Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული ეკონომიკური მიმოხილვა


მიმდინარე კვირის საქართველოს ეკონომიკის მდორე ცხოვრება ეკონომიკის სამინისტროში გამოვლენილმა კრიმინალმა გამოაცოცხლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა 350 ათასი დოლარის ქრთამის აღების ფაქტზე ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ბექა ოქროსცვარიძე და სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლაშა მოისწრაფიშვილი დააკავა. ასეთი მაღალჩინოსანი, თან ამგვარი სატელევიზიო გაფორმებით, წლეულს პოლიციას არავინ დაუკავებია.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულია, აგრეთვე, სამშენებლო კომპანია "ახალი სტილის" ხელმძღვანელი თამაზ მაჩალაძე, რომელმაც კორუფციული გარიგების მეშვეობით განიზრახა რუსთავი-თბილისის გზატკეცილის მე-17 კილომეტრზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული მიწის ნაკვეთებისა და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობების იაფად შესყიდვა. ფაქტთან დაკავშირებით შუამავლობის ბრალდებით დაკავებულები არიან, აგრეთვე, იოსებ ქადაგიშვილი და კობა სალუქვაძე. მოგვიანებით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, თამაზ ტაბატაძე, დააკავეს. როგორც გაირკვა, პრივატიზაციის ორგანიზების სამმართველოს უფროსი თამაზ ტაბატაძეც ქრთამის აღებაში მონაწილეობდა.

უწყებაში მომხდარ წმენდას ეკონომიკის მინისტრმა სასწრაფოდ სისტემის რეფორმირების შესახებ გეგმა მოაყოლა, რომელიც მალევე უნდა ამოქმედდეს. თუმცა პოლიციაში აცხადებენ, რომ რეფორმირებამდე დაპატიმრებულთა ხვედრი სამინისტროს კიდევ რამდენიმე თანამშრომელმა შეიძლება გაიზიაროს.
საქართველო არშემდგარ ქვეყანათა სიაში 56-ე ადგილზეა. ჟურნალ Fორეიგნ პოლიცყ-სა და Fუნდ ფორ Pეაცე-ის მიერ გამოქვეყნებულ არშემდგარ და საგანგაშო მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოთა ყოველწლიურ სიაში საქართველოს სწორედ ეს პოზიცია ერგო. ჩვენი ქვეყანა შარშანდელზე რამდენიმე საფეხურით ქვემოთ აღმოჩნდა. ამ მხრივ მას ბელარუსი უსწრებს, რომელსაც ინდექსში 53-ე ადგილი მიუჩინეს.

ეს ინდექსი იმ რისკებს ეყრდნობა, რაც თითოეულ ამ ქვეყანაში არსებობს, ხოლო ინფორმაციის წყარო ის მრავალი ანგარიში, მოხსენება და სტატიაა, რომელსაც მედია თუ არასამთავრობო სექტორი ავრცელებს და რაც ასევე ვრცელდება ინტერნეტით. არშემდგარ ქვეყანათა ინდექსი 2005 წლიდან ქვეყნდება და ეს რიგით მეოთხე კვლევაა. 2007 წლის მაისიდან დეკემბრამდე კვლევის ავტორებმა 30 000 წყარო გამოიყენეს. ისინი თორმეტ ძირითად ინდიკატორზე შეჩერდნენ - სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მომენტებზე. კერძოდ, მათ შეაფასეს ქვეყნები იმის მიხედვით, არის თუ არა მზარდი დემოგრაფიული პრობლემები ამ ქვეყანაში; ლტოლვილებისა და დევნილების მასობრივი გადაადგილების მიხედვით, რაც ბევრ პრობლემას ქმნის; აქცენტი გაკეთდა ადამიანთა ქვეყნიდან გაქცევის უწყვეტ პროცესებზე; ეთნიკური და კულტურული ჯგუფების არათანაბარ ეკონომიკურ განვითარებაზე; მკვეთრ ეკონომიკურ ვარდნაზე; ქვეყნის კრიმინალიზაციაზე; საჯარო სამსახურების მუშაობის დონის გაუარესებაზე; კანონის უზენაესობის უგულებელყოფასა და ადამიანის უფლებების საყოველთაო დარღვევაზე.

