Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური მიმოხილვა


ევროკავშირის სამიტმა რუსეთს სანქციები არ დაუწესა. თუმცა მისი საბოლოო გადაწყვეტილება მაინც საკმაოდ მკაცრი იყო, ვიდრე დაქსაქსული ევროპისგან იყო მოსალოდნელი.

“ევროპა მიიღებს მონაწილეობას საქართველოს აღდგენაში, კერძოდ, ჰუმანიტარული დახმარების გაწევაში. უახლოეს მომავალში ჩვენ მოვიწვევთ დონორთა საერთაშორისო კონფერენციას საქართველოსა და ევროპას შორის ურთიერთობების თაობაზე", - განაცხადა ევროკავშირის მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკოლა სარკოზიმ.
უფრო მკაცრი იყო ევროპარლამენტი. მის რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ, თუ რუსეთი 8 სექტემბრამდე არ შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს, მის მიმართ სერიოზული სანქციები გატარდება. ევროპარლამენტარები სანქციების პრინციპზეც საუბრობენ – ისინი დაწესდება არა ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, არამედ ბიზნესმენებსა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიმღებებზე. ამასთან, რეზოლუციაში გაწერილია საქართველოს ეკონომიკური დახმარებების საკითხიც, მათ შორის დახმარება რუსული აგრესიის შედეგად დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და ეკონომიკური ზრდის განახლებაში.
წლეულს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9,3%-დან უკვე 5-6%-მდე დაეცა. თუ შარშან საქართველოში 2 მილიარდი დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა, წელს მთავრობა ინვესტიციების მოცულობის შემცირებას, საუკეთესო შემთხვევაში, 1,7 მილიარდ დოლარამდე ვარაუდობს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს 750 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო-სარეზერვო ხაზს გამოუყოფს, რაც ფონდის წესებით საქართველოსთვის დადგენილ ლიმიტს სამჯერ აღემატება. საჭიროების შემთხვევაში, ეს თანხა ეროვნული ბანკის ანგარიშზე ჩაირიცხება და სავალუტო რეზერვებს გაზრდის.
ამერიკის შეერთებული შტატები მილიარდ დოლარს გამოყოფს. აქედან 700 მილიონი პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში გადმოირიცხება, დანარჩენი კი _ მისი მემკვიდრის დროს.
აშშ-ის მთავრობა - კერძოდ, ვაჭრობის მინისტრი გუტიერესი -ხელს შეუწყობს ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ, კერძოდ, ისინი სოლიდური შეღავათებით ისარგებლებენ.
გრძელდება საქართველოს ინტეგრაცია ნატოს ფარგლებშიც. საქართველოს საჰაერო შეტყობინების კონტროლის სისტემა ნატოს ანალოგიურ სისტემას მიუერთდა. საჰაერო კონტროლის ქართული სისტემა საომარი მოქმედებების გამო მწყობრიდან გამოვიდა და გარკვეული დროა საჭირო იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს თბილისის თხოვნა, აღდგენილ იქნეს რადარები. ნატოს პროგრამასთან საქართველოს მიერთების გადაწყვეტილება 2008 წლის მარტშია მიღებული. ამ დროისთვის ნატოს საჰაერო კონტროლის ერთიან სისტემაში შედიან ალიანსის წევრი სახელმწიფოები და ავსტრია. გარდა ამისა, ნატოს სისტემასთან მიერთებაზე ხელშეკრულებას ხელი ალბანეთმა, ფინეთმა და უკრაინამაც მოაწერეს.
საქართველოს რკინიგზამ კი პირველი სექტემბრიდან ყველა მიმართულებით აღადგინა შეწყვეტილი სამგზავრო რეისები. რაც შეეხება სატვირთო ოპერაციებს, ისინი რამდენიმე დღის წინ დაიწყო და უკვე მოხდა დაგროვილი ტვირთების რკინიგზაზე დატვირთვა.
