Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარაჯიჩის შემდეგ მლადიჩსაც დაიჭერენ?


მას შემდეგ, რაც (ხანგრძლივი ძებნის შემდეგ) იპოვეს და დააპატიმრეს რადოვან კარაჯიჩი, ხშირად ისმის შეკითხვა,

მოახერხებენ თუ არა ბოსნიელი სერბი ნაციონალისტების კიდევ ერთი ყოფილი ლიდერის, გენერალ რატკო მლადიჩის შეპყრობასაც. ბელგრადში არ გამორიცხავენ, რომ ეს მალე მოხდება...

ბელგრადელ ჟურნალისტს, ყოველკვირეულ “ვრემეს” თანამშრომელ დეიან ანასტასიევიჩს ეჭვი არ ეპარება, რომ კარაჯიჩი ამდენი წელი, თან შუაგულ ბელგრადში, თავისი ვინაობის შენიღბვას ვერ შეძლებდა დახმარების, თან პროფესიონალების დახმარების გარეშე. პროფესიონალებით ის სერბიის უშიშროების სამსახურის მუშაკებს გულისხმობს:

[ანასტასიევიჩის ხმა] “კარაჯიჩს უთუოდ პროფესიონალები ეხმარებოდნენ ყალბი იდენტობის შექმნასა და დოკუმენტების მოპოვებაში: იქნებოდა ეს პირადობის მოწმობა, თუ პასპორტი, ან ცოდნა, როგორ უნდა მოიქცე დაპატიმრების თავიდან ასაცილებლად. ეს პროფესიონალებს უნდა გაეკეთებინათ. ასე რომ, უშიშროების სამსახურის ელემენტები ჩართული იქნებოდნენ ამ საქმეში”.

შესაბამისად, თავს იჩენს შეკითხვა: თუ კარაჯიჩი თავისსავე ხალხმა “გაყიდა”, ხომ შეიძლება იგივე ბედი ეწიოს რატკო მლადიჩსაც?

მლადიჩი 8 წლის წინ გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც - ყოველგვარი ფსევდონიმის, ან გარეგნობის შენიღბვის გარეშე - ჩანდა ხოლმე ბელგრადში ამათუ იმ ღონისძიებასთან დაკავშირებით. ბოლოს 2000 წელს გავრცელდა ცნობა, რომ სტადიონზე იყო მისული ფეხბურთის მატჩის სანახავად. მას შემდეგ მლადიჩი აღარ უნახავთ. თუმცა, არც თუ დიდი ხნის წინ ცნობილი სერბი უფლებადამცველი ნატაშა კანდიჩი ირწმუნებოდა, რომ სერბიის უშიშროების სამსახურს ხელთ აქვს ზუსტი ინფორმაცია მლადიჩის ადგილსამყოფელზე და მისი დაპატიმრება მარტო პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.

აქვე უნდა ითქვას, რომ კანდიჩი მიეკუთვნება იმ უფლებადამცველების ჯგუფს, რომელმაც მოიპოვა 1995 წელს, ბოსნიელი სერბი ჯარისკაცების მიერ 6 სრებრენიცელი მუსლიმანი მამაკაცისა და ბიჭუნას დახოცვის ამსახველი ვიდეოჩანაწერი და ის ჰააგის ტრიბუნალს გადასცა. სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის დაგეგმვის პასუხისმგებლობას (დახოცილების რიცხვი სულ 8 000 აღწევს) კარაჯიჩსა და მლადიჩს აკისრებენ.

ჟურნალისტი ანასტასიევიჩი არ გამორიცხავს, მლადიჩი კარაჯიჩივით, რომელიც, ყალბი ვინაობით, წლების მანძილზე ექიმად მუშაობდა, შუაგულ ბელგრადში იმალეობდეს. “მხარდამჭერთა ქსელი”, როგორც ჩანს, ამ მეთოდს ანიჭებს უპირატესობასო, ვარაუდობს სერბი ჟურნალისტი.

[ანასტასიევიჩის ხმა] “ვფიქრობ, ახლა ძალიან დიდია შანსი, მლადიჩი დააპატიმრონ. ისიც და სერბი ხორვატების ლიდერი გორან ჰაჯიჩიც - კიდევ ერთი ძებნილი. ჩემი აზრით, მთავრობა მართლა არ ხუმრობს, როცა ამბობს, რომ ამ საქმის ბოლომდე მიყვანა სურს”.

ისიც უნდა ითქვას, რომ სერბიის მთავრობა ყოველთვის უარყოფდა ბრალდებას, თითქოს უშიშროების სამსახური დამალვაში რამენაირად უწყობდეს ხელს კარაჯიჩს, მლადიჩს, ან რომელიმე სხვა ძებნილს. ამ შინაარსის განცხადება კარაჯიჩის დაპატიმრების შემდეგ კიდევ ერთხელ გაკეთდა - ამჯერად ჰააგის ტრიბუნალთან თანამშრომლობის სამთავრობო ოფისის დირექტორის, დუშან იგნიატოვიჩის მიერ:

[იგნიატოვიჩის ხმა] “დარწმუნებული ვარ, რომ რატკო მლადიჩის საკითხი მომავალ კვირებში, ან თვეებში გადაწყდება. ის დასაპატიმრებელია. მთელი მითქმა-მოთქმა მლადიჩთან მოლაპარაკებებზე არასწორია და მთავრობის ხელი არ ურევია ძებნილების დამალვაში. და თუ ეს მათთვის (მლადიჩისა და ჰაჯიჩისთვის) ნათელი არ არის კარაჯიჩის დაპატიმრების შემდეგ, დაე იცოდნენ, რომ ისინიც უკვე მიუყვებიან ჰააგის გზას”.
XS
SM
MD
LG