Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური მოვლენების მიმოხილვა


მიმდინარე კვირას კახეთში რთველი დაიწყო. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, კახეთში,

გასულ წლებთან შედარებით, რეკორდული მოსავალია და 200-250 ათასი ტონა ყურძენია დასაბინავებელი. თუმცა ფასმა დაიწია და ერთი კილოგრამი ყურძნის ღირებულება 15-დან 20 თეთრამდეა, რის გამოც გლეხები უკვე სერიოზულ უკმაყოფილებას გამოთქვამენ.სახელმწიფო, რთვლის ხელშეწყობის მიზნით, 5,5 მილიონი ლარის კრედიტებს გასცემს. თუმცა ჯერ ცნობილი არ არის, თუ რა ფორმით გადანაწილდება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა.

სანამ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ პრობლემაზე იჭყლეტს ტვინს, ახალი რთველი აქვს თავდაცვის სამინისტროს: პარლამენტის გადაწყვეტილებით, შეიარაღებული ძალების კონტინგენტი 28-დან 32 ათასამდე გაიზარდა, რაც ხარჯების 112 799 432 ლარით გაზრდას გამოიწვევს.

ნანატრი შევსება მიიღო ეროვნულმა ბანკმაც: ყოფილი ფინანსთა მინისტრი ალექსი ალექსიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი გახდა. ეროვნული ბანკის საბჭოში თვის ბოლოს კიდევ რამდენიმე ვაკანსია გაჩნდება, მათ შორის, ბანკიდან ნებაყოფლობით წასული პრეზიდენტის რომან გოცორიძის და ვიცე-პრეზიდენტ ეკა გალდავასი. ასევე, თვის ბოლოს საბჭოს რამდენიმე წევრს უფლებამოსილების ვადა ეწურება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ვინაობა კი მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ბანკის საბჭოში არსებული ყველა ვაკანსია შეივსება. ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ კი დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ მისი წასვლა გარემოებებისთვის ანგარიშის გაწევას ნიშნავდა.
სადღეისოდ ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვებმა 1,4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, დოლართან გაცვლითი კურსი კი 1,66 ნიშნულზე გაჩერდა.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის კიდევ ერთ აქტივობას, ის მსხვილ გეოპოლიტიკურ პროექტზე გამოძახილს უკავშირდება. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო გადასასვლელის ამოქმედებისადმი მიძღვნილ სამახსოვრო მონეტას საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთდროულად სწორედ მისი ინიციატივით გამოუშვებს. ახალი სამახსოვრო მონეტა, აღნიშნული სატრანსპორტო პროექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, სამ ქვეყანაში ერთობლივად შევა მიმოქცევაში. ქართული, აზერბაიჯანული და თურქული მონეტების რევერსის დიზაინი იდენტური იქნება, ავერსზე კი სამი ქვეყნის ეროვნული ფულის ნიშანი – მანათი, ლარი და ლირა გამოისახება.

ეროვნული ბანკის გარდა, ვაკანსიები სხვა სახელისუფლო სტრუქტურებშიც უხვად დაგროვდა. ამიტომაც, პრეზიდენტის განკარგულებით, საარჩევნო კომისიის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში არსებულ ვაკანსიებზე ღია კონკურსი გამოცხადდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ორი ვაკანტური ადგილია, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში კი ცხრა წევრიდან ხუთის ადგილი თავისუფალია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარისა და კომისიის წევრების კანდიდატურების შესარჩევად შექმნილ კომისიას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ეკა შარაშიძე ხელმძღვანელობს.
ვაკანსია გაჩნდა "ფონდ – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოშიც". მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა შანიძემ თანამდებობა დატოვა. "ფონდ – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" დირექტორს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს. სწორედ მან უნდა შეარჩიოს პიროვნება, რომელიც 295 მილიონი დოლარის ბიუჯეტის მქონე პროექტს ჩაუდგება სათავეში. გავრცელებული ინფორმაციით, ამ პოსტს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ლაშა გოცირიძე ჩაიბარებს.

