Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირის ეკონომიკური მოვლენების მიმოხილვა


მიმდინარე კვირას თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე გამართულ უკანასკნელ ვაჭრობაზე ლარის კურსი

დოლართან მიმართებაში 1,483 ნიშნულზე დადგინდა და, სავარაუდოდ, არც ეს არის ზღვრული დონე, ვინაიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გაცვლითი კურსი 1,42-1,43 მაჩვენებელზეა აგებული.

ექსპერტთა ვარაუდით, ლარის კურსი მყარდება როგორც ხელოვნური მიზეზებით, ასევე მსოფლიოში დოლარის გაუფასურების გამო. ეს არის გლობალური კრიზისის დადასტურება და ამ პირობებში არ შეიძლება ევროობლიგაციების გამოშვება, რასაც მთავრობა გეგმავს.
საგულისხმოა, რომ მიმდინარე კვირას მთავრობის სხდომა, რომელზეც იხილებოდა მთავრობის დადგენილების პროექტი "საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოსაშვები უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე", დახურული იყო. შესაბამისად, რა ჩაიწერება ამ დებულებაში, ჯერ უცნობია.

უცნობია ასევე, რატომ დატოვა მიმდინარე კვირას თანამდებობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსმა ჯონი ბაბილოძემ. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაბილოძე თანამდებობიდან საკუთარი სურვილით წავიდა. დაუჯერებელი მართლაც არაფერია. უბრალოდ, უცნაურია ის ფაქტი, რომ ხაზინის უფროსების ხშირი ცვლა უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა.
ასევე უცნობია, რატომ დადგა დღის წესრიგში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, ფაქტობრივად, გაუქმების საკითხი. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მცირე ჰესების აშენების შემდეგ, მფლობელი ვალდებული აღარ იქნება, პროდუქციის რეალიზება სემეკთან შეათანხმოს. ეს ინიციატივა სემეკის საჭიროებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ასევე გაუგებარია, რატომ წესდება განსხვავებული რეჟიმი მცირე ჰესებისთვის. პარლამენტში, ტრადიციულად, არ გამორიცხავენ, რომ კანონპროექტის ინიციატორი ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე იყოს, რომელიც ყოველთვის მარეგულირებელი კომისიების გაუქმების მომხრე იყო.
თავად სემეკი კი მიმდინარე კვირას გააქტიურდა და განაცხადა, რომ თბილისში წყლის ტარიფი, შესაძლოა, შემცირდეს. წყალმომარაგების სატარიფო მეთოდოლოგიაზე სემეკ-ში უკვე მუშაობენ. მისი ფორმირება 1 სექტემბერს დასრულდება და წყლის კომპანიები სემეკ-ში განაცხადებს შეიტანენ, რის შემდეგ კომისია მათ განიხილავს და შესაბამის ტარიფებს დაადგენს.

მიმდინარე კვირას საბოლოოდ გაირკვა, რომ 25 მარტიდან რუსეთ-საქართველოს შორის საავიაციო მიმოსვლა აღდგება. მხარეები რეისებს პარიტეტულ საწყისებზე შეასრულებენ _ კვირაში 10-10 ფრენის ოდენობით.

ავიაკომპანია "აირზენამ" მოსკოვის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო და პირველივე საათებში 50 ბილეთი გაასაღა. ბილეთების ღირებულება ერთი მიმართულებით 145 ევროდან იწყება. თბილისი-მოსკოვის პირველ რეისს 25 მარტს "აირზენა" დომოდედოვოს აეროპორტში შეასრულებს.

ავიაკომპანია "საქართველოს ნაციონალური ავიახაზები" კი რუსეთის მიმართულებით ავიარეისების შესრულებას აპრილის შუა რიცხვებიდან განაახლებს, თუ, ცხადია, თვითმფრინავის ჩამოყვანა მოახერხა. კომპანია ფრენებს თბილისი-მოსკოვი-თბილისის, ქუთაისი-მოსკოვი-ქუთაისის, თბილისი-პეტერბურგი-თბილისის, თბილისი-სოჭი-თბილისის, თბილისი-მინვოდი-თბილისის მიმართულებით გეგმავს.
საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან განაცხადი ავიარეისების შესრულების შესახებ კომპანია "აეროფლოტს" აქვს შეტანილი. ის საქართველოში ფრენებს 27 მარტიდან განაახლებს. "აეროფლოტი" რეისებს, კვირის გარდა, ყოველდღიურად "ერბას А-320" ტიპის თვითმფრინავით შეასრულებს.

30 მარტიდან იფრენს საქართველოში რუსული ავიაკომპანია "სიბირიც". "სიბირი" რეისების შესრულებას, თბილისის გარდა, ქუთაისსა და ბათუმში გეგმავს.

ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს მოხსნასთან დაკავშირებით კი რუსეთი მზად არის, მუშაობა დაიწყოს. ეს ნათქვამია რუსეთის მთავარი სანიტარის გენადი ონიშჩენკოს მიერ ქართული მხარისთვის გამოგზავნილ წერილში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო. წერილში აღნიშნულია, რომ რუსეთი მზად არის, დაიწყოს სამუშაო პროცესი ქართულ ღვინოსა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებზე რუსეთის ბაზარზე დაწესებული აკრძალვის მოსახსნელად.

რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ წლის პირველ ორ თვეში კვლავაც რეკორდული მაჩვენებელი შეადგინა. ამჯერადაც ყველაზე მეტი ფული საქართველოში სწრაფი ფულადი გზავნილების ქსელებით შემოვიდა. ამან საქართველოს საბანკო არხებში მბრუნავი ფულის ოდენობა სოლიდურად გაზარდა.

კომერციული ბანკების მიერ ემიტირებული საბანკო პლასტიკური ბარათების რაოდენობამ კი მიმდინარე წლის მარტის დასაწყისისთვის 2,4 მილიონი ერთეული შეადგინა, რაც 1,9-ჯერ აღემატება 2007 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

პლასტიკური ბარათების ოდენობიდან 91,1 პროცენტი სადებეტო ბარათებზე მოდის, რაც საკრედიტო ბარათების სწრაფი ზრდის ტენდენციების შედეგია. თუ სადებეტო ბარათების რაოდენობის მატებამ, ბოლო ერთ წელიწადში, 76,6% შეადგინა, საკრედიტო ბარათების რაოდენობა, ამავე პერიოდში, 19,5-ჯერ გაიზარდა.

მიმოქცევაში არსებული ბარათების 76,5 პროცენტს VISA ბარათები შეადგენს; დიდი ჩამორჩენით, მას მოსდევს EURO CARD/MASTER CARD-ის ქსელი, 13,8%-ით, ხოლო დანარჩენი 9,7% ადგილობრივი ბარათების წილად მოდის.
VISA ბარათის ხვედრითი წილი მიმოქცევაში არსებული ბარათების საერთო რაოდენობაში, ბოლო ერთ წელიწადში, 10,6%-ით გაიზარდა. ასევე იზრდება საბანკო პლასტიკური ბარათებით განხორციელებული ოპერაციების საერთო მოცულობა. თუ ბოლო 1 წლის განმავლობაში პლასტიკური ბარათებით თვეში საშუალოდ დაახლოებით 270 მილიონი ლარის მოცულობის ოპერაცია ხორციელდებოდა, მიმდინარე წლის თებერვალში ამ მაჩვენებელმა 326,5 მილიონი შეადგინა.
საბანკო სისტემის კიდევ ერთი სიახლე ის გახლავთ, რომ მიმდინარე კვირას "სტანდარტ ბანკი" ოფიციალურად გადავიდა "კორ ბანკის" მფლობელობაში. "კორ ბანკის" დამფუძნებელი არაბეთის გაერთიანებული საემიროების უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია "დაბი ჯგუფია", რომელიც დიდი ხანია აზიისა და აფრიკის სახელმწიფოებში საბანკო სფეროში ფუნქციონირებს. ამჟამად "დაბი ჯგუფის" პორტფელის საბაზრო ღირებულება 10 მილიარდ დოლარს აღემატება. სწორედ ეს ჯგუფი გახდა ბადრი პატარკაციშვილის ერთ-ერთი უკანასკნელი აქტივის _ "სტანდარტ ბანკის" - მფლობელი.

რაც შეეხება გარდაცვლილი ოლიგარქის ყველაზე გავლენიან აქტივს, ტელეკომპანია "იმედს", მის გარშემო ახალი დეტექტიური ისტორია ვითარდება. მის მფლობელად დღეს გარკვეული წრეები პარტარკაციშვილის ბიზნესპარტნიორს, ჯოზეფ კეიდ წოდებულ იოსებ კაკიაშვილს, ასახელებენ. თუმცა თავად პატარკაციშვილის ქვრივი აცხადებს, რომ ოჯახს ტელეკომპანიის გასხვისება არ მოუხდენია, ეს ხელისუფლების თაღლითობის შედეგია და მიზნად "იმედის" ეთერში გასვლის შეფერხებას ისახავს.

ამ დაუზუსტებელ ინფორმაციათა კასკადში სინათლის შესატანად ჯოზეფ კეი საქართველოში უკვე ჩამოფრინდა, ტელეკომპანიის თანამშრომლებთან შეხვედრასაც გეგმავს და მაუწყებლობის მალე განახლებაზეც აკეთებს განცხადებას. თუ "იმედი" ეთერში 27 მარტამდე არ გავა, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მისთვის მაუწყებლობის ხანგრძლივი, 3-თვიანი, წყვეტის გამო ლიცენზიის ჩამორთმევა შეუძლია.

სანამ ეს მხარე ჰაერშია გამოკიდებული, საინვესტიციო კომპანია "სალფორდ საქართველომ", რომელიც პატარკაციშვილისა და მისი პარტნიორების ქართული ბიზნესით ოპერირებდა, უკვე განაცხადა, რომ ის ტელეკომპანია "იმედთან", რადიო "იმედთან" და მათთან დაკავშირებულ კომპანიებთან ყოველგვარ სამართლებრივ და ფინანსურ-ეკონომიკურ ურთიერთობას წყვეტს. უახლოეს პერიოდში "სალფორდ საქართველოს" დირექტორი ირაკლი რუხაძე და სხვა თანამშრომლები დაკავებულ თანამდებობებს დატოვებენ აღნიშნული კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოებში.

შესაბამისად,"იმედის" გარშემო არსებული სამეურნეო-სამართლებრივი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად შეიძლება დაიხლართოს.
XS
SM
MD
LG