Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბებრის ციხე დანგრევის პირასაა


მცხეთაში, არაგვის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ბებრის ციხემ, გადაუღებელი წვიმების შედეგად, 28 აპრილს ნგრევა დაიწყო. ჩამოწოლილმა მეწყერმა მთლიანად ჩამოშალა ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთი კედელი. დაბზარულია ციხის დანარჩენი კედლებიც. იმის გამო, რომ ციხის ტერიტორიაზე შესვლა სახიფათოა, ჭირს საფუძვლიანი კვლევის ჩატარება. როგორც გეოლოგები და ინსტრუქტორები აცხადებენ, მათ საკმაოდ სერიოზული მუშაობის ჩატარება მოუწევთ, რადგან ციხის ნგრევა კვლავაც მიმდინარეობს და რა კონდიციამდე მივა, ამის პროგნოზირება ჯერჯერობით რთულია. როგორც კულტურის მინისტრი ნიკა რურუა აცხადებს, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყანას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაგებობა შეუნარჩუნდეს.

ბებრის ციხის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად გადაკეტილია. მას საპატრულო პოლიცია იცავს. როგორც გეოლოგები აცხადებენ, ნიადაგი უხვი ნალექის შედეგად იმდენად დარბილებულია, რომ ის კვლავ მეწყერსაშიშ ზონად არის გამოცხადებული, ამიტომ ციხის ტერიტორიასთან მიახლოება აკრძალულია.

ბებრის ციხემ ნგრევა 28 აპრილს, გადაუღებელი წვიმების შემდეგ დაიწყო. მთლიანად არის ჩამოშლილი ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელი. ამ ეტაპზე კი, იმის გამო, რომ დამეწყრილ ტერიტორიაზე შესვლა სახიფათოა, ჭირს საფუძვლიანი კვლევის ჩატარება, თუმცა, როგორც გეოლოგები და ინსტრუქტორები აცხადებენ, იქ პრევენციული და აღდგენითი სამუშაოები გამოდარებისთანავე დაიწყება. ფერდობი, სადაც ბებრის ციხე დგას, სამხრეთ კავკასიონის მთიანეთის ერთ-ერთი ნაწილია და ის მეწყერსაშიში ზონაა. სწორედ ამიტომ გეოლოგებს საკმაოდ რთული და სერიოზული მუშაობის ჩატარება მოუწევთ, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში გიგლა ჭანუყვაძე, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსტრუქტორი. ის აღდგენითი სამუშაოების იმ ალტერნატიულ გზებს ასახელებს, რომლებიც ბებრის ციხეზე გამოდარებისთანავე უნდა დაიწყოს:

”დაიგეგმება საპროექტო სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ კედლის ჩამონგრევამ სტრუქტურა უცვალა ნაგებობას და გასარკვევია, კედელს, რომელიც ჩავარდა, გამაგრების შემდეგ ზემოდან დავაშენოთ ახალი კედელი თუ მთლიანად დავშალოთ და პირვანდელი სახით აღვადგინოთ.”

ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის უფროსი ირაკლი ანთიძე იმ სავალალო სიტუაციაზე საუბრობს, რომელიც ბებრის ციხეზე ასული ექსპერტების, ინჟინრებისა და გეოლოგების თვალწინ ხდებოდა. მას უჭირს პროგნოზის გაკეთება, თუ რა ეტაპამდე მივა ციხის ნგრევის პროცესი:

”კვლავ მიმდინარეობს კედლის შლა. სამწუხაროდ, ბუნებას ჩვენ ვერ შევაჩერებთ. ამ ეტაპზე თითქმის შეუძლებელია იმ პროგნოზის გაკეთება, თუ რა კონდიციამდე შეიძლება მივიდეს ციხის შლა.”

დანგრევის პირას მისული ბებრის ციხე 29 აპრილს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამაც მოინახულა. როგორც მან განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ძეგლის აღდგენის პროექტი საკმაოდ ძვირად ღირებული იქნება, ხელისუფლება არ დაუშვებს მის განადგურებას:

ბებრის ციხე, რომელიც არაგვის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფორტიფიკაციო, ანუ სათავდაცვო, ნაგებობაა, რადგან სწორედ ის იცავდა მცხეთის ჩრდილოეთ შემოსასვლელს, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ხელოვნებათმცოდნე გია ჭანიშვილი. ბებრის ციხე, ანუ ბელტის ციხე, პირველად ქართულ საისტორიო წყაროებში 1156 წელს არის მოხსენიებული:

”მის თავდაპირველ ფენებში არის ადრეშუასაუკუნეების ფენები, თუმცა შემდეგ რამდენჯერმეა გადაკეთებული. ბებრის ციხეს პირველად ლაშა-გიორგის ისტორიკოსი მოიხსენიებს - ის წერს, რომ დემეტრე პირველი ბებრის ციხის კედლებში გარდაიცვალა. მაგრამ მისი კედლების წყობის ხასიათი და ფორმა მეტყველებს იმაზე, რომ ნაგებობა ადრეფეოდალური ხანისაა და შესაძლებელია კიდევ უფრო ადრინდელიც, რადგან, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ანტიკური ხანის მასალაც კი ამოდის.”

როგორც გია ჭანიშვილი ამბობს, ბებრის ციხეს პირველი რესტავრაცია მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ჩაუტარდა. მოგვიანებით, 1983 წელს, ძეგლთა დაცვის სამმართველოს საქრესტავრაციის ინსტიტუტმა ციხის ხელახალი რესტავრაცია დაიწყო, უფრო კონკრეტულად კი, მოხდა კედლების კონსერვაცია და მათი განსაზღვრულ დონემდე ამოყვანა, რათა დამთვალიერებელს მისი პირვანდელი სახის ხილვა შეძლებოდა. ციხე მაინც კონსტრუქციულ გამაგრებას მოითხოვდა, მაგრამ 90-იანი წლების ცნობილი მოვლენების შემდეგ იქ მსგავსი ტიპის სამუშაოები აღარ ჩატარებულა.

ამჯერად გადაუღებელი წვიმების შედეგად დამეწყრილ ბებრის ციხეს, როგორც კულტურის მინისტრი და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, რესტავრაცია სრულად ჩაუტარდება, ნიადაგი გამაგრდება და წვიმების შემთხვევაში მთის მოწყვეტის საფრთხე აღარ იარსებებს.
XS
SM
MD
LG