ფასების სიძვირის მიხედვით კი საქართველო 146 ქვეყანას შორის 41-ე ადგილზე მოხვდა. ეს პოზიცია საქართველოს მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მოხსენებაში მსოფლიო ბანკმა მიანიჭა. მოხსენებაში 146 ქვეყნის სამომხმარებლო ფასებია შედარებული. მსოფლიო ბანკმა სამომხმარებლო ფასების სიდიდე აშშ-ში არსებულ ფასებს შეადარა.

100 ქულა იმ ქვეყანამ მიიღო, სადაც აშშ-ის იდენტური ფასებია. თუ ფასების დონე 100 ქულას აჭარბებს, ამ შემთხვევაში ქვეყანა აშშ-ზე უფრო ძვირადღირებულად ითვლება, ხოლო 100 ქულაზე დაბალი მაჩვენებლის ქვეყანა - იაფად. რეიტინგის მიხედვით, ქვეყნების საშუალო ქულა 81 აღმოჩნდა.

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 41 ქულა მიანიჭა, რუსეთს - 45, ყაზახეთს - 43, სომხეთს - 39, ბელორუსიას - 36, აზერბაიჯანსა და მოლდოვას - 35-35, უკრაიანს კი - 33.
ცხოვრებისა და ბიზნესისთვის ყველაზე ძვირადღირებული ქვეყნების ხუთეულში შევიდნენ ისლანდია (154 ქულა), დანია, შვეიცარია, ნორვეგია და ირლანდია.
ირლანდიის დონის მსგავს ცხოვრებას საქართველო, მთავრობის ჩანაფიქრით, 50-თვიანმა პროგრამამ უნდა მიუახლოვოს, რომლის სამუშაო ვარიანტიც მიმდინარე კვირას განიხილეს. სავარაუდოდ, აგვისტოს შუა რიცხვებში მისი საბოლოო ვარიანტიც მზად იქნება.

ამის თაობაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომელმაც ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ლონდონში, ნიუ-ორკსა და ბოსტონში 27 საინვესტიციო ფონდთან გამართა შეხვედრები.

როგორც გურგენიძე აღნიშნავს, ინვესტორები თვალს ადევნებენ საქართველოში ვითარებას და დადებითად აფასებენ წლის პირველი კვარტალის შედეგებს. მისივე თქმით, ინვესტორები დადებითად უყურებენ ქვეყანაში ლიბერალური რეფორმების გატარებას.

რეფორმების ერთ-ერთ შედეგს ქართველი მეწარმეები 1 აგვისტოდან იგრძნობენ. ამიერიდან საქონლის წარმოშობის სერტიფიკატებს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო გასცემს. ეკონომიკის სამინისტროდან გაიცემა, ასევე, საქონლის წარმოშობის პრეფერენციული და არაპრეფერენციული სერტიფიკატები, რომელთაც ადრე სავაჭრო-სამრეწველო პალატა გასცემდა. სერტიფიკატების გაცემა ეკონომიკის სამინისტროში უფასოდ, მინიმალურ დროში იწარმოებს და მეწარმეებს სერტიფიკატის მისაღებად ნაკლები დოკუმენტის წარდგენა მოუწევთ.

სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულთა რაოდენობამ გასულ წელს 910 ათასი კაცი შეადგინა, რაც მთლიანად ეროვნულ ეკონომიკაში დასაქმებულთა 53,4%-ია. სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2006 წელს სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა 966 000 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც დასაქმებულთა მთელი რაოდენობის 55,3% იყო. სულ კი 2007 წელს ეროვნულ ეკონომიკაში დასაქმებულთა რაოდენობა 1,704 მილიონი კაცით განისაზღვრა.

