Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაცლავ ჰაველი რადიო თავისუფლებას გეოპოლიტიკაზე ესაუბრება


ვაცლავ ჰაველი
ვაცლავ ჰაველი
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან მიმართებით მკაფიო პოზიციის ქონა - ეს არის ის, რასაც ვაცლავ ჰაველი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენისგან ელის მისი ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას. ამ განცხადებით ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში გამოვიდა. ამ ინტერვიუში ჰაველმა საქართველოს შესახებაც ისაუბრა.

მაშინ, როცა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ცენტრალური ევროპის ქვეყნებში მოგზაურობს, ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი და რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტიანი ფიგურა, ვაცლავ ჰაველი, პირდაპირ ამბობს, მისგან რისი მოსმენა სურს.

ეს მესიჯი, ჰაველის თქმით, ამერიკის მხრიდან რეგიონის მიმართ მკაფიო ხედვა იქნებოდა.

ჰაველი - ყოფილი დისიდენტი, რომელიც სათავეში ედგა ჩეხეთში კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ მოწყობილ ხავერდოვან რევოლუციას, ასევე ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო, რომელმაც ჩეხეთის რესპუბლიკის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას შეუწყო ხელი.

ჰაველი ერთ-ერთი ხელმომწერია წერილისა, რომელიც ახლახან გაეგზავნა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამას. წერილის ავტორები ობამას მოუწოდებდნენ, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნისთვის მათი რეგიონის ინტერესები არ შეეწირა.

რუსეთიდან ნამდვილად მოდის შემაშფოთებელი სიგნალები
რადიო თავისუფლება ვაცლავ ჰაველს პრაღის ცენტრში მდებარე მის ოფისში შეხვდა. პარასკევს ჩეხეთში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს ელიან და, ბუნებრივია, ჩვენმა რადიომაც ჰაველს პირველად სწორედ ამ ვიზიტის მიმართ მისი მოლოდინის შესახებ დაუსვა კითხვა. ჰაველის პასუხი შემდეგი იყო:

„სავარაუდოდ, ის ამ რეგიონის მიმართ ამერიკის ინტერესს ახლებური ფორმით ჩამოაყალიბებს: მკაფიოდ იტყვის, რომ ამერიკა ამ რეგიონით დაინტერესებულია და რომ რაიმე ძალას ჩვენ ამერიკის ყურადღების არეალიდან არ გამოვუდევნივართ. ალბათ, ამაზე ისაუბრებს და თან იმასაც ახსნის, თუ როგორ ხედავს შეერთებული შტატების ეს ადმინისტრაცია მოვლენებს. ვფიქრობ, სწორედ ეს არის ცენტრალურ ევროპაში მისი მოგზაურობის მთავარი მიზანი.“

ბაიდენის ტურნე ცენტრალურ ევროპაში ითვალისწინებს გაჩერებებს ვარშავაში, ბუქარესტსა და პრაღაში. ბევრის აზრით, პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიცე-პრეზიდენტის ჩასვლის მიზანია დაამშვიდოს ის ადამიანები, რომლებიც გააღიზიანა შეერთებული შტატების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ, შეეცვალა ამ ქვეყნებში ანტისარაკეტო სისტემის ელემენტების განთავსების გეგმა.

ბუშის ადმინისტრაციის ამ გეგმას ჩეხეთში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, თუმცა ქვეყნის რამდენიმე ამჟამინდელი და ყოფილი ლიდერი - მათ შორის, ჰაველი - გეგმას მოკავშირისთვის მხარდაჭერის აღმოჩენად აღიქვამდნენ და მას ემხრობოდნენ.

გეგმის შეცვლამ ბევრის გულისწყრომა გამოიწვია.

ფიქრობს თუ არა ჰაველი რომ ვაშინგტონმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო ან გადაწყვეტილება უმართებულო ფორმით გამოაცხადა?

რუსეთს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ მას ყოველთვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პარტნიორივით მოექცევიან, რომლის ნაკლოვანებებსაც არ იმჩნევენ ხოლმე
ამ შეკითხვას ჰაველი ცალსახად ნეგატიურად არ პასუხობს. მისი თქმით, ამ ნაბიჯს ის ამგვარი სისტემის მიზანშეწონილობისა და ღირებულების შესახებ შეერთებულ შტატებში ათწლეულების მანძილზე მიმდინარე დისკუსიის შედეგად აღიქვამს.