რუსული აგრესიის შედეგად ბორჯომ-ხარაგაულის, კოლხეთის ეროვნული პარკისა და ატენის ხეობისთვის მიყენებული ზარალი, წინასწარი მონაცემებით, ნახევარ მილიარდ ევროს შეადგენს. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილმა ხანძარმა ტყის მასივის 950 ჰა მოიცვა. ხანძრის შედეგად, სასიცოცხლო ფუნქცია შეუწყდა 150 ათას კბმ ზეზემდგომ ხეს. 70% -ით განადგურდა 700 ჰა, სადაც სასიცოცხლო ფუნქცია 140 ათას კბმ ხეს შეუწყდა. “წითელ ნუსხაში” შეყვანილ რამდენიმე სახეობასთან ერთად, მთლიანად განადგურდა კავკასიის ენდემური სახეობა - უთხოვარი, რომელიც მთელი კავკასიის მასშტაბით მხოლოდ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გვხვდება. მნიშვნელოვანი ზიანი განიცადა ფაუნამაც, დაიწყო ცხოველთა მიგრაცია. კავკასიური ირემი, შველი, ციყვი, მურა დათვი, კავკასიური გველგესლა _ ეს ის სახეობებია, რომლებიც შეტანილი არიან ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელ ნუსხაში, გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფის სტატუსით.
ყაზახეთის მთავრობა ბათუმის პორტიდან ექსპორტზე გამავალ საკუთარ ნავთობს ადგილობრივ ბაზარზე გადაამისამართებს. მითითება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კარიმ მასიმოვმა ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების სამინისტროსა და კომპანია “ყაზმუნაიგაზს” უკვე მისცა.
საომარი მდგომარეობის მიუხედავად, უცხოელი ინვესტორები ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების განხორციელებითვის მზად არიან. ნავთობისა და გაზის ხუთი სალიცენზიო ბლოკისთვის ინდური კომპანიები 37,1 მილიონ დოლარს გადაიხდიან. ნავთობისა და გაზის ეროვნულმა სააგენტომ ინდური კომპანიებიდან ENშეარცჰ Pეტროლეუმ LთD და GშPL Oილ ანდ Nატურალ Gას LთD საბანკო გარანტიები უკვე მიიღო.
“მადნეულის” და “კვარციტის” მფლობელმა რუსულმა კომპანია “ჯეოპრომაინინგმა” კი ნავთობის და გაზის მოპოვებისა და ძებნა-ძიების ლიცენზიის მოპოვებაზე უარი თქვა იმის მიუხედავად, რომ მან XIV სალიცენზიო ბლოკზე გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, დმანისის, წალკის და ბორჯომის ტერიტორიას მოიცავს, ოფივილურად გაიმარჯვა.
სამაგიეროდ, ინტერესს არ კარგავს მეორე რუსული კომპანია _ “თელასის” მფლობელი “ინტერ რაო”, რომელმაც რაჭაში ჰესების მშენებლობით დაინტერესება დაადასტურა. “თელასის" მიერ ჰესის მშენებლობას საქართველოს მთავრობასა და “რაო ეეს”-ს შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს. სექტემბრის ბოლოს გამოცხადდება კონკურსი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე, რომელშიც “თელასს” მონაწილეობის მიღება შეეძლება. რაც შეეხება ყველაზე დიდ ენერგეტიკულ პროექტს საქართველოს ტერიტორიაზე - “ხუდონჰესს”, მის განხორციელებას ბოლო მოვლენების გამო საფრთხე არ შეექმნება.
საფრთხისგან არ არის დაზღვეული რთველი-2008, რომელიც უკვე პრაქტიკულად დაიწყო. სამწუხაროდ, პროგნოზის მიხედვით, წლევანდელი მოსავალი, სავარაუდოდ, 130 ათასი ტონა იქნება, რაც შარშანდელზე 100 ათასი ტონით ნაკლებია. ამის მიზეზია არა მხოლოდ ცუდი კლიმატური პირობები, არამედ ისევ და ისევ რუსული აგრესია, რომელმაც ქართლში ვენახების სოლიდური ნაწილი დააზიანა.
ძირითადი ფსონი ამჯერადაც კახეთზე გაკეთდება, თუმცა იქ პრობლემები არანაკლებია. წინასწარი დაპირების მიუხედავად, ბოლომდე გადაუწყვეტელია რთვლის სუბსიდირების საკითხი. ომამდე კახეთში ვიზიტისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა 20 მილიონამდე ლარის გამოყოფის პირობა დადო, რომელიც არა ღვინის ქარხნებს, არამედ უშუალოდ კერძო მწარმოებლებს უნდა გადასცემოდათ ჩაბარებული ყურძნის ანგარიშში.
მაგრამ, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა და ფინანსური რესურსების სხვა არხებში მიმართვის საჭიროების გამო, ეს საკითხი ჰაერში გამოეკიდა.
ამ საკითხის გადაწყვეტა თბილისის ყოფილ პროკურორს, ბოლო დრომდე კი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი ღვინიაშვილს დაევალა, რომელიც მიმდინარე კვირას კახეთის გუბერნატორად დაინიშნა.


XS
SM
MD
LG