ვაკანსიების გაჩენის პარალელურად, მატებაა ეკონომიკის სამინისტროში. მინისტრის მეხუთე მოადგილედ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ურუზმაგ ქარქუსოვი დაინიშნა. ქარქუსოვი, სავარაუდოდ, სამინისტროს რეგიონალური პროექტების კურატორი იქნება. პარალელურად, ის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ეკონომიკური პროექტების განხორციელებას და ინტეგრაციის პროცესებს გაუწევს საერთო კოორდინაციას.

ქართული ბიზნესის დასავლურ სივრცეში ინტეგრაციის დასაჩქარებლად მიმდინარე კვირას ერთდროულად ორი ფორუმი გაიმართა. ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ინიციატივით, კონფერენცია "აირჩიე საქართველო" გაიმართა. კონფერენციის ძირითადი თემები საქართველოს ეკონომიკური განვითარება, ქვეყნის ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, უძრავი ქონება, საფინანსო და მაღალი ტექნოლოგიების სექტორები იყო.

`საქართველოს ბანკის~ ინიციატივით კი მარტში ბრიტანეთში დაფუძნებული ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის ეგიდით პირველი მიღება გაიმართა. წმინდა ბიზნეს-კომუნიკაციის უზრუნველყოფის გარდა, ეს თავყრილობა იმითაც იყო გამორჩეული, რომ მასზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად გამოჩნდა ბადრი პატარკაციშვილი და საჯაროდ უარყო ინფორმაცია ტელეკომპანია `იმედის~ გაყიდვის თაობაზე. პატარკაციშვილმა იქვე დასძინა, რომ მისმა ბიზნესჯგუფმა "მეტრომედიის" აქციების სერიოზული პაკეტი იყიდა და რეგიონალური სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგის შექმნაზე ფიქრობს.

საქართველოს კომუნიკაციის, კერძოდ, ინტერნეტ ბაზრის ლიდერი კომპანია "კავკაზუს ონლაინი" კი ქართული ინტერნეტის განვითარების საქმეში უპრეცედენტო ინვესტირებას გეგმავს. "კავკაზუსმა" და კომპანია თყცო თელეცომმუნიცატიონს-მა, წამყვანმა ამერიკულმა კომპანიამ კომუნიკაციების ტექნოლოგიების დანერგვის სფეროში, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ფოთსა და ვარნას შორის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი სისტემის დამონტაჟებაზე. აღნიშნული სისტემა გზას უხსნის "ევროპულ ინტერნეტს" საქართველოში. ჯამური ინვესტიცია 50 მილიონი დოლარი იქნება, მშენებლობა კი 2008 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

1400-კილომეტრიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გამტარობა 1,3 ტერაბიტი იქნება, აშშ-სა და ინგლისს შორის არსებული მთავარი ინტერნეტ მაგისტრალის გამტარობაზე მაღალი მოცულობითა და სიჩქარით გამოირჩევა და მესამე თაობის კომუნიკაციების მომსახურებასაც შეძლებს.
ახალი ტექნოლოგიის დანერგვა "კავკაზუსს" მისცემს საშუალებას არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი კავკასია და კასპიისპირეთიც მოიცვას.

სიახლეებია ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზეც. კომპანია "მაგთის" აბონენტები ამიერიდან დსთ-ის ქვეყნებში წუთში 27 თეთრად დარეკავენ. საუბრების აღრიცხვა 1 წუთის სიზუსტით მოხდება. აქცია მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე გაგრძელდება.

კომპანია "ბილაინმა" კი ახალი სატარიფო გეგმის - "მეგობრების" - პრეზენტაცია გამართა. მის აბონენტებს საშუალება ექნებათ, საქართველოს ყველა მობილური ოპერატორის მომხმარებელთან 15 თეთრად ისაუბრონ.
თუმცა, იმავდროულად, გაუქმდა `ბილაინის~ მთავარი ჰიტის _ სატარიფო გეგმა "მარტივის" მოქმედება, რომლის ფარგლებშიც აბონენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შიდა ზარები 2 თეთრად განეხორციელებინათ. თუმცა ვინც ამ დრომდე მოახერხა ამ სატარიფო გეგმის შეძენა, იგი ამ ღირებულების ზარების განხორციელებას მაინც შეძლებს.
XS
SM
MD
LG