ბიუჯეტის ექვსი თვის საპროგნოზო პარამეტრი გადაჭარბებით შესრულდა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, იანვარ-ივნისის ნაერთი ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებელი 3,184 მილიარდი ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა მობილიზებულმა თანხამ 3,263 მილიარდი შეადგინა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 103%-ია.

შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 98%-ით შესრულდა: დაგეგმილი 2,767 მილიონი ლარის ნაცვლად, რეალურად შემოსულმა თანხამ 2,711 მილიარდი ლარი შეადგინა. გადასახადების გეგმა კი 101%-ითშესრულდა: საპროგნოზო მაჩვენებელ 2,362 მილიარდის ნაცვლად, შემოსულმა თანხამ 2,389 მილიარდი შეადგინა.
მიმდინარე კვირას ბიუჯეტმა მორიგი შევსება მიიღო საპრივატიზებო ლოტებიდან. მათი დიდი ნაწილი საკმაოდ სწრაფად და შეუფერხებლად იყიდება, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც.

სააქციო საზოგადოება "კახეთის ენერგოდისტრიბუცია" უკვე მესამედ იყიდება. ობიექტის საწყისი ფასი ამჯერად 7 მილიონი დოლარია _ წინა კონკურსთან შედარებით ერთი მილიონით ნაკლები.

სახელმწიფოს კუთვნილი "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" პირველი საპრივატიზაციო კონკურსი ჯერ კიდევ 2006 წელს გაიმართა. მისი საწყისი ღირებულება 2 მილიონი დოლარი იყო. ობიექტი უნდა გაყიდულიყო 6 ჰესსა და 2 სადისტრიბუციო ენერგოკომპანიასთან ერთად, რომელთა მფლობელი `ენერგო-პრო~ გახდა. თუმცა კახეთის ენერგოკომპანია ერთადერთი იყო, რომელზეც განაცხადი "ენერგო-პროს" არ შეუტანია. ენერგოკომპანიით მაშინ მხოლოდ SB Energy და "თი-ბი-სი ენერგია" დაინტერესდნენ.
იმის მიუხედავად, რომ SB Energy-s განაცხადში საპრივატიზაციო თანხად 8,4 მილიონი დოლარი იყო დაფიქსირებული, უპირატესობა "თი-ბი-სი ენერგიის" 5,1-მილიონიან განაცხადს მიენიჭა. საბოლოოდ კი, "თი-ბი-სი ენერგიამ" "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" შესყიდვა გადაიფიქრა, რასაც განმეორებითი კონკურსის გამოცხადება მოჰყვა.

ენერგოკომპანიის მფლობელი მიმდინარე წლის 19 ივლისს უნდა გამოვლენილიყო. “კახეთის ენერგოდისტრიბუციის” შესყიდვაზე განაცხადი მხოლოდ ერთმა კომპანიამ _ "მულტიპლექსმა" _ შეიტანა, რომელიც ცოტა ხნის წინ კომპანია "თბილისის წყლის" მფლობელი გახდა.

სავარაუდოდ, "კახეთის ენერგოდისტრიბუციაც" მისი კუთვნილება გახდება.

სამცხე-ჯავახეთში 28-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურ “მტკვარჰესის” მშენებლობის სურვილი კი მხოლოდ "საქართველოს ბანკის" კუთვნილმა კომპანიამ, “კავკასიის ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურამ", გამოთქვა. "მტკვარჰესი" საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ჰესების ენერგეტიკის სამინისტროს ნუსხაში შედის. ენერგეტიკის სამინისტრომ "კავკასიის ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურას" 10-მეგავატიანი "ძეგვიჰესის" პროექტი უკვე დაუმტკიცა. ამ პროექტების განხორციელების შემთხვევაში, "საქართველოს ბანკი" საქართველოს ენერგოსექტორის მსხვილი მოთამაშე გახდება.
XS
SM
MD
LG