Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური მოვლენების მიმოხილვა


პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენილი საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა ყველასთვის ცნობილია.

ეკონომიკურ ბლოკში რამდენიმე სახე შეიცვალა, თუმცა ენერგეტიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები კვლავაც უცვლელნი დარჩნენ. შედარებით ახალი სახე მხოლოდ ეკა შარაშიძე იქნება, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტიდან ენერგეტიკის მინისტრად გადაინაცვლებს. სრულიად ახალი სახე იქნება ზაზა გამცემლიძე _ ბოტანიკის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტს დაიკავებს. რაც შეეხება კახა ბენდუქიძეს, მისი სახელმწიფო მინისტრობა ისტორიას ჩაბარდება და ის მთავრობის კანცელარიის აპარატს ჩაიბარებს. ერთადერთი
ორგანო, რომელიც კვლავაც პირველი პირის გარეშე იქნება, ეროვნული ბანკია. მისი სავარაუდო პრეზიდენტის ვინაობა კვლავაც უცნობია. თუმცა ეს ხელს არ უშლის საბანკო სექტორს, ზედიზედ, მესამე წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკის ლიდერ დარგად იქცეს.

საბანკო სექტორის აქტივების საშუალო ზრდის ტემპი, ბოლო სამი წელია, 60%–ს აღემატება, ხოლო დეპოზიტების საშუალო ზრდის ტემპი, ბოლო ორი წელია, 55%–ს შეადგენს. ასეთი მაღალი ზრდის შედეგად, საბანკო აქტივების წილმა მშპ–სთან მიმართებაში 2007 წლის ბოლოს 43%–ს მიაღწია და მოსალოდნელია, რომ 2009 წლის ბოლოს ის 60%–ს გადააჭარბებს, რითაც საქართველო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დონეს მიუახლოვდება.
2007 წლის ბოლოსათვის საბანკო სექტორის მთლიანმა აქტივებმა 7,2 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც უპრეცედენტოა საქართველოს ისტორიაში. 2007 წელს ეკონომიკაზე გაცემული სესხები 76,2%-ით გაიზარდა და 4,6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც მშპ-ს 27%-ია.

მთლიანად საბანკო სექტორის ზრდის პარალელურად, პრობლემები შეექმნა მის ლიდერს, `საქართველოს ბანკს~, რომლის აქციათა ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი _ 24,7 აშშ დოლარია. შედარებისთვის: ივლისში აქციათა მაქსიმალური ღირებულება 44 დოლარი იყო.

`საქართველოს ბანკის~ ერთ-ერთი აქციონერი, ამერიკული საინვესტიციო ფონდი "ფაიერბერდ ავრორა", უძრავი ქონების ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი ქართული კომპანიის, "იბერია უძრავი ქონების", აქციონერი გახდა. `იბერიას~ 11 000 ახალი აქციის შეძენის შედეგად, `ფაიერბერდი~ `იბერიის~ აქციების 40%-ის მფლობელი გახდა.

უძრავი ქონების სასტუმროების სეგმენტზე კი საბოლოოდ გადაწყდა, რომ `ჰაიატის~ ქსლის სასტუმროს მშენებლობა თბილისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან 100 მილიონი დოლარით დაფინანსდება. ევრობანკისა და ჰოლანდიური `ლოიალ ისთეითის~ შვილობილ "ლოიალ ფროფერთის" შორის სასესხო ხელშეკრულების გაფორმება უახლოეს დღეებში იგეგმება. პროექტის ღირებულება, ჯამში, 200 მილიონი დოლარია.

მშენებლობა, რომელსაც შანხაის ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი კომპანია, "ემ-სი-სი 20", განახორიციელებს, 2010 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს. გარდა ამისა, გამორიცხული არ არის, რომ `ჰაიატის~ ბრენდის სასტუმრო ბათუმშიც აშენდეს. როგორც ცნობილი გახდა, ინვესტორი ბათუმში ფოსტის შენობის შეძენითაა დაინტერესებული. ფოსტის შენობა ისტორიული ძეგლია და ინვესტორს მისი იერსახის შენარჩუნება მოუწევს.

გეგმის მიხედვით, `ჰაიატი~ ბულვართან ახლოს მაღალი დონის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსსაც ააშენებს, სადაც სასტუმრო `ჰაიატში~ მცხოვრებნი შეღავათებით ისარგებლებენ.

მიმდინარე კვირას `საქართველოს რკინიგზის~ გასხვისების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში ინტერესთა გამოსახატად გამოყოფილი ვადა ამოიწურა. ეკონომიკური განვითარების სამინისტროში წინადადებათა პაკეტები 5 კომპანიამ წარმოადგინა.

კონკურსის საბოლოო შედეგები კომპანიათა წინადადებების შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი. სამინისტრო ობიექტის შეძენის მსურველებს საკუთარ პირობებს არ სთავაზობდა და მყიდველთა შერჩევა მათ მიერ შეთავაზებული წინადადებების საფუძველზე მოხდება. ობიექტის შესაძენი ფასი, ასევე საწარმოს განვითარების გეგმა (განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობისა და ვადების მითითებით) თავად ობიექტის შეძენის მსურველებმა დაასახელეს. საქართველოს რკინიგზით დაინტერესებას ყველაზე მეტად რუსული და ყაზახური კომპანიები გამოხატავენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა, საინტერესო წინადადების მოლოდინში, რკინიგზის გასხვისების კიდევ რამდენიმე სხვა მოდელზე ფიქრობს, თუმცა, შემოსულ თითოეულ განცხადებასა და იდეას დეტალურად განიხილავს. რკინიგზის გასხვისების ერთ-ერთ საინტერესო მოდელად მისი აქციების საფონდო ბირჟებზე გატანა სახელდება.