ჰაველის თქმით, ის უფრო მეტად უკმაყოფილო ჩეხეთში მიმდინარე დისკუსიით იყო. მთავარი გარემოება, რომელიც ამ დისკუსიას წარმართავდა, იმის განსაზღვრა იყო, შეერთებული შტატების რადარის განთავსებით ჩეხეთი მოძლიერებული რუსეთის გულისწყრომას ხომ არ გამოიწვევდა.

რუსეთის მხრიდან მის სამეზობლოზე პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის გაძლიერებისა და კრემლიდან მომდინარე შემაშფოთებელი სიგნალების შესახებ ჰაველი უკვე დიდი ხანია შეშფოთებას გამოხატავს.

ის გამოეხმაურა რუსეთის მხრიდან ევროპისთვის გაზის გადაკეტვის შემთხვევებს; რუსეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ის მეტაფორულად „დემოკრატიის გამოფატვრას“ უწოდებს - წყობას, რომელშიც ინსტიტუტები შენარჩუნებულია, მაგრამ მათ ყველანაირი აზრი დაკარგული აქვთ. გასულ წელს, საქართველო-რუსეთის ომის დროს, ის კრემლის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსი იყო.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ჰაველმა თქვა, რომ დადგა დრო დემოკრატიულმა ქვეყნებმა რუსეთთან ურთიერთობაში პრინციპულობა გამოიჩინონ:

„რუსეთიდან ნამდვილად მოდის შემაშფოთებელი სიგნალები. ვფიქრობ, - და ამას ყოველთვის ხაზგასმით ვამბობდი, - რუსეთთან საჭიროა პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც თანასწორობის პრინციპზე იქნება დამყარებული. მაგრამ ამგვარი ურთიერთობა ღიაობით და გულწრფელობით ხასიათდება. ამ ურთიერთობას ისე ვერ გავიგებთ, რომ ჩვენ რაღაცები არ უნდა დავინახოთ, თვალი უნდა დავხუჭოთ და იმაზე, რაც არ მოგვწონს, არ უნდა ვილაპარაკოთ, როცა საქმე ფუნდამენტური, უნივერსალური მორალური ღირებულებების შელახვას ეხება. რუსეთს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ მას ყოველთვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პარტნიორივით მოექცევიან, რომლის ნაკლოვანებებსაც არ იმჩნევენ ხოლმე. რუსეთთან ურთიერთობისას ისეთივე სტანდარტებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, როგორც ამას ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან მიმართებით ვაკეთებთ - იქნება ეს ჩინეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა თუ ურუგვაი.“

შესაძლოა, საქართველოს სამომავლო უსაფრთხოებისთვის უკეთესი იყოს პოზიციის გამყარება მის სამეზობლოში - აზერბაიჯანთან, სომხეთთან და ასე შემდეგ
რადიო თავისუფლებამ ვაცლავ ჰაველს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზეც დაუსვა შეკითხვა.

ჰაველის თქმით, უკრაინის შემთხვევაში ვითარება ცალსახაა. უკრაინა, ბელორუსიასთან ერთად, საერთო ღირებულებების ევროპულ სივრცეს ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, რომ მინსკს ახლა „დიქტატორი“ მართავს.

ჰაველი თვლის, რომ საქართველოს შემთხვევაში ვითარება ცოტა სხვაგვარია, ვინაიდან, გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მისი ევროპული სივრცის ნაწილად ჩათვლა უფრო რთულია.

მაგრამ ჰაველი იქვე შენიშნავს, რომ იგივეს თქმა შეიძლება თურქეთზეც, რომელიც, აგერ უკვე 50 წელიწადზე მეტია, ნატოს წევრია:

„ალბათ, სამართლიანი იქნებოდა ამაში საქართველოც ჩართული იყოს, მაგრამ, მეორე მხრივ, შესაძლოა, საქართველოს სამომავლო უსაფრთხოებისთვის უკეთესი იყოს პოზიციის გამყარება მის სამეზობლოში - აზერბაიჯანთან, სომხეთთან და ასე შემდეგ. ისინი მისი უშუალო მეზობლები არიან და თუკი წარსულში რაიმე კონფლიქტი მომხდარა, მეზობელი ქვეყნები, როგორც წესი, მათში მონაწილეობდნენ ხოლმე. ვფიქრობ, საქართველოს მთავარი ინტერესი ეს სფერო უნდა იყოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ევროპულმა და ევროატლანტიკურმა ინსტიტუტებმა საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღონ.“
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG