონით, სროლის მანძილითა და სიჩქარით "მუმუ", თურმე, ყველა მსოფლიო ანალოგს ჯობნის. ასე რომ, ქართველი სპეციალისტის შექმნილ იარაღზე, შესაძლოა, დიდი მოთხოვნილება გაჩნდეს.
XS
SM
MD
LG