ფოთის საზღვაო ნავსადგურის იჯარით გასაცემად და ნავსადგურის ტერიტორიაზე თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესაქმნელად გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის კონკურსის მეორე ტურში კი სამი კომპანია მიიღებს მონაწილეობას. დუბაის პორტის ოპერატორი კომპანია `ჯაფზა~ დაპარტნიორებულ ჰამბურგის პორტის ოპერატორს და ინგლისურ `ჰატჩისონს~ შეებრძოლება.
ფოთის საზღვაო ნავსადგურის იჯარით გასაცემად და ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესაქმნელად კონკურსი გასული წლის ზაფხულში გამოცხადდა და განაცხადების მიღების ვადა 15 ოქტომბერს ამოიწურა. საკონკურსო პირობების მიხედვით, ინვესტორმა უნდა განავითაროს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ძირითადი ინფრასტრუქტურა, მოაწყოს აუცილებელი შენობა-ნაგებობები, შეიმუშაოს შესაბამისი პროცედურები და წესები, აგრეთვე მართოს ზონა საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მის მოვალეობებში ასევე შედის ზონაში საერთაშორისო კომპანიებიდან ინვესტიციების მოზიდვა ნავსადგურის გაზრდილი ტვირთნაკადით უზრუნველყოფის მიზნით. იჯარის სავარაუდო ხანგრძლივობა 49 წელია.

სანამ პორტი და რკინიგზა ახალ ინვესტორს ელოდება, ეკონომიკის სამინისტროს პრობლემები ყულევის ტერმინალის მფლობელთან შეექმნა. სამინისტრო კატეგორიულად აცხადებს, რომ ყულევის ნავთობტერმინალის მფლობელ ქართულ-აზერბაიჯანულ კომპანია “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” ხელმძღვანელის მაირ მამედოვის განცხადება, თითქოს ნავთობტერმინალის ექსპლუატაციაში გაშვებას საქართველოს მთავრობა სამთავრობო ცვლილებების მოტივებით აჭიანურებდეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

სამინისტროს განცხადებით, ნავთობტერმინალის მფლობელ კომპანიას ობიექტის ექსპლუატაციაში გასაშვებად ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთვის არც მიუმართვას, მამედოვის განცხადება კი საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის შეგნებული მცდელობაა. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ყულევის ტერმინალმა, რომელიც ჯერ კიდევ შარშან, მესამე კვარტალში, უნდა ამუშავებულიყო, ფუნქციონირება წლეულს იანვარშიც ვერ დაიწყო.

ფოთის პარალელურად, სადაც თავისუფალი ინდუსტრიული ზონა უნდა მოეწყოს, რუსთავში ახალი სამრეწველო ქალაქის აშენებას ესტონური კომპანია `პორტ არტურ გრუპი~ აპირებს. რუსთავის სამრეწველო ზონაში შესყიდულ 56 ჰექტარ მიწაზე საწარმოო ფართის მშენებლობა გაზაფხულიდან დაიწყება, მანამდე კი ტექნიკური საკითხების მოგვარება მიმდინარეობს. რუსთავის ინდუსტრიულ ცენტრში რამდენიმე ასეული მცირე საწარმო განთავსდება. `პორტ არტურ გრუპმა~ რუსთავში 56 ჰექტარი მიწის ფართობი გასულ წელს, აუქციონის წესით, 3 მილიონ ლარად შეიძინა. აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის საწარმოები 4 წლის ვადაში აშენდება.

საქართველოს საექსპორტო ნუსხაში კი კიდევ ერთი ახალი პროდუქტი დამკვიდრდა. წელს საქართველოდან მარტო უკრაინაში 2 ათასი ტონა მწვანილის შეტანაა დაგეგმილი. ქართულ მწვანილს უკვე უკრაინული ბაზრის 70% უკავია. უკრაინის და დსთ-ის სხვა ქვეყნებს გარდა, წელს ქართული მწვანილით სხვა ბაზრების ათვისებაც დაიწყო. მწვანილის პირველი პარტია უკვე გაიგზავნა გერმანიასა და პოლონეთში, უახლოეს პერიოდში კი ჰოლანდიაშიც გაიგზავნება. საამისოდ წყალტუბოს რაიონში უკვე ერთი წელია მწვანილის მიღება-დაფასოების ორი თანამედროვე ცენტრი ფუნქციონირებს.

საქართველოს მოსახლეობას კი შემცირების საფრთხე ემუქრება. კერძოდ, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2025 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 800 ათასით შემცირდება. ჩვენი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, სავალალო მაჩვენებლით, მეოთხე ადგილზეა. მოსახლეობის შემცირების თვალსაზრისით, მას რუსეთი, ბელორუსი და უკრაინა უსწრებენ. შობადობის შემცირების ტენდენციით საქართველო იმ საერთო ევროპულ ტენდენციას შეესაბამება, რომლის მიხედვითაც ქვეყნებში ადგილობრივი მოსახლეობა შეუქცევადად იკლებს და მისი ჩანაცვლება მიგრანტების ხარჯზე ხდება.

XS
SM
MD
LG