Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერია ქუთაისში ახალი სამგზავრო-სატრანსპორტო სქემის დანერგვას აპირებს


მერია ქუთაისში ახალი სამგზავრო-სატრანსპორტო სქემის დანერგვას აპირებს. ახალი სქემით, ქალაქში მიკროავტობუსების რაოდენობა 180-დან 130-მდე მცირდება, ხოლო ავტობუსების რაოდენობა 67-დან 128-მდე იზრდება. მერია ახალი სქემის განხორციელებას სექტემბრიდან გეგმავდა, მან შიდა საქალაქო ხაზებზე ტენდერიც გამოაცხადა, რომელიც 3 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო. ადგილობრივი თვითმმართველობის გეგმა დროებით ჩაიშალა. მოსალოდნელი უმუშევრობით შეშინებულმა მძღოლებმა ქუთაისიდან თბილისამდე მსვლელობა მოაწყვეს და რიყეზე საპროტესტო აქციები გამართეს. მათ ტენდერის ორი წლით გადავადება მოითხოვეს.

მძღოლები აცხადებენ, რომ, ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნით, ახალი მიკროავტობუსები შეიძინეს, რისთვისაც სესხები გამოიტანეს, ბანკების ვალი კი გაუსტუმრებელი აქვთ. მათი თქმით, თვითმმართველობას მიკროავტობუსების თურქეთიდან ჩამოყვანილი ძველი ავტობუსებით შეცვლა სურს.

ქუთაისის მერია თავის გადაწყვეტილებას მგზავრთა ინტერესებითა და ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობის გაუმჯობესებით ხსნის. განახორციელებს თუ არა თვითმმართველობა ახალ სატრანსპორტო გეგმას, დამოკიდებულია კომისიის დასკვნაზე, რომელიც მძღოლების პროტესტის შემდეგ საქართველოს თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივით შეიქმნა. კომისია მერიის მიერ შემუშავებულ სქემას შეისწავლის და დასკვნას აგვისტოს ბოლომდე გამოაქვეყნებს.
XS
SM
MD
LG