Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუნიციპალიტეტები საკუთარ სიმბოლიკას ქმნიან


საქართველოს გერბი
საქართველოს გერბი
საქართველოს კანონმდებლობით, ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტს საკუთარი გერბი და დროშა უნდა ჰქონდეს. სიმბოლიკის შესაქმნელად კონკურსი უნდა გამოცხადდეს და ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ დასამტკიცებლად ადგილობრივ საკრებულოებს გადაეცეს. კანონის მოთხოვნის შესრულება უკვე დაიწყეს ბორჯომში, სადაც საკუთარი გერბისა და დროშის საბოლოოდ შერჩეული ვარიანტი მზადაა და საჯაროდ მოგვიანებით გამოქვეყნდება. იმ ბორჯომელებმა, რომლებიც რადიო თავისუფლებამ ქალაქის ქუჩებში გამოკითხა, მუნუციპალიტეტის გერბისა და დროშის შესახებ არაფერი იციან, თუმცა თავად იდეა მოსწონთ და ამბობენ, რომ სიმბოლიკა ბორჯომის ხეობის სიმდიდრეს - ბუნებას და მინერალურ წყალს - უნდა ასახავდეს. ეს სურვილი, როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტრისტან ცუცქირიძე ამბობს, გათვალისწინებულია. მისივე ინფორმაციით, ბორჯომს უახლოეს ხანში საკმაოდ საინტერესო და ვიზუალურად ლამაზი გერბი და დროშა ექნება. მუნიციპალიტეტს კონკურსის შედეგად შერჩეული სიმბოლიკის შესწორებული ვარიანტი წარუდგინა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წევრმა, საქართველოს გერბის ავტორმა მამუკა გონგაძემ. მას რადიო თავისუფლებამ მოსაზრება ჰკითხა რუსეთის ხელისუფლების ამასწინანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ჯვრის გამოსახულებიანი სიმბოლიკა ექსტრემისტული ნივთების ჩამონათვალში აღმოჩნდა. ამ გადაწყვეტილებას მამუკა გონგაძე აბსურდულს უწოდებს, რადგან, მისივე განმარტებით: „უცხო სახელმწიფოებს თავი რომ დავანებოთ, თავად რუსეთში ჯვრის გამოსახულებიანი სიმბოლოები არაერთ ოლქს და ქალაქს, ასევე, სამხედრო-საზღვაო ფლოტს აქვს.“ მამუკა გონგაძე არც იმას გამორიცხავს, რომ რუსეთი კონკრეტულად საქართველოს სახელმწიფო დროშას მიიჩნევდეს ექსტრემისტულად. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი ვარაუდობს, რომ რუსეთს მოუწევს ეს გადაწყვეტილება შეცვალოს ან დააზუსტოს, თუ ვინ წარმოადგენს მისთვის ექსტრემისტს. „ამის შემდეგ გამოჩნდება, თუ რისთვისაა ეს გაკეთებული“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მამუკა გონგაძემ.
XS
SM
MD
LG